2019 წლის 24-28 ივნისს, საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქ. სტრასბურგში გამართულ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიაზე საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის (სოფიო ქაცარავა, ნინო გოგუაძე, ირინა ფრუიძე, დავით ბაქრაძე, გიორგი კანდელაკი) მივლინების ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
09.07.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
ნომერი
#2-12729/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-02
ბიუროს ნომერი 280

📜 ტექსტი

წერილი
2-12729/19 09-07-2019 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაძეს ქალბატონო ეთერ, მოგახსენებთ, რომ ა.წ. 24-28 ივნისს, საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქ. სტრასბურგში გაიმართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესია, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებმა. გიგზავნით აღნიშნული ვიზიტის ანგარიშს. დანართი: 3 ფურცელი. პატივისცემით, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი თამარ ყოლბაია
ანგარიში
მივლინების ანგარიში მივლინების ადგილი მივლინების თარიღი მივლინების მიზანი ღონისძიების თემა დელეგაციის შემადგენლობა აქტივობები ქალაქი სტრასბურგი, საფრანგეთის რესპუბლიკა 2019 წლის 24-28 ივნისი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2019 წლის, ზაფხულის სესიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება 1. სოფიო ქაცარავა; 2. ნინო გოგუაძე; 3. ირინა ფრუიძე; 4. დავით ბაქრაძე; 5. გიორგი კანდელაკი; 6. ლანა ჩხარტიშვილი, დელეგაციის მდივანი; 7. ალექსანდრე რამიშვილი, დელეგაციის მდივანი. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიაზე მნიშვნელოვანი დებატები გაიმართა საკითხებზე: ქვეყნების უფლებამოსილებები და ხმის უფლება; კანონის უზენაესობა მალტაზე; სტამბოლის კონვენცია; გენდერული თანასწორობა; ძალადობა ბავშვების მიმართ; ფსიქიატრიული მკურნალობის იძულება; სიტუაცია სირიაში; ბორის ნემცოვის მკვლელობა; ევროპის საბჭოს ბიუჯეტი და სხვა. სესიის განმავლობაში ასამბლეამ აირჩია ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი. ასამბლეას სტუმრის სტატუსით წარუდგნენ საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი და პორტუგალიის პრეზიდენტი. ორშაბათი, 24 ივნისი მთავარი თემა იყო ბელგიელი დეპუტატის, ასამბლეის პროცედურების კომიტეტის პეტრა დე სუტერის ანგარიში საპარლამენტო ასამბლეის მიერ უფლებამოსილებებთან და ხმის მიცემის უფლებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესის გაძლიერების შესახებ. რეზოლუციამ რუსეთის ფედერაციას ერთჯერადად მისცა უფლება თავისი უფლებამოსილებები ასამბლეისათვის იანვრის მაგივრად ივნისში წარედგინა და ასევე გააუქმა უფლებამოსილებების შეწინააღმდეგების რეზოლუციებში ისეთი სანქციების ჩადება, რომელიც ზღუდავს კონკრეტული ქვეყნის კენჭისყრებში მონაწილეობის, ან სხვაგვარი წარმომადგენლობის უფლებას. რეზოლუცია მიღებულ იქნა 118 ხმის უმრავლესობით 62 ხმის წინააღმდეგ. დარეგისტრირებული 220 შესწორებიდან ვერც ერთი ვერ შევიდა ძირითად ტექსტში. დეპუტატთა ნაწილი მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა არსებული სანქციების სისტემის შეცვლას შესუსტებას ან გაუქმებას. დებატებზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს დელეგაციის წევრმა, სოფიო ქაცარავამ ასამბლეის წევრებს სთხოვა აღნიშნული საკითხისთვის შეეხედათ იმ ქვეყნების გადმოსახედიდან, რომლებმაც იწვნიეს რუსეთის ზეწოლა და აგრესია. ასობით ათასი ადმიანი იძულებით გადაადგილებულია, ფეხქვეშ ითელება ადამიანის ძირითადი უფლებები, სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე ხდება მავთულხლართების მონტაჟი და ტერიტორიების მიტაცება მეზობელი სახელმწიფოს მიერ. დეპუტატის აზრით, რუსეთს არ შეუსრულებია და არც აპირებს არანაირი რეზოლუციების შესრულებას და ამას ანგარიში უნდა გაეწიოს. დავით ბაქრაძის აზრით თუ ფული და თამაშებია ევროპის საბჭოს მამოძრავებელი მიზანი, მაშინ რეზოლუციის ტექსტი გასაგებია, ხოლო თუ მიზანია ადამიანის უფლებების დაცვა და ევროპული პრინციპების გამყარება, მაშინ რუსეთის დელეგაციის დაბრუნება გაუმართლებელი იქნება. საუბარია იმ ქვეყნის დაბრუნებაზე, რომელიც პასუხისმგებელია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციაზე, ყირიმის ანექსიაზე, დონბასში მიმდინარე ომზე, ადამიანის უფლებების და ევროპული ფასეულობების შეურაცხყოფაზე, გატაცებებზე და მკვლელობებზე. აღნიშნულ დებატებზე გამოსვლისას, დელეგაციის წევრმა ნინო გოგუაძემ ასამბლეის წევრებს შეახსენა, რომ 2014 წლიდან მოყოლებული საპარლამენტო ასამბლეა მყარ პოზიციაზე იდგა, როდესაც რუსეთის ფედერაციის დელეგაციას სანქციები დაუწესა. ეს იყო სწორი გადაწყვეტილება და გზავნილი. დღეს ასამბლეა აბსოლუტურად საპირისპირო პოლუსზეა და ცდილობს ორგანიზაციის წესები მოარგოს აგრესორი ქვეყნის მოთხოვნებს. ასამბლეა ცდილობს უპირობოდ დააბრუნოს რუსეთის დელეგაცია. იქნებ რაიმე მიზეზია ამისთვის? იქნება აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღარაა ოკუპირებული, იქნებ ყირიმი აღარაა ანექსირებული ან იქნებ ასი ათასობით დევნილი დაუბრუნდა თავის საცხოვრებელ ადგილს? იქნებ რუსეთმა შეასრულა ასამბლეის უამრავი რეზოლუცია? სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. დეპუტატის განცხადებით, წევრმა ქვეყნებმა მხარი არ უნდა დაუჭირონ ორგანიზაციის სტანდარტების დაკნინებას. გიორგი კანდელაკმა რეზოლუციაში პირდაპირ დაინახა იმის საფრთხე, რომ ეს არის რუსეთის ფედერაციის პირდაპირი გამოწვევა განახორციელოს კიდევ უფრო მეტი აგრესია. ისინი ამ რეზოლუციას დაინახავენ როგორც პატიებას და მიტევებას. რუსეთს არც ერთი რეზოლუციის მოთხოვნა არ შეუსრულებია. ამას გარდა, რუსეთის გენერალური კონსული სტრასბურგში, ბატონი ლევიცკი საფრანგეთმა გააძევა ევროპის საბჭოში საიდუმლო მოქმედებების მიზეზით. დეპუტატის ცნობით, ამ ადამიანს ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან ჰქონდა შეუზღუდავი წვდომის უფლება. გიორგი კანდელაკმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, თორბიორნ იაგლანდს თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდა. სამშაბათი, 25 ივნისი სამშაბათი დილა დაიწყო რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილებების დამტკიცებით. პროცედურის მიხედვით, დარბაზში უფლებამოსილებების დამტკიცების გაპროტესტებას აკეთებს 30 დეპუტატი - ფეხზე წამოდგომით. გაპროტესტების ინიციატორმა, ნინო გოგუაძემ ასამბლეას შეახსენა, რომ 2016 წლის რეზოლუციის (#2134) მიხედვით, რუსეთის ფედერაციის სანქციები გაუქმდებოდა მხოლოდ მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევის შემდეგ. ჩვენ კი სახეზე ისევ გვაქვს ყირიმის ანექსია, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია. უკრაინელი სამხედროები იმყოფებიან რუსეთის ტყვეობაში. ადამიანის უფლებების სიტუაციის შეფასება ვერ ხორციელდება ყირიმში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში იქ შესვლის შეუძლებლობის გამო და არ სრულდება მინსკის შეთანხმებები. ნინო გოგუაძის გამოსვლის შედეგად რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილებების საკითხის განხილვა ჩაინიშნა მომდევნო დღეს და საკითხი რეზოლუციის მომზადების მიზნით გადაეცა ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტს. ოთხშაბათი, 26 ივნისი შუადღის დებატებზე განხილულ იქნა რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილებების საკითხი. ასამბლეამ დაამტკიცა უფლებამოსილებები ყოველგვარი სანქციის გარეშე. დებატების შემდეგ 7 ქვეყნის დელეგაციის წევრებმა (ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი საქართველო, სლოვაკეთი და უკრაინა) განაცხადეს, რომ გადახედავენ ასამბლეასთან მომავალ ურთიერთობებს. მოამზადა ალექსანდრე რამიშვილმა