საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა პოლიტიკური გაერთიანების „კანონი და სამართალი“ (თამარ ჩარკვიანი) მიერ წარმოდგენილ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“ (N1-6593/19; 02/04/2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით.
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-29
ბიუროს ნომერი 264 (შესვენებაზე)
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-10043/19
29-05-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: პოლიტიკური გაერთიანება „კანონი და სამართალის“
თავმჯდომარეს ქალბატონ თამარ ჩარკვიანს
მის.: 26 მაისის მოედანი, N1
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 27 მაისის სხდომაზე განიხილა
პოლიტიკური გაერთიანება „კანონი და სამართალის“ (თამარ ჩარკვიანი) მიერ წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1–6593/19; 02.04.2019).
I.
საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია ცვლილება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის თანახმადაც, დასჯადად ცხადდება
ნეპოტიზმი. კერძოდ, მოქმედ რედაქციას ემატება ახალი მუხლი, რომელიც
სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს სახელმწიფო სამსახურში ან
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, მათ შორის საჯარო სამართლის
იურიდიულ პირებში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), სახელმწიფო
ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ან/და თანამდებობის პირების მიერ
შექმნილ არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირებში, სახელმწიფო ან
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ
დაწესებულებებში კონკრეტული ფიზიკური პირისთვის (პირებისთვის) დასაქმების მიზნით
საკონკურსო კრიტერიუმების განზრახ დარღვევის ან/და მორგების ან რაიმე სხვა
არამართლზომიერი უპირატესობის მინიჭებისა და უკანონო ლობირებისათვის. ამასთან,
ცვლილების მიხედვით, ნეპოტიზმი სახეზეა, თუ უკანონო ლობირებასა და პირობების
განზრახ შექმნას შედეგად მოჰყვა პირის (პირების) დასაქმება.
II.
კომიტეტის შეფასება
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება არ უნდა იქნეს მხარდაჭერილი შემდეგ
გარემოებათა გამო:
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
1. საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული ცვლილება არ წარმოადგენს
სიახლეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისათვის. აქ, უპირველეს ყოვლისა,
იგულისხმება ის გარემოება, რომ ნეპოტიზმის, როგორც კორუფციის ერთგვარი
გამოვლინების, ქმედების შემადგენლობას უკვე მოიცავს სისხლის სამართლის კოდექსის
XXXIX თავით გათვალისწინებული სამოხელეო დანაშაულები (სამსახურებრივი
უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და უფლებამოსილების გადამეტება). ამდენად,
საკანონმდებლო წინადადების განმარტებით ბარათში დასახული მიზანი - ნეპოტიზმის
კრიმინალიზება და ამ კუთხით კორუფციის პრევენცია საკანონმდებლო რეგულაციების
დონეზე მიღწეულია სისხლის სამართლის კოდექსის 332-333-ე მუხლებით. შესაბამისად,
დაუსაბუთებელია წინამდებარე ცვლილების განხორციელების აუცილებლობა.
2. წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ხარვეზიანია საკანონმდებლო
ტექნიკის თვალსაზრისითაც. კერძოდ, ცვლილების თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსს
ემატება 336-ე მუხლი. უნდა აღნიშნოს, რომ მოქმედი რედაქციით 336-ე მუხლი ამოღებულია.
შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება 336-ე მუხლში შეუძლებელია.
დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით
პოლიტიკური გაერთიანება „კანონი და სამართალის“ (თამარ ჩარკვიანი) მიერ წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი