„საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციის თაობაზე“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
19.04.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: სერგი კაპანაძე, გიორგი კანდელაკი
ნომერი
#07-3/330/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-30
ბიუროს ნომერი 254

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციის თაობაზე ვინაიდან რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო სამხედრო ოკუპაციას; ვინაიდან რუსეთის ფედერაცია უარს აცხადებს შეასრულოს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება; კერძოდ, უკან დახიოს საკუთარი შეიარაღებული ძალები ომამდელ პოზიციებზე და დაუშვას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საკუთარი მანდატით განსაზღვრულ არეალში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე; ვინაიდან რუსეთის ფედერაცია კვლავაც გამოირჩევა დესტრუქციული მიდგომით ჟენევის მოლაპარაკებებზე, განსაკუთრებით საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმებისა და ეთნიკური წმენდის შედეგების აღმოფხვრის საკითხებზე; ვინაიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული საერთაშორისოდ აღიარებული ეთნიკური წმენდის შედეგების აღმოფხვრა - დევნილთა ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნება და მათი საკუთრების უფლებების აღდგენა - და, ასევე, სრული დეოკუპაცია საქართველოს სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტებია; ვინაიდან ეთნიკური წმენდის შედეგების ნებისმიერი ფორმით ლეგიტიმაცია და განმტკიცება - მათ შორის ეთნიკური წმენდის მსხვერპლთათვის წართმეული უძრავი ქონების დასავლური კომპანიების მიერ გაქირავება - საქართველოს სახელმწიფოსთვის კატეგორიულად მიუღებელია. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი: მოუწოდებს საქართველოს მთავრობას მიიღოს ყველა ზომა და ჩაატაროს აუცილებელი დიპლომატიური და პოლიტიკური სამუშაო, რათა: 1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნებში; 2. ევროპის კავშირის და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში ასევე შევიდეს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია; 3. ევროპის კავშირმა და აშშ-მ შემოიღონ სანქციები ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
განმარტებითი ბარათი
პროექტი განმარტებითი ბარათი „საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ ა.ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს დადგენილების პროექტი: რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო სამხედრო ოკუპაციას. იგი უარს აცხადებს შეასრულოს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება, კერძოდ, უკან დახიოს საკუთარი შეიარაღებული ძალები ომამდელ პოზიციებზე და დაუშვას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საკუთარი მანდატით განსაზღვრულ არეალში - საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანესი საკითხიდან გამომდინარე და არსებული რეალობის გათვალისწინებით გვიწევს დამატებითი ღონისძიებების გატარება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად დადგენილების პროექტის მიღების აუცილებლობა: პროექტის მიღება განპირობებულია საქართველოს მთავრობისთვის დამატებითი მოწოდების აუცილებლობით მიიღოს ყველა ზომა და ჩაატაროს აუცილებელი დიპლომატიური და პოლიტიკური სამუშაოები. პარლამენტის რეგლამენტის 129-ე მუხლის მიხედვით კი პარლამენტის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ფორმდება დადგენილებით. ამიტომ აუცილებელია აღნიშნული დადგენილების მიღება. ა.ბ) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი შედეგები: პროექტის მიღების შედეგად საქართველოს მთავრობას დაევალება მიიღოს ყველა ზომა და ჩაატაროს აუცილებელი დიპლომატიური და პოლიტიკური სამუშაო, რითაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევა ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნებში. ა.გ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი: დადგენილების პროექტის არსს წარმოადგენს შემდეგი სამი პუნქტი, კერძოდ: 1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანას და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნებში; 2. ევროპის კავშირის და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შეტანას; 3. ევროპის კავშირმა და აშშ-მ სანქციების შემოღებას ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ა.დ) დადგენილების პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): წარმოდგენილ პროექტზე განმარტებითი ბარათის აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება. ა.ე) დადგენილების პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის ინტერესები დღითი დღე ზიანდება პროექტი ძალაში უნდა შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ასეთი არ არსებობს ბ) დადგენილების პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (დადგენილების პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). ბ.ა) დადგენილების პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო; პროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან. ბ.ბ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; პროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; ბ.გ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; პროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, დადგენილების პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; პროექტი არ იწვევს ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; პროექტს არ გააჩნია მოსალოდნელი ფინანსური შედეგები ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ. გ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) დადგენილების პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: პროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) დადგენილების პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) დადგენილების პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.ბ) დადგენილების პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: - სერგი კაპანაძე და გიორგი კანდელაკი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: - სერგი კაპანაძე და გიორგი კანდელაკი