საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქე ლეონიდ ჩერნოვეცკის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (N1-3602/19; 26/02/2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით.

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
29.05.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-10044/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-29
ბიუროს ნომერი 264 (შესვენებაზე)

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-10044/19 29-05-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: მოქალაქე ლეონიდ ჩერნოვეცკის კანონიერ წარმომადგენელს მაკა კვირტიას, ტელ.: 558 234 040 საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 27 მაისის სხდომაზე განიხილა მოქალაქე ლეონიდ ჩერნოვეცკის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (1-3602/19). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება მიზნად ისახავს ცვლილებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლსა (,,უკანონო თევზჭერა“) და მთავრობის №403 დადგენილებაში, რომელიც ეხება ,,თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკურ რეგლამენტს“. საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგებას საჭიროებს თევზჭერა და მასთან დაკავშირებული მთელი რიგი მოქმედება. საკანონმდებლო წინადადების ავტორის მოსაზრებით, თევზსარეწი ტრალით თევზჭერა იწვევს ეკოლოგიურ პრობლემებს, ნადგურდება ზღვის ცოცხალი ორგანიზმები; ამავდროულად, მოქმედი საკანონმდებლო რეგულაცია წარმოადგენს ხელის შემშლელ ფაქტორს მოსახლეობის იმ ნაწილისათვის, რომლისთვისაც სანაპირო თევზჭერა შემოსავლის ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს. ამდენად, განსახილველი საკანონმდებლო წინადადება სისხლის სამართლის წესით დასჯადად აცხადებს ტრალით თევზჭერას და ითვალისწინებს შესაბამის ცვლილებებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მე-2 ნაწილში, სადაც ჩამოთვლილია იმ ქმედებათა შემადგენლობა, რომელთა განხორციელებაც მართლსაწინააღმდეგოდ არის აღიარებული. II. კომიტეტის შეფასება თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ტრალით თევზჭერა დაშვებულია ევროპული კანონმდებლობით, თუმცა, ამ კუთხით არსებობს გარკვეული შეზღუდვები და ეს შეზღუდვები განპირობებულია, უპირველეს ყოვლისა, ეკოსისტემის დაცვისა და წყლის ცოცხალი ორგანიზმების გადარჩენის მიზნით. ამდენად, თევზსარეწი ტრალის ნებისმიერი სახეობით თევზჭერის ბლანკეტური აკრძალვა არ გამომდინარეობს საერთაშორისო პრაქტიკიდან. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ტრალით თევჭერის სისხლისსამართლებრივ ქმედებად გამოცხადება ვერ უზრუნველყოფს თავად წინადადებით შემოთავაზებული მიზნების შესრულებას. აღნიშნულის თქმის შესაძლებლობას იძლევა ის გარემოება, რომ ტრალით თევზჭერა სამრეწველო თევზჭერას წარმოადგენს, რომელიც ზღვის ნაპირიდან არანაკლებ 300 მეტრის დაშორებით უნდა განხორციელდეს, ხოლო სანაპირო თევზჭერა, რომელიც ზღვისპირა მოსახლეობის შემოსავლის წყაროა, იგი ზღვის ნაპირიდან არაუმეტეს 300 მეტრის დაშორებით არის ნებადართული. შესაბამისად, გამოირიცხება საკანონმდებლო წინადადებით დასმული პრობლემა - ეკონომიკური ზარალის მიყენების შესაძლებლობა სანაპირო თევზჭერით დასაქმებული მოსახლეობისათვის. ამდენად, არ არსებობს საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული აკრძალვის (ტრალით თევზჭერისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესების) აუცილებლობა, რაც სისხლის სამართლის, როგორც „ultima ratio-ს“ ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. გარდა ამისა, უნდა აღნიშნოს, რომ წინამდებარე საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია ცვლილება მთავრობის დადგენილებაში, რომელიც წარმოადგენს მთავრობის სამართლებრივ აქტს და რომლის გამოცემის უფლებამოსილებაც ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, მხოლოდ საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებას განეკუთვნება. აქედან გამომდინარე, წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებსა და სამართლებრივ პრინციპებს. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით მოქალაქე ლეონიდ ჩერნოვეცკის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება (13602/19/9) „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი