საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის თანმდევი კანონპროექტების პაკეტიდან „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის გამოთხოვის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
30.04.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2/7951/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-01
ბიუროს ნომერი 255

📜 ტექსტი

წერილი
აგრარულ საკითხთა კომიტეტი 2-7951/19 30-04-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 23 აპრილის სხდომაზე განიხილა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი №07-3/294/9 საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მოიცავს „სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონის პროექტს და გამომდინარე კანონპროექტებს. სხდომაზე განხილულ იქნა კომიტეტში წარმოდგენილი შენიშვნები „სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის მე-4 მუხლის მე-3, მე-5 მუხლის მე-2 და მე-10 მუხლის მე-2-მე-3 პუნქტებთან დაკავშირებით. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს ფინანსური ინსტიტუტების (რომელთა დომინანტი პარტნიორი არის უცხოელი ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი) ვალდებულებას გაასხვისონ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკუთრების წარმოშობიდან 2 წლის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქცია. ასევე, მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ კანონის ამოქმედების მომენტისათვის ფინანსური ინსტიტუტის (რომლის დომინანტი პარტნიორი არის უცხოელი ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი) საკუთრების უფლება რეგისტრირებულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, იგი ვალდებულია უზრუნველყოს მისი გასხვისება კანონის ამოქმედებიდან 2 წლის ვადაში. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქცია. კომიტეტმა გაითვალისწინა აღნიშნულთან დაკავშირებით კომიტეტში წარმოდგენილი შენიშვნები და სხდომაზე მხარი დაუჭირა კანონის პროექტიდან იმ ვალდებულების ამოღებას, რაც ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ფინანსური ინსტიტუტების საკუთრების უფლების წარმოშობიდან და, გარდამავალი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კანონის ამოქმედებიდან 2 წლის ვადაში მიწის ნაკვეთის გასხვისებას. აღნიშნულმა გამოიწვია, ამ წესის შესაბამისად შემუშავებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სანქციის ამოღება. ორგანული კანონის პროექტის მე-5 მუხლის მე-2 და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტები ითვალისწინებს მიწის ნაკვეთის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენების ვალდებულებას. კერძოდ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მემკვიდრეობით მიღების შემთხვევაში, უცხოელი ვალდებულია უზრუნველყოს მისი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მან 3 წლის ვადაში უნდა გაასხვისოს იგი. კომიტეტში წარმოდგენილი შენიშვნების თანახმად, აღნიშნული რეგულაციით სახელმწიფო დიფერენცირებულად ეპყრობა უცხო ქვეყნის და საქართველოს მოქალაქეებს მათთვის თანაბრად მნიშვნელოვან სამართლებრივ ურთიერთობაში მოქალაქეობის ნიშნით, რაც აჩენს ნორმის არაკონსტიტუციურობის ეჭვს. ხოლო კანონის პროექტის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის, თუ უცხოელის ან საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის (რომლის დომინანტი პარტნიორი არის უცხოელი ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი) საკუთრების უფლება რეგისტრირებულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, იგი ვალდებულია უზრუნველყოს მისი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება. ვალდებულების ზედიზედ 3 წლის განმავლობაში შეუსრულებლობის შემთხვევაში მათ დაეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქცია. აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოდგენილი შენიშვნების თანახმად, კანონპროექტის მიღებამდე წარმოშობილ უფლებებზე ამავე კანონპროექტით გათვალისწინებული შეზღუდვების უკუძალით გავრცელება წარმოშობს საკუთრების კონსტიტუციური უფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვის რისკს, თავისი უარყოფითი სამართლებრივი შედეგებით. აღნიშნული ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ სამართლებრივი სახელმწიფოს ჩარჩოპრინციპს, კერძოდ, კი სამართლებრივი სტაბილურობის მოთხოვნას. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონის პროექტის მე-5 მუხლის მე-2 და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტებით დადგენილი ვალდებულების ამოღებას. შესაბამისად, აღარ არსებობს ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოს მიერ საჯარო სამართლის იურიდიულ პირისთვის - მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოსთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გამოყენების შესახებ მოთხოვნის შესრულების თაობაზე ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება, ასევე, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით სანქციის დადგენის ვალდებულება. აღნიშნულმა გარემოებამ გამოიწვია, „საქართველოს ორგანულ კანონში - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტით გათვალისწინებული წესისა და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული სანქციის ამოღება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 101-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მოგმართავთ №07-3/294/9 საკანონმდებლო პაკეტიდან „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და „საქართველოს ორგანულ კანონში - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის გამოთხოვის თაობაზე. დანართის სახით წარმოგიდგენთ ამონაწერს აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2019 წლის 23 აპრილის სხდომის ოქმიდან. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ოთარი დანელია