2019 წლის 28-29 იანვარს, ქ. ბრიუსელში გამართულ ევრონესტის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის (ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, სერგი კაპანაძე, სალომე სამადაშვილი, გუგული მაღრაძე, ბექა ნაცვლიშვილი, გიორგი მოსიძე) მივლინების ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
05.02.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
ნომერი
#2-1598/19
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-11
ბიუროს ნომერი 234

📜 ტექსტი

წერილი
2-1598/19 05-02-2019 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, გიგზავნით 2019 წლის 28-29 იანვარს, ქ.ბრიუსელში გამართული ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მივლინების ანგარიშს. დანართი: 3 ფურცელი პატივისცემით, დეპარტამენტის უფროსი თამარ ყოლბაია
ანგარიში
ანგარიში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის სხდომებში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მონაწილეობის შესახებ 2019 წლის, 28-29 იანვარი ბრიუსელი, ბელგიის სამეფო 28-29 იანვარს ევროპარლამენტში, ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის (ევრონესტის) საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის, ენერგეტიკული უსაფრთხოების, ეკონომიკური ინტეგრაციის, ევროკავშირის პოლიტიკის და საკანონმდებლო დაახლოების და სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების კომიტეტების სხდომები გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია (7 წევრი) ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირინა ფრუიძის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობიდან ვიზიტში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრები - დიმიტრი ცქიტიშვილი, სერგი კაპანაძე, სალომე სამადაშვილი, გუგული მაღრაძე, ბექა ნაცვლიშვილი და გიორგი მოსიძე. კომიტეტების სხდომებში ევროპარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების პარლამენტის წევრები მონაწილეობდნენ, ასევე მოწვეულნი იყვნენ ევროკომისიის წარმომადგენლები. 28 იანვარს ეკონომიკური ინტეგრაციის, ევროკავშირის პოლიტიკის და საკანონმდებლო დაახლოების და სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. ეკონომიკური ინტეგრაციის, ევროკავშირის პოლიტიკის და საკანონმდებლო დაახლოების კომიტეტის სხდომაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ ირინა ფრუიძე, ბექა ნაცვლიშვილი და სალომე სამადაშვილი, განხილულ იქნა რეზოლუციის პროექტი - „ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნებში ციფრული ტექნოლოგიების განვითარება ეფექტიანობის გაუმჯობესებისა და ეკონომიკური ზრდის სტიმულირების მიზნით.“ მომხსენებლებმა ისაუბრეს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ციფრული ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. ციფრული ტექნოლოგიების განვითარება უზრუნველყოფს ახალ შესაძლებლობებს ბიზნესისა და მოქალაქეებისთვის, ასევე დაეხმარება ქვეყნებს შექმნან ახალი სამუშაო ადგილები, გაზარდონ ბიზნესის ეფექტურობა და მოიზიდონ ინვესტიციები, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის. სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობდნენ ბექა ნაცვლიშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი და სალომე სამადაშვილი. კომიტეტმა სხდომაზე იმსჯელეს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში განათლების რეფორმებზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, ასევე განათლების სექტორში ინოვაციების განვითარებაზე. კომიტეტზე აღინიშნა მნიშვნელოვანი პროექტები განათლებისა და ინოვაციების სფეროში, როგორიცაა, მაგალითად 2018 წელს თბილისში გახსნილი აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა. სხდომაზე საუბარი ასევე შეეხო პარტნიორ ქვეყნებში ტუბერკულოზის გავრცელების პრევენციისა და მასთან ბრძოლის გზებს. აღინიშნა, რომ ტუბერკულოზი დღემდე რჩება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემად, ამიტომ მის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გაძლიერდეს. 28 იანვარს, ირინა ფრუიძის თავმჯდომარეობით, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ასოცირებული ქვეყნების სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა. სამუშაო ჯგუფმა ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების პროცესში საპარლამენტო ჩართულობის ინსტიტუციურ მექანიზმებზე იმსჯელა. ექსპერტმა კატარინა ვოლჩუკმა წარმოადგინა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დაკვეთით ჩატარებული კვლევა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებების განხორციელების ინსტიტუციური მექანიზმების შესახებ. კვლევის თანახმად, ასოცირების ხელშეკრულების წარმატებით განხორციელებას სჭირდება პოლიტიკური ხელმძღვანელობა, მაკოორდინირებელი მექანიზმები და ინსტიტუციური შესაძლებლობები. სამივე ასპექტი მოიცავს პარლამენტის, როგორც უმაღლესი საკანონმდებლო და მაკონტროლებელი ორგანოს აქტიურ ჩართულობას ასოცირების პროცესში. სხდომის თანათავმჯდომარემ ირინა ფრუიძემ პარტნიორებს გააცნო საქართველოში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავს პარლამენტის საკანონმდებლო და საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერებას და გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას. ეს ცვლილებები უფრო ეფექტიანს გახდის პარლამენტის მუშაობას და ხელს შეუწყობს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. უკრაინისა და მოლდოვის დელეგაციების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების პროცესში მათ ქვეყნებში არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებზე. 29 იანვარს პოლიტიკურ საკითხთა, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის და ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. პოლიტიკურ საკითხთა, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კომიტეტის სხდომაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ დიმიტრი ცქიტიშვილი, გიორგი მოსიძე და სერგი კაპანაძე, იმსჯელეს აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში არსებულ საპარლამენტო ზედამხედველობაზე დემოკრატიის, ანგარიშვალდებულების და სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანობის გაძლიერების მიზნით. მომხსენებლებმა ისაუბრეს საპარლამენტო ზედამხედველობასა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე, როგორც დემოკრატიული მმართველობის არსებით დამახასიათებელ ნიშნებზე. ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობდნენ ირინა ფრუიძე, გიორგი მოსიძე და სერგი კაპანაძე. კომიტეტის სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის პირველმა მოადგილემ ირინა ფრუიძემ წარადგინა ევროპარლამენტარ ანჟეი გრჟიბთან თანაავტორობით შემუშავებული რეზოლუციის პროექტი - „სოლიდარობა და დაახლოება ენერგეტიკის სექტორში, პროგრესული რეგულირების ფორმატისკენ“. რეზოლუციის პროექტი ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ენერგეტიკის სექტორში არსებულ მდგომარეობას ასახავს. როგორც სხდომაზე აღინიშნა, საჭიროა აქტიური მუშაობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა განახლებადი ენერგია, ენერგოეფექტიანობა, და უსაფრთხო ენერგომომარაგება. ბოლო წლებში გაძლიერდა რეგიონალური პოლიტიკური დიალოგი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, რომელიც მოიცავს ენერგო ბაზრებს, ენერგომომარაგების დივერსიფიკაციას, მდგრადი ენერგო წყაროების განვითარებას და ენერგო ეფექტურობას. სტაბილური ენერგეტიკული პოლიტიკა არის შესაძლებლობა რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო, მდგრად, კონკურენტუნარიან და ხელმისაწვდომ ენერგეტიკას, რაც საჭიროებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ენერგეტიკული სექტორის ფუნდამენტურ ტრანსფორმაციას. 29 იანვარს, გუგული მაღრაძის თავმჯდომარეობით, ბელორუსის სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა. მუდმოვმოქმედი სამუშაო ჯგუფი რეგულარულად იკრიბება და მსჯელობს ბელორუსის და ევროკავშირის ურთიერთობების პერსპექტივებზე. სხდომას დაესწრო გიორგი მოსიძე. ბელორუსის თანაბარ-უფლებრივი მონაწილეობა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში კვლავ შეჩერებულია ბელორუსსა და ევროკავშირს შორის არსებული პოლიტიკური უთანხმოების გამო. მიუხედავად ამისა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ასამბლეა მუდმივად თვალს ადევნებს ბელორუსში მიმდინარე პროცესებს. საქართველო კვლავაც მხარს უჭერს ბელორუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო განზომილებაში თანაბარ საწყისებზე მონაწილეობას. ევრონესტის კომიტეტების სხდომების ფარგლებში განხილულ სამუშაო დოკუმენტებზე მუშაობა კვლავ გაგრძელდება და მათ საბოლოოდ დაამტკიცებს საპარლამენტო ასამბლეის მერვე პლენარული სესია, რომელიც 2019 წლის შემოდგომაზე საქართველოში ჩატარდება.