ინტერპელაციის წესით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის საქართველოს პარლამენტის წინაშე წარდგომა
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
📄 წერილი (63 KB)
📄 წერილი (64 KB)
📄 წერილი (362 KB)
📄 წერილი (361 KB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (7.0 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (17.1 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (2.7 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (6.5 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (12.9 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (2.3 MB)
📅 დამატებითი ინფორმაცია
მიღების თარიღი 2019-03-22
📜 ტექსტი
წერილი
ფრაქცია „ევროპული საქართველო“
954/3-41/19
05-02-2019
საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის მინისტრს
ბატონ მიხეილ ბატიაშვილს
ბატონო მიხეილ,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის შესაბამისად,
წარმოგიდგენთ საპარლამენტო ფრაქცია "ევროპული საქართველოს" მიერ ინტერპელაციის
წესით შეკითხვებს, რომლებზეც პასუხს ველით რეგლამენტით გათვალისწინებულ
საგაზაფხულო სესიის მარტის პლენარული სხდომების ბოლო კვირის პარასკევს:
ა) რა ვითარებაა სკოლის პედაგოგების ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით, რაც
გაცხადებულია საქართველოს მთავრობის პროგრამით?
ბ) რა ნაბიჯების გადადგმას აპირებთ სკოლების ავტონომიის ზრდის
მიმართულებით და იგეგმება თუ არა ამ კუთხით სკოლების სამეურვეო საბჭოების
უფლებამოსილების რეალური ზრდა სკოლის მართვის პროცესში?
გ) რა ნაბიჯების გადადგმას აპირებთ სკოლებში მოსწავლის ვაუჩერის ზრდასთან
ან/და რეფორმირებასთან დაკავშირებით?
პატივისცემით
ფრაქციის თავმჯდომარე
ოთარი კახიძე
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წერილი
ფრაქცია
„ევროპული საქართველო - რეგიონები“
955/3-102/19
05-02-2019
საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის მინისტრს
ბატონ მიხეილ ბატიაშვილს
ბატონო მიხეილ,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის შესაბამისად,
წარმოგიდგენთ საპარლამენტო ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" მიერ
ინტერპელაციის წესით შეკითხვებს, რომლებზეც პასუხს ველით რეგლამენტით
გათვალისწინებულ საგაზაფხულო სესიის მარტის პლენარული სხდომების ბოლო კვირის
პარასკევს:
ა) რა არგუმენტებს ეფუძნება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტროს გადაწყვეტილება, რომ გაუქმდეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები?
ბ) რა არგუმენტებს ეფუძნება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტროს გადაწყვეტილება, რომ 2020 წლიდან ზოგადი უნარ-ჩვევების გამოცდა
გახდეს არჩევითი?
გ) სამინისტროს მიერ დეკლარირებული კონცეფციით როგორი იქნება უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო გრანტის განაწილების წესი ზოგადი
უნარ-ჩვევების გამოცდის სტატუსის შეცვლის შემდგომ?
პატივისცემით
ფრაქციის თავმჯდომარე
გიორგი ღვინიაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წერილი
*MES21900337749*
MES 2 19 00337749
22/03/2019
საქართველოს პარლამენტს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ
განხილულ იქნა 2019 წლის 05 თებერვლის N955/3-102/19 წერილი (სამინისტროში
რეგისტრაციის N122663; 05.02.2019), რომლითაც წარმოდგენილია ფრაქცია „ევროპული
საქართველო - რეგიონების“ შეკითხვები ინტერპელაციის წესით. აღნიშნულის პასუხად,
საქართველოს ,,პარლამენტის რეგლამენტის" 149-ე მუხლის გათვალისწინებით გაცნობებთ,
რომ განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმა გულისხმობს მისი ყველა
მიმართულების სრულ ტრანსფორმაციას, ესენია: სკოლამდელი განათლება, ზოგადი
განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება. ცვლილებები
გამოცდების სისტემაში არის განათლების ერთიანი რეფორმის ერთ-ერთი და ძალიან
მნიშვნელოვანი ნაწილი.
წლების წინ ცენტრალიზებული სასკოლო გამოსაშვები გამოცდების დაწესება
ემსახურებოდა შემდეგ მიზნებს - სკოლის მიმართ ინტერესის გაზრდა, სკოლებში
მოსწავლეთა დასწრების გაუმჯობესება, სკოლის გაძლიერება და ხარისხის გაუმჯობესება,
დამატებით მომზადების საჭიროების შემცირება, საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების
გაუმჯობესება, სკოლების ანგარიშვალდებულების გაზრდა და სხვა. სისტემის
გაუმჯობესების მცდელობა მხოლოდ ასეთი გამოცდების დაწესებით იყო შეცდომა.
რეალურად, ზემოთ აღნიშნული შედეგები არ დადგა.
ის ფაქტი, რომ საქართველოს მოსწავლეების შედეგები საერთაშორისო შეფასებებში ისევ
დაბალია და ეროვნული შეფასებების შედეგების მიხედვით მოსწავლეების უმეტესობას
დაბალი კომპეტენციები აქვს ადასტურებს, რომ სასკოლო გამოსაშვები გამოცდების
შემოღებით განათლების სისტემაში არაფერი შეცვლილა სწავლა-სწავლების გაუმჯობესების
კუთხით. ტესტი სათანადოდ არ ამოწმებდა იმ მასშტაბური პროგრამის დაძლევის შედეგს,
რაც სკოლებში ეროვნული სასწავლო გეგმით არის მოთხოვნილი. შესაბამისად, მოკლებული
იყო სანდოობასა და ვალიდურობას. ტესტური დავალებები ვერ აფასებდა მაღალ სააზროვნო
უნარებს და ორიენტირებული იყო ძირითადად ფაქტობრივი ცოდნის შემოწმებაზე.
შესაბამისად, მასწავლებლები და მოსწავლეები, სწორედ ამ ტიპის პროცესებზე გახდნენ
ორიენტირებულნი, რამაც უინტერესო გახადა საგაკვეთილო პროცესები, შეზღუდა
მრავალფეროვანი აქტივობები და ეროვნული მიზნების მიღწევას ზიანი მიაყენა.
უფრო მეტიც, ტესტის ჩაბარების შედეგები არ ასახავდა ეროვნული სასწავლო გეგმით
გათვალისწინებული კომპეტენციების ფლობის მიმართულებით მოსწავლეთა რეალურ
შესაძლებლობებს.
ცენტრალიზებული სასკოლო გამოსაშვები გამოცდების დაწესებით მოსწავლეების
დასწრება არათუ გაუმჯობესდა, არამედ პირიქით, გაუარესდა. მოსწავლეები მოწყდნენ
საგაკვეთილო პროცესებს და ცენტრალიზებული გამოცდებისთვის მოსამზადებლად დაიწყეს
სკოლის გარეთ მომზადება. რეალურად, მთავარი აქცენტი ბოლო კლასებში გადავიდა
გამოცდის ჩაბარებისთვის მზადებაზე და არა სასწავლო პროცესზე, რამაც დაასუსტა სკოლა,
როგორც ინსტიტუცია და რეალურად, სკოლამ ვეღარ შეძლო მისი მთავარი ფუნქციის გამართული სასწავლო პროცესის წარმართვა ისე, როგორც ეს ეროვნული სასწავლო გეგმით
არის განსაზღვრული.
არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ არის დაწესებული ცენტრალიზებული სკოლის
გამოსაშვები და უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდები ერთად - ამგვარი
დუბლირება არ გვხვდება არც ერთი ქვეყნის განათლების სისტემაში.
ცენტრალიზებულად ჩატარებული მაღალი რისკის მქონე მისაღები და გამოსაშვები
გამოცდების ასეთი კომბინაცია არ არის დაწესებული რომელიმე სხვა ქვეყანაში. 2018 წელს
OECD ექსპერტებმა ჩაატარეს საქართველოში განათლების შეფასების სისტემების კვლევა. მის
შუალედურ ანგარიშში მოცემულია, რომ სკოლის დამამთავრებელი და უმაღლესში მისაღები
გამოცდების ერთდროულად არსებობა არაეფექტური და არამიზნობრივია.
ცენტრალიზებული სასკოლო დამამთავრებელი გამოცდების მოხსნა არ გულისხმობს
სასკოლო შეფასებების უგულვებელყოფას. რეალურად, მიმდინარეობს სასკოლო შეფასებების
რეფორმირება იმისათვის, რომ შეფასება გახდეს შედეგსა და განვითარებაზე
ორიენტირებული. კერძოდ, სადიაგნოსტიკო ხასიათის ცენტრალიზებული შეფასებები
განხორციელდება მე-6 და მე-10 კლასის - ორი მნიშვნელოვანი სასწავლო საფეხურის ბოლოს
სხვადასხვა საგანში. მისი მიზანი იქნება მეტი ინფორმაციის მიწოდება სკოლებისთვის
მოსწავლეების ცოდნის, მოსწრების, მათი ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ იმისათვის,
რომ გაუმჯობესდეს და უკეთესად დაიგეგმოს სწავლა-სწავლების პროცესი. სკოლის
დამამთავრებელი გამოცდების ჩატარებას კი უზრუნველყოფს თავად სკოლა.
ასევე, სამინისტრო მუშაობს მონიტორინგის სისტემის შექმნაზე, რაც უზრუნველყოფს
სკოლების მუდმივ შეფასებას და მათ მხარდაჭერას მეტი განვითარებისთვის.
ასევე გაცნობებთ, რომ ზოგადი უნარების გამოცდის გადატანა არჩევითი საგნების ნუსხაში
განაპირობა შემდეგმა გარემოებებმა:
ზოგადი უნარების ტესტი ყველაზე „დემოკრატიულ“ შერჩევის ინსტრუმენტად მიიჩნეოდა.
ამიტომ მას სხვა საგნებთან შედარებით მაღალი კოეფიციენტი ენიჭებოდა. გარკვეული
პერიოდში მან შესაძლოა შეასრულა ეს ფუნქცია, მაგრამ დროთა განმავლობაში ზოგადი
უნარების ტესტის ჩაბარების ტექნიკა გახდა დასწავლადი. მოსწავლეები გახდნენ
ორიენტირებული ტესტის ჩაბარების ტექნიკების დასწავლაზე მით უფრო, რომ ეს არის
ერთადერთი ტესტი, რომელიც მხოლოდ დახურული დავალებებით არის წარმოდგენილი.
კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ ამ გამოცდის ჩასაბარებლად სკოლის გარეთ
მომზადების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი იყო და აღემატებოდა კიდეც სხვა საგნებში
მომზადების მაჩვენებელს, რაც სრულიად ეწინააღმდეგება ამ გამოცდის შემოღების მიზანს.
გარდა ამისა, იმისათვის, რომ ტესტი ჩაითვალოს ყველაზე „დემოკრატიულ“
ინსტრუმენტად, მასში მიღებული ქულები არ უნდა გვაძლევდეს განსხვავებას დასახლების
ტიპის მიხედვით, თუმცა კვლევა სწორედ ასეთ განსხვავებებს ცხადყოფს (იხ. ლ. ჩახაია,
სკოლის გამოსაშვები და ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში, 2019. www.naec.ge)
. აღნიშნული მიუთითებს, რომ სოციალური თანასწორობის თვალსაზრისით ამ ტესტისთვის
ასეთი დიდი დატვირთვის მინიჭება არ არის გამართლებული.
იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად კარგად პროგნოზირებს საგამოცდო ტესტი
აბიტურიენტის აკადემიურ მზაობას, სტანდარტულად იყენებენ ე. წ. პრედიქტული
ვალიდობის კვლევას. ამგვარი კვლევით, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ
ცენტრს ადრეც ჩაუტარებია, დგინდება, რომ ზოგადი უნარების საგამოცდო ტესტის
პრედიქტული ვალიდობის მახასიათებელი ჩამოუვარდება სხვა საგნობრივი ტესტების
მაჩვენებელს. საქართველო ამ მხრივ არ არის გამონაკლისი, სხვა ქვეყნებშიც ამ ტესტის
პრედიქტული ვალიდობა არ არის მაღალი.
საერთაშორისო გამოცდილების შესწავლამ გვიჩვენა, რომ ზოგადი უნარებისა და
საგნობრივი გამოცდების სავალდებულო ერთობლიობა არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს.
ზოგადი უნარების ტესტი არ აფასებს არც ერთ ისეთ უნარს, რომელთა შეფასება
შეუძლებელია საგნობრივ ტესტებში. ამიტომაც არ ტარდება ეს გამოცდა ევროპის არც ერთ
ქვეყანაში. გამონაკლისს წარმოადენს მხოლოდ შვედეთი, სადაც აღნიშნული გამოცდა ასევე
არ არის სავალდებულო. იგი, სურვილის შემთხვევაში, მხოლოდ დამხმარე საშუალებად
შეიძლება იქნას გამოყენებული. ამდენად, ის საგამოცდო მოდელი, რომელიც აქამდე
მოქმედებდა საქართველოში, ანალოგს ვერც ერთ ევროპულ ქვეყანაში ვერ პოულობს:
ამერიკაში და ისრაელში არის უნარების გამოცდა, ევროპაში კი - მხოლოდ საგნობრივი
გამოცდები. ამერიკაში 2016 წელს მოხდა ზოგადი უნარების ტესტის რადიკალური
რეფორმირება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ის სავალდებულო მაინც არ არის
უნივერსიტეტებისთვის.
განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, გამოცდების მიმართულებით
ცვლილებები ამ საკითხსაც გულისხმობს, კერძოდ: ზოგადი უნარების ნაწილი
ინტეგრირებული უნდა იყოს თითოეულ საგნობრივ ტესტში. სხვა შემთხვევაში, საგნობრივი
ტესტი არ არის სათანადო შეფასების ინსტრუმენტი. ასეთ პირობებში, ზოგადი უნარების
ცალკე ტესტად გამოტანა და მისთვის განსაკუთრებული როლის მინიჭება
გაუმართლებელია.
უნარების გამოცდა ამოწმებს ვერბალურ და რაოდენობრივ უნარებს. ვერბალური უნარები
ასევე წარმატებით მოწმდება ქართული ენის ტესტში. 2020 წლიდან აბიტურიენტთა დიდი
ნაწილი (სავალდებულო ქართულის გამოცდასთან ერთად) ჩააბარებს მათემატიკას, სადაც
ასევე კარგად შემოწმდება მათემატიკის უნარები. თუმცა, თუ აბიტურიენტების ნაწილი
ჩააბარებს ისტორიას და არა მათემატიკას, ხოლო კონკრეტულ უნივერსიტეტს სურს
გამოსცადოს ელემენტარული რაოდენობრივი უნარები, მას შეუძლია აირჩიოს არჩევით
გამოცდად ზოგადი უნარების გამოცდა. გარდა ამისა, 2020 წლიდან დაიწყება შეფასებები
მეათე კლასის ბოლოს, სადაც მათემატიკის საგანიც არის გათვალისწინებული. ამდენად,
უნარების კიდევ ერთხელ ცალკე, სავალდებულო, გამოცდით შემოწმება აზრს კარგავს.
ყოველივე ზემოთ აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ ეს ტესტი შეფასების საშუალებად
საერთოდ არ უნდა გამოვიყენოთ. მისი არჩევით საგნებში გადატანა მნიშვნელოვანია.
საჭიროების შემთხვევაში, უნივერსიტეტები შეძლებენ, ავტონომიურად აირჩიონ ეს გამოცდა
სტუდენტების შეფასებისა და შერჩევისთვის.
განათლების სისტემის კომპლექსურის რეფორმის ფარგლებში, განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უმაღლეს დაწესებულებებში სასწავლო გრანტის
განაწილების წესის მოდელი შეიმუშავა. განხორციელდა ფინანსური ნაწილის მოდელირება,
სტატისტიკური მონაცემების დამუშავება, ძირითადი ნაწილი შეთანხმებულია უმაღლეს
სასწავლო დაწესებულებებთან და გრძელდება აქტიური კონსულტაციები და ხედვების
შეჯერება დაინტერესებულ მხარეებთან რეგულირებადი სფეროების - სამედიცინო და
სახელოვნებო განათლების ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით. საბოლოო დეტალური
დოკუმენტი 2019 წლის აპრილის ბოლოს გასაჯაროვდება. თუმცა, სამინისტროს
გადაწყვეტილებით, წელს უკვე შევიდა ცვლილება გრანტის განაწილების წესში და ის მეტად
ორიენტირებული გახდა სტუდენტზე. კერძოდ, აბიტურიენტი, რომელიც აირჩევს ერთზე
მეტ არჩევით საგანს და რომელიმე მათგანს ვერ ჩააბარებს, ან ვერ გამოცხადდება გამოცდაზე,
არ დაკარგავს შანსს, მოიპოვოს სახელმწიფო სასწავლო გრანტი.
გრანტის განაწილების საბოლოო წესი ორიენტირებული იქნება თითოეული აბიტურიენტის
მიმართ სამართლიანობასა და უმაღლესი სასწავლებლების ინტერესებზე.
პატივისცემით,
საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის
მინისტრი
მიხეილ ბატიაშვილი
წერილი
*MES81900337790*
MES 8 19 00337790
22/03/2019
საქართველოს პარლამენტს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ
განხილულ იქნა 2019 წლის 05 თებერვლის N954/3-41/19 წერილი (სამინისტროში
რეგისტრაციის N122753; 05.02.2019), რომლითაც წარმოდგენილია ფრაქცია „ევროპული
საქართველოს“ შეკითხვები ინტერპელაციის წესით. აღნიშნულის პასუხად, საქართველოს
,,პარლამენტის რეგლამენტის" 149-ე მუხლის გათვალისწინებით გაცნობებთ, რომ
დღევანდელი მდგომარეობით, მასწავლებლის ხელფასი შედგება შემდეგი კომპონენტისგან:
ჩატარებული საათების რაოდენობა, განათლება, კვალიფიკაცია, გამოცდილება, სტატუსის
დანამატი.
აღნიშნული სისტემა იწვევს შემდეგ პრობლემებს - არ არის წახალისებული
თანამშრომლობა მოსწავლისა და სკოლის განვითარების მიმართულებით, არ ხდება
მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობა და სხვა. მასწავლებელი ორიენტირებულია
მხოლოდ საგაკვეთილო საათების ჩატარებაზე, რაც განაპირობებს ნაკლებად საინტერესო
საგაკვეთილო პროცესებს, სკოლის აღმზრდელობითი ფუნქციის შესუსტებას, სწავლების
ხარისხის ვარდნას და ნეგატიურად აისახება ერთიან სასკოლო განათლებაზე.
განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, გაზრდილი დაფინანსების
პირობებში, სამინისტრო მიიჩნევს, რომ მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკა უნდა
მოიცავდეს შემდეგ კომპონენტებს:
1. მასწავლებლის საბაზო ხელფასი, რომელიც შედგება მასწავლებლის განათლების,
კომპეტენციის, სტაჟის და საგაკვეთილო დატვირთვისგან.
2. მიღწევებზე დაფუძნებული კომპონენტი, - რა საქმიანობას ეწევა მასწავლებელი
საკუთარი მოსწავლეების და სკოლის განვითარებისთვის, რა წვლილი შეაქვს
მოსწავლის აღზრდასა და პიროვნულ განვითარებაში. აღნიშნული გულისხმობს ყველა
იმ ვალდებულებასა და სამუშაოს, რომლებშიც მასწავლებლები, მათი სტატუსიდან
გამომდინარე, ჩაერთვებიან.
შესაბამისად, მასწავლებელი, რომელმაც ერთხელ უკვე დაადასტურა კომპეტენცია და ეწევა
წარმატებულ საგაკვეთილო პრაქტიკას, საბაზო დაფინსების მიღმა მიიღებს დამატებით
ანაზღაურებას იმ სამუშაოს შესრულებისთვის, რომელიც სკოლის განვითარებაზეა
ორიენტირებული და დაფინანსდება სკოლის განვითარების ფონდიდან.
მასწავლებლის სახელფასო სქემა დაუკავშირდება სკოლების განვითარების ფონდის
სისტემას. დეტალური ახსნა, თუ როგორ უკავშირდება მასწავლებლის მზარდი ანაზღაურება
სკოლის საბაზისო დაფინანსების და განვითარების ფონდის ზრდას, წარმოდგენილია მესამე
კითხვის პასუხში.
როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, 2019 წლის მაისის თვეში საზოგადოებას წარვუდგენთ
კონკრეტულ გეგმას, როგორ მოხდება პედაგოგების ხელფასების ზრდა მათი გამოცდილების
და დამსახურების გათვალისწინებით. ხელფასების ზრდა იქნება ეტაპობრივი, დაიწყება 2019
წლის სექტემბრიდან და ტენდენცია შენარჩუნდება მომდევნო წლებშიც ისე, რომ 2021-2022
წლისთვის პედაგოგის საშუალო ხელფასი წარმოადგენდეს 1500-1800 ლარს. ხელფასების
ზრდა, პედაგოგების გარდა, შეეხებათ სკოლის დირექტორებსა და ადმინისტრაციულ
პერსონალს.
საერთაშორისო გამოცდილება და კვლევები ცხადყოფს, რომ ერთის მხრივ, მნიშვნელოვანია
განათლების და კერძოდ, ზოგადი განათლების ავტონომიურობის ზრდა და სკოლებში
შემოქმედებითი პროცესების წახალისება, თუმცა მეორეს მხრივ, აუცილებელია ძლიერი
საკოორდინაციო და მხარდამჭერი მექანიზმების არსებობა. წინააღმდეგ შემთხვევაში,
შესაძლებელია უკიდურესად ნეგატიური შედეგების მიღება (ზოგადსაგანმანათლებლო
სისტემის დეცენტრალიზაცია, 2013, აფხაზავა, ბრეგვაძე “დეცენტრალიზაციის რეფორმის
მიმდინარეობის შეფასება, 2008, გოგლიჩიძე “საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის
მდგომარეობისა და მართვის ანალიზი”; Clark.D Performance and competitive effects of school
autonomy, 2009; Hanushek და სხვები “ Does School Autonomy make sense everywhere?” 2012).
საქართველოს კონტექსტში სხვადასხვა დროს ჩატარებული არაერთი კვლევა ასევე
ცხადყოფს, რომ სკოლებში სამეურვეო საბჭოების საქმიანობა, უმეტეს შემთხვევებში,
ფორმალური და ნაკლებად ეფექტურია. 2007 წელს ჩატარდა შეფასება, რომელშიც სხვა
საკითხებთან ერთად, განხილული იყო დეცენტრალიზაციის პროცესის მიმდინარეობა და
სამეურვეო საბჭოების მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ სამეურვეო საბჭოს წევრები და
ადმინისტრაცია დადებითად აფასებდნენ ავტონომიის გაზრდის საკითხს, აფიქსირებენ, რომ
მზად არ იყვნენ ავტონომიურად გადაწყვეტილების მისაღებად, რაც ცხადია, დიდი რისკს
წარმოადგენდა ხარისხიანი განათლების სისტემის შექმნისათვის (შაპირო, ნაკატა, ჩახაია,
2007).
2008 წლის კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ სამეურვეო საბჭოს მუშაობის
არაეფექტურობას სკოლის საზოგადოება სხვადასხვა ფაქტორს უკავშირებს, მაგალითად,
კომპეტენციის ნაკლებობას, გულგრილობას, კონფლიქტებსა და არაკეთილსინდისიერებასაც
კი სამეურვეო საბჭოს თუ ადმინისტრაციის მხრიდან. ექსპერტების მოსაზრებით, შექმნიდან
სულ 2-3 წლის შემდეგ, კერძოდ კი 2008 წლიდან სისტემაში განხორციელებულმა მკვეთრმა
ცენტრალიზებულმა პოლიტიკამ, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ამ ინსტიტუტის
განვითარების შეფერხებას.
2008-2009 წლებში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად,
სამინისტროს როლი სკოლის მმართველობაში თანდათან გაიზარდა, რამაც შეასუსტა
სკოლის დამოუკიდებლობა და შესაბამისად, ყველა თვითმმართველი რგოლი მეტად
ფორმალური გახადა.
2013 წელს ჩატარებულმა კვლევამ სამეურვეო საბჭოების ფუნქციონირებასთან
დაკავშირებით (აბულაძე, “საჯარო სკოლების მართვის დეცენტრალიზებული მართვის
შეფასება” 2013) აჩვენა, რომ დაბალია მშობელთა და მოსწავლეთა მონაწილეობა ისეთი
საკითხების განხილვაში, როგორებიც არის სკოლის საჭიროების დადგენა, პრიორიტეტების
გამოვლენა, შედარებით მაღალია საბჭოს წევრების მონაწილეობა ბიუჯეტის დამტკიცებასა
და კორექტირების, დირექტორის არჩევის საკითხში.
განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის ფარგლებში ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებების ეფექტიანი მართვის მოდელის შემუშავება მთავარ პრიორიტეტს
წარმოადგენს. აღნიშნული ამოცანის შესრულება მხოლოდ კომპლექსური და სისტემური
მიდგომით არის შესაძლებელი.
მოგეხსენებათ, რომ 900-ზე მეტ სკოლაში სწავლობს 1-100 მოსწავლე , 70%-მდე სკოლებში კი
200 და ნაკლები მოსწავლეა. დღეისათვის სკოლების მართვა ხისტად ცენტრალიზებული და
უნიფიცირებულია, რაც აპრიორი დასაწყისშივე ამცირებს სკოლების განვითარების შანსებს.
კანონმდებლობის შესაბამისად, სკოლებში ფუნქციონირებს მრავალი მმართველობითი
რგოლი: საგნობრივი დეპარტამენტები, სამეურვეო საბჭო, პედაგოგიური საბჭო, მოსწავლეთა
თვითმმართველობა, დისციპლინური კომიტეტი. კვლევები, დაკვირვება და სკოლებთან
კომუნიკაცია ადასტურებს, რომ აღნიშნული მმართველობითი რგოლები უმეტესწილად
არაეფექტიანია კანონით მინიჭებული როლისა და ფუნქციის შესრულებაში.
სკოლების მართვის დიფერენცირებული მიდგომა- ეს არის გამოსავალი სკოლების მართვის
ეფექტიანობის გასაძლიერებლად. ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს იმას, რომ სკოლებში
სასწავლო პროცესის და გარემოს მართვა დემოკრატიული და განვითარებაზე
ორიენტირებული პრინციპით და შესაბამისი მხარდამჭერი მექანიზმებით მოხდეს. სკოლების
მართვის მოდელი უნდა იყოს დიფერენცირებული, რომელიც ძირითადად ორ კომპონენტში
განსხვავდება მოსწავლეთა კონტიგენტის და სკოლების განვითარების გეგმის შესაბამისად
(მაგალითად, გაძლიერებული მიმართულების სახელოვნებო, მეცნიერების, ტექნოლოგიების
თუ სწავლების განსხვავებული ინოვაციური მეთოდიკის).
ამ მიმართულებით გრძელდება კონსულტაციები სასკოლო საზოგადოების,
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, განათლების ექსპერტებთან და სხვა
დაინტერესებულ პირებთან.
დღეისათვის ერთ მოსწავლეზე გათვლილი წლიური ვაუჩერის საშუალო ოდენობა
განისაზღვრება 960 ლარით. ვაუჩერი შედგება საბაზო დაფინანსებისგან, რომელიც
სტანდარტულად მოსწავლეზე 300 ლარია და შესაბამისი კოეფიციენტებისგან (მოსწავლეთა
რაოდენობა, ინფრასტრუქტურა, სკოლის სწავლების ენა, სსსმ საჭიროება და მდებარეობა,
კომუნალური ხარჯები და სხვა) სკოლა ასევე დამატებით იღებს მასწავლებლის სტატუსის
დანამატს. სამინისტროს ხედვით, სკოლას გაეზრდება საბაზისო დაფინანსება. იმისათვის,
რომ სკოლები ჩავაყენოთ თანაბარ პირობებში და ამავდროულად ვიყოთ ორიენტირებული
ინდივიდუალური სკოლის საჭიროებაზე დაფუძნებულ განვითარებაზე, საჭიროა
შემუშავდეს დამატებითი წახალისების ეფექტური და მხარდამჭერი მექნიზმი.
შესაბამისად, სკოლის დაფინანსება უნდა შედგებოდეს შემდეგი ძირითადი კომპონენტების
საფუძველზე:
1. საბაზო ვაუჩერული დაფინანსება;
2. სკოლის განვითარების ფონდი;
განათლების გაზრდილი ყოველწლიური ბიუჯეტი უნდა მოიცავდეს სკოლების
დაფინანსების ორივე კომპონენტის ზრდას როგორც საბაზისო, ისე განვითარების ფონდის
ნაწილში. ეს პირდაპირ უკავშირდება მასწავლებლის ხელფასების ზრდას მათი სტატუსის და
სკოლის განვითარებაში შეტანილი წვლილის შესაბამისად.
ასევე, მუშავდება სპეციალიზირებული პროგრამები სკოლის განვითარებისთვის. კერძოდ
იმისათვის, რომ სკოლებმა მოახდინონ საჭიროების დადგენა თვითშეფასებაზე დაფუძნებით,
ხოლო სამინისტრო ექსპერტთა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით
პროგრამულად დააფინანსებს ასეთ ინიციატივებს. მაგალითად “სასკოლო ინიციატივების”
პროგრამის ფარგლებში მუშავდება ელექტრონული პორტალი, სადაც სკოლები შეძლებენ
პროექტების ინიცირებას.
პატივისცემით,
საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის
მინისტრი
მიხეილ ბატიაშვილი