„საექიმო საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.12.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი აკაკი ზოიძე
ნომერი
#07-3/258/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-17
ბიუროს ნომერი 224

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 28.06.2001, მუხ. 62) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. უცხო ქვეყნის სპეციალისტს საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის ან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურების უფლებას აძლევს პროფესიული განვითარების საბჭო (შემდგომში – საბჭო) ექიმთა შესაბამისს პროფესიულ ასოციაციასთან შეთანხმებით.’’ 2. მე-11 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 ქვეპუნქტი: ,,51 უცხო ქვეყნის სპეციალისტის საქართველოში დროებითი საქმიანობის ან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურების უფლების გაცემის წესს ადგენს სამინისტრო’’. მუხლი 2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2019 წლის 1 თებერვლამდე შეიმუშაოს უცხო ქვეყნის სპეციალისტის საქართველოში დროებითი საქმიანობის ან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურების უფლების გაცემის წესი. მუხლი 3. 1. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 თებერვლიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე ,,საექიმო საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“ არეგულირებს სამართლებრივ ურთიერთობებს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტსა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის. კანონპროექტის მომზადება განაპირობა სამედიცინო სფეროში უცხო ქვეყნის სპეციალისტისათვის საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის ან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურების უფლების მინიჭების ერთიანი წესის არარსებობამ. დღეისათვის, ექიმთა შესაბამისი პროფესიული ასოციაციის რეკომენდაციის საფუძველზე, ერთიანი დადგენილი წესის გარეშე უცხო ქვეყნის სპეციალისტს ეძლევა საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის ან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურების უფლება. ჯანდაცვის განვითარების გრძელვადიანი მიზნების გათვალისწინებით, სამედიცინო ბაზრისა და ექიმების პროფესიული განვითარებისათვის სასურველია საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის ან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურების უფლების მინიჭების რეგულირების მექანიზმის შემუშავება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია ქვეყანაში მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, დადგინდეს უცხო ქვეყნის სპეციალისტისათვის საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის ან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურების უფლების მინიჭების ერთიანი წესი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით დგინდება უცხო ქვეყნის სპეციალისტის საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის ან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურების უფლების მინიჭების წესი, რომელსაც 2019 წლის 1 თებერვლამდე შეიმუშავებს და ადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტის მიღება არ იმოქმედებს იმ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე, ვისზეც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება. მოქმედი კანონმდებლობით, უცხო ქვეყნის სპეციალისტისათვის საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის ან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურების უფლების მინიჭება არ არის დაკავშირებული თანხის გადახდასთან. ცვლილების შედეგად დღეისათვის არსებული ვითარება არ შეიცვლება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას და შესაბამისად, არ ადგენს მის ოდენობასა და გადახდის წესს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი აკაკი ზოიძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი აკაკი ზოიძე.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
,,საექიმო საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 11. უცხო ქვეყნის სპეციალისტისათვის საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის ან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურების უფლების მინიჭება 1. უცხო ქვეყნის სპეციალისტი ამ კანონით დადგენილი წესით შეიძლება მოწვეულ იქნეს საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის ან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურებისათვის. 2. სამინისტრო ექიმთა პროფესიულ ასოციაციებთან ერთად განსაზღვრავს იმ საექიმო სპეციალობათა ნუსხას, რომელთა განვითარებისათვის ან შესაბამის სამედიცინო მომსახურებაზე საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილებისათვის მიზანშეწონილია უცხო ქვეყნის სპეციალისტის საქართველოში მოწვევა და მისთვის დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭება. (13.05.2005 N 1434) 3. უცხო ქვეყნის სპეციალისტის მოწვევა დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის დასაშვებია: ა) ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ ქვეყნიდან; ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწი-ნებულ საექიმო სპეციალობებში. 4. დასაშვებია ერთჯერადი სამედიცინო მომსახურებისათვის ნებისმიერი საექიმო სპეციალობის უცხო ქვეყნის სპეციალისტის მოწვევა მხოლოდ ამ კანონის მე-9 მუხლის მე3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებული ქვეყნიდან. 5. უცხო ქვეყნის სპეციალისტს საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის ან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურების უფლებას აძლევს პროფესიული განვითარების საბჭო (შემდგომში – საბჭო) ექიმთა შესაბამისი პროფესიული ასოციაციის რეკომენდაციით. (21.03.2008 N 5999) 6. უცხო ქვეყნის სპეციალისტისათვის საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის ადგილს, ვადასა და მიზანს განსაზღვრავს სამინისტრო ამ სპეციალისტთან და ექიმთა შესაბამის პროფესიულ ასოციაციასთან ერთად. 7. უცხო ქვეყნის სპეციალისტისათვის საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების შეჩერების ან/და გაუქმების საფუძველი გათანაბრებულია სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ან/და გაუქმების ამ კანონით გათვალისწინებულ პირობებთან. 8. უცხო ქვეყნის სპეციალისტს საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება ერთჯერადად ეძლევა არა უმეტეს ერთი წლით. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ამ ვადის გაგრძელების უფლება აქვს სამინისტროს. გადაწყვეტილება მიიღება ექიმთა შესაბამის პროფესიულ ასოციაციასთან ერთად. 9. სამინისტროს უფლება აქვს მოიწვიოს უცხო ქვეყნის სპეციალისტი საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის ან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურებისათვის. უცხო ქვეყნის სპეციალისტის მოწვევამდე აუცილებელია იმ სამედიცინო დაწესებულების წერილობითი თანხმობა, რომელშიც უცხო ქვეყნის სპეციალისტმა უნდა გასწიოს დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა ან განახორციელოს ერთჯერადი სამედიცინო მომსახურება. 10. სამედიცინო დაწესებულებას უფლება აქვს მოიწვიოს უცხო ქვეყნის სპეციალისტი დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის ან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურებისათვის თავისი ინიციატივით ან/და პაციენტის მოთხოვნით, სამინისტროს წერილობითი ნებართვის საფუძველზე. 11. ერთჯერადი სამედიცინო მომსახურებისათვის უცხო ქვეყნის სპეციალისტის მოწვევისას, თუ პაციენტს აღენიშნება სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა ან ესაჭიროება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, ამ მუხლის მე-5, მე-9 და მე-10 პუნქტებში აღნიშნული დოკუმენტები შეიძლება გაფორმდეს სამედიცინო მომსახურების გაწევის შემდეგ. 12. ამოღებულია (21.03.2008 N 5999) 13. რეზიდენტს ან საექიმო სპეციალობის მაძიებელს უცხო ქვეყნის სპეციალისტის ხელმძღვანელობით მუშაობის პერიოდი ჩაეთვლება შესაბამის სპეციალობაში დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) შემადგენელ ნაწილად. ამისათვის აუცილებელია, უცხო ქვეყნის სპეციალისტის ხელმძღვანელობით ჩატარებული სამუშაო შეესაბამებოდეს დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამას, რაც უნდა დაადასტუროს საბჭომ. (21.03.2008 N 5999) 14. საქართველოში სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირს უცხო ქვეყნის სპეციალისტის ხელმძღვანელობით მუშაობის პერიოდი ჩაეთვლება უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობად საბჭოს მიერ განსაზღვრული პირობებისა და კრიტერიუმების შესაბამისად. (21.03.2008 N 5999)