საქართველო ქუვეითის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის არჩილ თალაკვაძისა და მეგობრობის ჯგუფის წევრების (გოჩა ენუქიძე, სავალან მირზოევი, ივლიანე წულაია, ირმა ნადირაშვილი) 2019 წლის 12-15 თებერვალს ქუვეითის სახელმწიფოში მივლინების ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-25
ბიუროს ნომერი 237
📜 ტექსტი
ანგარიში
მივლინების ანგარიში
საქართველო - ქუვეითის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ვიზიტი
ქუვეითის სახელმწიფოში
2019 წლის 12 - 15 თებერვალი
ქ. ელ-ქუვეითი, ქუვეითის სახელმწიფო
მოკლე რეზიუმე:
2019 წლის 12-15 თებერვალს, საქართველო-ქუვეითის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი, საპასუხო ვიზიტით იმყოფებოდა ქალაქ ელ-ქუვეითში. საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: ბ-ნი არჩილ თალაკვაძე, მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი და წევრები საქართველოს პარლამენტის უმრავლესობიდან: ბ-ნი გოჩა ენუქიძე, ბ-ნი სავალან მირზოევი, ბ-ნი ივლიანე წულაია. ხოლო, საქართველოს პარლამენტის უმცირესობიდან კი ქ-ნი ირმა ნადირაშვილი. საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, ბ-ნი არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით შეხვედრები გამართა: ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრთან, ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) თავმჯდომარესთან, ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ქუვეითი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარესთან და არაბთა ეკონომიკური განვითარების, ქუვეითის ფონდის გენერალურ მენეჯერთან.
ვიზიტის მიმდინარეობისას გამართული შეხვედრები და განხილული საკითხები:
2019 წლის 13 თებერვალი:
შეხვედრა ქუვეითის სახელმწიფოს, სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარესთან, ბ-ნი ალი ალ ღანიმთან (Ali AL Ghanim).
შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა ქუვეითის სახელმწიფოს, სვაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ, ბ-ნ ალი ალ ღანიმმა. გამოთქვა კმაყოფილება, რომ მასპინძლობდა საქართველოს პარლამენტის დელეგაციას. მოკლედ მიმოიხილა სავაჭრო სამრეწველო პალატის საქმიანობის შესახებ.
საქართველო-ქუვეითის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმღვანელმა, ბ-ნ არჩილ თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის და შეხვედრის შესაძლებლობისათვის. გამოთქვა გრძელვადიანი თანამშრომლების სურვილი, რომელიც დაფუძნებული იქნება ურთიერთ ნდობაზე. ბ-ნ არჩილ თალაკვაძემ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა მასპინძლებს საქართველოში არსებული საინვესტიციო სფეროებისა და რესურსების შესახებ. ხაზი გაუსვა საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობას, რომელიც მიმზიდველია, როგორც ტურისტებისათვის, ასევე უცხოელი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისათვისა. ბ-ნ თალაკვაძემ დაწვრილებით ისაუბრა საქართველოში ბიზნესის კეთების გამარტივებულ შესაძლებლობებზე. აღნიშნა, ქვეყნის წარმატებები ეკონომიკური განვითრების კუთხით, რომელიც დაკავშირებულია კორუფციის აღმოფხვრასთან, ბიზნესისა თუ ქონების რეგისტრაციის გამარტივებულ პროცედურებთან, ქვეყნის უსაფრთხოებასთან და ქვეყანაში არსებულ სანდო, საინვესტიციო გარემოსთან. მასპინძლებს მიაწოდა ინფორმაცია სავაჭრო ხელშეკრულებების შესახებ, რომლებიც საქართველოს გააჩნია ევროკავშირთან და ჩინეთთან, რომლის ფარგლებშიც საქართველოში წარმოებული პროდუქტი ზედმეტი ბარიერების გარეშე ხვდება ზემოხსენებული ქვეყნების ბაზრებზე, რაც საქართველოში ინვესტირების ერთ-ერთ უპირატესობას წარმოადგენს. დამატებით ისაუბრა საქართველოს მთავრობის მცდელობებზე, გახადოს ქვეყნის ბიზნეს გარემო კიდევ უფრო მიმზიდველი უცხოელი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის. ბ-ნ თალაკვაძემ გამოთქვა მზაობა, ბიზნეს შეხვედრების ფორმატების ორგანიზებისათვის, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ქუვეითის ბიზნეს წრეების დაახლოვებასა და მათ შორის თანამშრომლობის განვითარებას. სიტყვის დასასრულს, ბ-ნ თალაკვაძემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს შორის კიდევ უფრო განვითარდება თანამშრომლობა, ხოლო საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი ქუვეითის სახელმწიფოში, წარმატებით მოემსახურება ქვეყნებს შორის მეგობრული, კულტურული და ეკონომიკური ხიდების მშენებლობას.
ქუვეითის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ, ბ-ნ ალი ალ ღანიმმა, საქართველოს დელეგაციას, სთხოვა წარმოადგინონ თუ რა საინვესტიციო შესაძლებლობები არსებობს ქვეყანში. ბ-ნ ალ ღანიმმა ითხოვა კონკრეტული, მზა საინვესტიციო პროექტები. აღნიშნა, რომ მათთვის საინტერესოა ყველა სფერო, სადაც ინვესტირების შესაძლებლობაა. ბ-ნ ღანიმმა განმარტა, რომ ქუვეითი ახორციელებს, როგორც ცალმხრივ ასევ, ორმხრივ ინვესტიციებს. მისთვის საინტერესოა საექსპორტო ინფორმაციაც, თუ რა სახის პროდუქციის ექსპორტის შესაძლებლობაა საქართველოდან. ბ-ნ ალ ღანიმმა აღნიშნა, რომ ის მზად არის ჩაერთოს პროცესში და შეიტანს მისი წვლილი ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებაში.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბ-ნ როლანდ ბერიძემ, სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს აცნობა, რომ საქართველოს საელჩო აქტიურად მუშაობს ამ კუთხით. საქართველოს საელჩოს არაერთხელ აქვს მიწოდებული სავაჭრო პალატისათვის კონკრეტული საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალი, ქუვეითის საგარეო საქმეთა სამინისტროს გავლით. ბ-ნი როლანდ ბერიძე, თავმჯდომარეს დაჰპირდა კონკრეტული საინვესტიციო პროექტების პირადად მიწოდებას.
საქართვლო-ქუვეითის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრმა, ბ-ნ ივლიანე წულაიამ, დამატებით მიმოიხილა ქვეყანაში არსებული საინვესტიციო სფეროები. ისაუბრა ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე, ამ კუთხით კი ხაზი გაუსვა ქუვეითის სახელმწიფოს საელჩოს, სქართველოში გახსნის მნიშვნელობას.
შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების ხელშეწყობაზე და დაგეგმეს პირველი ნაბიჯები, რომელიც გულისხმობს საწყის ეტაპზე, ქუვეითის სახელმწიფოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისათვის საინვესტიციო პროექტების მიწოდებას და ამ პროექტების შესახებ პრეზენტაციის ორგანიზებას.
შეხვედრა ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის), საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ბ-ნ აბდულკარიმ ალ კანდარისთან (Abdulkarim Al Kandri) და ქუვეითი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, ბ-ნ რაკან ალ ნისფისთან (Rakan Al Nisf)
შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა ქუვეითის ეროვნული ასამბლეის, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბ-ნ აბდულკარიმ ალ კანდარიმ. საქართველოს დელეგაციას წარმატებები უსურვა ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრებისთვის. ხაზი გაუსვა ორმხრივი საპარლამენტო, სამთავრობო, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლების მნიშვნელობას. აღნიშნა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია და კულტურა. ბ-ნ ალ კანდარი დაინტერესდა ქვეყნებს შორის საგანმანათლებლო სფეროებში ურთიერთობების განვითარებით.
საქართველო-ქუვეითის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ბ-ნ არჩილ თალაკვაძემ, მადლობა გადაუხადა დელეგაციის სახელით მასპინძლებს შეხვედრისათვის. დაუდასტურა ქართული მხარის სურვილი გაძლიერდეს ქვეყნებს შორის, როგორც პოლიტიკური ასევე, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები. ისაუბრა, საპარლამენტო როლის შესახებ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში. ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მიღწევები, ქვეყანში ეკონომიკური განვითარებისა და ქვეყნის უსაფრთხოების დონის კუთხით. ბ-ნ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერ ოკუპირებულია, საქართველო განაგრძობს იყოს ყველაზე წარმატებული ქვეყანა რეგიონში. ბ-ნ თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა მასპინძლებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის და იმედი გამოთქვა, რომ ქუვეითის სახელმწიფო მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას სხვადასხვა ფორმატებში.
საქართველო-ქუვეითის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრმა, ბ-ნ ივლიანე წულაიამ მადლობა მოახსენა ქუვეითის მხარეს შეხვედრის შესაძლებლობისათვის. ისაუბრა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ და იმედი გამოთქვა, რომ მეგობრობის ჯგუფის ვიზიტის მოჰყვება კონკრეტული შედეგები. ხაზგასმით აღნიშნა ქუვეითის სახელმწიფოს საელჩოს თბილისში გახსნის მნიშვნელობა, როგორც ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მნიშვნელოვანი შესაძლებლობა.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბ-ნ როლანდ ბერიძემ მადლობა გადაუხადა მასპინძლებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის და იმედი გამოთქვა, რომ ეს მხარდაჭერა მომავალში არ შეიცვლება. აღნიშნა, რომ კონფლიქტების მოგვარების ერთერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება. ბ-ნ ბერიძემ ქუვეითის მხარეს სთხოვა მხარდაჭერა გაეროს შესაბამის რეზოლუციებში.
შეხვედრის დასასრულს, ქუვეითის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ქართულ მახრეს დაუდასტურა მხარდაჭერა, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, ასევე ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლების განვითარების ხელშეწყობაში.
2019 წლის 14 თებერვალი:
შეხვედრა არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითს ფონდის გენერალურ მენეჯერთან ბ-ნ აბდულვაჰაბ ალ ბადერთან (Abdulwahab Al Bader).
შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის გენერალურმა მენეჯერმა, ბ-ნ ადულვაფაბ ალ ბადერმა. გამოთქვა კმაყოფილება, რომ მასპინძლობდა საქართველოს პარლამენტის დელეგაციას. მიმოიხილა ქუვეითის ფონდის მუშაობის სპეციფიკა. აღნიშნა ფონდის დაფინანსებით, საქართველოში განხორციელებული საგზაო პროექტები.
საქართველო-ქუვეითის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ბ-ნ არჩილ თალაკვაძემ მადლობა მოახსენა მასპინძლებს შეხვედრისათვის. წარუდგინა ქართული დელეგაცია. მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, რომელიც გულისხმობს საკონსტიტუციო ცვლილებებსა და ქვეყნის საპარლამენტო სტატუსს. ბ-ნ თალაკვაძემ დეტალურად მიაწოდა ფონდის მენეჯერს ინფორმაცია საქართველოს მიღწევების შესახებ ეკონომიკური განვითრების კუთხით, რომელიც დაკავშირებულია კორუფციის აღმოფხვრასთან, ბიზნესისა თუ ქონების რეგისტრაციის გამარტივებულ პროცედურებთან, ქვეყნის უსაფრთხოებასთან, ქვეყანაში არსებულ სანდო, საინვესტიციო გარემოსთან და საკუთრების უფლებების დაცვასთან. ისაუბრა სავაჭრო ხელშეკრულებების შესახებ, რომლებიც საქართველოს გააჩნია ევროკავშირთან და ჩინეთთან. ბ-ნ თალაკვაძემ ასევე, ისაუბრა საქართველოს მთავრობის მცდელობებზე, გახადოს ქვეყნის ბიზნეს გარემო კიდევ უფრო მიმზიდველი უცხოელი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის. აღნიშნა, საქართველოსთვის, როგორც ტრანზიტული პოტენციალის მქონე ქვეყნისათვის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობა და მადლობა გადაუხადა ფონდს ამ კუთხით საქართველოს მხარდაჭერისათვის.
შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები სამომავლო თანამშრომლობის სფეროების შესახებ და იმედი გამოთქვეს, რომ განვითარდება ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა.
შეხვედრა ქუვეითს სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრთან შეიხ ნასერ საბაჰ ალ აჰმად ალ საბაჰთან (Sheikh Jabber Al Mubarak Al Hamad Al Sabah).
შეხვედრაზე ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი მიესალმა საქართველოს პარლამენტის დელეგაციას და სიტყვა გადასცა, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელს ბ-ნ არჩილ თალაკვაძე.
საქართველო-ქუვეითის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ბ-ნ არჩილ თალაკვაძემ, მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრის საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მიღებისათვის. ბ-ნ თალაკვაძემ შეხვედრა დაიწყო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორული მთლიანობის მხარდაჭერისათვის მადლობის გამოცხადებით. აღნიშნა, საქართველოსა და ქუვეითის შორის ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობა და ამ კუთხით ხაზი გაუსვა ქუვეითის საელჩოს საქართველოში გახსნის აუცილებლობას. ბ-ნ თალაკვაძემ პრემიერ-მინისტრს გადასცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ბ-ნ ირაკლი კობახიძის მოკითხვა და ისაუბრა პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. დამატებით, ბ-ნ თალაკვაძემ ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრის მიაწოდა ინფორმაცია საპრეზიდენტო არჩევნებისა და საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, რომელიც პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერებას გულისხმობს. ბ-ნ თალაკვაძემ ისაუბრა ქვეყნის მზარდ, ეკონომიკურ განვითარებაზე. აღნიშნა ქვეყნის მაღალი მაჩვენებლები საერთაშორისო რეიტინგებში, ბიზნესის კეთების სიმარტივის, საკუთრების უფლებების დაცვისა და კორუფციის დაბალი დონის შესახებ. ხაზგასმით აღნიშნა ინვესტიციების დაცვის კუთხით, მიმდინარე პროცესები, როლებიც ეხება ქვეყანაში საერთაშორისო არბიტრაჟის ინსტიტუტის ჩამოყალიბებას. ასევე, პრემიერ-მინისტრის გაუზიარა ინფორმაცია, რომ ქართული მხარე მოწოდებულია შექმნას თანამშრომლობის ახალი ფორმატები, როგორც სამთავრობო დონეზე ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისათვის.
შეხვედრის დასასრულს ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა, ქართულ მხარეს დაუდასტურა მხარდაჭერა ყველა ზემოხსენებულ საკითხში და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება და კიდევ უფრო ბევრი ოფიციალური ვიზიტები განხორციელდება, როგორც საქართველოში ასევე, ქუვეითის სახელმწიფოში.
შეხვედრა ქუვეითს სახელმწიფოს ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) თავმჯდომარესთან ბ-ნ მარზოუკ ალ ღანიმთან (Marzouk Al Ghanim).
შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ბ-ნ მარზოუკ ალ ღანიმმა. აღნიშნა, ვიზიტების მნიშვნელობა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხში.
საქართველო-ქუვეითის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ბ-არჩილ თალაკვაძემ, მადლობა გადაუხადა პარლამენტის თავმჯდომარეს მასპინძლობისათვის. გადასცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ბ-ნი ირაკლი კობახიძის მოკითხვა და მისი სახელით მოიწვია საქართველოში. შეხვედრის დასაწყისში, ბ-ნ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა ქუვეითის სახელმწიფოს მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, რისთვისაც მასპინძლებს მადლობა გადაუხადა. ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს ბ-ნ თალაკვაძემ მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში განხორციელებული სიახლეების შესახებ, რომელიც უკავშირდება, საპრეზიდენტო არჩევნებსა და საკონსტიტუციო ცვლილებებს. მიმოიხილა ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური წარმატებები. ბ-ნ თალაკვაძემ ისაუბრა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ინტეგრაციის პროცესებში საქართველოს წარმატება და დასძინა რომ, საქართველოსთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ქუვეითის სახელმწიფოსთან სტრატეგიული თანამშრომლობა. ბ-ნ თალაკვაძემ ხაზი გაუსვა საპარლამენტო დონეზე, თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას.
ბ-ნ მარზოუკ ალ ღანიმმა საქართველოში ვიზიტის სურვილი გამოთქვა, ქართულ მახრეს დაუდასტურა მხარდაჭერა და დაჰპირდა საქართველოში ჩამოსვლას ახლო მომავალში.
ვიზიტის ანგარიში მოამზადა საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის, წამყვანმა სპეციალისტმა, სოფიო ჩქარეულმა.
2019 წლის 25 თებერვალი.