„სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
23.04.2019
ავტორი
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/342/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 93 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-30
ბიუროს ნომერი 254

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 19.06.2007, მუხ. 205) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-8 მუხლს დაემატოს „ი1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ი1. დანაშაულის პრევენციის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ობიექტებისა და მოსამსახურეების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სამართალდარღვევებზე რეაგირების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურის ფორმის ტანსაცმელზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების ტერიტორიის შიდა და გარე პერიმეტრზე, აგრეთვე შენობა-ნაგებობის გარე პერიმეტრზე და შესასვლელებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამონტაჟოს/განათავსოს ავტომატური ფოტო და ვიდეო-აუდიო ტექნიკა, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად, უზრუნველყოს ფოტოგადაღება, ვიდეო-აუდიო ჩაწერა და ჩაწერის შესახებ შესაბამის პირთა ინფორმირება.“. 2. 24-ე მუხლს დაემატოს მე-2 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 24. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გამოსაცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი 1. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გამოსცეს ინსტრუქცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის საპატრულო სამსახურების საქმიანობის შესახებ. 2. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 2019 წლის პირველ ივლისამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-8 მუხლის „ი1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესის დამტკიცება.“. მუხლი 2. 1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2019 წლის პირველი ივლისიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ობიექტების უსაფრთხოებაზე ზრუნვა და სათანადო ინფრასტრუქტურით თუ ტექნოლოგიური აღჭურვილობით უზრუნველყოფა თავდაცვის სამინისტროს გამართული საქმიანობის წინაპირობაა. თავდაცვის სამინისტროს მიერ 2019 წლისათვის დასახული იქნა თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების ამოცანა, რის მისაღწევადაც დაიგეგმა ცალკეული ხელშემწყობი ლოჯისტიკური ღონისძიება. გარკვეული ინციდენტების და ობიექტების დაცულობის ხარისხის ასამაღლებლად მოწინავე ტექნოლოგიური საშუალებაა ობიექტების შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეოკონტროლი, რაც მინიმუმამდე ამცირებს შესაძლო დარღვევის შემთხვევებს (პრევენციული ფუნქცია), ასევე მნიშვნელოვნად გააადვილებს თვალსაჩინო მტკიცებულებების მოპოვებას და სამართალდარღვევებზე ეფექტიან რეაგირებას (რეაგირების ფუნქცია). კანონპროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს დანაშაულის პრევენცია, სამინისტროს ობიექტებისა და მოსამსახურეების უსაფრთხოების დაცვა და სამართალდარღვევებზე ეფექტიანი რეაგირება. ამ მიზნით, კანონპროექტი ითვალისწინებს სამხედრო პოლიციის საქმიანობის დამატებით ინსტრუმენტს ავტომატურ ფოტოგადაღებას და ვიდეო-აუდიო ჩაწერას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მიღება აუცილებელია იმისათვის, რათა გაიზარდოს სამინისტროს ტექნიკური შესაძლებელობები და უკეთ იყოს ორგანიზებული დანაშაულის პრევენციის, სამინისტროს ობიექტების და მოსამსახურეების უსაფრთხოების დაცვისა და სამართალდარღვევებზე რეაგირების ღონისძიებები. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პროექტის მიღება სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს მიანიჭებს უფლებამოსილებას სამინისტროს მოსამსახურის ფორმის ტანსაცმელზე, სამინისტროს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, თავდაცვის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების ტერიტორიის შიდა და გარე პერიმეტრზე, აგრეთვე შენობა-ნაგებობის გარე პერიმეტრზე და შესასვლელებში დამონტაჟებული/განთავსებული ავტომატური ფოტო და ვიდეო-აუდიო ტექნიკის მეშვეობით, წინასწარ განსაზღვრული კანონიერი მიზნებით განახორციელოს ფოტოგადაღება, ვიდეო-აუდიო ჩაწერა, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება სამართალდარღვევებზე ეფექტური რეაგირება და პრევენცია. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის უსაფრთხების გააუმჯობესებას, აგრეთვე სამხედრო პოლიციის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტი ითვალისწინებს დანაშაულის პრევენციის, სამინისტროს ობიექტებისა და მოსამსახურეების უსაფრთხოების დაცვისა და სამართალდარღვევებზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით, პოლიციისთვის ისეთი დამატებითი უფლებამოსილების მინიჭებას, როგორიცაა - სამინისტროს მოსამსახურის ფორმის ტანსაცმელზე, სამინისტროს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, თავდაცვის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების ტერიტორიის შიდა და გარე პერიმეტრზე, აგრეთვე შენობა-ნაგებობის გარე პერიმეტრზე და შესასვლელებში ავტომატური ფოტო და ვიდეო-აუდიო ტექნიკის დამონტაჟება/განთავსება და ვიდეო-აუდიო ჩაწერა/გადაღება. ფოტო და ვიდეო-აუდიო ჩანაწერების შექმნის, შენახვისა და გამოყენების საკითხები დარეგულირდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნულ წესში გათვალისწინებული იქნება აგრეთვე - აუდიო/ვიდეო მონიტორინგის განხორციელების, მათ შორის გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსების წესი, მონაცემთა დამუშავების ვადა, მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის ზომები, მონაცემებზე წვდომის დონეები, მონაცემებზე არასანქცირებული წვდომის პრევენციის მექანიზმები და სხვ. კანონპროექტი სრულ შესაბამისობაშია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლებთან, ვინაიდან აღნიშნული მუხლების მსგავსად ვიდეოთვალთვალის განხორციელების ლეგიტიმურ საფუძვლებს წარმოადგენს - დანაშაულის თავიდან აცილება, აგრეთვე პირის უსაფრთხოების, საკუთრების და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა. კანონპროექტი არ ეხება სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალის განთავსების საკითხებს, ვინაიდან აღნიშნული დარეგულირებულია - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტისა ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, ხოლო პირველი მუხლის პირველი პუნქტი 2019 წლის 1 ივლისიდან, ვინაიდან 2019 წლის 1 ივლისამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ უნდა განისაზღვროს ფოტო და ვიდეო-აუდიო ჩანაწერების შექმნის, შენახვისა და გამოყენების წესი. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს მის დაჩქარებული წესით განხილვას. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღების შემთხვევაში დაფინანსება მოხდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის 2019 წლის საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში და კანონპროექტის მიღება არ იწვევს დამატებითი ხარჯების გაღებას საქართველოს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გარკვეულ გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, კერძოდ 2019 წელს იგეგმება 10 ერთეული სამხრე ვიდეოკამერის შეძენა, საერთო ღირებულებით - დაახლოებით 5000 ლარი, რაც განხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ასიგნებებიდან. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ღონისძიების განხორციელება არ არის დაკავშირებული ადამიანური რესურსის დამატების საჭიროებასთან. მოცემულ ეტაპზე არ იგეგმება მომდევნო 3 წლის განმავლობაში ანალოგიური ხარჯის გაწევა. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელების (ფულადი შენატანის) შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საქართველოს მიერ დადებულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.