„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
09.07.2019
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/373/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 89 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-02
ბიუროს ნომერი 280

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.06.2016, სარეგისტრაციო კოდი:260000000.05.001.018170) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. სამსახური უფლებამოსილია რეესტრში ასახული ინფორმაციის სისწორის გადამოწმების მიზნით პირის/აუდიტორის/აუდიტორული ფირმისგან გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია. პირი/აუდიტორი/აუდიტორული ფირმა, თავის მხრივ, ვალდებულია მიაწოდოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია სამსახურს.“. 2. მე-19 მუხლის მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი: „71. ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის ეფექტურად წარმართვის მიზნით, სამსახური უფლებამოსილია პირის/აუდიტორის/აუდიტორული ფირმისგან გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია (მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით). ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის ჩამონათვალი განისაზღვრება სამსახურის მიერ დადგენილი წესით.“. 3. 22-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 მუხლი: „221 მუხლი. სუბიექტთან/პირთან/აუდიტორთან/აუდიტორულ ფირმასთან კომუნიკაცია 1. სამსახურს ამ კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას უფლება აქვს, სუბიექტთან/პირთან/აუდიტორთან/აუდიტორულ ფირმასთან კომუნიკაციის მიზნით, მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, გაგზავნოს, შეინახოს და გასცეს ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი შედეგი მოჰყვეს, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა. 2. სამსახური ინფორმაციას/დოკუმენტს სუბიექტს/პირს/აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას უგზავნის ან/და წარუდგენს მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით. დოკუმენტის გაგზავნის ფორმას ირჩევს სამსახური. 3. ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი. 4. მატერიალური ფორმით წარდგენილი დოკუმენტის ჩაუბარებლობის შემთხვევაში, სუბიექტს/პირს/აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას დოკუმენტი განმეორებით ეგზავნება. 5. ელექტრონული ფორმით ინფორმაცია/დოკუმენტი სუბიექტს/ პირს/აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას წარედგინება ელექტრონული ფოსტის ან/და ანგარიშგების ვებგვერდის (www.reportal.ge) საშუალებით. ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ინფორმაცია/დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე. 6. ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი დოკუმენტის ჩაბარება დასტურდება ადრესატის მიერ ელექტრონული საშუალებით მიწოდებული დადასტურებით. 7. ანგარიშგების ვებგვერდის (www.reportal.ge) საშუალებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, რაც დასტურდება შესაბამისი ტექნიკური საშუალებით. 8. სამსახურსა და სუბიექტს/პირს/აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას შორის მიმოწერის წესი განისაზღვრება სამსახურის მიერ.“. 4. 27-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ ძალაში შესული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში მისი იძულებითი აღსრულება ხორციელდება სამსახურის მიერ დადგენილი წესის თანახმად გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. მუხლი 2 . ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის შემუშავება განაპირობა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის დაწყებამდე ადმინისტრაციული წარმოებისა (მათ შორის, საზედამხედველო/მარეგულირებელი ორგანოების ფარგლებში) და მონიტორინგის პროცესში წინასამონიტორინგო ანალიზის ეტაპის პრობლემატიკამ, რამაც გამოავლინა, რომ სამსახურს რისკების მართვისათვის არ აქვს საკმარისი ინფორმაცია, რაც ხელს უშლის განსაზღვროს მაღალი რისკის მქონე ჯგუფები. ამასთან, მონიტორინგის ჯგუფს ხელი ეშლება სწორად წარმართოს შემოწმების პროცესი, რაც იწვევს წინასამონიტორინგო ანალიზის ეტაპის და მონიტორინგის გეგმის შედგენის პროცესის გაჭიანურებას. დღის წესრიგში დადგა ასევე, სუბიექტთან/პირთან /აუდიტორთან/აუდიტორულ ფირმასთან კომუნიკაციის წესის განსაზღვრის საჭიროება. აღსანიშნავია, რომ სამსახური ახლადშექმნილი ადმინისტრაციული ორგანოა და წარმოების პროცესში პერიოდულად ვლინდება მიმართულებები, რომლებიც საჭიროებენ დეტალიზებას და სრულყოფას. აღნიშნული პროექტის მიღება გამოწვეულია სამსახურის წინაშე არსებული პრობლემით, კერძოდ, პროცესები წარმართოს შემჭიდროებულ ვადებში. პროექტით განისაზღვრა, რომ მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას/მონაცემთა ერთობლიობას და წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს, სუბიექტს/ პირს/აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას უნდა მიეწოდოს დროულად და ეფექტურად, დოკუმენტის გადაცემის ალტერნატიული საშუალებების მეშვეობით. კანონპროექტის მიზანია ქმედითი და ეფექტიანი მექანიზმის შემუშავებით ზედამხედველობის სამსახურსა და სუბიექტს/პირს/აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას შორის კომუნიკაციის წესის დაკონკრეტება და სამსახურის მხრიდან განხორციელებული პროცედურების გამართულობის ხელშეწყობა. საპირწონედ, მაქსიმალურადაა დაცული სუბიექტის, პირის, აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ჩართულობის წესი საქმის წარმოების პროცესში. კანონპროექტის არსი გაცნობის ფორმისა და საშუალების სისტემატიზაციისკენაა მიმართული. სამსახურის მიერ მიწოდებული დოკუმენტი შეიძლება იყოს ცალმხრივად და შესასრულებლად სავალდებულო ძალის მქონე, წარმოშვას უშუალო სამართლებრივი შედეგი ან შეიძლება მხოლოდ ინფორმაციული ხასიათის იყოს. ამასთან, წარდგენილი დოკუმენტი შესაძლებელია იყოს ახსნა-განმარტების შემცველი ან ფაქტობრივ გარემოებათა დადგენის მიზნით განხორციელებულ მოქმედებასთან გვქონდეს საქმე. პროექტით წარმოდგენილი, დოკუმენტაციის გადაცემის სხვადასხვა ფორმები, ადმინისტრაციულ ორგანოს თავიდან ააცილებს მის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით წარმოშობილ პრობლემებს. მსგავსი შემთხვევები სამსახურის საქმიანობის პრაქტიკაში გამოვლენილა, ამდენად კანონპროექტს აქვს პრევენციული როლი, მიმართული კომუნიკაციის ორგანიზებისაკენ. სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული მიზნობრიობა მომდინარეობს სამსახურის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნებაყოფლობითი შეუსრულებლობის შემთხვევაში ქმედითი მექანიზმების დანერგვაში. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილება და პირზე/აუდიტორებზე/აუდიტორულ ფირმებზე ზედამხედველობის განსახორციელებლად პროცედურები განსაზღვრულია კანონით, შესაბამისად დამატებითი ფუნქციების/პროცედურების განსაზღვრაც უნდა მოხდეს კანონით. ა. ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: სამსახური უფლებამოსილი იქნება ეტაპობრივად გამოითხოვოს პირისგან, აუდიტორებისგან/აუდიტორული ფირმებისგან ინფორმაცია/დოკუმენტაცია (როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით). მიღებული ინფორმაციებით სამსახურის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განმახორციელებელი ჯგუფი ეფექტურად წარმართავს მონიტორინგის წინასამონიტორინგო ანალიზს, მონიტორინგის ეტაპზე მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შერჩევა განხორციელდება პირის, აუდიტორის/აუდიტორული ფირმების მიერ სრულად ჩატარებული გარიგებების ანალიზის საფუძველზე. კანონპროექტში დასახული მიდგომისა და პრინციპების რეალიზაციის მეშვეობით მოხდება პირის/აუდიტორის/აუდიტორული ფირმის საქმიანობაზე ეფექტური მონიტორინგის განხორციელება. ვინაიდან, ადმინისტრაციული ორგანო შებოჭილია კანონიერების პრინციპით და სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვით, აღნიშული ნორმის ფარგლებში სამსახური შეძლებს მმართველობითი და ზედამხედველობითი ფუნქციების ერთდროულად განხორციელებას, პრევენციას სამართალდარღვევათა მიმართ. აგრეთვე, სამსახური დოკუმენტაციის გაცნობის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით იცავს სუბიექტის/პირის/აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ინტერესს, წარმოადგინოს პოზიცია და გააქარწყლოს ან მიიღოს სამსახურის მითითება დროულად. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების მიღების შემდგომ, პრაქტიკაში უზრუნველყოფილი იქნება ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე სამსახურის მიერ გამოცემული ბრძანებების აღსრულება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტით, ცვლილება ხორციელდება მე-13 მუხლში, კერძოდ, აღნიშნული მუხლი მე-6 პუნქტის შემდეგ ემატება 6 1 პუნქტი, რომლის თანახმადაც სამსახური უფლებამოსილი იქნება რეესტრში ასახული ინფორმაციის სისწორის გადამოწმების მიზნით პირისგან/აუდიტორისგან/აუდიტორული ფირმისგან გამოითხოვოს ინფორმაცია დოკუმენტაცია. პირი/აუდიტორი/აუდიტორული ფირმა, ვალდებული იქნება მიაწოდოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია სამსახურს. თავის მხრივ, კანონპროექტის პირველი მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, ცვლილება ხორციელდება მე-19 მუხლში, კერძოდ, მე-7 პუნქტის შემდეგ ემატება 71 პუნქტი, რომლის თანახმადაც, მონიტორინგის ეფექტურად წარმართვის მიზნით, სამსახური უფლებამოსილი იქნება პირისგან/აუდიტორებისაგან/აუდიტორული ფირმებისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია დოკუმენტაცია (როგორც ელექტრონული ისე მატერიალური ფორმით). აღსანიშნავია, რომ ინფორმაციის გამოთხოვა შესაძლებელია არა მხოლოდ აუდიტორის/აუდიტორული ფირმისაგან არამედ „პირისაგან“, რომელშიც მოიაზრება ის პირები, რომლებიც ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებიდან (08.08.2016წ) არ ყოფილან რეგისტრირებული აუდიტორთა სახელმწიფო რეესტრში, თუმცა მაინც შესაძლოა ეწეოდნენ ფინანსური ანგარიშგების ან სხვა აუდიტორულ მომსახურებას. მიზანშეწონილია სუბიექტების დაცულობის მიზნით, აღნიშნულ პირებთან მოხდეს კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა. კანონპროექტის პირველი მუხლის მესამე პუნქტით, ცვლილება ხორციელდება 22-ე მუხლის შემდგომ 221 მუხლის დამატების სახით, რომლის 1-ლი პუნქტის თანახმად, კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნებისთვის სამსახური ქმნის, გზავნის, ინახავს ან გასცემს ნებისმიერ დოკუმენტს მატერიალური თუ ელექტრონული ფორმით. სამსახური იყენებს სამსახურის სისტემაში დანერგილ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემას. ნორმის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია, რომ სამსახური სუბიექტს/პირს/ აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას დოკუმენტაციას/ინფორმაციას უგზავნის, წარუდგენს მატერიალურად ან/და ელექტრონული ფორმით, დოკუმენტის გაგზავნის ფორმას ირჩევს სამსახური. 221 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, თუ სამსახური ერთი და იმავე შინაარსის დოკუმენტს რამდენჯერმე ან რამდენიმე სხვადასხვა ან ერთი და იმავე ფორმით წარუდგენს სუბიექტს, პირს, აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას, წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი. 221 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მატერიალური ფორმით გაგზავნილი შეტყობინების ჩაუბარებლობისას, სუბიექტს/პირს/აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას სამსახური შეტყობინებას ხელმეორედ უგზავნის, აღნიშნული მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ინფორმაცია თუ დოკუმენტი სუბიექტს, პირს, აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას წარედგინება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ან ანგარიშგების ვებგვერდის (www.reportal.ge) საშუალებით. ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ინფორმაცია თუ დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მხრიდან მისი გაცნობისთანავე, ნორმის მე-6 პუნქტის მიხედვით, ელექტრონული ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში დოკუმენტის ჩაბარება დასტურდება ადრესატის მიერ ელექტრონული საშუალებით, ელექტრონული ფორმით მიწოდებული დადასტურებით. 221 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ანგარიშგების ვებგვერდის მეშვეობით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, რაც დასტურდება შესაბამისი ტექნიკური საშუალებით. 221 მუხლის მე-8 პუნქტის სუბიექტს/პირს/აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას, სამსახური. მიხედვით, სამსახურსა და შორის მიმოწერის წესს განსაზღვრავს კანონპროექტის პირველი მუხლის მეოთხე პუნქტის თანახმად, 27-ე მუხლს ემატება მე-8 პუნქტი, რომლის მიხედვით, ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ ძალაში შესული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში მისი იძულებითი აღსრულება ხორციელდება სამსახურის მიერ დადგენილი წესის თანახმად გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ამოქმედება გათვალისწინებულია კანონის გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან მიზანშეწონილია პროექტით გათვალისწინებული საკითხები ამოქმედდეს და მოუწესრიგებელი ურთიერთობები დარეგულირდეს იმთავითვე. ამასთან, პროექტით კანონის სუბიექტებისათვის რაიმე ვალდებულება არ არის დადგენილი, რომელიც მისი შესრულებისთვის გარდამავალი ეტაპის საჭიროებას განაპირობებდა. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი სახსრების გამოყოფას. აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები, ასეთის არსებობის შემთხევაში, ანაზღაურდება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რამდენადაც სუბიექტის მიერ ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში უზრუნველყოფილ იქნება სამსახურის მიერ ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების აღსრულება, ხოლო დაკისრებული ჯარიმა მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში. შემოსულობა განისაზღვრება პირის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევისა და მისთვის კანონმდებლობით დადგენილი სანქციის ფარგლებიდან გამომდინარე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტის მიღება არ იწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები, ასეთის არსებობის შემთხევაში, ანაზღაურდება - საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტმა შესაძლოა ფინანსური გავლენა მოახდინოს იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. კერძოდ, სამსახურის მიერ დაკისრებული ჯარიმის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს ჯარიმის გადახდა მოუწევს სამსახურის მიერ გაცემული სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე. ფინანსური შედეგი პირთათვის განისაზღვრება მის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევისა და მისთვის კანონმდებლობით დადგენილი სანქციის ფარგლებიდან გამომდინარე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი და მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი). გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევს სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულებების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.