„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
26.12.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მამუკა მდინარაძე, არჩილ თალაკვაძე, კახა კუჭავა, ნინო წილოსანი, ირაკლი (დაჩი) ბერაია
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე, ირაკლი (დაჩი) ბერაია, არჩილ თალაკვაძე
ნომერი
#07-3/267/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 90 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-31
ბიუროს ნომერი 231

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 188-ე მუხლის პირველი ნაწილის შენიშვნის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ ცხრილის მე-4 გრაფაში აღნიშნული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული, იმავე გრაფის მე-3 სვეტის (საქონლის დასახელება) „ა“−„ზ“ ქვეპუნქტებში მითითებული 0-დან 6 წლის ჩათვლით მსუბუქი ავტომობილებისათვის იმავე ქვეპუნქტებით განსაზღვრული აქციზის განაკვეთები მარცხენასაჭიანი ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში 60 პროცენტით, ხოლო იმ ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში, რომლებსაც საჭე მარჯვენა მხარეს აქვს ან გადატანილი აქვს, 20 პროცენტით მცირდება.“; 2. 188-ე მუხლის პირველი ნაწილის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-41 ნაწილი: „41. ამ ცხრილის მე-4 გრაფაში აღნიშნული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული, იმავე გრაფის მე-3 სვეტის (საქონლის დასახელება) „ა“−„ჟ“ ქვეპუნქტებში მითითებული ელექტრო ძრავიანი მსუბუქი ავტომობილებისათვის, რომლებსაც საჭე მარჯვენა მხარეს აქვს ან გადატანილი აქვს, აქციზის განაკვეთი შეადგენს იმავე ქვეპუნქტებით განსაზღვრული აქციზის განაკვეთის 1000-ზე ნამრავლს.“ 3. 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) საგარეო - ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მარცხენასაჭიანი ელექტრო ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები;“. 4. 309-ე მუხლის მე-100 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „100. 2019 წლის 1 ოქტომბრამდე საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მსუბუქი ავტომობილი იბეგრება 2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი აქციზის განაკვეთით, თუ: ა) ავტომობილის საზღვაო გზით ტრანსპორტირება დაიწყო 2019 წლის 1 აპრილამდე და იგი საზღვაო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა არაუგვიანეს 2019 წლის 30 ივნისისა; ბ) ავტომობილი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა 2019 წლის 1 აპრილამდე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 აპრილიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2016 წლის 16 დეკემბერს განხორციელდა ცვლილება, რომელიც ამოქმედდა 2017 წლის 2 იანვარს, დაწესდა, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილები შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილისთვის განსაზღვრული აქციზის განაკვეთის სამმაგი ოდენობით დაიბეგრებოდნენ. ამავე ცვლილებების თანახმად, როგორც მარჯვენა საჭიანი, ისე მარცხენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომანქანების იმპორტისას დაწესდა 60%-იანი შეღავათი აქციზური გადასახადის გადახდისას, ნაცვლად იმისა, რომ განსხვავებული რეგულაცია ყოფილიყო მარცხენა და მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილებისათვის. აღსანიშნავია, რომ კოდექსის მიღების დროიდან (2010 წელი), როგორც მარჯვენა, ისე მარცხენასაჭიანი ელექტროძრავიანი ავტომანქანები იმპორტისას სრულად გათავისუფლებულები არიან აქციზის გადასახადისგან. ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი; შემოსავლების სამსახურიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მხოლოდ 2017 წელსა და 2018 წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოში იმპორტირებული იქნა: • მარცხენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილი - 26,463 • მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილი - 4,277 • მარცხენასაჭიანი ელექტრომობილი - 386 • მარჯვენასაჭიანი ელექტრომობილი - 799 აღსანიშნავია, რომ მზარდია ელექტრომობილების ბაზარი როგორც საქართველოში, ისევ მთელს მსოფლიოში. როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს მარჯვენასაჭიანი ელექტრომობილების რაოდენობა აღემატება მარცხენასაჭიან ელექტრომობილების რაოდენობას. გასათვალისწინებელია, რომ ქვეყანა დაგეგმილია მთლიანად მარცხენასაჭიან მანქანებზე მოძრაობისთვის, მთელი ინფრასტრუქტურა მორგებულია მასზე. კანონპროექტი მიზნად ისახავს მარჯვენასაჭიანი ავტომობილები იმპორტის შემცირებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა; საკანონმდებლო რეგულაციების გარეშე მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული და ელექტრო მანქანების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები; შემცირდება მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული და ელექტრო მანქანების იმპორტი. რაც ხელს შეუწყობს საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი; წარმოდგენილი პროექტის მიხედვით ცვლილება შედის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლში, რომელიც ადგენს საგადასახადო შეღავათს ჰიბრიდული ავტომობილებისთვის. ცვლილებით, მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილებისათვის აქციზის განაკვეთი შემცირდება 20%-ით, ნაცვლად არსებული 60 %-ისა. 188-ე მუხლის პირველი ნაწილის შენიშვნას ემატება მე-41 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს მარჯვენასაჭიანი ელექტრო მანქანების აქციზის განაკვეთს, რომელიც განისაზღვრება 188-ე მუხლით წლოვანების მიხედვით მსუბუქი ავტომობილების განსაზღვრული აქციზის განაკვეთის 1000-ზე ნამრავლით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში); აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმარებაში; ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; გათვალისწინებულ იქნა 2016 წლის 16 დეკემბერს მიღებულ კანონში არსებული ამოქმედების პრინციპი, კერძოდ კანონის მიღებიდან ამოქმედებამდე განსაზღვრულია გონივრული ვადა, რათა უკვე შეძენილ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების, რომლებიც უკვე ტრასპორტირების ეტაპზე იმყოფებიან, შემძენთა უფლებები და ინტერესები არ შეიზღუდოს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); ინიციატორი არ მოითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას; ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო; კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტით წარმოდგენილ ცვლილებებს ექნება გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე რამდენადაც წარმოდგენილი ცვლილებით, აქციზის განაკვეთი იზრდება საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილებისათვის, რომლებსაც საჭე მარჯვენა მხარეს აქვს ან გადატანილი აქვს. ამასთან, აქციზის განაკვეთები განისაზღვრება იმ ელექტრო ძრავიანი მსუბუქი ავტომობილებისათვის, რომლებსაც საჭე მარჯვენა მხარეს აქვს ან გადატანილი აქვს. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები; კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება; კანონპროექტს ექნება მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, რამდენადაც წარმოდგენილი ცვლილებით, აქციზის განაკვეთი იზრდება საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილებისათვის, რომლებსაც საჭე მარჯვენა მხარეს აქვს ან გადატანილი აქვს. ამასთან, აქციზის განაკვეთები განისაზღვრება იმ ელექტრო ძრავიანი მსუბუქი ავტომობილებისათვის, რომლებსაც საჭე მარჯვენა მხარეს აქვს ან გადატანილი აქვს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი); მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილებისათვის აქციზის განაკვეთი შემცირდება 20%-ით, ნაცვლად არსებული 60 %-ისა. ელექტრო მანქანების აქციზის განაკვეთი განისაზღვრება 188-ე მუხლით წლოვანების მიხედვით მსუბუქი ავტომობილების განსაზღვრული აქციზის განაკვეთის 1000-ზე ნამრავლით. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან; კანონის პროექტი შესაბამისობაშია ევროკავშირის სამართალთან. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი; კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/ დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ასეთი მიმოხილვა არ მოზადებულა; ე) კანონპროექტის ავტორი; მამუკა მდინარაძე, არჩილ თალაკვაძე, კახა კუჭავა, ნინო წილოსანი, ირაკლი (დაჩი) ბერაია ვ) კანონპროექტის ინიციატორი. მამუკა მდინარაძე, არჩილ თალაკვაძე, კახა კუჭავა, ნინო წილოსანი, ირაკლი (დაჩი) ბერაია