2019 წლის 26-28 თებერვალს საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის (გიორგი ვოლსკი, სოფიო ქაცარავა, ნინო გოგუაძე, გელა სამხარაული, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი ლომია) საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საპარლამენტო ასამბლეის რიგით პირველ პლენარულ სესიაზე მივლინების ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-11
ბიუროს ნომერი 239
📜 ტექსტი
წერილი
2-3795/19
07-03-2019
საქართველოს პარლამენტის აპარატის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს,
ქალბატონო ეთერ,
გიგზავნით ა.წ. 26-28 თებერვალს, საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის
საპარლამენტო ასამბლეის რიგით პირველ პლენარულს სესიაზე, საქართველოს
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მივლინების ანგარიშს.
დანართი: 4 ფურცელი.
პატივისცემით,
საერთაშორისო ურთიერთობათა
დეპარტამენტის უფროსი
თამარ ყოლბაია
ანგარიში
მივლინების ანგარიში
მივლინების ადგილი: ვარშავა, პოლონეთის რესპუბლიკა
მივლინების თარიღი: 26-28 თებერვალი
მივლინების მიზანი: მონაწილეობა საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საპარლამენტო ასამბლეის რიგით პირველ პლენარულ სესიაში
დელეგაციის შემადგენლობა:
გიორგი ვოლსკი - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე
სოფიო ქაცარავა - პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
ნინო გოგუაძე - პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
გელა სამხარაული - პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
ენძელა მაჭავარიანი - ფრაქციის „ქართული ოცნება“ წევრი
გიორგი ლომია - ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარე
ნინო ბუჯიაშვილი - საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი მდივანი
ქეთევან ქორქაშვილი - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ვოლსკის სამდივნოს მთავარი სპეციალისტი
აქტივობები:
2019 წლის 27-28 თებერვალს, ვარშავაში, გაიმართა საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საპარლამენტო ასამბლეის რიგით პირველი პლენარული სესია, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ვოლსკის ხელმძღვანელობით.
სესიის პარალელულად მიმდინარეობდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბატონი ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი, რომელმაც შეხვედრები გამართა პოლონეთის საიმისა და სენატის მარშალებთან, პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.
27 თებერვალს გაიმართა ასამბლეის ბიუროს სხდომა, რომელშიც მონაწილეობდა საქართველოსა და პოლონეთის მუდმივმოქმედი დელეგაციების ხელმძღვანელები. ბიუროს სხდომაზე დამტკიცდა პლენარული სესიის დღის წესრიგი და შემუშავდა პლენარული სესიის დასკვნითი დოკუმენტის ტექსტი.
ბიუროს სხდომის შემდეგ გაიხსნა ასამბლეის პლენარული სესია, რომელსაც მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - ირაკლი კობახიძემ, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალმა - მარეკ კუხჩინსკიმ და პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალმა - სტანისლავ კარჩევსკიმ. სიტყვით გამოსვლაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ორმხრივი საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ მნიშვნელობას, რაც შექმნის ახალ პლატფორმას საპარლამენტო ურთიერთობების გასაღრმავებლად და საქართველოსთვის კიდევ ერთ ხიდს დასავლეთისკენ. პოლონეთის რესპუბლიკის სეიმისა და სენატის მარშლებმა ისაუბრეს საქართველოსა და პოლონეთის საერთო ისტორიასა და ფასეულობებზე და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერა.
მისასალმებელი ნაწილის შემდეგ გაიმართა კენჭისყრა, რომელშიც ერთხმად მიღებულ იქნა ასამბლეის წესდება.
პლენარული სესიის პირველი დღის განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა - „ქართულ-პოლონური ურთიერთობები, საერთო ისტორია და გამოცდილება“, რომლის შესახებაც სხდომის დელეგატებს სიტყვით მიმართეს ასამბლეის თანათავმჯდომარეებმა - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, გიორგი ვოლსკიმ და სენატის თავმჯდომარის (მარშალის) მოადგილემ, მარია კოცმა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკიმ, თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ პოლონეთსა და საქართველოს შორის ჩამოყალიბებული დინამიური ურთიერთობები მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს და არ შემოიფარგლება მხოლოდ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, უსაფრთხოებისა და თავდაცვის, კულტურის და განათლების სფეროებით, ხალხთაშორისი კავშირებითა და საერთაშორისო ორგანიზაციებში ნაყოფიერი თანამშრომლობით. ასამბლეის თანათავმჯდომარეებმა, თავიანთ გამოსვლებში ხაზგასმით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებასა და გაძლიერებაში ახლადჩამოყალიბებული ასამბლეის მნიშვნელობა და იმედი გამოთქვეს, რომ ასამბლეა ახალ საფეხურზე გადაიყვანს ურთიერთობებს და ბევრ ხელშესახებ შედეგს მოუტანს ორივე ქვეყანას.
28 თებერვალს პლენარული სესიის განხილვის თემებს წარმოადგენდა: „საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის საკითხები“ და „ადგილობრივი თვითმმართველობა, გამოცდილება და გამოწვევები“.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ თავის გამოსვლაში საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა ევროკავშირსა და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზა არის გზა უსაფრთხოების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისკენ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია არის ქართველი ხალხის არჩევანი და ურყევი ნება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით არის განმტკიცებული. მან ასევე აღნიშნა, რომ ტრანსატლანტიკური ერთიანობის და მდგრადობის გაზრდა შეუძლებელია მისი დამფუძნებელი პრინციპების განხორციელების გარეშე და ერთ-ერთი ასეთი პრინციპია - ღია კარის პოლიტიკა ასპირანტი ქვეყნებისათვის, რომლებიც წევრობის სტანდარტებს აკმაყოფილებენ.
ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის თემაზე პოლონეთის მხრიდან ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ადამ ბიელანმა ისაუბრა. მან საქართველოს დასავლური მისწრაფებების მიმართ პოლონეთის მხრიდან ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა და აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მზად არის მუდმივად გაუწიოს ლობირება ამ საკითხს.
სესიის მესამე პანელის განხილვის თემა იყო - „ადგილობრივი თვითმმართველობა, გამოცდილება და გამოწვევები“. აღნიშნული თემის გარშემო მოხსენება გააკეთა ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ - გელა სამხარაულმა, კარპატების სავოევოდოს საბჭოს წევრმა, მარია კუროვსკამ და ქალაქ პოზნანის ვიცე პრეზიდენტმა, კატაჟინა კიერჟეკ-კოპერსკამ. გამომსვლელები თავიანთ გამოსვლებში, მიესალმნენ ინტენსიურ ურთიერთობასა და ნაყოფიერ თანამშრომლობას ორი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებსა და ქალაქებს შორის. გელა სამხარაულმა, თავის გამოსვლაში, ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის, საქართველოსა და პოლონეთის, თვითმმათველობის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას. აღნიშნა, რომ სრულფასოვანი ადგილობრივი თვითმმართველობის შექმნა და მმართველობის სისტემის რეფორმირება ის სფეროა, რომელშიც ქართული და პოლონური მხარე აქტიურად თანამშრომლობს, საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში ამ თემებზე მსჯელობა თანამშრომლობას უფრო მაღალ ხარისხში აიყვანს და კიდევ უფრო შედეგიანს გახდის. მან ასევე ისაუბრა დეცენტრალიზაციის ხელშესაწყობად განხორციელებულ კონკრეტულ საკანონმდებლო ცვლილებებზე და კონსტიტუციურ გარანტიებზე. მიმოიხილა 2019-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგიული მიმართულებები. მისივე თქმით, საქართველოს აქვს სურვილი, პოლონეთთან თანამშრომლობით, მისი გამოცდილების გაზიარებით, გაატაროს დაწყებული თვითმმართველობის რეფორმა და ადგილობრივ დონეზე არსებული პრობლემების მოგვარება მიანდოს ხალხთან ყველაზე ახლოს მდგომ ხელისუფლებებს.
განსახილველი საკითხების შემდეგ გაიმართა დებატები, რომლებშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებმა. თავიანთ გამოსვლებში მათ ხაზი დაუსვეს ახალი საპარლამენტო ასამბლეის მნიშვნელობას და პოლონეთის მხარეს სთხოვეს გამოცდილების გაზიარება სხვადასხვა სფეროებში, ასევე სექტორული თანამშრომლობის გაძლიერება შემდეგი მიმართულებებით: მცირე ბიზნესის განვითარება, რათა უკეთ მოხდეს ევროკავშირის ბაზრის სტანდარტების დაკმაყოფილება, პროფესიული განათლება, შრომითი მიგრაციის საკითხი, რომლის შემდეგაც საქართველოს მოქალაქეები მოკლე ვადით ლეგალურად შეძლებენ პოლონეთში დასაქმებას და სხვ.
სესიის დასასრულს ჩატარებული კენჭისყრის შედეგად ერთხმად მიღებულ იქნა საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საპარლამენტო ასამბლეის პირველი პლენარული სესიის დასკვნითი დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერეს ასამბლეის თანათავმჯდომარეებმა - გიორგი ვოლსკიმ და მარია კოცმა.
დოკუმენტში აღნიშნულია ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა. დოკუმენტი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანებას და გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მიმდინარე არალეგალურ ოკუპაციას.
სესიის დასასრულს გადაწყდა, რომ საქართველო-პოლონეთის რესპუბლიკის საპარლამენტო ასამბლეის მომდევნო, რიგით მეორე პლენარული სესია 2020 წლის თებერვალში, საქართველოში გაიმართება.
მოამზადა საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეაში
საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის მდივანმა - ნინო ბუჯიაშვილმა