„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
05.04.2019
ავტორი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/330/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 90 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-16
ბიუროს ნომერი 252

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №1-2 (33-34/7), 22 იანვარი, 1997, გვ. 40) შეტანილ იქნას ცვლილება და 36-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11-12 პუნქტები: ,,11. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოსახლეობასა და მათ ქონებაზე გარეული ცხოველების თავდასხმისას ან/და მათთვის ზიანის მიყენებისას, გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირების ღონისძიებებს (გარეულ ცხოველთა ბუნებრივი გარემოდან ამოღება) ახორციელებს შესაბამისი მუნიციპალიტეტი, სამინისტროსგან დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 12. ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ დელეგირებულ უფლებამოსილებაზე სახელმწიფო დარგობრივ ზედამხედველობას, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, ახორციელებს სამინისტრო.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მომზადება განაპირობა შემდეგმა გარემოებებმა: საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირება, კერძოდ, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მიხედვით, „სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, სასოფლო-სამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის, ბუნებრივი გარემოსა და სამეურნეო საქმიანობისათვის ზიანის აცილების მიზნით ხორციელდება ცალკეულ სახეობათა გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირების ღონისძიებანი“. ამასთან, გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირება წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციას. აქვე აღსანიშნავია, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი ითვალისწინებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების უფლებამოსილების დელეგირების შესაძლებლობას, კერძოდ, აღნიშნული კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „სახელმწიფო ან ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანომ მუნიციპალიტეტს შეიძლება გადასცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს ის უფლებამოსილებები, რომელთა განხორციელებაც ადგილობრივ დონეზე უფრო ეფექტიანია“. აღნიშნული ნორმის საფუძველზე, ბოლო წლების განმავლობაში, ზემოაღნიშნულ უფლებამოსილებას (გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირება) მუნიციპალიტეტები ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გაფორმებული შესაბამისი უფლებამოსილების დელეგირების ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნული დელეგირების ფარგლებში მუნიციპალიტეტები უფრო ეფექტიანად და დროულად ახორციელებენ გარემოდან გარეული ცხოველების (მგლები, ტურები, მელიები) ამოღებას და შესაბამისად, უფრო ოპერატიულად რეაგირებენ მოქალაქეების განცხადებებზე, რომლებიც ითხოვენ დახმარებას და გარეული ცხოველებისგან დაცვას (2014-2018 წწ. ასეთი სახის ხელშეკრულებები გაფორმდა 50მდე მუნიციპალიტეტთან (ზოგთან რამდენჯერმე), ჯამში, 450-მდე მგლის, 190-მდე ტურის და 10-მდე მელიის რაოდენობის რეგულირების ღონისძიების განხორციელებაზე. შედეგად, ბუნებრივი გარემოდან ამოღებულ იქნა 100-მდე მგელი და 60-მდე ტურა). სამწუხაროდ, უფლებამოსილების ხელშეკრულებით დელეგირების პროცედურა ხშირად დიდ დროს მოითხოვს, ვინაიდან მოიცავს რამდენიმე ეტაპს. კერძოდ, მუნიციპალიტეტი შესაბამისი თხოვნით მომართავს სამინისტროს, სამინისტრო შეისწავლის საკითხს და ამზადებს ხელშეკრულების პროექტს გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირების ღონისძიების განხორციელების შესახებ უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე, შემდეგ ამ პროექტს შესათანხმებლად უგზავნის მუნიციპალიტეტს, ხოლო მუნიციპალიტეტის მიერ პროექტის შეთანხმების (ხელშეკრულებას ხელს აწერს მუნიციპალიტეტის მერი და ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო) შემდეგ, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების პროექტი, გადაწყვეტილების მისაღებად, წარედგინება საქართველოს მთავრობას. მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ხელშეკრულებას ხელს აწერს სამინისტროს უფლებამოსილი წარმომადგენელი და იგი საბოლოოდ ეგზავნება მუნიციპალიტეტს. აღნიშნული პროცედურა, მუნიციპალიტეტის მიერ საკითხის დასმიდან მისთვის შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭებამდე, როგორც წესი, გრძელდება 2-3 თვემდეც, რის გამოც დროულად ვერ ხერხდება საფრთხეზე რეაგირება და გარეული ცხოველებისგან მოსახლეობის დაცვა, მაშინ როცა ადამიანთა სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონებასთან დაკავშირებული საფრთხის თავიდან აცილება საჭიროებს დაუყოვნებლივ რეაგირებას და დაყოვნება ხშირად მნიშვნელოვან მატერიალურ ზარალს (დაგლეჯილი საქონელი, განადგურებული ფრინველი და ა.შ) აყენებს მოსახლეობას, რომ არაფერი ვთქვათ გარეული ცხოველების მიერ ადამიანის ჯანმრთელობისთვის მიყენებულ ზიანზე და სიცოცხლისთვის შექმნილ საფრთხეზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმისთვის დროულად მოხდეს გარეული ცხოველებისგან მომდინარე საფრთხეებზე რეაგირება, საჭიროა, რომ მუნიციპალიტეტებს მიეცეთ შესაძლებლობა, საფრთხის წარმოშობისთანავე ოპერატიულად მიიღონ გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირებაზე გადაწყვეტილებები და შესაბამისად, დაიცვან მოსახლეობის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ქონება. დღეს არსებული პროცედურა (უფლებამოსილების დელეგირება ხელშეკრულების საფუძველზე) კი მნიშნელოვნად აფერხებს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების ოპერატიულად მიღებას, რაც იწვევს მოსახლეობის და მუნიციპალიტეტებს სამართლიან უკმაყოფილებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ან ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანომ მუნიციპალიტეტს შეიძლება გადასცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს ის უფლებამოსილებები, რომელთა განხორციელებაც ადგილობრივ დონეზე უფრო ეფექტიანია. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის მიერ უფრო მოკლე ვადაში განხორციელდება გარეული ცხოველის რაოდენობის რეგულირება, ვინაიდან, ინდივიდის ჩასაფრების წესით გარემოდან ამოღება მოითხოვს ადგილობრივი რელიეფის სრულყოფილ ცოდნას. ამასთან, გამომდინარე იქედან, რომ მუნიციპალიტეტს გააჩნია გარეული ცხოველის რაოდენობის რეგულირების უფრო მეტი ადამიანური რესურსი, იგი ადგილზე უფრო ეფექტურად ახორციელებს გარეული ცხოველების გარემოდან ამოღებას. არსებულმა პრაქტიკამაც ცხადყო, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებით ეფექტურად ხორციელდებოდა აღნიშნული საკითხის ადგილზე გადაწყვეტა. ვინაიდან საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „სახელმწიფო ან ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილებების დელეგირება შეიძლება შესაბამისად საქართველოს საკანონმდებლო აქტით ან ავტონომიური რესპუბლიკის კანონით, აგრეთვე საქართველოს ან ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის საფუძველზე დადებული ხელშეკრულებით, სათანადო მატერიალური და ფინანსური რესურსების გადაცემით“, შესაბამისად, იმისთვის, რომ კანონით მოხდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირების უფლებამოსილების დელეგირება, საჭიროა შესაბამისი ცვლილება შევიდეს „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში. ამასთან, მუნიციპალიტეტებისთვის სათანადო მატერიალური და ფინანსური რესურსების გადაცემა მოხდება ეტაპობრივად, დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო შესაბამისი რესურსების დაზუსტების შემდეგ, შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირებასთან დაკავშირებული უფლებამოსილებების დელეგირება მუნიციპალიტეტებზე მოხდება კანონით (ნაცვლად დღეს არსებული გართულებული პრაქტიკისა - ხელშეკრულებით დელეგირება). შესაბამისად მუნიციპალიტეტებს მიეცემათ შესაძლებლობა, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოსახლეობასა და მათ ქონებაზე გარეული ცხოველების თავდასხმისას ან/და მათთვის ზიანის მიყენებისას, ოპერატიულად მიიღონ გადაწყვეტილებები და განახორციელონ გარეული ცხოველების ბუნებრივი გარემოდან ამოღება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონის 36-ე მუხლს (გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირება) ემატება 11 და 12 პუნქტები, რომელთა მიხედვით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოსახლეობასა და მათ ქონებაზე გარეული ცხოველების თავდასხმისას ან/და მათთვის ზიანის მიყენებისას, ცალკეული სახეობის გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირების ღონისძიებებს (ბუნებრივი გარემოდან ამოღება) ახორციელებს მუნიციპალიტეტი, სამინისტროსგან დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე, ხოლო დელეგირებულ უფლებამოსილებაზე სახელმწიფო დარგობრივ ზედამხედველობას განახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. აქვე აღსანიშნავია, რომ გარეულ ცხოველთა ბუნებრივი გარემოდან ამოღების წესები დადგენილია შესაბამისი კანონმდებლობით (საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 13/10/2014 №146 ბრძანება „გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“). ამავე ნორმატიული აქტით დადგინდება მუნიციპალიტეტების მიხედვით გარეულ ცხოველთა ბუნებრივი გარემოდან ამოღების კვოტები, გარეულ ცხოველთა გავრცელების, მოსახლეობის განცხადებების, მუნიციპალიტეტების მომართვიანობის, ბუნებრივი გარემოდან ამოღებული გარეული ცხოველების რაოდენობისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ასევე დადგინდება დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო რესურსების ოდენობა და გაცემის წესი. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ არსებული მდგომარეობით, მუნიციპალიტეტების უმრავლესობას ზემოაღნიშნული დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისთვის დამატებითი რესურსების გამოყოფა არ უწევთ, ვინაიდან დამკვიდრებული პრაქტიკით გარეული ცხოველების ბუნებრივი გარემოდან ამოღებას, მუნიციპალიტეტებთან შეთანხმებით, საკუთარი სურვილით და უანგაროდ ახორციელებენ მონადირეები. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია გამოქვეყნებისთანავე, იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტებს დროულად მიეცეთ შესაბამისი უფლებამოსილების (გარეულ ცხოველთა ბუნებრივი გარემოდან ამოღება) განხორციელების შესაძლებლობა. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ასეთი არ არსებობს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტოსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა საშემოსავლო ნაწილზე: სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ამათან, გამომდინარე იქედან, რომ დელეგირებულ უფლებამოსილებასთან ერთად მუნიციპალიტეტებს გადაეცემათ ფინანსური რესურსებიც, შესაბამისად, ამ ფინანსური რესურსების ოდენობით გაიზრდება მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების შემოსავლებიც. აღნიშნული თანხების წინასწარ გათვლა შეუძლებელია, ვინაიდან, დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო ფინანსური რესურსების ოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი გარეული ცხოველი იქნება ამოღებული მუნიციპალიტეტების მიერ ბუნებრივი გარემოდან. აქვე აღსანიშნავია, რომ გასული წლების (2014-2018 წწ) განმავლობაში მუნიციპალიტეტებმა ხელშეკრულებით დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში მიიღეს 450-მდე მგლის, 190-მდე ტურის და 10-მდე მელიის ბუნებრივი გარემოდან ამოღების უფლება, რის საფუძველზეც ბუნებრივი გარემოდან ამოღებულ იქნა 100-მდე მგელი და 60-მდე ტურა. ერთი ტურის (მელიის) ბუნებრივი გარემოდან ამოღებისთვის 50-ლარი, ერთი მგლის ამოღებისთვის - 100 ლარი. აღნიშნული თანხები განსაზღვრულია ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მიერ გარეული ცხოველების ბუნებრივი გარემოდან ამოღებისთვის გათვალისწინებული თანხების მიხედვით. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტით გათვალისწინებული უფლებამოსილების დელეგირების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტოსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში უნდა მოხდეს დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო სათანადო ფინანსური რესურსების მუნიციპალიტეტებისთვის გადაცემა. კერძოდ, ერთი ტურის (მელიის) ბუნებრივი გარემოდან ამოღებისთვის 50-ლარი, ერთი მგლის ამოღებისთვის - 100 ლარი. აღნიშნული თანხები განსაზღვრულია ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მიერ გარეული ცხოველების ბუნებრივი გარემოდან ამოღებისთვის გათვალისწინებული თანხების მიხედვით. აქვე აღსანიშნავია, რომ გასული წლების (2014-2018 წწ.) განმავლობაში მუნიციპალიტეტებმა ხელშეკრულებით დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში მიიღეს 450-მდე მგლის, 190-მდე ტურის და 10-მდე მელიის ბუნებრივი გარემოდან ამოღების უფლება, რის საფუძველზეც ბუნებრივი გარემოდან ამოღებულ იქნა 100-მდე მგელი და 60-მდე ტურა. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ იქონიებს ფინანსურ გავლენას იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანი) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს (ფულად შენატანს). გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.