საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ბექა ოდიშარიას მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დელეგაციის (ბექა ოდიშარია, გელა სამხარაული, ირმა ნადირაშვილი, ფატი ხალვაში) 2019 წლის 28-30 მაისს საბერძნეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-05
ბიუროს ნომერი 268
📜 ტექსტი
წერილი
დიასპორისა და კავკასიის
საკითხთა კომიტეტი
2-10547/19
05-06-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის მე-3 პუნქტის
შესაბამისად,
წარმოგიდგენთ,
მიმდინარე
წლის
28-30
მაისს,
საბერძნეთის
რესპუბლიკაში განხორციელებული ვიზიტისა და იქ გაწეული მუშაობის შედეგების
შესახებ ანგარიშს.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ბექა ოდიშარია
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საბერძნეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სამუშაო ვიზიტის
ა ნ გ ა რ ი შ ი
2019 წლის 28-30 მაისს, საქართველოს საელჩოს მიწვევით, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით ვიმყოფებოდი საბერძნეთის რესპუბლიკაში.
(დელეგაციის შემადგენლობა: გელა სამხარაული - საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ირმა ნადირაშვილი - დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ფატი ხალვაში - დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი).
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებთან ერთად, მონაწილეობა მივიღე საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გამართულ არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებაში, კერძოდ:
29 მაისს, მქონდა შეხვედრა საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტის საბერძნეთი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებთან და ეროვნული თავდაცვისა და საერთაშორისო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარესთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და საბერძნეთის ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავების საქმეში საპარლამენტო დიპლომატიას მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია. ხაზი გაესვა მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფების, ასევე შესაბამისი კომიტეტების რეგულარული შეხვედრების მნიშვნელობას. საგანგებოდ იქნა განხილული საბერძნეთში ქართული დიასპორისათვის მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის ქართველ ემიგრანტთა ლეგალიზაციისა და ორ ქვეყანას შორის შრომითი მიგრაციის რეგულირების თემები.
აღსანიშნავია, რომ ბერძნულმა მხარემ გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა.
შეხვედრაზე გამოიკვეთა მხარეთა პოზიციების სრული თანხვედრა საერთაშორისო სამართლის ნორმების განუხრელად დაცვის კუთხით. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის საუკეთესო პოლიტიკურ ურთიერთობებს და აღინიშნა ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროში პოზიტიური ტენდენციების შენარჩუნების აუცილებლობა.
30 მაისს, დავესწარი ქ. ათენში, საბერძნეთის რესპუბლიკის მასშტაბით, პირველ ქართულ დიასპორულ კონფერენციას, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საბერძნეთის სხვადასხვა რეგიონში მოქმედმა 45 - მა ქართულმა დიასპორულმა ორგანიზაციამ.
კონფერენციის მუშაობაში, გარდა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციისა, მონაწილეობდნენ საქართველო-საბერძნეთის მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის წევრები და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.
კონფერენცია წარიმართა 3 პანელად და მოიცვა ისეთი აქტუალური დიასპორული საკითხები, როგორებიცაა: ქართველ ემიგრანტთა უფლებების დაცვა, ურთიერთობა საქართველოს საელჩოს სამსახურებთან, ვიზალიბერალიზაცია და არსებული გამოწვევები; ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების პრობლემა და სხვა.
30 მაისს, ქ. ათენის ისტორიულ-კულტურული ღირსშესანიშნაობის - „Zappeion Megaron”- ს ცენტრალურ სივრცეში, გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და ქართული პარლამენტარიზმის 100 წლისთავის აღსანიშნავი ოფიციალურ მიღება და ქართული ფოლკლორის კონცერტი.
როგორც, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ღონისძიების გახსნისას, ყურადღება გავამახვილე ქართული დიასპორის, როგორც უმნიშვნელოვანესი რესურსის როლზე საქართველო-საბერძნეთის ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაში. ხაზგასმით აღვნიშნე საქართველოსა და საბერძნეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებს შორის თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა ქართველი ემიგრანტების უფლებების დაცვის კუთხით.
დამსწრე აუდიტორიას ასევე სიტყვით მიმართეს: საქართველოს ელჩმა საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში, იოსებ ნანობაშვილმა, საბერძნეთის კულტურის მინისტრმა მერსინი ზორბამ და საბერძნეთის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ გიორგოს აკრიოტისმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საბერძნეთის მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ქ. ათენში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საბერძნეთის სახალხო დამცველი, საბერძნეთისა და საქართველოს სასულიერო პირები, ბერძნული ბიზნესისა და კულტურის გამოჩენილი წარმომადგენლები, ქართული დიასპორული ორგანიზაციები და მაღალი რანგის სხვა ოფიციალური სტუმრები.
ვიზიტის შედეგების ქართულ მხარესთან (საგარეო საქმეთა სამინისტრო) შეჯამებისას, ხაზი გავუსვი ათენში გამართული ქართული დიასპორული კონფერენციის სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას და მიზანშეწონილად მივიჩნიე მსგავსი ღონისძიებების ჩატარება იმ ქვეყნებში, სადაც მრავლადაა წარმოდგენილი ქართული დიასპორა.