2019 წლის 21-25 იანვარს, საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქ. სტრასბურგში გამართულ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის (თამარ ჩუგოშვილი, ნინო გოგუაძე, ზვიად კვაჭანტირაძე, ირინა ფრუიძე, ეკა ბესელია, დავით ცქიტიშვილი, დავით ბაქრაძე, გიორგი კანდელაკი) მივლინების ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-11
ბიუროს ნომერი 234
📜 ტექსტი
წერილი
2-1671/19
06-02-2019
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაძეს
ქალბატონო ეთერ,
მოგახსენებთ, რომ ა.წ. 21-25 იანვარს, საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქ. სტრასბურგში
გაიმართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია, რომლის
მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა.
გიგზავნით აღნიშნული ვიზიტის ანგარიშს.
დანართი 5 ფურცელი.
პატივისცემით,
საერთაშორისო ურთიერთობათა
დეპარტამენტის უფროსი
თამარ ყოლბაია
ანგარიში
მივლინების ანგარიში
მივლინების ადგილი
ქალაქი სტრასბურგი, საფრანგეთის რესპუბლიკა
მივლინების თარიღი
2019 წლის 21-25 იანვარი
მივლინების მიზანი
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2019 წლის, ზამთრის სესიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება
ღონისძიების თემა
დელეგაციის შემადგენლობა
თამარ ჩუგოშვილი, დელეგაციის ხელმძღვანელი;
ნინო გოგუაძე;
ზვიად კვაჭანტირაძე;
ირინა ფრუიძე;
ეკა ბესელია;
დიმიტრი ცქიტიშვილი;
დავით ბაქრაძე;
გიორგი კანდელაკი;
ლანა ჩხარტიშვილი, დელეგაციის მდივანი;
ალექსანდრე რამიშვილი, დელეგაციის მდივანი.
აქტივობები
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილებოდა: მედიის თავისუფლება და დეზინფორმაცია; ინტერნეტ მმართველობა და ადამიანის უფლებები; სერგეი მაგნიცკის მკვლელობის საქმე; საქართველოსა და სომხეთში გამართული არჩევნები (ბიუროს და მუდმივმოქმედი კომიტეტის პროგრესის ანგარიში); შარიათის კანონები და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო; დისკრიმინაცია და დასაქმების ხელმისაწვდომობა; დაძაბულობა აზოვის ზღვაზე; სიტუაციის გაუარესება თურქეთში; მონიტორინგის პროცედურის პროგრესის ანგარიში და სხვა თემები. ასამბლეას სიტყვით მიმართეს ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, თორბიორნ იაგლანდმა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტიმო სოინიმ.
ორშაბათი, 21 იანვარს
ბიუროს და მუდმივმოქმედი კომიტეტის პროგრესის ანგარიშის ფარგლებში წარმოდგენილ იქნა ანგარიში საქართველოში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ. საკუთარი მოსაზრებები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ანდრეი ჰუნკოს მიერ წარმოდგენილი ანგარიშის შესახებ, ასამბლეის წევრებმა დააფიქსირეს. გამომსვლელთა უმრავლესობამ აღნიშნა არჩევნებამდე წარმოებული აგრესიული კამპანიის შესახებ. საერთო ჯამში არჩევნები დადებითად შეფასდა. დებატებზე სიტყვით გამოვიდა საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, თამარ ჩუგოშვილი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებს განსაკუთრებული შეფასება მისცა, რადგანაც ეს იყო საკონსტიტუციო ცვლილებებით გათვალისწინებული პრეზიდენტის უკანასკნელი პირდაპირი არჩევნები, რის შემდეგაც ქვეყანა გადადის საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე. დელეგაციის ხელმძღვანელის აზრით ეს არჩევნები მნიშვნელოვანი იმითაც იყო, რომ საქართველომ პირველად აირჩია ქალი პრეზიდენტი. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი დადგა მეორე ტურის შემდეგ, რაც ასევე საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა. დეპუტატი მიესალმა სადამკვირვებლო მისიის შეფასებას, რომლის თანახმადაც არჩევნები ჩატარდა კონკურენტუნარიან გარემოში და პროფესიონალურად იყო წარმართული. ამომრჩეველმა შეუზღუდავად გააკეთა არჩევანი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობა იყო გამჭვირვალე. მედია გარემო იყო მრავალფეროვანი. თუმცა, ჩუგოშვილის განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს შეინიშნებოდა ნეგატიური და სამწუხარო დინამიკა. საარჩევნო კამპანია სავსე იყო პრეზიდენტობის ქალი კანდიდატის მიმართ სიძულვილით და შეურაცხყოფის ყველაზე ცუდი ფორმები ქალი კანდიდატის მიმართ ევროპის სახალხო პარტიის პარტნიორმა პარტიამ გამოიყენა. დეპუტატმა მოუწოდა ევროპის სახალხო პარტიის წევრებს, დაგმონ საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის წინააღმდეგ წარმოებული სიძულვილით აღსავსე კამპანია. სიტყვით დასასრულს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ევროპის საბჭოს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა რეკომენდაციისა და მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, 2019 წელს საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა იგეგმება და ამ პროცესში, საქართველო მჭიდროდ ითანამშრომლებს ევროპის საბჭოსთან და ეუთოსთან.
ამავე თემაზე გამოსვლისას საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა გიორგი კანდელაკმა ასამბლეის წევრებს შეახსენა 90-იანი წლების საქართველო და 2003 წლის ვარდების რევოლუცია, როგორც ქვეყნის განვითარების გარდამტეხი მოვლენა და ისიც, რომ 2012 წელს პირველად მოხდა ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით. თუმცა დეპუტატმა აღნიშნა, რომ დემოკრატიის გრძელვადიანი წარმატებაა საჭირო იმისათვის, რომ ვთქვათ რამდენად დემოკრატიულია ქვეყანა. მისი აზრით ერთი მშვიდობიანი არჩევნები სრულ სურათს ვერ გვაჩვენებს. იგი მიიჩნევს, რომ 90-იანი წლების შემდგომ დებატებზე წარმოდგენილი არჩევნების ანგარიში ყველაზე კრიტიკული ანგარიშია. დეპუტატმა დაგმო არჩევნების პერიოდში ვალების გამოსყიდვის პროცესი, რაც მისი აზრით კორუფციის გამოვლინება იყო.
დელეგაციის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე თავის გამოსვლაში ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ორ გზას გვთავაზობდა, ერთი აღმოვჩენილიყავით რუსეთის კონტროლის ქვეშ ან პატივი გვეცა თავისუფლებისთვის და მიგვეღო დასავლური ფასეულობები. დეპუტატმა კმაყოფილება გამოხატა, რომ საქართველომ ეს უკანასკნელი აირჩია.
არჩევნების თემას გამოეხმაურა დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი, რომელმაც ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის წევრებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქალი პრეზიდენტის არჩევას ისტორიული მნიშვნელობა აქვს ქალთა გაძლიერებისთვის და ხელს უწყობს პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდას. დეპუტატის განცხადებით სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების მხრიდან უპრეცენდენტო შეტევისა და შეურაცხყოფის სამიზნე გახდა. მისი თქმით უარყოფით კამპანიაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმაც, რომლის მხრიდან აგრესიის სამიზნე, სალომე ზურაბიშვილთან ერთად, სხვა ქალი პოლიტიკოსებიც, მათ შორის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი - თამარ ჩუგოშვილი გახდა. დიმიტრი ცქიტიშვილის აზრით პოლიტიკური პოლარიზაცია დიდი პრობლემაა თანამედროვე პოლიტიკისა და დემოკრატიისთვის და რომ პოლიტიკური გარემოს კიდევ უფრო პოლარიზებას ეხმარება პოლიტიკური თანამოაზრეების მხარდასაჭერად გაკეთებული გარკვეული განცხადებებიც. საქართველოს პარლამენტის წევრმა ევროპის სახალხო პარტიას (EPP) კრიტიკული, მაგრამ იმავდროულად ობიექტური განცხადებების გაკეთებისკენ მოუწოდა.
სამშაბათი, 9 ოქტომბერი
თამარ ჩუგოშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალისტების ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტად მეორედ აირჩიეს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ეკა ბესელიას ვენეციის კომისიის დემოკრატიული არჩევნების საბჭოში კიდევ ერთი წლით გაუგრძელა ვადა.
საქართველოს დელეგაციის ინიციატივით სერგეი მაგნიცკის საქმესთან დაკავშირებულ ანგარიშში შევიდა შესწორება, სადაც ტექსტს დაემატა ასამბლეის მითითება თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ რეზოლუციის მიღება. აღნიშნულ დებატებზე სერგეი მაგნიცკის მკვლელობას გამოეხმაურა გიორგი კანდელაკი. მისი აზრით ე.წ. „მაგნიცკის კანონმდებლობა“ უკვე მსოფლიო მოვლენაა. ეს კანონმდებლობა აღარ უზრუნველყოფს დანაშაულებრივი გზით ნაშოვნი ფულის უსაფრთხოებას. დეპუტატის აზრით აუცილებელია მსგავსი კანონმდებლობის მიღება ევროპის კავშირის მასშტაბითაც.
საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, დავით ბაქრაძემ აღნიშნულ დებატებზე გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა რეზოლუციის პროექტის მნიშვნელობაზე. მისი აზრით ამგვარი დებატები და დოკუმენტები ორ საქმეს ემსახურება - ისინი აღასრულებენ სამართალს წარსულ დანაშაულებზე და ხელს უწყობენ მათი ხელახალი განმეორების პრევენციას. დავით ბაქრაძის განცხადებით ამგვარი რეზოლუციის მიღება ასამბლეის მორალური ვალდებულებაა. დეპუტატმა აქვე შეახსენა ასამბლეის წევრებს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სისტემატიურად ფიქსირდება მკვლელობები და ძალადობის სხვა ფაქტები და რუსეთი, როგორც ამ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის მქონე ქვეყანა არაფერს აკეთებს ამ ფაქტების აღსაკვეთად. ამის გამო საქართველოს პარლამენტმა მიიღო მაგნიცკის სიის მსგავსი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, რომელიც მსგავს მექანიზმებს ითვალისწინებს.
ოთხშაბათი, 10 ოქტომბერი
თამარ ჩუგოშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს ვოიცეხ სავიცკის შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მიერ განვლილ გზაზე 1999 წლიდან დღემდე, ასევე იმ რეფორმებზე და წინგადადგმულ ნაბიჯებზე, რომელიც განახორციელა ჩვენმა ქვეყანამ ოცი წლის მანძილზე.
ასევე აღსანიშნნავია რომ 2019 წლის ნოემბერში საქართველო პირველად ხდება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა. 2019 წლის აპრილის თვეში კი საქართველოს ევროპის საბჭოში გაწერვიანების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში გაიმართება საგანგებო სესია. პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ვოიცეხ სავიცკი საქართველოში სტუმრად მოიწვია.
ხუთშაბათი, 11 ოქტომბერი
დილის სხდომაზე ასამბლეამ განსაკუთრებული წესით მომზადებული ანგარიში განიხილა. ანგარიში შეეხებოდა აზოვის ზღვის და ქერჩის სრუტის ირგვლივ შექმნილ დაძაბულ სიტუაციას და ევროპისთვის აქედან წარმოშობილ საფრთხეებს. აღნიშნულ თემაზე სიტყვით გამოვიდა გიორგი კანდელაკი. მისი განცხადებით რუსეთის დელეგაციის წევრების დაბრუნება ასამბლეაში იქნებოდა მათი წახალისება განახორციელონ ახალი აგრესიული აქტი. დეპუტატმა განაცხადა, რომ ის რუსოფილი არაა და რუსეთის წევრების ამ ასამბლეაზე მონაწილეობის მომხრეა, თუმცა დემოკრატიულად არჩეული დელეგატების. მან განმართა, რომ ორივე მხარის მიერ სიტუაციის დეესკალაციისკენ მოწოდება ნიშნავს უკრაინის მიერ თავდაცვის შეჩერებას. დეპუტატმა უკრაინის ეკლესიას მიულოცა ავტოკეფალიის მიღება და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას ამ ფაქტის აღიარება.
ამავე დღეს ასამბლეამ განიხილა მონიტორინგის კომიტეტის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში. ანგარიშში ნათქვამია, რომ ასამბლეა მიესალმება საქართველოში ახალი კონსტიტუციის იმპლემენტაციას და საქართველოს პარლამენტის ახალ რეგლამენტს, რომელიც საკანონმდებლო ხელისუფლების გაძლიერებას ემსახურება. ასამბლეა ასევე დადებითად აფასებს საქართველოს პარლამენტის ახალ რეგლამენტზე მუშაობის პროცესს. აღნიშნულ დებატებზე გამოსვლისას გიორგი კანდელაკმა ანგარიშში მოყვანილი თემების ზოგადი მიმოხილვა გააკეთა.
მოამზადა ალექსანდრე რამიშვილმა