საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-25
ბიუროს ნომერი 237
📜 ტექსტი
წერილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
2-2737/19
21-02-2019
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს,
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
44-ე
მუხლის
შესაბამისად,
წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის
მიერ 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშს.
დანართი: „27“ გვერდი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
თამარ ხულორდავა
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში 2018 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ
ანგარიშის სრუქტურა:
კომიტეტის მისია, სტრუქტურა და სტრატეგიული მიზნები
საკანონმდებლო საქმიანობა
კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობა და კომუნიკაცია აღმასრულებელ ხელისუფლებასთან
საპარლამენტო დიპლომატია, საერთაშორისო ურთიერთობები, კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრები და ვიზიტები
საზოგადოებასთან ურთიერთობა, თანამშრომლობა სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან
კომიტეტის მისია, სტრუქტურა და სტრატეგიული მიზნები
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მისიაა, ხელი შეუწყოს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირსა და ევროპულ ინსტიტუტებში და ამ მიმართულებით განსაზღვროს ქვეყნის პოლიტიკა.
ამ მიზნებისათვის, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კომიტეტი წინასწარ ამზადებს საკანონმდებლო საკითხებს, ხელს უწყობს პარლამენტის გადაწყვეტილებათა შესრულებას, ახორციელებს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და საქართველოს მთავრობის საქმიანობის კონტროლს.
2018 წელს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა შეიმუშავა და დაამტკიცა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც მისი კანონშემოქმედებითი, საზედამხედველო, საორგანიზაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით გასაწევი საქმიანობები აისახა. სამოქმედო გეგმა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის შემდეგ სტრატეგიულ მიზნებს დაეფუძნა.
სტრატეგიული მიზანი 1.
ასოცირების შეთანხმებასთან შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს ჩამოყალიბება
მიზნის მისაღწევად შესასრულებელი ამოცანებია:
1.1. კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გაუმჯობესება;
1.2 საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება;
სტრატეგიული მიზანი 2.
ევროკავშირთან მიმართებით საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაში და განხორციელებაში მონაწილეობა
მიზნის მისაღწევად შესასრულებელი ამოცანებია:
2.1 საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა;
2.2. საპარლამენტო დიპლომატიის განხორციელება;
სტრატეგიული მიზანი 3.
კომიტეტის მიერ საზედამხედველო ფუნქციის განხორციელება
მიზნის მისაღწევად შესასრულებელი ამოცანებია:
3.1. ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებებისა და ევროკავშირთან დაახლოების პროცესში აღებული სხვა ვალდებულებების შესრულებაზე ზედამხედველობა;
3.2. კომიტეტის საზედამხედველო ფუნქციის ეფექტიანობის გაზრდა
სტრატეგიული მიზანი 4.
ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე კომუნიკაციის გაუმჯობესება
მიზნის მისაღწევად შესასრულებელი ამოცანებია:
4.1 ევროინტეგრაციის პროცესის და მისი პოზიტიური შედეგების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება;
4.2 ევროინტეგრაციის საკითხებზე კომუნიკაციის პროცესის მართვა და გაუმჯობესება;
საკანონმდებლო საქმიანობა
ასოცირების შეთანხმების უხარვეზო განხორციელება წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტს, როგორც საკანონმდებლო, ისე საზედამხედველო საქმიანობის პროცესში. ამ საქმიანობაში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად, აქტიურად არიან ჩართული პარლამენტის დარგობრივი კომიტეტები. საკანონმდებლო პროცესის ჰარმონიზების და უკეთ კოორდინირების მიზნით 2018 წელს პარლამენტმა შეიმუშავა ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ საქართველოს პარლამენტის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელიც 2019 წლის საგაზაფხულო სესიის დასაწყისში დამტკიცდება.
ამასთან, 2018 წლიდან საქართველოს პარლამენტში ინერგება ახალი პრაქტიკა, რომლის საფუძველზე, საპარლამენტო კომიტეტები ყოველკვარტალურად აწვდიან ინფორმაციას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს მათ მიერ განხილული კანონპროექტების შესახებ, რომლებიც ასოცირების შეთანხმების განხორციელებას უკავშირდება.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საკანონმდებლო საქმიანობა ემსახურებოდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. საანგარიშო პერიოდში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ განხილული კანონპროექტების შედეგად უზრუნველყოფილია ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ 4 რეგულაციასთან, 13 დირექტივასთან და 2 რეკომენდაციასთან საქართველოს კანონმდებლობის სრული ან ნაწილობრივი დაახლოება. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ევროკავშირის სამართალთან დაახლოება უზრუნველყოფილია აგრეთვე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, რომელთა შემუშავება ხდება პარლამენტის მიერ მიღებული კანონების საფუძველზე.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მიზანია საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონდებლობასთან დაახლოება. კომიტეტი შეიმუშავებს, განიხილავს და პარლამენტის სხდომისთვის ამზადებს კანონების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების პროექტებს.
კომიტეტი ნორმატიული აქტების განხილვისას ხელმძღვანელობდა: ერთის მხრივ საქართველოსა და მეორე მხრივ ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით (რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტს), ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ყოველწლიური ეროვნული სამოქმედო გეგმით, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში განსაზღვრული საკითხებით.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა ჩაატარა 29 კომიტეტის სხდომა, განიხილა 28 კანონის პროექტი (თანმდევ პროექტებთან ერთად), რომელთა მიღებაც ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებებიდან გამომდინარეობს.
მათ შორის აღსანიშნავია შემდეგი მნიშვნელოვანი კანონპროექტები:
ადამიანის უფლებები
გატარდა საპენსიო სისტემის რეფორმა, რაც შესაძლებლობას მისცემს მოქალაქეს შექმნას დანაზოგი, რომელიც პირდაპირპროპორციული იქნება წლების განმავლობაში მის მიერ გამომუშავებული ხელფასის და საშუალებას მისცემს მიიღოს უფრო მაღალი საპენსიო უზრუნველყოფა. ამ მიზნით „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონით მოწესრიგდა დაგროვებითი საპენსიო სქემის ორგანიზებისა და განხორციელების საკითხები და განისაზღვრა დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეებისათვის სქემაში მონაწილეობის წესები და პირობები.
„სახელწიფო ინსპექტორის შესახებ კანონით“ შეიქმნა დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მიუკერძოებელ და ეფექტურ გამოძიებას. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლეა, რომლის ფუნქციაა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი და ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი.. კანონპროექტის მიღება გამომდინარეობდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების 2017-2020 წლების დღისწესრიგიდან.
ახლებურად მოწესრიგდა პირის მიერ გვარის შეცვლის, მისი კანონიერად აღიარების და დადგენის პროცედურა.
შრომითი უფლებები
„შრომის უსაფრთხოების შესახებ ორგანული კანონით“ განისაზღვრა შრომის ბაზარზე ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგში არსებული საწარმოებისთვის შრომის უსაფრთხოების კუთხით ოპერირების ერთიანი სტანდარტი, რაც უზრუნველყოფს სამუშაო ადგილებზე ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნას. განისაზღვრა აღსრულებისა და ინსპექტირების ქმედითი მექანიზმის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სამართლებრივი ნორმები, .
კანონპროექტით მოხდა ასოცირების შეთანხმების XXX-ე დანართით გათვალისწინებულ 1989 წლის 12 ივნისის ევროკავშირის საბჭოს 89/391/EEC დირექტივასთან „სამუშაო ადგილზე მუშაკთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით ზომების შემოღების თაობაზე“ სამართლებრივი დაახლოება.
მომხმარებელთა პოლიტიკა
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ კანონით“ ევროკავშირში არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, შეიქმნა ინდუსტრიულ და სამომხმარებლო პროდუქტებზე ზედამხედველობის სისტემა, რომლის მიზანია ბაზარზე განთავსებული პროდუქტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. კანონმდებლობით განისაზღვრა ორგანო, რომელიც განახორციელებს ბაზარზე განთავსებულ პროდუქტზე ზედამხედველობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი შესაბამისობა განსაზღვრულ მოთხოვნებთან და არ შეუქმნან საფრთხე ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, საკუთრებას ან/და გარემოს.
მიღებული კანონით ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება მოხდა 2001 წლის 3 დეკემბრის ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს 2001/95/EC დირექტივასთან „პროდუქტის ზოგადი უსაფრთხოების შესახებ“.
ვაჭრობა, ეკონომიკა, საბაჟო პროცედურები
„საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გამარტივდა საგადასახადო წნეხი მცირე ბიზნესისთვის, დაინერგა ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციების მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი მოდელი, დაწესდა ცალკეულ დასაბეგრ ოპერაციებზე საგადასახადო შეღავათები. დაზუსტდა გადასახადის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ცალკეული ნორმები.
კანონპროექტის მიღების შედეგად ეროვნული კანონმდებლობა დაუახლოვდა ევროკავშირის 2006 წლის 28 ნოემბრის ევროკავშირის საბჭოს 2006/112/EC დირექტივას „დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) საერთო სისტემის შესახებ“;
საქართველო შეუერთდა „საბაჟო პროცედურების გამარტივებისა და ჰარმონიზაციის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციას, რომელიც ადგენს ყოვლისმომცველი საბაჟო პროცედურების სტანდარტებს, მათ შორის საქონლის გაფორმების, სასაქონლო დეკლარაციის წარდგენის, რეგისტრაციის, შემოწმების, გადასახადების უკან დაბრუნების ზოგად წესებს. კონვენციასთან შეერთება ხელს შეუწყობს საქონლის გადაადგილებას უფრო სწრაფად და ვაჭრობის ხარჯების შემცირებას, დაჩქარებული ვაჭრობიდან მიღებული შემოსავლის გაზრდას; ინვესტიციების მატებას და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას.
„საქართველოს საბაჟო კოდექსში“ და მის თანმდევ კანონპროექტებში განხორციელებული ცვლილებებით დაინერგა ევროკავშირის მსგავსი საბაჟო პროცედურებია, რაც ამარტივებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებულ საბაჟო პროცედურებს და საქართველოსა და ევროკავშირის მეწარმეებს ერთნაირ საბაჟო რეგულირებას სთავაზობს. კანონით ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება მოხდა „კავშირის საბაჟო კოდექსის დამტკიცების თაობაზე ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს 2013 წლის 9 ოქტომბრის (EU) №952/2013 რეგულაციასა და „საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლების სისტემის თაობაზე“ ევროკავშირის საბჭოს 2009 წლის 16 ნოემბრის N 1186/2009 რეგულაციასთან.
სივრცითი მოწყობა
“საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის“ პროექტითა და მისგან გამომდინარე კანონპროექტებით შეიქმნა ერთიანი საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზა საქართველოში სივრცის დაგეგმარების, ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვისა და სამშენებლო საქმიანობის სფეროში. საკანონმდებლო პაკეტის მიღებით ხელი შეეწყო ასოცირების შესახებ შეთანხმების 306-ე მუხლის და XXVI-ე დანართის შესრულებას და ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება მოხდა 2011 წლის 9 მარტის ევროპის პარლამენტის და საბჭოს 305/2011 რეგულაციასთან, რომელიც ადგენს სამშენებლო პროდუქციის მარკეტინგის ჰარმონიზებულ პირობებს და 1992 წლის 24 ივნისის ევროკავშირის საბჭოს 92/57/EEC დირექტივასთან „დროებით ან მოძრავ სამშენებლო უბნებზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების იმპლემენტაციის შესახებ“.
„შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები ხელს უწყობს შენობების ენერგოეფექტიანობის გაზრდას , რაც სათბური გაზების ემისიის შემცირებასთან ერთად, უზრუნველყოფს თანამედროვე სამშენებლო სტანდარტების დანერგვას, ახალი ტექნოლოგიების განვითარებას, ჰაერის, წყლის მიწის დაბინძურების შემცირებას, ადამიანის ჯანმრთელობისა და კომფორტის დონის გაზრდას, ენერგიის მოხმარებაზე გადასახადების შემცირებას.
მიღებული კანონით ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება მოხდა 2010 წლის 19 მაისის ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს N2010/31/EU დირექტივასთან „შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“.
სამართალდაცვა
შეიქმნა ევროპოლთან თანამშრომლობის მარეგულირებელი ჩარჩო. საქართველოს გაუჩნდა შესაძლებლობა ევროპოლის მიერ შექმნილი უსაფრთხო კომუნიკაციის არხის მეშვეობით, მიიღოს პერსონალური მონაცემების შემცველი და ანალიზზე დაფუძნებული სამართალდაცვითი ინფორმაცია
განათლება
განიმარტა ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან დაკავშირებული დეფინიციები.
მოწესრიგდა ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მონიტორინგის, კვალიფიკაციების ელექტრონული რეესტრის შექმნისა და ადმინისტრირების წესები, ასევე არაფორმალური განათლების აღიარების პროცედურები.
შეიქმნა არაფორმალური საბაზო პროფესიული ცოდნის აღიარების მექანიზმი, რაც ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ შესაძლებლობას, კერძოდ, მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლას რეალურს ხდის და ასევე, იმ ადამიანებს, ვინც ვერ აიღო საბაზო განათლების ატესტატი, შესაძლებლობას აძლევს გამოიმუშაონ მათთვის საჭირო პროფესიული უნარები.
აუდიოვიზუალური (სამაუწყებლო) და ელექტრონული კომუნიკაციები
ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით, საკანონმდებლო დონეზე ჩამოყალიბდა მედიაწიგნიერების ინსტიტუტი და განისაზღვრა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებები და ვალდებულებები მედიაწიგნიერების სფეროში.
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით განხორციელდა არაერთი ინფრასტუქტურული პროექტი:
საქართველოს რეგიონებში დაიწყო მუნიციპალური სტრუქტურის - გზების, ქუჩების, წყლისა და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია;
დაიგეგმა საქართველოს საგზაო ქსელის დაახლოებით 250 კმ სიგრძის მონაკვეთის მშენებლობა და რეაბილიტაცია;
განახლდა ქალაქ ჭიათურაში ურბანული მექანიკური საბაგიროების აღჭურვილობა;
მესტიის ხეობაში მოეწყო სათხილამურო საბაგიროები.
პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
კომიტეტმა საანგარიშო პერიოდში განიხილა პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს საკანონმდებლო პროცესის დახვეწას, საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებას და პარლამენტის პოლიტიკური დებატების ცენტრად ჩამოყალიბებას.
კომიტეტის მიერ ინიცირებული კანონპროექტები:
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტი და მისგან გამომდინარე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“.
2018 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ ინიცირებული კანონის პროექტი „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“. მიღებული კანონით დამკვიდრდა ნორმატიული აქტების ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების და ევროკავშირის სამართლებრივ აქტთან შესაბამისობის დადგენის ერთგვაროვანი პრაქტიკა.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონს დაემატა შესაბამისობის ცხრილი დანართის სახით, რომლის შევსება სავალდებულოა კანონპროექტის ინიციატორისთვის, თუ კანონპროექტის მიზანი ევროკავშირის სამართლებრივ აქტთან ჰარმონიზება-დაახლოებაა. შესაბამისობის ცხრილი კანონმდებლობის ხარვეზების შეფასების ეფექტური საშუალებაა და წარმოაჩენს ახალი კანონმდებლობის მიღების ან ცვლილების აუცილებლობას. ამგვარი ცხრილის დართვა განმარტებით ბარათზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკიდან გამომდინარეობს და ადგენს რა ერთგვაროვან პრაქტიკას, მნიშვნელოვნად ამარტივებს საკანონმდებლო დაახლოების პროცესისა და ასოცირების შეთანხმების განხორციელების შეფასებას.
"მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი.
2018 წელს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი მუშაობდა "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტსა და სხვა კანონებში მისგან გამომდინარე ცვლილებების შემუშავებაზე.
კანონპროექტის მიზანია საქართველოში უზრუნველყოფილი იქნას მომხმარებლის დაცვის მაღალი სტანდარტი, განისაზღვროს მომხმარებლების უფლებები და მომხმარებლის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკა, დადგინდეს მომხმარებლის უფლებების დაცვის სამართლებრივი მექანიზმები, ჩამოყალიბდეს მომხმარებლის პატივისცემაზე დამყარებული ქცევის კულტურა და ხელი შეეწყოს ჯანსაღი/სამართლიანი კონკურენციის განვითარებას.
კანონპროექტი გამომდინარეობს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებიდან, ითვალისწინებს ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილებას და ეყრდნობა მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში მოქმედ ევროკავშირის დირექტივებს, მათ შორის: 1998 წლის 16 თებერვლის ევროპარლამენტისა და საბჭოს 98/6/EC დირექტივას მომხმარებელთა დაცვის შესახებ მომხმარებელთათვის შეთავაზებული პროდუქტების ფასების მითითებისას; 2005 წლის 11 მაისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2005/29/EC დირექტივას, შიდა ბაზარზე კომპანიასა და მომხმარებელს შორის არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკის შესახებ; 1999 წლის 25 მაისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 1999/44/EC დირექტივას სამომხმარებლო საქონლის გაყიდვისა და მასთან დაკავშირებული გარანტიების ზოგიერთი ასპექტის შესახებ; 1993 წლის 5 აპრილის საბჭოს 93/13/EEC დირექტივას მომხმარებელთა კონტრაქტებში არასამართლიანი პირობების შესახებ; 2011/83 ჩარჩო დირექტივას მომხმარებლის უფლებების შესახებ; 2009/22 დირექტივას „მომხმარებლის ინტერესების დაცვისთვის საჭირო აღსრულების შესახებ“; 2004 წლის 27 ოქტომბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს (EC) N 2006/2004 რეგულაციას „მომხმარებლის დაცვის შესახებ კანონების აღსრულებაზე პასუხისმგებელ ეროვნულ ორგანოებს შორის თანამშრომლობის შესახებ“.
კანონპროექტის შემუშავების პროცესში, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად, მონაწილეობდნენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლები, მომხმარებელთა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები, ბიზნესის წარმომადგენლები და ექსპერტები. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, აკადემიური წრეების წარმომადგენლების მონაწილეობით კანონპროექტის შესახებ მომზადდა რეგულირების ზეგავლენის შეფასების დოკუმენტი.
კომიტეტი ახალი კანონპროექტის ინიცირებას უახლოეს მომავალში გეგმავს.
საზედამხედველო საქმიანობა და კომუნიკაცია აღმასრულებელ ხელისუფლებასთან
კომიტეტის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სახელმწიფო ორგანოების საქმიანობისა და საქართველოს კანონების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლი.
კომიტეტი ზედამხედველობს ასოცირების შეთანხმების, ასოცირების დღის წესრიგისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულებას და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის მიმდინარეობას.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა დანერგა პრაქტიკა დარგობრივ კომიტეტებთან ერთად მოისმინოს სხვადასხვა სფეროში ასოცირების შეთანხმების განხორციელების თაობაზე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების პერიოდული ანგარიშები. ამასთან, კომიტეტი, დარგობრივ კომიტეტებთან ერთად, შეისწავლის და განიხილავს სამოქალაქო საზოგადოების მიერ მომზადებულ ალტერნატიულ თემატურ ანგარიშებს. კომიტეტის ამოცანა იყო საჯარო განხილვებით ხელი შეეწყო, ერთი მხრივ აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის ეფექტური საპარლამენტო კონტროლისთვის, მეორე მხრივ კი, შეექმნა ფორუმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებზე დისკუსიისთვის.
კომიტეტის სხდომებში მონაწილეობას იღებდნენ როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე შესაბამისი უწყებებისა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები.
2018 წელს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა, დამოუკიდებლად და სხვა საპარლამენტო კომიტეტების მონაწილეობით, გამართა 12 საკომიტეტო მოსმენა შემდეგ საკითხებზე:
1. 2018 წლის 19 თებერვალს კომიტეტმა მოისმინა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ანგარიში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის, მიმდინარე საგარეო პოლიტიკური საკითხებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ;
2. 2018 წლის 28 თებერვალს კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ წარმოადგინა ანგარიში საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების (DCFTA)“ 2017 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ;
3. 2018 წლის 27 მარტს კომიტეტმა მოისმინა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვახტანგ მახარობლიშვილის და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო ჯავახაძის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით, უვიზო მიმოსვლის პროცესის მიმდინარეობის თაობაზე;
4. 2018 წლის 16 აპრილს კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ წარმოადგინა სამინისტროს ანგარიში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით ასოცირების შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების დღის წესრიგით გათვალისწინებული 2017 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე;
5. 2018 წლის 14 მაისს კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩიქოვანმა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ - ირინა მილორავამ წარმოადგინეს სამინისტროს ანგარიში ენერგეტიკის მიმართულებით ასოცირების შეთანხმებისა და მისგან გამომდინარე დღის წესრიგის 2017 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების და ევროპის ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაერთიანების ხელშეკრულების მოთხოვნების შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
6. 2018 წლის 15 მაისს კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ წარმოადგინა ანგარიში სამინისტროში რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი ახალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის თაობაზე და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფცია;
7. 2018 წლის 25 მაისს კომიტეტის სხდომაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა წარმოადგინა სამინისტროს ანგარიში განათლების მიმართულებით ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2017 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე;
8. 2018 წლის 15 ოქტომბერს კომიტეტზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრის მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ წარმოადგინა ანგარიში სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის ექვსი თვის შესრულების შესახებ;
9. 2018 წლის 6 ნოემბერს კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ წარმოადგინა სამინისტროს მიერ დასაქმების, სოციალური პოლიტიკისა და თანაბარი შესაძლებლობების, ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროებში ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ექვსი თვის ანგარიში;
10. 2018 წლის 16 ნოემბერს კომიტეტის სხდომაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგენიძემ წარმოადგინა სამინისტროს მიერ განათლებისა და მეცნიერების სფეროში ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ექვსი თვის ანგარიში;
11. 2018 წლის 17 დეკემბერს კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ წარმოადგინა სამინისტროს მიერ ენერგეტიკის მიმართულებით ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2018 წლის სამოქმედო გეგმის 1 წლის შესრულების, ასევე ევროპის ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაერთიანების ხელშეკრულების მოთხოვნების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიში;
12. 2018 წლის 17 დეკემბერს კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა წარმოადგინა სამინისტროს მიერ ტრანსპორტის მიმართულებით ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2018 წლის სამოქმედო გეგმის 6 თვის შესრულების ანგარიში;
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში;
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომიტეტმა განიხილა „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი და ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2018-2021 წლებისთვის. შეისწავლა უშუალოდ თავისი ზედამხედველობის სფეროში შემავალი უწყების, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებული პროგრამების მიზნობრიობა, ასევე, სხვადასხვა სფეროში ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისთვის აუცილებელი რესურსების მობილიზება.
კომიტეტი აქტიურად იყო ჩართული საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის და საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების კვარტალური ანგარიშის მიმოხილვის პროცესში.
მიღებული კანონპროექტების შესრულებაზე ზედამხედველობა.
საანგარიშო პერიოდში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან ერთად განიხილა სავალდებულო ტექნიკური დათვალიერებისათვის არსებული მარეგულირებელი ნორმატიული აქტების შესრულების მდგომარეობა;
ვებპორტალი WWW.AA.GE
საქართველოს პარლამენტი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თაოსნობით მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირთან სამართლებრივი დაახლოების პროცესში. დარგობრივ კომიტეტებთან ერთად ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი ხელს უწყობს ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის ფარგლებში მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობაზე პერმანენტულ საპარლამენტო ზედამხედველობის პროცესს.
ზედამხედველობის ერთ-ერთი ინსტრუმენტია საქართველოს პარლამენტის საკუთრებაში არსებული ვებპორტალი www.aa.ge, რომელიც უნიკალურია თავისი შინაარსით. მასზე ხელმისაწვდომია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები და დეტალური ინფორმაცია ხელშეკრულებით განსაზღვრული რეგულაციების, დირექტივების, გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების შესახებ.
პორტალი იძლევა მარტივი და მოქნილი მონიტორინგის საშუალებას და არის საჭირო და საინტერესო ინფორმაციის წყარო ფართო საზოგადოებისათვის. ვებპორტალი საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებულ პირს, მიადევნოს თვალი ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული საერთო პრიორიტეტების ამოქმედების ვადებს და შეაფასოს პროგრესი თითოეული მიმართულებით.
ვებპორტალის ტექნიკურ და შინაარსობრივ ზედამხედველობას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი უზრუნველყოფს. კომიტეტის მიერ შემუშავებული ფორმის საფუძველზე სამინისტროები და დარგობრივი კომიტეტები კვარტალურად აგზავნიან ინფორმაციას ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების პროცესში შესრულებული საქმიანობის შესახებ, რის შემდეგაც კომიტეტი, აღმასრულებელი უწყებებიდან და კომიტეტებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ახორციელებს ვებგვერდის კომპლექსური ინფორმაციის შევსება/განახლებას.
საპარლამენტო დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობები
ევროინტეგრაციის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საქმიანობა საპარლამენტო დიპლომატიის კუთხით. საპარლამენტო დიპლომატიის გზით ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერა გულისხმობს:
• საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების შესახებ საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირებას;
• ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან;
• ევროკავშირის ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაღრმავებას;
• საერთაშორისო და რეგიონულ ღონისძიებებში მონაწილეობას;
• ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებთან თანამშრომლობას.
საანგარიშო პერიოდში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი ხელმძღვანელობდა ევროპარლამენტთან არსებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საპარლამენტო ფორუმებში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციების საქმიანობას. კომიტეტი, დელეგაციებთან თანამშრომლობით, უზრუნველყოფდა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკის მხარდაჭერას. კომიტეტის განსაკუთრებული ძალისხმევა მოხმარდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტისა და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის (Euronest PA) ფარგლებში საქმიანობას და საქართველოს ინტერესების ამსახველი დოკუმენტების მიღებისთვის მუშაობას. ასევე, პრიორიტეტული იყო ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციაში (COSAC) მონაწილეობა.
4.1. ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი (EU-Georgia Parliamentary Association Committee) შედგება საქართველოს პარლამენტის წევრებისა და ევროპარლამენტის წევრებისაგან და ასოცირების ხელშეკრულების თანახმად (კარი VIII, თავი I, მუხლი 410) ზედამხედველობს ასოცირების ხელშეკრულების შესრულებასა და გამოყენებას, ხელს უწყობს საპარლამენტო დიპლომატიის განვითარებას და ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის კავშირის განმტკიცებას.
ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის საქმიანობას უძღვება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი. დელეგაციის ხელმძღვანელობს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა, რომელიც ევროპარლამენტარ საჯად კარიმთან (კონსერვატორების პოლიტიკური ჯგუფი, გაერთიანებული სამეფო) ერთად თანათავმჯდომარეობს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მუშაობას.
დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო გოგუაძე, ოთარ დანელია, აკაკი ზოიძე, ოთარ კახიძე, გუგული მაღრაძე, გიორგი მოსიძე, ბექა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, ირინე ფრუიძე. დელეგაციის სათადარიგო წევრები არიან: სოფიო კილაძე, გიორგი ტუღუში, დიმიტრი ცქიტიშვილი, გიორგი ხატიძე, მარიამ ჯაში.
მოცემულ საანგარიშო პერიოდში ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის 2 სხდომა გაიმართა.
ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეექვსე სხდომა 2018 წლის 26 აპრილს ევროპარლამენტში, ბრიუსელში გაიმართა.
კომიტეტმა განიხილა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტები, დემოკრატიული რეფორმები და საკონსტიტუციო ცვლილებები, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გეგმები, ადამიანის უფლებათა მდგომარეობა, ასოცირების ხელშეკრულებისა და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების განხორციელება და ღია მმართველობის დანერგვა სახელმწიფო ინსტიტუტებში.
საქართველოს პარლამენტის და ევროპარლამენტის წევრებმა საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებისა და ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენელებს მოუსმინეს. საქართველოს მთავრობის სახელით კომიტეტის წინაშე წარსდგნენ: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა ევროპარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის წევრებთან ისაუბრა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში 2017 წლის და 2018 წლის პირველ კვარტალში მიღწეულ პროგრესზე.
სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მოქმედების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა კომიტეტს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკა გააცნო.
საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა ევროპარლამენტარებს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ გააცნო.
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტმა, ასოცირების საბჭოს საყურადღებოდ, მეექვსე სხდომაზე განცხადება და რეკომენდაციები მიიღო:
ევროპარლამენტმა და საქართველოს პარლამენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები ეფუძნება საერთო ღირებულებებს, ინტერესებს და თანამშრომლობას, დემოკრატიულ პრინციპსა და ანგარიშვალდებულებას, რაც საქართველოს ევროკავშირთან აახლოვებს.
კომიტეტი დადებითად აფასებს ხელისუფლების ძალისხმევას, ხალხისა და საზოგადოების სასარგებლოდ, მოახდინოს ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების სრულად შესრულება და ამ გზით უზრუნველყოფს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია.
ასოცირების კომიტეტმა დადებითად შეაფასა დემოკრატიული რეფორმები შემდეგ სფეროებში: ინსტიტუტების გაძლიერება და კარგი მმართველობა, ეკონომიკური განვითარება და საბაზრო შესაძლებლობები, ენერგოეფექტურობა, გარემო და კლიმატის ცვლილება, მობილობა და ხალხთა შორის კონტაქტები.
ასოცირების კომიტეტს მიაჩნია რომ ევროკავშირმა უნდა მოახდინოს აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყნის - საქართველოს მეტად წახალისება და რეფორმების მხარდაჭერა დიფერენცირების პრინციპის საფუძველზე. კომიტეტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს საქართველოსთვის გაზარდოს ფინანსური მხარდაჭერა ასოცირების ხელშეკრულების ამბიციური მიზნების განსახორციელებლად.
ასოცირების კომიტეტი ხაზს უსვამს სამომავლო სამუშაოების მნიშვნელობას საქართველო-ევროკავშირის ამბიციური პარტნიორობის პოტენციალის სრულად ათვისებისთვის და ამ მიმართულებით იწონებს ახლად ინიცირებულ, ხელისუფლების ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, საქართველოს მისწრაფებებისა და ინტერესების გათვალისწინებით.
ასოცირების კომიტეტი კვლავ იმეორებს საქართველოს სუვერენიტეტისადმი ევროკავშირის უპირობო მხარადჭერას და დადებითად აფასებს ახალ სამშვიდობო ინიციატივას “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”
ევროპარლამენტის მხარე დადებითად აფასებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეუფერხებელ მიმდინარეობას სახელმწიფოს მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმების შედეგად რომელიც ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქეების ერთიან ევროპულ სივრცეში თავისუფალ გადაადგილებას და ქვეყნის ევროპეიზაციას.
იძლევა სასამართლო რეფორმის გაგრძლებისა და ეკონომიკური და სოციალური რეფორმების გატარების გაგრძლების რეკომენდაციას ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და შრომის ბაზარზე გენდერული დისბალანსის აღმოფხვრის უზრუნველყოფის მიზნით;
2018 წლის 18-19 სექტემბერს თბილისში, საქართველოს პარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეშვიდე სხდომა გაიმართა,
კომიტეტმა განიხილა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები, ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების მიმდინარეობა, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროში არსებული პროგრესი და გამოწვევები, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელება და მისი ზეგავლენა ეკონომიკასა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, გარემოს დაცვის საკითხები, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პროცესი, ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მიმართული პოლიტიკა.
კომიტეტის სხდომაზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებთან დაკავშირებით მოხსენებით წარსდგნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი. კომიტეტის განსახილველ საკითხებზე ისაუბრეს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა: შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ეკატერინე ქარდავამ.
ორდღიანი სხდომის ბოლოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტმა ერთობლივი განცხადება და რეკომენდაციები მიიღო:
კომიტეტმა დადებითად შეაფასა საქართველოს პარლამენტის ძალისხმევა, აქტიურად იყოს ჩართული როგორც ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესში, ისე აღმასრულებელი ორგანოების მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულებაზე საპარლამენტო ზედამხედველობაში; მოიწონა პარლამენტის რეგლამენტის რეფორმა, რომელიც საქართველოს ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, საპარლამენტო ზედამხედველობის ეფექტიანობას უზრუნველყოფს;
კომიტეტმა საქართველო აღიარა სამეზობლო ურთიერთობებისა და რეგიონული თანამშრომლობის კარგ მაგალითად, მიუხედავად რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციისკენ მიმართული უწყვეტი ქმედებებისა;
ხაზგასმით აღნიშა, რომ სასამართლოს გამჭვირვალობა და ეფექტიანობა არსებითია, არა მხოლოდ მოქალაქეთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, არამედ ეკონომიკური ზრდისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად; მოიწონა საქართველოს ხელისუფლების მიერ სისტემის ფართომასშტაბიან რეფორმა და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას გააგრძლოს დაწყებული პროცესი და დაასრულოს სასამართლო რეფორმის მე-4 ტალღა, რომელიც დისციპლინურ წარმოებას, სასამართლოს განტვირთვას, იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმასა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის დამატებითი რეგულაციების დანერგვას ითვალისწინებს;
კომიტეტმა ყურადღება გაამახვილა ბუნებრივი გარემოსა და კლიმატის დაცვაზე მოიწონა საქართველოს ხელისუფლების გეგმა, ევროპული ჰაერის ხარისხის სტანდარტებისა და ამბიციური მწვანე ეკონომიკის სტრატეგიის შესაბამისად, გაატაროს ეფექტური გარემოსდაცვითი რეგულაციები;
კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გააგრძლოს და ბოლომდე მიიყვანოს სასამართლო რეფორმის მე-4 ტალღის განხიორციელება, რომელიც დისციპლინურ წარმოებას, სასამართლოს განტვირთვას, იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმასა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის დამატებითი რეგულაციების დანერგვას ითვალისწინებს; ამასთან რეკომენდაციას აძლევს საქართველოს ხელისუფლებას, გაატაროს მიზანმიმართული ღონისძიებები რათა აღმოიფხრას ბავშვთა სიღარიბე და გაამკაცროს გარემოსდაცვით რეგულაციები ევროპული ჰაერის ხარისხის სტანდარტებისა და მწვანე ეკონომიკის სტრატეგიის შესაბამისად.
4.2. აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის (Euronest PA) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი ხელმძღვანელობდა აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის (Euronest PA) მუშაობას.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის საპარლამენტო ინსტიტუტია, რომელიც ევროპარლამენტისა (60 წევრი) და აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებისგან (10 წევრი თითოეული ეროვნული პარლამენტიდან: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა (ბელორუსის მონაწილეობა დროებით შეჩერებულია) შედგება. ასამბლეა ხელს უწყობს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებს შორის პოლიტიკური კავშირების განვითარებას და ეკონომიკურ ინტეგრაციას.
დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში, საქართველოს პარლამენტის მხრიდან, შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ხულორდავა (დელეგაციის ხელმძღვანელი), რომან კაკულია, სერგი კაპანაძე, ლევან კობერიძე, ბექა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, ირინე ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო წილოსანი, მარიამ ჯაში. დელეგაციის სათადარიგო შემადგენლობის წევრები არიან: აკაკი ზოიძე, ირმა ინაშვილი, გიორგი კანდელაკი, გუგული მაღრაძე, გიორგი მოსიძე.
2018 წლის 12-13 თებერვალს, თბილისში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ოთხი კომიტეტის და ასოცირებული ქვეყნების სამუშაო ჯგუფის მეორე სხდომა გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობისთვის საქართველოს პარლამენტს ეწვია ევროპარლამენტის, უკრაინის, მოლდოვის, აზერბაიჯანის, სომხეთის საპარლამენტო დელეგაციები.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა, ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის კომიტეტისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის გაერთიანებული სხდომაზე პარტნიორებმა, მოწვეულ ექსპერტებთან ერთად, განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უსაფრთხოების გამოწვევები და მათ დარეგულირებაში ევროკავშირის როლის გაძლიერების პერსპექტივები.
სხდომაზე ანგარიში წარადგინა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა. დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ხულორდავამ კომიტეტს წარუდგინა რეზოლუცია თემაზე „უსაფრთხოების გამოწვევები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და ევროკავშირის როლის გაძლიერება მათ დარეგულირებაში“.
სხდომაზე იმსჯელეს ენერგეტიკული ეფექტურობისა და ენერგეტიკული მდგრადობის სფეროში ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის მიმდინარე თანამშრომლობაზე. სხდომაზე მოხსენებით წარსდგა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანი. აღნიშულ თემებზე ასევე ისაუბრა ენერგეტიკის დარგის ექპერტმა მურმან მარგველაშვილმა, რომელმაც პარლამენტის წევრებს გაუზიარა ექსპერტული ხედვა ენერგეტიკული სექტორის მართვის შესახებ, რეგულირების, თანამედროვე ტექნოლოგიების და სხვა საკითხებში კონკრეტული ამოცანების ოპტიმალური გადაწყვეტის გზების გამოსავლენად. ენერგეტიკული პოლიტიკის თემაზე რეზოლუციის პროექტი აზერბაიჯანის პარლამენტის წევრმა წარმოადგინა.
ასამბლეის ეკონომიკური ინტეგრაციის, ევროკავშირთან საკანონმდებლო და პოლიტიკური დაახლოების კომიტეტისა და სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე კომიტეტის წევრებმა მთავრობის წარმომადგენლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პერსპექტივები განიხილეს. სხდომაზე საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და ეკონომიკის ზოგადი მდგომარეობის შესახებ პრეზენტაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა წარმოადგინა.
სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების კომიტეტის სხდომაზე, ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დასაქმებულთა სოციალური დაცვის გაძლიერებაზე და არაფორმალური და არადეკლარირებული შრომის შემცირებაზე იმსჯელეს.
2018 წლის 24-27 ივნისს ევროპარლამენტში, ბრიუსელში გაიმართა აღმოსავლეთ პარტნიორობის (ევრონესტის) საპარლამენტო ასამბლეის მეშვიდე პლენარული სესია. პლენარულ სესიაში ევროპარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების - მოლდოვა, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანის პარლამენტის წევრები მონაწილეობდნენ.
4 კომიტეტის, პოლიტიკური საკითხების, ადამიანის უფლებების და დემოკრატიის კომიტეტის, ეკონომიკური ინტეგრაციის, საკანონმდებლო ჰარმონიზაციისა და პოლიტიკური დაახლოების კომიტეტის, ენერგო უსაფრთხოების კომიტეტის, სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების კომიტეტის სხდომებზე განიხილეს 2018 წლის განმავლობაში მომზადებული ანგარიშები მათი სფეროების მიხედვით და იმსჯელეს მომზადებული, მისაღები დოკუმენტების შესახებ. სხდომებში მონაწილებდნენ ევროკომისიის და ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელები.
პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და დემოკრატიის კომიტეტის სხდომაზე, განიხილეს თამარ ხულორდავას და ევროპარლამენტის წევრის, გუნარ ჰოკმარკის თანაავტორობით მომზადებული რეზოლუციის პროექტი თემაზე „უსაფრთხოების გამოწვევები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და ევროკავშირის როლის გაძლიერება მათ დარეგულირებში“.
რეზოლუციის პროექტის ძირითადი განცხადებები და რეკომენდაციები აღნიშნავს, რომ:
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უსაფრთხოება განსაზღვრავს ევროკავშირის სტაბილურობას და უსაფრთხოებას
კონფლიქტები აღმოსავლეთ ევროპაში აფერხებს ამ ქვეყნების და ევროკავშირის საერთო ინტერების რეალიზაციას
რეგიონში დესტაბილიზაციის წყარო რუსეთია, რომლის აგრესიული პოლიტიკა არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს
მოუწოდებს ევროკავშირს უფრო აქტიურად ჩაერთოს კონფლიქტების გადაწყვეტაში, გააძლიეროს პარტნიორებთან თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურმა კომიტეტმა ასევე განიხილა ევროკავშირის ბიუჯეტის რეფორმირების საკითხები, მათ შორის საგარეო საქმეების დაფინანსების ინსტრუმენტები.
ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტმა იმსჯელა აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებში ენერგოეფექტურობისა და ენერგეტიკული მდგრადობის შესახებ, საუბარი შეეხო რეგიონის ენერგო პროექტებს, განახლებადი ენერგიების განვითარებასა და ენერგოეფექტურობის დანერგვის გზებს. კომიტეტმა დაამტკიცა რეზოლუციის პროექტი, რომელშიც შევიდა საქართველოს დელეგაციის მიერ დაყენებული ცვლილებები და დამატებები.
სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების კომიტეტმა სხდომაზე განიხილა და დაამტკიცა რეზოლუცია ,,არაფორმალური და არაკვალიფიციური შრომა და დასაქმებულთა სოციალური უსაფრთხოების გაძლიერება ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში“. სხდომაზე ასევე განიხილეს შედეგები ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის, უნივერსიტეტების დიპლომების და პროფესიული კვალიფიკაციის აღიარება ბოლონიის პროცესის ფარგლებში.
ეკონომიკური ინტეგრაციისა და ევროკავშირთან სამართლებრივი დაახლოების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს რეზოლუცია ,,უცხოური პირდაპირი ინვესტიციები ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში“. კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში ფინანსურ სტაბილურობასა და საბანკო სექტორის განვითარებაზე აღმოსავლეთ ევროპაში.
26 ივნისს, გაიმართა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომა, რომელშიც საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ხულორდავამ მიიღო მონაწილეობა. საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ წარადგინა საგანგებო რეზოლუცია ევროკავშირის ბიუჯეტში „სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტის“ ცალკე მექანიზმად დატოვების შესახებ.
ასამბლეის ფარგლებში ასევე შეიკრიბა ბელორუსის სამუშაო ჯგუფი. მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი რეგულარულად იკრიბება და მსჯელობს ბელორუსის და ევროკაშირის ურთიერთობების პერსპექტივებზე.
26 ივნისს, ევროპარლამენტში, თამარ ხულორდავას თავმჯდომარეობით ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ასოცირებული ქვეყნების სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა. სამუშაო ჯგუფმა მოისმინა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შესახებ ინფორმაცია, რომელიც ეხება საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებების განხორციელების ინსტიტუციური მექანიზმების შესახებ.
სხდომაზე განიხილეს საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის საპარლამენტო ასამბლეის შექმნის შესახებ ინიციატივა. პარლამენტის წევრებმა სამმხრივი ურთიერთობების და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
26 ივნისს გაიხსნა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა. პლენარულ სხდომაზე რეზოლუციის თანაავტორების მოხსენებების შემდგომ მიღებულ იქნა ასამბლეის 4 კომიტეტის მიერ მომზადებული რეზოლუციები შემდეგ თემებზე:
უსაფრთხოების გამოწვევები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და ევროკავშირის როლის გაძლიერება მათ დარეგულირებში
უცხოური პირდაპირი ინვესტიციები ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში;
ენერგოეფექტურობის განვითარება და მდგრადი ენერგეტიკა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში;
არაფორმალური და არაკვალიფიციური შრომა და დასაქმებულთა სოციალური უსაფრთხოების გაძლიერება ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში.
მეშვიდე პლენარულ სესიაზე ასამბლეამ დაამტკიცა საგანგებო რეზოლუციები შემდეგ თემებზე:
ევროკავშირის მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩო 2020 წლის შემდეგ და აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის განვითარება
სომხეთსა და ევროკავშირს შორის ყოვლისმომცველი და გაზრდილი პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების რატიფიკაციის დაჩქარების შესახებ
უკრაინელი პოლიტიკური პატიმრების შესახებ რუსეთში
2018 წლის 12 დეკემბერს, სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელშიც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, თამარ ხულორდავა მონაწილეობდა.
სხდომაზე დებატები გაიმართა აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში ჩატარებულ და დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით.
2019 წლის 28-29 იანვარს დაგეგმილ სხდომებზე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ოთხი კომიტეტი რეზოლუციის პროექტებს განიხილავს შემდეგ თემებზე:
საპარლამენტო ზედამხედველობა აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში დემოკრატიის, ანგარიშვალდებულების და სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტურობის გაძლიერების მიზნით (თანაავტორი მოდლოვა)
ევროკავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორ ქვეყნებში ეფექტიანობის ამაღლებისა და ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისათვის ციფრულ მაუწყებლობის ხელშეწყობა (თანაავტორი უკრაინა)
სოლიდარობა და დაახლოება ენერგეტიკის სექტორში - რეგულირებისაკენ (თანაავტორი საქართველო)
ინოვაცია განათლების სექტორში და განათლების რეფორმები ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში: გამოწვევები და შესაძლებლობები (თანაავტორი აზერბაიჯანი).
4.3. ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენცია (COSAC)
2017-2018 წლების საანაგარიშო პერიოდში ასევე პრიორიტეტული იყო ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციასთან (COSAC) თანამშრომლობა.
ბულგარეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში კომიტეტმა, პარტნიორ მოლდოვისა და უკრაინის კოლეგებთან ერთად, წერილობით მიმართა ბულგარეთის პარლამენტის შესაბამის წარმომადგენლებს, რათა ევროკავშირის ბიუჯეტის სტრუქტურის მიმდინარე რეფორმის პროცესში ასოცირებული ქვეყნების ინტერესების გასათვალისწინებლად კოსაკის ფარგლებშიც იქნას მოპოვებული მხარდაჭერა.
4.4. საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის ინიციატივა - საქართველო, მოლდოვა და უკრაინა
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შექმნილი პლატფორმის მიზანია, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად, ასოცირების ხელშეკრულების შესრულებისა და გამოყენების გზით, ხელი შეუწყოს ასოცირებული ქვეყნების დაახლოებას ევროკავშირთან. ბოლო წლების განმავლობაში პლატფორმა ჩამოყალიბდა როგორც ევროპარლამენტის, საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის პარლამენტებისგან შემდგარი საკონსულტაციო ორგანო. ინიციატივის ფარგლებში უკვე არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა და ერთობლივი დეკლარაცა გამოიცა.
4.5. კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრები და ვიზიტები
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე როგორც ინდივიდუალურად, ასევე, საპარლამენტო დელეგაციების ფორმატში მონაწილეობდა არაერთ ღონისძიებაში.
საანგარიშო პერიოდში გაგრძელდა თანამშრომლობა ევროპარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფთან. საქართველოს პარლამენტთან აქტიური კონსულტაციების საფუძველზე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე 2018 წლის 14 ნოემბერს ევროპარლამენტმა პირველი ანგარიში დაამტკიცა. ანგარიშში ევროპარლამენტი მიესალმა ასოცირების შეთანხმების განხორციელებაში მიღწეულ პროგრესს, რამაც საქართველო ევროკავშირის მთავარ პარტნიორად აქცია რეგიონში. ანგარიშში რეკომენდაციებთან ერთად მკაფიოდ არის მითითებული, რომ საქართველო ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს წარმატებით ასრულებს და თანმიმდევრულად მიუყვება ევროპული ინტეგრაციის გზას.
ევროპარლამენტის წევრებთან სამუშაო შეხვედრების შედეგად მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებს სხვადასხვა ეტაპზე გამოეხმაურნენ ევროპის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წევრები - რუსეთის ოკუპაცია და ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტი ინდივიდუალური განცხადებებით დაგმეს ევროკავშირი - საქართველოს ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარემ საჯად კარიმმა და ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის წევრებმა, ევროპარლამენტარებმა, კლერ მუდიმ, ანა გომესმა და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტმა რებეკა ჰარმსმა.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ძალისხმევის და ევროპარლამენტის ჯგუფებთან აქტიური მუშაობის შედეგად, 2018 წლის 14 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია – „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ინტერვენციიდან 10 წლის შემდეგ“.
რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. მასში აღნიშნულია, რომ სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოგვარება არის ევროპული უსაფრთხოების წესრიგის ძირითადი პრინციპი. საქართველოს კონფლიქტის მოგვარება არსებითია ევროპულ კონტინენტზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად. კონფლიქტები და საქართველოს ტერიტორიების განგრძობადი ოკუპაცია წარმოადგენს პოტენციურ საფრთხეს ევროპული ქვეყნების სუვერენიტეტისთვის. მკაფიოდ მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს საქართველოს რეგიონების სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. ევროპარლამენტი რუსეთს მოუწოდებს, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული ხელშეკრულების უპირობო შესრულებისკენ. განსაკუთრებით იმ ვალდებულების შესრულებისკენ, რომელიც გულისხმობს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვებას.
აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციამ გაიზიარა საქართველოს პარლამენტის 2018 წლის მარტის რეზოლუციის პათოსი, შესაბამისად არის კიდევ ერთი საერთაშორისო მხარდაჭერის აქტი და ეფექტიანი საშუალება, რათა საქართველოს კონფლიქტის თემა იდგეს საერთაშორისო დღის წესრიგში.
საზოგადოებასთან ურთიერთობა, თანამშრომლობა სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან
ევრო-ინტეგრაციული პროცესების პოპულარიზაციის მიზნით ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება საინფორმაციო და საგანმანათლებლო საქმიანობაა.
საანგარიშო პერიოდში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობდა საერთაშორისო დიპლომატიურ მისიებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მიიღო მოქალაქეთა 36 განცხადება და რეაგირება მოხდა ყველა მათგანზე.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კანონშემოქმედებითი საქმიანობის პროცესში თანამშრომლობს „აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების საქართველოს ფორუმის ეროვნულ პლატფორმასთან“. ეროვნულ პლატფორმასა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვით, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი პარლამენტის ბიუროსგან კანონპროექტის მიღებიდან არაუგვიანეს ერთ დღეში, ეროვნული პლატფორმის სამდივნოს უგზავნის კანონპროექტის ტექსტს და სხვა თანდართულ მასალებს სრული სახით. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ განსახილველ კანონპროექტზე პლატფორმის წევრმა ორგანიზაციებმა კომიტეტს წარუდგინეს ექსპერტული მოსაზრებები, რომელთაგან უმეტესობა კომიტეტმა გაიზიარა და ასახა შესაბამის დასკვნებში.
კომიტეტისა და არასამთავრობო სექტორის მიერ 2018 წელს დაიგეგმა და განხორციელდა არაერთი ერთობლივი ღონისძიება და შეხვედრა:
2018 წლის, 5 მარტს, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა საზოგადოებას კომიტეტის საქმიანობის წლიური ანგარიში და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა წარუდგინა.
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის შესრულებული და სამომავლო საქმიანობის საჯარო წარდგენას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ევროპის დღეები საქართველოში
2018 წლის აპრილ-მაისში კომიტეტის მიერ „ევროპის დღის“ აღსანიშნავად ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა რამდენიმე ღონისძიება:
„ჩემი თვალით დანახული ევროპა“ - ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, „ჩემი თვალით დანახული ევროპა“ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის და კონრად ადენაურის ფონდის ერთობლივი ინიციატივით გაიმართა.
ღონისძიების პირველ ეტაპზე, საქართველოს პარლამენტის წევრები შეხვდნენ ამბროლაურის, ონის, თელავის, ახმეტის რაიონის და ყაზბეგის საჯარო სკოლების მოსწავლეებს. ინტერაქციული შეხვედრის შემდეგ, დაინტერესებულმა მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ხატვის იმპროვიზირებულ კონკურსში სახელწოდებით: „ჩემი თვალით დანახული ევროპა“. ღონისძიების მეორე ეტაპზე კონკურსის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტში უმასპინძლეს. სამხატვრო აკადემიის სტუდენტების მიერ მოხდა ნამუშევრების შერჩევა და 40 საუკეთესო ნამუშევარი პარლამენტის თამარ მეფის სახელობის დარბაზში გამოეფინა. გამოვლინდა საუკეთესო ნახატების ავტორი სამი გამარჯვებული რომელთაც სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
საჯარო შეხვედრები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში - საგარეო პოლიტიკა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია და პერსპექტივა, ამ მიმართულებით არსებული მიღწევები და გამოწვევები იყო შეხვედრის მთავარი თემა რომლებზეც „ევროპის დღეები 2018“-ის ფარგლებში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ ბოლნისში მაჟორიტარ დეპუტატ გოგი მეშველიანთან, ხოლო მარნეულში რუსლან გაჯიევთან ერთად, და კომიტეტის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა რუსლან პოღოსიანმა ახალქალაქში ევროპის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საჯარო შეხვედრები გამართეს. შეხვედრები საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტეტის ინიციატივით და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) თანაორგანიზებით შედგა.
ახალგაზრდული თამაში - „ჩემი ევროპული თავგადასავალი“ - „ევროპის დღეები 2018“-ის ფარგლებში ქ. გორში და ქ. რუსთავში, მოეწყო მოსწავლეთა შეჯიბრი თემაზე: „ჩემი ევროპული თავგადასავალი“. ღონისძიება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, ევროკავშირის, გაეროს განვითარების ფონდის და საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის (სსმო) ორგანიზებით გაიმართა.
თამაშში საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 4 საათის განმავლობაში, გუნდები სხვადასხვა აქტივობების ფარგლებში ევროკავშირის შესახებ ცოდნაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ღონისძიებას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრები და საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრები დაესწრნენ და გამარჯვებულ გუნდს საჩუქრები გადასცეს.
ევროპის დღეები 2018 - საქართველოს პარლამენტის წევრებისა და ევროკავშირის ქვეყნების ელჩების შეხვედრები სტუდენტებთან - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრებმა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან ერთად, საჯარო შეხვედრები გამართეს სტუდენტებსა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან საქართველოს ხუთ სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ბლოგი „ვირჩევ ევროკავშირს“ - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „ევროპის დღეები 2018“-ის ფარგლებში გამოაცხადა კონკურსი თემაზე: „ვირჩევ ევროკავშირს“. კონკურსანტების ნამუშევრები სოციალურ ქსელში, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ფეისბუკ გვერდზე აიტვირთა და გამარჯვებული მკითხველთა მოწონების მიხედვით გამოვლინდა.
2018 წლის 22 ივნისს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ (PMMG) ორგანიზებით, სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებიდან მოწვეული სამოქალაქო ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლების და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით მიღწეულ წარმატებებზე და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
2018 წლის 2 ივლისს, საქართველოს პარლამენტში, „John Smith Trust“-ის მიერ ორგანიზებული კონფერენცია გაიმართა, რომელშიც ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, ჩამოსული „John Smith Trust“ პროგრამის 40-მდე კურსდამთავრებული მონაწილეობდა. კონფერენციის მონაწილეებთან შეხვედრა გამართეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ და ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ ირინე ფრუიძემ. შეხვედრის ძირითად თემას გენდერული თანასწორობის საკითხები და ღია მმართველობის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის საქმიანობა წარმოადგენდა.
2018 წლის 28 -29 ივლისს, ბორჯომში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, გაიმართა სემინარი მედიის წარმომადგენლებისთვის ევროპასთან ინტეგრაციის საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით.
2018 წლის 9 აგვისტოს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა საქართველოს პარლამენტში სტუმრად მყოფ ქართველ და გერმანელ სტუდენტებს შეხვდა 2 კვირიანი გაცვლითი სემინარის ფარგლებში, რომელიც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საქართველოს უნივერსიტეტებსა და ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის თანამშრომლობით პროგრამა „აღმოსავლეთ-დასავლეთის ქსელის“ მხარდაჭერით ეწყობა. კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსზე, საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაზე და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის როლზე ისაუბრა. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების მიმართ და ისაუბრეს ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებზე.
2018 წლის 25 ოქტომბერს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა ვარშავის ევროპის კოლეჯის სტუდენტებს ვიდეოჩართვით საქართველოს ევროინტეგრაციულ პროცესზე ესაუბრა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ასოცირების შეთანხმების განხორციელება, მიმდინარე საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმები, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა და ქართულ საზოგადოებაში ძლიერ პროევროპული განწყობები. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა ინტერესი საქართველოს ოკუპირებული ტეროტორიების და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის, საქართველოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის და ქვეყნის წარმატებული რეფორმების მიმართ გამოხატეს. შეხვედრაზე ისაუბრეს ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებზე, საქართველოს ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებსა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე.
2018 წლის ოქტომბერში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2018“-ის ჩატარებას, რომელიც საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, წელს პირველად გაიმართა. კონკურსი ჩატარდა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" (2017 -2020) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ოთხი ქართული ორგანიზაციის კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მონაწილეობდა კონკურსის ჟიურის საქმიანობაში, რის შედეგადაც გამოვლინდა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში განხორციელებულ საუკეთესო ინიციატივები და პროექტები.
2018 წლის 19 ნოემბერს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაზე და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის როლზე ესაუბრა. მან სტუდენტებთან განიხილა ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესი, საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმები, აგრეთვე საქართველოსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა. საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკას და შემდგომ ნაბიჯებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში.
2018 წლის 22 ნოემბერს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტებს შეხვდა და მათ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმართულებები გააცნო. პარლამენტის წევრმა ახალგაზრდებს ევროკავშირის შექმნის ისტორია, მისი გაფართოების და განვითარების პრიორიტეტები და საქართველო-ევროკავშირის არსებულ თანამშრომლობის მიმართულებებზე ინფორმაცია მიაწოდა, ისაუბრა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში პარლამენტის და კომიტეტის ჩართულობაზე, ასევე ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) მნიშვნელობასა და საქართველოს ეკონომიკისთვის და ქართველი მეწარმეებისთვის მიღებულ სარგებელზე. უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში, კითხვა-პასუხის ფორმატით წარიმართა. ახალგაზრდები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირთან ინტეგრაციის პერსპექტივებით და ევროპული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის საკითხებით დაინტერესდნენ.
კომიტეტის ვებგვერდი და საინფორმაციო პოლიტიკა
საანგარიშო პერიოდში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი ქართულ მედია საშუალებებში რეგულარულად ავრცელებდა ინფორმაციას კომიტეტის ღონისძიებებისა და ვიზიტების შესახებ. ინფორმაცია კომიტეტის აქტივობების შესახებ თავსდებოდა პარლამენტის ვებ-გვერდზე და კომიტეტის Facebook-ის გვერდზე, რომლის განახლებაც ყოველდღიურად ხდება და კომიტეტის საქმიანობასთან ერთად ვრცელდება ინფორმაცია ევროკავშირის სიახლეების შესახებ.