„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
10.04.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი
ნომერი
#07-3/321/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-16
ბიუროს ნომერი 252

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონის პროექტი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 23/02/1996; სარეგისტრაციო კოდი: 220.020.000.05.001.000.126) 30-ე მუხლში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სანქცია უნდა შეესაბამებოდეს დარღვევის სერიოზულობას ან/და კომერციული ბანკის აქტივებისათვის მიყენებულ ზარალს ან შესაძლო საფრთხეს. ამასთან, დაუშვებელია ერთი დარღვევისთვის რამდენიმე სანქციის დაკისრება.“. ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41, 42 და 43 პუნქტები: „41. ეროვნული ბანკის მიერ სანქციის განსაზღვრის დროს დაცული უნდა იყოს თანაზომიერების პრინციპი, რომელიც თავის მხრივ მოიცავს: სანქციის გამოყენების მიზნის, შესაფერისობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის დადგენას. ამასთან, სავალდებულო წესით, თითოეული სანქციის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას თან უნდა ახლდეს შესაბამისი დასაბუთება. 42. ეროვნული ბანკის სანქციისგან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს დარღვევის ხანდაზმულობა. ხანდაზმულობის ვადა დარღვევის ჩადენიდან შეადგენს 6 წელს. 43“. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სანქციის განსაზღვრის დროს კომერციული ბანკი, მისი ადმინისტრატორები და მაკონტროლებელი პირები ნაწილობრივ ან სრულად გაათავისუფლოს სანქციის დაკისრებისაგან თუ სახეზეა ერთი ან რამდენიმე შემამსუბუქებელი გარემოება, კერძოდ: ა) დარღვევის გამოვლენის პირველი შემთხვევა; ბ) ზედამხედველთან თანამშრომლობის მაღალი ხარისხი; გ) დარღვევის შედეგად მიღებული ზიანის არარსებობა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: მოცემული კანონპროექტი მიზნად ისახავს რიგი პრობლემების მოგვარებას. 1. დღეს, საქართველოს კანონმდებლობა უშვებს რიგ შემთხვევებს, როცა ერთიდაიგივე დანაშაულზე ხდება ორჯერ ან/და მეტჯერ დასჯა. ეს კი ეწინააღმდეგება სამართლიანი სახელმწიფოს პრინციპებს და ხშირად არ ტოვებს საშუალებას სამართლიანი მართლმსაჯულების აღვლენისას. 2. ეროვნული ბანკის მიერ სანქცირებადი ქმედების აღმოჩენაზე (შესაბამისად ჯარიმის დაკისრების კუთხითაც) არ არის გაწერილი ხანდაზმულობის ვადა, რაც საშუალებას იძლევა რეგულატორის მხრიდან ბოროტად ან/დ შერჩევითად იყოს გამოყენებული უფლებამოსილება. 3. საბანკო რეგულაციები არ ითვალისწინებს შემამსუბუქებელი გარემოებების არსებობას და შესაბამისად, სანქციის ან ჯარიმის შემცირების ან/და გათავისუფლების შესაძლებლობას. შედეგად, მარეგულირებლის ნებაც, რომ არსებობდეს და მიაჩნდეს რომ ბანკის/ადმინისტრატორის მიერ „განზრახვის“ გარეშე ან/და „შეცდომით“ განხორციელდა გარკვეული მოთხოვნების დარღვევა მარეგურირებელი ვალდებულია გამოიყენოს ბრძანებით პირდაპირ გაწერილი სანქცია. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ზემოთხსენებული პრობლემების გადასაჭრელად აუცილებელია კანონში შევიდეს ცვლილებები, რომელიც დაარეგულირებს არსებულ შეუსაბამობებს და დაადგენს მკაცრად გაწერილ წესებს მარეგულირებელი ინსტიტუტის მისამართით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: 30-ე მუხლის მე-4 პუნქტი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად „არავის დაედება განმეორებით მსჯავრი ერთი და იმავე დანაშაულისათვის“, აღნიშნული პრინციპი ((ne bis in idem) ნე ბის ინ იდემ, ანუ ერთი და იმავე დანაშაულისათვის ორჯერ დასჯის დაუშვებლობა) დაცულია ისეთი სიკეთის ხელყოფის დროსაც კი როგორიც არის ადმაინიანის სიცოცხლე, ბუნებრივია, აღნიშნული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპი დაცული უნდა იყოს საბანკო რეგულაციის თანახმადაც. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართოლს დიდი პალატის (საჩივარი N.14939/03) გადაწყვეტილებაში ნახსენებია, რომ: " ne bis in idem პრინციპის დაცვასთან დაკავშირებით, აღნიშნული პრინციპის გამოყენება ექვემდებარება სამ პირობას: ფაქტების დადგენა, დამნაშავის ერთგვაროვნება და დაცული სამართლებრივი ინტერესის არსებობა. მოცემული პრინციპის მიხედვით, მოცემული სამართლებრივი ინტერესის დასაცავად, შესაბამისად, ერთიდაიგივე პირი არ უნდა დაექვემდებაროს სასჯელს ერთ ჯერზე მეტად ერთი უკანონო მოქმედებისათვის." 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ ემატბა „41“ პუნქტი. ზოგადი ადმინისტრაციოული სამართლის თანახმად (პაატა ტურავას წიგნი, „ზოგადი ადმინისტრაციული სამართალის“ შესახებ) აუცილებელია საზედამხედველო ორგანოს მიერ არჩეული გამოსაყენებელი ქმედების „ტესტირება“, თუკი სებ-ს უფლება აქვს არათანმიმდევრულად აარჩიოს დარღვევაზე საპასუხო გამოსაყენებელი ღონისძიება, იგი უნდა შეესაბამებოდეს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო კრიტერიუმებს. ამ კონტექსტში უმნიშვნელოვანესია თანაზომიერების პრინციპის დაცვა, რომელიც თავის მხრივ 4 ძირითად კრიტერიუმს ითვალისწინებს: 1) მიზნის დადგენა - რას ემსახურება სანქცია; 2) შესაბამისობა (ამ შემთხვევაში დასადგენია მიზანსა და საშუალებას შორის შესაფერისობა, ემსახურება თუ არა გამოსაყენებელი საშუალება კანონმდებლის მიერ განსაზღვრული მიზნის მიღწევას); 3) აუცილებლობის დადგენა- ღონისძიება მიიჩნევა აუცილებელად, თუკი არ არსებობს სხვა რაიმე ნაკლები ზიანის მომტანი დადგენა- უნდა საშუალების გამოყენების ალტერნატივა; 4) დადგინდეს არის თუ არა შეზღუდული პროპორციულობის უფლება პროპორციულ დამოკიდებულებაში შეზღუდვის მიზანთან. სებ-ის მიერ „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ 30-ე მუხლში გათვალისწინებული ღონისძიებების არათანმიმდევრული გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს ამ შეფასების ტესტს. ასევე, არ იკვეთება კონკრეტული ღონისძიების გამოყენების გადაწყვეტილების მიღების სტანდარტი და კრიტერიუმები, რაც ძალზე ფართო დისკრეციას უტოვებს საზედამხედველო ორგანოს და კითხვებს უჩენს საბანკო სექტორში მოქმედ სუბიექტებს სებ-ის მიერ კონკრეტული ღონისძიების გამოყენების საფუძვლებთან დაკავშირებით. ანალოგიური მიდგომაა გათვალისწინებული საერთაშორისო კანონმდებლობაში. AML დირექტივით განსაზღვრულია პასუხისმგებლობის დამდგენი ზომის გამოყენების შემთხვევაში მისი ეფექტურობის, პროპორციულობისა და შემაკავებელი ხასიათის გათვალისწინება (“appropriately effective, proportionate and dissuasive“). 30-ე მუხლის მე-41 პუნქტის შემდეგ ემატება „42“ პუნქტი. ეროვნული ბანკის მიერ სანქცირებადი ქმედების აღმოჩენაზე (შესაბამისად ჯარიმის დაკისრების კუთხითაც) არ არის გაწერილი ხანდაზმულობის ვადა. თუმცა საყურადღებოა, რომ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) შესახებ ინფორმაცია (დოკუმენტები), აგრეთვე კლიენტის ანგარიშის შესახებ დოკუმენტაცია, საქმიანი კორესპონდენცია ჩანაწერები მატერიალური ან ელექტრონული ფორმით შეინახოს კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის დღიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში. თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანო ან სხვა კომპეტენტური ორგანო უფრო მეტი ვადით შენახვას არ მოითხოვს. შესაბამისად, დასადგენია თუ კონკრეტული კლიენტის შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია შესაძლებელია 6 წლის შემდგომ წაიშალოს (კლიენტთან უერთიერთობის შეწყვეტიდან), რამდენად იქნება შესაძლებელი კონკრეტულ ქმედებებთან დაკავშირებით ამ ვადის გასვლის შემდგომ წამოჭრილ კითხვებზე დასაბუთებული პასუხის გაცემა და მიზანშეწონილია თუ არა ასეთი ვითარების დადგომის დასაშვებობა. ასევე, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად „კომერციული ბანკი ვალდებულია კლიენტების, მათ მიერ და მათ ანგარიშებზე განხორციელებული ნებისმიერი ოპერაციის შესახებ ინფორმაცია ელექტრონული ფორმით შეინახოს არანაკლებ 15 წლის განმავლობაში.“ მოცემული ჩანაწერი მოიცავს მხოლოდ კლიენტის საბანკო ამონაწერების ელექტრონული ფორმით შენახვის ვალდებულებას. აღნიშნული ვალდებულება არ ეხება კლიენტის შესახებ დოკუმენტაციას, გარიგების დეტალებს, კომიტეტის ოქმს და ასე შემდეგ. ასევე ანალოგიის სახით საყურადღებოა საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც „გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“ ხოლო, ამავე კანონის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.“. ამასთან, ხანდაზმულობა სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვრცელდება ყველა სახის ურთიერთობაზე გარდა პირადი არაქონებრივი უფლებებისა და მეანაბრეთა მოთხოვნებზე ბანკსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში შეტანილი ანაბრების გამო. არსად საუბარი არ არის საბანკო სფეროში, ზედამხედველის მიერ სანქციის გამოყენების კუთხით, ხანდაზმულობის „არარსებობასთან“ დაკავშირებით. მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნებში მოქმედი მოდელის შედარებაც. ისრაელის კანონმდებლობის თანახმად უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის პრევენციისა და მონიტორინგის მიზნებისთვის კლიენტებთან და მათ მიერ შესრულებულ ოპერაციებთან დაკავშრებული ინფორმაციის შენახვა ბანკს 7 წლის განმავლობაში ევალება. ავსტრალიაში მოქმედი AML/CTF აქტით განსაზღვრულია მონაცემების შენახვის 7 წლიანი ვადა, ხოლო FATF- ის 2018 წლის რეკომენდაციების მიხედვით საფინანსო ინსიტიტუტს მონაცემების შენახვა არანაკლებ 5 წლის განმავლობაში ევალება. ეროვნული ბანკის მხრიდან ჯარიმის დაკისრებისას აუცილებელია ადმინისტრაციულ სამართალში მოქმედი ზოგადი პრინციპების გათვალისწინება. რადგან შესაძლებელია 20 წლის წინანდელ ქმედებაზე, რომლის შესახებაც კომერციულ ბანკს დოკუმენტაციის, მათ შორის ელექტრონული ფორმითაც კი შენახვის ვალდებულებაც არ გააჩნია, ეროვნული ბანკის მხრიდან განხორციელდეს სანქციის დაკისრება. აღსანიშნავია ისრაელის კანონმდებლობაში ფულადი ჯარიმების დაკისრების შემთხვევაში გამოყენებული „administrative delay doctrine“, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამართალდარღვევაზე რეაგირება უნდა იყოს შესაბამის ვადებში დროის არამიზანშეწონილი გადაცილების გარეშე. თუკი სახეზეა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვევაზე არამიზანშეწონილად დაგვიანებული რეაგირება ეს წარმოადგენს სანქციის შემცირების ან გაუქმების საფუძველს. 30-ე მუხლის მე-42 პუნქტის შემდეგ ემატება „43“ პუნქტი. საბანკო რეგულაცია არ ითვალისწინებს შემამსუბუქებელი გარემოებების არსებობას და შესაბამისად, სანქციის ან ჯარიმის შემცირების ან/და გათავისუფლების შესაძლებლობას. შედეგად, მარეგულირებლის ნებაც, რომ არსებობდეს და მიაჩნდეს რომ ბანკის/ადმინისტრატორის მიერ „განზრახვის“ გარეშე ან/და „შეცდომით“ განხორციელდა გარკვეული მოთხოვნების დარღვევა მარეგურირებელი ვალდებულია გამოიყენოს ბრძანებით პირდაპირ გაწერილი სანქცია. შემამსუბუქებელი გარემოებების არსებობა გათვალისწინებულია, როგორც სამოქალაქო, ადმინსტრაციულ ასევე, სისხლის სამართლის სფეროში. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი 33-ე მუხლის თანახმად: „სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.“ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 331-ე მუხლის თანახმად გაწერილია პირის სრულად ან ნაწილობრივ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდების კონკრეტული საფუძვლები. შედეგად სანქციის ოდენობა შესაძლებელია შემცირდეს 100%, 50% ან 20%-ით. „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად: „სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.“ ამავე კანონის 54-ე მუხლის თანახმად: „თუ დანაშაულის ჩადენის შემდეგ დამნაშავე გამოცხადდა ბრალის აღიარებით, აქტიურად შეუწყო ხელი დანაშაულის გახსნას და არ არსებობს დამამძიმებელი გარემოებანი, სასჯელის ვადა ან ზომა არ უნდა აღემატებოდეს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური ვადის ან ზომის სამ მეოთხედს.“ სამართლის სისტემური ხასიათიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია პარალელი გავავლოთ სამართლის სხვადასხვა დარგში პასუხისმგებლობის დადგომის, განსაზღვრისა და დაწესების საკითხებთან. თანამედროვე სამართალი წარმოადგენს აქსიოლოგიურ სისტემას, რომლის სათავეში მთავარი ღირებულება - სამართლის იდეა დგას. თუკი ვხედავთ, შემამსუბუქებელი გარემოებების არსებობას პასუხისმგებლობის განსაზღვრის საკითხში, როგორც სისხლისსამართლებრივ, სამოქალაქოსამართლებრივ ურთიერთობებში, ასევე იდენტური აღინიშნება ევროკავშირისა და ადგილობრივი კონკურენციის სამართლის დარგში, შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინება დამახასიათებელია ნებისმიერი სამართლის სიტემისთვის. ევროპაში მოქმედი „ბაზრის ბოროტად გამოყენების შესახებ“ რეგულაციები (Market Abuse regulation Regulation n. 596/2014 of 16 april 2014) აწესებს პასუხისმგებლობის დადგენის საკითხში რამდენიმე კრიტერიუმის განსაზღვრის აუცილებლობას, კერძოდ, დარღვევის ხანგრძლივობასა და სერიოზულობას, ადმინისტრაციული სანქციის პრევენციული ხასიათის ეფექტურობასა და შემამსუბუქებელ გარემოებად განიხილება უფლებამოსილ ორგანოსთან მხარის თანამშრომლობა. ასევე, ისრაელის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ჯარიმების დეტალურ კლასიფიკაციას, არამედ საერთაშორისო დონეზე მოქმედი პრინციპის თანახმად განსაზღვრავს თანხის ზღვრულ ოდენობას და მისი შეფარდება და ზომა გამომდინარეობს შემთხვევის ინდივიდუალური და დეტალური შესწავლიდან. უარყოფილია დასჯადი ქმედებების შაბლონური ჩამონათვალით ხელმძღვანელობა სანქციის დაკისრების დროს. ისრაელში მოქმედი ფულის გათეთრების აკრძალვის შესახებ კანონის (The Prohibition of Money Laundering Law- 2000) მე-11 მუხლით გათვალისწინებულია ჯარიმის განსაზღვრის დროს მისაღები შემამსუბუქებელი გარემოებები, როგორიცაა საზედამხედველო ორგანოებთან თანამშრომლობა, პირველი ფაქტი დარღვევის და ა.შ. ამავე კანონის მე-9 მუხლში ჩამოთვლილია ის კრიტერიუმები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოს საზედამხედველო ორგანომ სანქციის ზომის განსაზღვრისას KYC მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაშიც, რომლებიც საკვანძო შემოსავლების ლეგალიზაციის კუთხით. ეს მნიშვნელობის მატარებელია უკანონო კრიტერიუმები მოიცავს დარღვევის განგრძობადობის ანალიზს, გამოწვეული შედეგის სიმძიმესა და მასშტაბს, დამრღვევის თანამშრომლობა უფლებამოსილ ორგანოებთან და მის მიერ აღნიშნული დარღვევის პრევენციისთვის გამოყენებული ღონისძიებების შეფასებას, რაც აისახება თანხის ოდენობაზე. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სებ-ს არ აქვს დისკრეცია შეამციროს ჯარიმის ოდენობა, არც თანხის განსაზღვრის კრიტერიუმებია ასახული. აღსანიშნავია, რომ ყოველი სანქციის დაკისრებას წინ უძღვის კანონის ნორმებით გამოწვეული ზიანის შეფასება და მისი მნიშვნელობა, რისთვისაც აუცილებელია ამ კრიტერიუმების დადგენა, რასაც ვერ ვხვდებით სებ-ის რეგულაციებში. HM Treasury-ს ფინანსური სანქციების დარღვევასთან დაკავშირებით ფულადი ჯარიმების განსაზღვრის გზამკვლევში ასახულია ასევე ჯარიმის თანხის ზღვრული ოდენობა, მისი განსაზღვრის კრიტერიუმები და შემამსუბუქებელი გარემოებები, რომლებიც მსგავსია ზემოთ მოყვანილ მაგალითებში სხვა ქვეყნებში მოქმედი ნორმების. შესამჩნევია მსგავსება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასთან ბრძოლის საშუალებების, მეთოდების შერჩევაში და საკანონმდებლო რეგულაციებში მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა სამართლებრივი სისტემების ქვეყნების კანონმდებლობის დებულებებში, რაც მიგვანიშნებს საერთაშორისო დონეზე არსებულ სტანდარტზე და ამ პრობლემის გადაჭრის შემუშავებულ უნიფიცირებულ მიდგომაზე, რომელიც განსხვავდება საქართველოში მოქმედი მიდგომისგან. სანქციის გამოყენების/დაკისრების დროს ეროვნული ბანკის მიერ არ ხდება სათანადო მოკვლევა/შეფასება, არ არსებობს შესაბამისი დარღვევის შესწავლის პროცესი, რომლითაც დადგინდება კომერციული ბანკის მიერ ბრძანებით გათვალისწინებული დარღვევის შედეგად დამდგარი ზიანის სიმძიმე, განზარხვა, კომერციული ბანკის მიერ ზედამხედველთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინება ან/და სანქცირებადი ქმედების აღსაკვეთად კომერციული ბანკის მიერ მიღებული ზომების განსაზღვრა, რაც ცალსახად ეწინააღმდეგება კომერციული ბანკების საქმიანობის 30-ე მუხლის მე-4 ნაწილს, რომლიც თანახმად: „სანქცია უნდა შეესაბამებოდეს დარღვევის სერიოზულობას ან/და კომერციული ბანკის აქტივებისათვის მიყენებულ ზარალს ან შესაძლო საფრთხეს.“ ზოგადად, ზედამხედველობის განხორციელება არ უნდა გულისხმობდეს შეუზღუდავ, დისკრეციულ უფლებამოსილებებს, რომელზეც არ ვრცელდება ზოგადი სამართლიანობის პრინციპები. ამასთან, დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების დროსაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაიცვას საჯარო და კერძო ინტერესები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: ცვლილება შედის 30-ე მუხლის მე-4 ნაწილში, რის მიხედვითაც რეგულირდება სანქციის შესაბამისობა დარღვევასთან. 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ ემატბა „41“ პუნქტი, რომელიც გულისხმობს სანქციის გამოყენებისას მიზნის, შესაფერისობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის დადგენას. 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ ემატება „4 პუნქტი და გულისხმობს ეროვნული ბანკის სანქციისგან გათავისუფლების საფუძველის დადგენას. 30-ე 1 2“ მუხლის მე-42 პუნქტის შემდეგ ემატება „43“ პუნქტი, რომელიც სანქციის შემსუბუქებას ეხება და ეროვნულ ბანკს აძლევს შესაძლებლობას არ გამოიყენოს სანქციის დაწესების დისკრეცია სრული სიმკაცრით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): წარმოდგენილ კანონპროექტზე განმარტებითი ბარათის აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე, რადგან დღეს მარეგულირებელ ორგანოს აქვს უფლებამოსილება გამოიყენოს არათანაბარი, არამართლზომიერი და სხვა ტიპის უსამართლო ქმედებები ბაზარზე მოქმედი მოთამაშეების წინააღმდეგ. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ასეთი არ არსებობს ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო; კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტი გავლენას მოახდენს საახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე როგორც 2019 წელს, ასევე მომდევნო საშუალოვადიან პერიოდში. კერძოდ, ცვლილების შემდეგ დაუშვებელი იქნება ერთიდაიგივე დარღვევისთვის ორჯერ სანქციის დაკისრება კომერციული ბანკებისთვის. ასევე, ეროვნული ბანკის სანქციისგან გათავისუფლების საფუძველს ცვლილების შემდეგ წარმოადგენს დარღვევის ხანდაზმულობა. ხანდაზმულობის ვადა დარღვევის ჩადენიდან შეადგენს 6 წელს. კანონპროექტის მიხედვით ასევე, ეროვნულ ბანკს უფლებამოსილება ენიჭება სანქციის განსაზღვრის დროს კომერციული ბანკი, მისი ადმინისტრატორები და მაკონტროლებელი პირები ნაწილობრივ ან სრულად გაათავისუფლოს სანქციის დაკისრებისაგან თუ სახეზეა ერთი ან რამდენიმე შემამსუბუქებელი გარემოება. შესაბამისად, კონკრეტული საბიუჯეტო დანაკლისი დამოკიდებული იქნება სანქციების რაოდენობაზე და მათი დაკისრების სიმკაცრეზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; კანონპროექტი არ იწვევს ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; კანონპროექტს დადებითი ფინანსური გავლენა ექნება კომერციულ ბანკებზე. ისინი აღარ დაჯარიმდებიან ერთიდაიგივე დარღვევაზე რამდენჯერმე და გათავისუფლდებიან სანქცისგან დარღვევის ხანდაზმულობის შესაბამისად. ნაწილობრივ ან სრულად გათავისუფლებდიან სანქციისგან ერთი ან რამდენიმე შემამსუბუქებელი გარემობის არსებობის შემთხვევაში. კონკრეტული ფინანსური გავლენა დამოკიდებულია სანქციების რაოდენობაზე და მათ სიმკაცრეზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.ბ) პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: - ზურაბ ჭიაბერაშვილი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: - ზურაბ ჭიაბერაშვილი