„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
29.05.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ოთარ დანელია
ნომერი
#07-3/355/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ერთი მოსმენა
✓ 97 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-03
ბიუროს ნომერი 267

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 17.06.2016, სარეგისტრაციო კოდი: 040150000.05.001.018150) 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ეს კანონი მოქმედებს 2020 წლის 1 იანვრამდე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი; 2016 წლის 31 ივლისს ძალაში შევიდა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი. საკანონმდებლო რეფორმის მიზანს იმ სირთულეების აღმოფხვრა წარმოადგენდა, რომლებსაც მიწის ნაკვეთების მფლობელები საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესში ექმნებოდათ. კანონის თანახმად, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცედურა გამარტივდა, მოიხსნა ის ბიუროკრატიული თუ ფინანსური ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა ამ პროცესში. ამრიგად, მოქმედი კანონი უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებასა და მესაკუთრის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული. ვიანიდან, მიწის პირველადი რეგისტრაციის პროცესი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, კანონპროექტი მიზნად ისახავს 2016 წელს დაწყებული რეფორმით დასახული მიზნის სრულად განხორციელებასა და ამ დროისათვის უკვე აპრობირებული, ქმედითი და ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ხელშეწყობას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა; „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი 2019 წლის 1 ივლისამდე მოქმედებს. კანონის შესაბამისად, მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას ახდენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში - სააგენტო). დაინერგა დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემები მიწის რეგისტრაციის პროცესში ჩართულ ადმინისტრაციულ ორგანოებში (მათ შორის, მუნიციპალიტეტების ორგანოებში). უზრუნველყოფილ იქნა დოკუმენტაციის მარტივად, სწრაფად მიმოცვლა. კანონის ამოქმედებამდე, დაინტერესებული პირი ვალდებული იყო, საკუთარი რესურსით და ხარჯით მოეპოვებინა და მარეგისტრირებელი ორგანოსთვის წარედგინა სრული დოკუმენტაცია, რაც მიწაზე მის საკუთრებას დაადასტურებდა. დოკუმენტებში ხარვეზების არსებობის შემთხვევებში კი, სააგენტო ქონების რეგისტრაციაზე უარს ამბობდა. დოკუმენტების ხელახლა შეგროვება და გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა მიწის მესაკუთრის ვალდებულებას წარმოადგენდა − სხვაგვარად მისი საკუთრება ვერ დარეგისტრირდებოდა. კანონის თანახმად, სააგენტო რეგისტრაციის პროცესს უშუალოდ თვითონ წარმართავს, რაც დაინტერესებული პირებისათვის საკუთრების/სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის, მათ შორის, საარქივო დოკუმენტაციის, მოძიებასაც მოიცავს. მნიშვნელოვანია, რომ მიწის რეგისტრაციის რეფორმის შედეგად გამარტივებული პროცედურების ამოქმედების შემდეგ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას მოქალაქეები სხვადასხვა მომსახურებით უფასოდ სარგებლობენ. კერძოდ, მომსახურების საფასურის გარეშე ხორციელდება შემდეგი სერვისები: დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება, მედიაცია, მათ შორის, სანოტარო მედიაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება, რაც ელექტრონული ნახაზის გარეშე არსებული მონაცემების დაზუსტების მიზნით ცვლილების უფასოდ რეგისტრაციას გულისხმობს. კანონმა მუნიციპალიტეტებიც მთელი რიგი უფლებამოსილებებით აღჭურვა და განსაზღვრა ამ უფლებამოსილების განხორციელების წესი და პირობები, კერძოდ, თუ მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული და ყველა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან გამოთხოვილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საფუძველზე, გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად, ვერ დადგინდება სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა, სააგენტო უფლებამოსილია სარეგისტრაციო პროცესში ჩართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, რომელიც აღჭურვილია უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებული/საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საზღვრით რეგისტრირებული და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენის უფლებამოსილებით. კანონის საფუძველზე, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესი ორ მიმართულებად დაიყო და მიმდინარეობს სპორადული და სისტემური წესით. მიწის რეგისტრაციის მიმდინარე რეფორმამ აჩვენა სპორადული რეგისტრაციის ახლებური წესის დანერგვის მართებულობა. აღნიშნული დასტურდება მოქალაქეთა მაღალი აქტივობით, კერძოდ, რეფორმამდე არსებულ მდგომარეობასთან შედარებით მარეგისტრირებელი ორგანოსათვის მოქალაქეთა მიმართვიანობა გაზრდილია დაახლოებით 400%-ით. რეფორმის დაწყებიდან 2019 წლის მაისის მდგომარეობით უკვე რეგისტრირებულია 661 100-ზე მეტი მიწის ნაკვეთი. ამდენად, მიმდინარე რეფორმის ფარგლებში მიწის სპორადული წესით რეგისტრაციის შედეგად, კანონის ამოქმედებიდან მცირე დროში შეიქმნა 661 100-ზე მეტი მიწის ნაკვეთის დაზუსტებული საკადასტრო მონაცემი, რომელიც დაეფუძნა მაღალი სტანდარტით შესრულებულ აგეგმვით/აზომვით ნახაზებს, ხოლო ამდენივე უძრავი ნივთი მოექცა სამოქალაქო ბრუნვაში. მიწის რეგისტრაციის რეფორმის წარმატებას ადასტურებს მოსახლეობის მაღალი აქტივობა და ჩართულობა სარეგისტრაციო პროცესში. მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით სააგენტოს ყოველდღიურად წარედგინება 1500დან 2000-მდე განცხადება. ცალკეულ დღეებში განცხადებების რაოდენობამ კი დღეში 5000-ს გადააჭარბა. 2019 წლის მაისის მდგომარეობით სააგენტოში 86 400-ზე მეტ განცხადებაზე მიმდინარეობს სარეგისტრაციო წარმოება. ამ განცხადებების ნაწილი, კერძოდ, 27 320-ზე მეტი განცხადება საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით გადაგზავნილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიებში, ხოლო 54 200-ზე მეტ განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში მიმდინარეობს სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან საჭირო დოკუმენტაციის მოძიების პროცესი. კიდევ 4900 - ზე მეტი ახლად წარმოდგენილი განცხადება განხილვის პროცესშია. ამდენად, კანონის მოქმედების ვადის გაგრძელება მნიშვნელოვანია, როგორც მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოებების წარმატებით დასასრულებლად, ასევე დაინტერესებული პირების მაღალი მიმართვიანობიდან გამომდინარე. გარდა ამისა, კანონის მოქმედების ვადის გაგრძელება აქტუალურია იმ ცალკეული სახელმწიფო პროექტების დროულად და შეუფერხებლად განხორციელებისათვის, რომელიც რეგისტრირებული მონაცემების არსებობის ფორმით მიწის მესაკუთრის იდენტიფიცირებას მოითხოვს. ამასთან, კანონის საფუძველზე მიმდინარეობს სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი, რაც მოსახლეობისათვის, წინასწარ განსაზღვრულ არეალებში, სრული სარეგისტრაციო მომსახურების მიწოდებას გულისხმობს. კერძოდ, უშუალოდ სააგენტოს ან მისი კონტრაქტორი კომპანიის მიერ ხდება როგორც დოკუმენტაციის შეგროვება, ასევე აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების წარმოება. დაინტერესებულ პირებს არ უწევთ საცხოვრებელი ადგილის დატოვება და ადგილზე იღებენ სრულ მომსახურებას. კანონის საფუძველზე, საპილოტო პროექტის ფარგლებში ხორციელდება უფლებების სისტემური წესით რეგისტრაცია საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ არეალებში. ამ ეტაპზე სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში საველე ტექნიკური სამუშაოები განხორციელდა ყველა საპილოტო არეალზე (მანგლისი, საგურამო, ჯიმითი, მზისგული, არხილოსკალო, არბოშიკი, სალხინო, ზარიძეები, შუახევი, ვედიდკარი, კარალეთი და ლახამულა), საკადასტრო აგეგმვა/აზომვა შესრულდა 43 000-მდე მიწის ნაკვეთზე. სარეგისტრაციო წარმოება დასრულებულია 20 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთზე. საჯარო გამოცხადების პროცესი დარჩენილია მხოლოდ საგურამოს საპილოტო არეალზე, სადაც მონაცემების გამოქვეყნება იგეგმება 2019 წლის ივნისის თვეში. ხოლო აგეგმილი/აზომილი მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცესი გაგრძელდება 2019 წელსაც. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუხედავად მიწის რეგისტრაციის რეფორმის ეფექტურად მიმდინარეობისა, რომელშიც აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოები, მიწის პირველადი რეგისტრაციის პროცესი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, რაც, კანონის მოქმედების შეზღუდული ვადის გათვალისწინებით, სათანადო რეაგირებას საჭიროებს. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები; უფლების რეგისტრაციის სპეციალური წესი ხელს შეუწყობს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა პირველადი რეგისტრაციის პროცესის დასრულებას და უზრუნველყოფს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო მონაცემების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას. მიწაზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის განხორციელებას ექნება ძლიერი ეფექტი, რაც დიდ სარგებელს მოუტანს როგორც საზოგადოებას, ისე სახელმწიფოს, ხელს შეუწყობს კერძო მესაკუთრის კეთილდღეობას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას. სათანადოდ შევსებული სარეგისტრაციო და საკადასტრო მონაცემთა ბაზა იქნება მიწის ეფექტურად მართვის, კერძოდ კი, მიწაზე საკუთრების უფლების დაცვის, მიწათსარგებლობის პოლიტიკის, სახელმწიფო საპრივატიზაციო საქმიანობისა და მიწის ბაზრის განვითარების საფუძველი. გარდა ზემოაღნიშნულისა, რეფორმის გაგრძელება ეფექტიანი სახელმწიფო მმართველობის კუთხითაც მნიშვნელოვანი იქნება. მიწის ნაკვეთების პირველადი რეგისტრაციის დასრულება შესაძლებლობას მისცემს საქართველოს მთავრობას, შეიმუშაოს სოციალური პროექტები, მიწის ადმინისტრირებისა და მიწათსარგებლობის ეფექტიანი პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს უწყვეტ ეკონომიკურ ზრდას სოფლის მეურნეობისა და აგრობიზნესის სექტორებში; რეფორმის გაგრძელება საქართველოს მთავრობას ასევე მისცემს შესაძლებლობას, ეფექტიანად მართოს და მოუაროს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურას, რაც საგრძნობლად შეუწყობს ხელს სოფლის მეურნეობის მოსავლიანობას. მიწების რეგისტრაცია ასევე ხელს შეუწყობს არსებული ბუნებრივი რესურსების ბაზისა და დაცული ტერიტორიების დაცვასა და შენახვას. პირველადი რეგისტრაციის დასრულებით საქართველოს მთავრობას მიეცემა თანმიმდევრული საგადასახადო პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა, რომელიც მიწის რეალურ მესაკუთრეებზე იქნება ორიენტირებული. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი; კანონპროექტის შესაბამისად, კანონის მოქმედების ვადა 2020 წლის 1 იანვრამდე გრძელდება, რაც ქმნის იმის საფუძველს, რომ გაგრძელდეს მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში სისტემური და სპორადული წესით მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესი, ამავე კანონით დადგენილი სპეციალური წესისა და შეღავათების გათვალისწინებით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში); აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება წინამდებარე კანონპროექტის მიმართ. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; 2020 წლის 1 იანვრის კონკრეტული თარიღი შერჩეულია იმ მიზეზით, რომ რეფორმის განმახორციელებელი უწყების - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, არსებობს ამ პერიოდისათვის საკმარისი ფინანსური რესურსი კანონის მოქმედების ამ ვადით გასაგრძელებლად. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); კანონის პროექტის ინიციატორი არ ითხოვს დაჩქარებული წესით განხილვას. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). მასში აღინიშნება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო; კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყაროებია სახელმწიფო ბიუჯეტი, სააგენტოს საკუთარი სახსრები და მსოფლიო ბანკის კრედიტი („ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ (WB), მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტი). ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სააგენტოს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. სააგენტოს მიერ მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში სპორადული რეგისტრაციის მიზნებისთვის სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივიდან დოკუმენტაციის/ინფორმაციის გამოთხოვისათვის გასაწევი მომსახურების საფასური, 2019 წლის მაისის თვის ჩათვლით (ბოლო 5 თვის მონაცემების მიხედვით), ყოველთვიურად შეადგენს დაახლოებით 50 000 ლარამდე. შესაბამისად, კანონის მოქმედების 6 თვით გახანგრძლივების შემთხვევაში დოკუმენტაციის გამოთხოვისა და სისტემატიზაციის მიზნით სააგენტოს მიერ კვლავინდებურად გადასახდელი იქნება საქართველოს ეროვნული არქივის მომსახურების საფასური. მიმდინარე მიწის რეფორმის მიმართ მოქალაქეთა მზარდმა ინტერესმა, რომელმაც განცხადებების რაოდენობის მატება გამოიწვია, აუცილებელი გახადა რეგისტრატორთა და კადასტრის სპეციალისტთა რაოდენობის გაზრდა. სააგენტომ ეტაპობრივად უზრუნველყო როგორც შიდა რესურსის მობილიზება, ისე ახალი თანამშრომლების აყვანა. სააგენტოში მანამდე არსებული სხვადასხვა პროექტის დასრულების/კორექტირების შედეგად გამოთავისუფლებული ადამიანური რესურსი (დაახლოებით 90 თანამშრომელი) გადამზადდა და ეტაპობრივად ჩაერთო რეგისტრაციის პროცესში, ხოლო 2017 წლის აგვისტო-ოქტომბრის თვეში საჯარო რეესტრის მიერ კონკურსის წესით აყვანილ იქნა 148 ახალი თანამშრომელი. შესაბამისად, კანონის მოქმედების ვადის გახანგრძლივების შედეგად, სააგენტომ უნდა შეინარჩუნოს მიწის რეგისტრაციის რეფორმის მიზნებისთვის დამატებით მობილიზებული ადამიანური რესურსი, კერძოდ, 238 თანამშრომელი. მათი ხელფასის ანაზღაურების მიზნით, სააგენტოს მიერ გასაწევი ხარჯი იქნება დაახლოებით 1 804 320 ლარი. მიმდინარე სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფინანსური უზრუნველყოფა მოხდება „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ (WB) განხორციელების მიზნით მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს სახელმწიფოსათვის გამოყოფილი სესხით (ხელშეკრულება რატიფიცირებულ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ 2014 წლის 12 დეკემბრის N2957-Iს დადგენილებით), რომლის ფარგლებშიც მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტის ბიუჯეტი, ხელშეკრულების მიხედვით, დაახლოებით 2 405 900 აშშ დოლარს შეადგენს. ამ თანხით ფინანსდება პილოტური პროექტის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოები. კანონპროექტით მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ახორციელებს გარკვეულ უფლებამოსილებას, რომელიც მუნიციპალიტეტზე სახელმწიფოს მიერ არის დელეგირებული. ვინაიდან წლიური საბიუჯეტო კანონით მუნიციპალიტეტებს გამოეყოფათ მიზნობრივი ტრანსფერი, კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ასიგნებების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; კანონპროექტის მიღებით ყველა იმ პირს, რომელიც სარგებლობს კანონით გათვალისწინებული შეღავათებით (მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ყველა სახის საჯარო მომსახურების უსასყიდლოდ და გამარტივებული წესით მიღება), 2020 წლის 1 იანვრამდე კვლავ ექნება ამ შეღავათებით სარგებლობის შესაძლებლობა. ამასთან, კანონის მოქმედების ვადის გახანგრძლივების შედეგად, მიწის რეგისტრაციის რეფორმის მიზნებისთვის დამატებით მობილიზებულ თანამშრომლებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა გააგრძელონ უფლებამოსილების შესრულება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადს ან მოსაკრებელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტის არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება საქართველოს რომელიმე ორმხრივ ხელშეკრულებას და შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორის ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და მის მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი; კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრი ოთარ დანელია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი. კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი ოთარ დანელია.