საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას მიერ წარმოდგენილი ანგარიშები: ა) საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას 2019 წლის 18-20 ივნისს ჩეხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ანგარიში; ბ) საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას 2019 წლის 15-16 ივლისს ქალაქ ბაქოში ვიზიტის ანგარიში; გ) ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის ანგარიში (სოფიო ქაცარავა, გიორგი წერეთელი, ირაკლი ბერაია, ზურაბ ჭიაბერაშვილი) (ქ. ლუქსემბურგი; 2019 წლის 4-8 ივლისი)

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
30.07.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა
ნომერი
#2-13630/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-02
ბიუროს ნომერი 280

📜 ტექსტი

წერილი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 2-13630/19 30-07-2019 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, წარმოგიდგენთ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას ჩეხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ანგარიშის (18-20 ივნისი, 2019), სოფიო ქაცარავას და საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სამუშაო ვიზიტის ანგარიშს აზერბაიჯანში (ქ. ბაქო 15-16 ივლისი, 2019) და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის ანგარიშს (4-8 ივლისი, 2019). გთხოვთ, შეიტანოთ ბიუროს დღის წესრიგში. დანართი 12 გვ. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას ჩეხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ანგარიში 18-20 ივნისი 2019 წლის 18-20 ივნისს ჩეხეთის რესპუბლიკას ვიზიტით ეწვია საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ჩეხეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ნინო გოგუაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი აბესაძე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გელა სამხარაული. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის ვიცე-პრეზიდენტთან მილან შტეხთან; სენატის ევროკავშირის კომიტეტის თავმჯდომარესთან ვაცლავ ჰამპლთან; სენატის საგარეო საქმეთა, თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარესთან პაველ ფიშერთან; დეპუტატთა პალატის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან დანა ბალცაროვასთან; საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან ზუზანა მაიეროვაზაჰრადნიკოვასთან და ეუთო-ში ჩეხეთის პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელთან კარლა მარჟიკოვასთან. დამატებით, გაიმართა შეხვედრები ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერორიზმის და ჰიბრიდული საფრთხეების საწინააღმდეგო ცენტრის ხელმძღვანელთან ბენედიკტ ვანგელთან და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან. სამუშაო სადილი ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის ვიცე-პრეზიდენტთან მილან შტეხთან სენატის ვიცე-პრეზიდენტი მიესალმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის პრაღაში ვიზიტს, ხაზგასმით აღნიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და საპარლამენტო დონეზე განვითარებული ნაყოფიერი თანამშრომლობა. მ.შტეხმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის და ნატო-ს წევრობა ძალზედ პოზიტიური მოვლენაა ჩეხეთისთვის. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩეხეთი ვერ იქნებოდა ისეთი სტაბილური, უსაფრთხო და ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა, როგორიც დღეს არის. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო გოგუაძემ მადლობა გადაუხადა ჩეხეთის მხარეს საქართველოსათვის გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და დაადასტურა ჩეხეთის მხარესთან თანამშრომლობის, მათ შორის ეკონომიკის მიმართულებით, გაღრმავების სურვილი და ინტერესი. შეხვედრისას ასევე საუბარი შეეხო საქართველოსა და ჩეხეთს შორის ტურიზმის მზარდ დინამიკას, რასაც ხელს უწყობს პირდაპირი ავია-რეისები. ქართულმა დელეგაციამ ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ პრიორიტეტებზე, ხაზი გაუსვა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებულ შეთანხმებებს და ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის მნიშვნელობას. ამავე კონტექსტში, საუბარი შეეხო ორმხრივ ეკონომიკურ თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ იზრდება ქვეყნებს შორის ვაჭრობა და საპარლამენტო დონეზე უნდა მოხდეს ამ პროცესის შემდგომი ხელშეწყობა. შეხვედრის ბოლოს, ქართული მხრიდან, ჩეხეთის ვიშეგრადის ჯგუფის მომავალი თავმჯდომარეობის გათვალისწინებით, ყურადღება გამახვილდა საქართველოთან ვიშეგრადის ჯგუფის ფორმატში საპარლამენტო თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის მნიშვნელობაზე. შეხვედრა სენატის ევროკავშირის კომიტეტის თავმჯდომარესთან ვაცლავ ჰამპლთან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ ჩეხეთის მხარეს მიაწოდა ინფორმაცია სხვადასხვა სფეროში გატარებული რეფორმებისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ. აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე და აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ საქართველოს ნატო-ს წევრობისთვის ყველა საჭირო ინსტრუმენტი გააჩნია, რაც შეეხება ევროკავშირს, საქართველო გულმოდგინედ აგრძელებს რეფორმირების პროცესს, რათა მზად იყოს წევრობისთვის, როცა ამის დრო დადგება. სოფიო ქაცარავას თქმით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქართველი ხალხის სუვერენული არჩევანი და მთავრობის მთავარი პრიორიტეტია; ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობისადმი“ ხედვა მომდევნო 10 წლის მანძილზე; სავიზო ლიბერალიზაციის თვალსაზრისით, საქართველო მყისიერად პასუხობს ევროპელი პარტნიორების ყველა მოთხოვნას. ასევე, საქართველოს მთავრობა მუშაობს თავისი მოქალაქეების ევროპაში ლეგალურად დასაქმების საკითხზე. შეხვედრაზე ასევე მხარეებმა განიხილეს რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა. აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა უსაფრთხოებაა და უზარმაზარ პრობლემას წარმოადგენს ადამიანების მდგომარეობა, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონებში ცხოვრობენ. აღნიშნული საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ ევროპისთვის. სოფიო ქაცარავამ ჩეხეთის მხარეს მადლობა გადაუხადა იძულებით ადგილნაცვალ პირთა და ლტოლვილთა შესახებ გაერო-ში საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერისა და თანასპონსორობისთვის. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობას და პარლამენტებს შორის, სხვადასხვა დონეზე, ინტენსიურ თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ შესაძლებელია ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარება, განსაკუთრებით კი, ეკონომიკურ და სავაჭრო სფეროებში. სოფიო ქაცარავას თქმით, მნიშვნელოვანია ურთიერთობებში არსებული აუთვისებელი პოტენციალის გამოყენება, რასაც ქართული მხარე საპარლამენტო დონეზე ხელს შეუწყობს. ევროკავშირის კომიტეტის თავმჯდომარემ ვაცლავ ჰამპლმა განაცხადა, რომ საქართველოსადმი ჩეხეთის მხარდაჭერა გაგრძელდება და ეს არ არის დამოკიდებული რომელიმე ჩეხეთის მთავრობის კურსზე. ვაცლავ ჰამპლის თქმით, უდავოდ მნიშვნელოვანი მონაპოვარია საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი ევროპასთან. უვიზო მიმოსვლის თვალსაზრისით, მისი ინფორმაციით, საქართველოსთან პრობლემები არ არსებობს. ვაცლავ ჰამპლმა ასევე განაცხადა, რომ, ძალზედ კონსტრუქციულია ქართული მხარის პოზიცია რეფორმების გულმოდგინედ გაგრძელებების თაობაზე, რაც საქართველოს ევროკავშირის „დე ფაქტო“ წევრობის საშუალებას მისცემს და მზად იქნება „დე იურე“ წევრობისთვის, როცა ამის დრო რეალურად დადგება. შეხვედრაზე სოფიო ქაცარავამ გააჟღერა ინიციატივა, რომ მომავალ წელს, ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების და საქართველოს პარლამენტების ევროკავშირის და საგარეო 4 ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი შეხვედრა გაიმართოს საქართველოში და მიეძღვნას აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის შემდგომი პერიოდის განხილვას. ვაცლავ ჰამპლმა დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. მან განაცხადა, რომ ჩეხეთს კარგად ესმის საქართველოსი და სიმბოლურია, რომ ჩეხეთში ამჟამადაც აქტუალურია საბჭოთა კავშირის მიერ ჩეხოსლოვაკიის 1968 წლის ოკუპაციის საკითხზე მსჯელობა. შეხვედრა სენატის საგარეო საქმეთა, თავმჯდომარესთან პაველ ფიშერთან თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის შეხვეფრაზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ სენატორ ფიშერს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ევროპული, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე და იქ ადამიანის უფლებების დარღვევებზე. ამასთან, საუბარი შეეხო ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს. პაველ ფიშერი დაინტერესდა საქართველოდან რა პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება ევროპაში და რით შეუძლია ჩეხეთის პარლამენტს პროცესის ხელის შეწყობა. პაველ ფიშერმა აღნიშნა, რომ მოხარულია, რომ შესაძლებლობა ეძლევა მონაწილეობა მიიღოს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში. პაველ ფიშერი დაინტერესდა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულებით და ევროპასთან საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის შემდგომ არსებული ვითარებით, რასთან დაკავშირებითაც სოფიო ქაცარავამ სრული ინფორმაცია მიაწოდა. სოფიო ქაცარავამ სენატორ ფიშერს გააცნო ქართული მხარის ინიციატივა, მომავალ წელს, ვიშეგრადის ჯგუფის და საქართველოს საგარეო ურთიერთობათა და ევროკავშირის საკითხთა კომიტეტების შეხვედრის საქართველოში ჩატარებასთან დაკავშირებით და მოიწვია ის საქართველოში აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობის მისაღებად. პაველ ფიშერი მიესალმა აღნიშნულ ინიციატივას. სამუშაო სადილი საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან ზუზანა მაიეროვა-ზაჰრადნიკოვასთან და ეუთო-ში ჩეხეთის პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელთან კარლა მარჟიკოვასთან სადილზე გაიცვალა ინფორმაცია ორივე ქვეყნის პარლამენტში მეგობრობის ჯგუფების შემადგენლობასთან დაკავშირებით და ხაზი გაესვა ჯგუფებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. ნინო გოგუაძემ ჩეხი კოლეგა შემოდგომაზე „თბილისობის“ დღესთან დაკავშირებით საქართველოში მოიწვია. ნინო გოგუაძემ ჩეხეთის მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე რეფორმებთან და ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების გარშემო არსებულ პროგრესთან დაკავშირებით. მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და ადამიანების უფლებების დარღვევები. ჩეხმა პარლამენტარებმა 1968 წელს ჩეხოსლოვაკიის საბჭოთა ოკუპაციის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს და საქართველოსადმი თანაგრძნობა გამოხატეს. საუბარი შეეხო ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის საკითხს და საქართველოსა და ჩეხეთს შორის აღნიშნული მიმართულებით აუთვისებელი პოტენციალის გამოყენების მნიშვნელობას. ჩეხეთის მხარე დაინტერესდა საქართველოს საექსპორტო შესაძლებლობებით, რასთან დაკავშირებითაც სრული ინფორმაცია მიეწოდა. შეხვედრა დეპუტატთა პალატის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან დანა ბალცაროვასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორივე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს გარემოს დაცვის კომიტეტებს შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო თანამშრომლობას და ვიზიტების გაცვლის პოზიტიურ დინამიკას. აღნიშულ კონტექსტში, ჩეხეთის მხარემ პოზიტიურად გაიხსენა 2018 წელს გარემოს დაცვის კომიტეტის წევრების საქართველოში განხორციელებული ვიზიტი. საქართველოს პარლამენტის გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ კახაბერ კუჭავამ მადლობა გადაუხადა ჩეხეთის მხარეს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მიმართულებით გაწეული დახმარებისთვის და ხაზი გაუსვა საქართველოში ჩეხეთის საელჩოსთან და მის ექსპერტებთან ჩამოყალიბებულ მჭიდრო თანამშრომლობას. შეხვედრას ესწრებოდა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი, რომელმაც მოხსენება გააკეთა დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საქართველოში მიმდინარე პროექტზე. მისი თქმით, პროექტი იმართება ერთდროულად ორი ორგანოს მიერ. კახაბერ კუჭავამ ისაუბრა საქართველოს პარლამენტში „ტყის კოდექსის“ კანონპროექტის მიმდინარე განხილვაზე და არსებულ გამოწვევებზე. საუბარი ასევე შეეხო წლის რესურსის ნაკლებობას და ლანდშაფტში წყლის რესურსის შენარჩუნების აუცილებლობას, რისთვისაც საჭიროა წყლის შეკავება, პატარა ხელოვნური გუბეების და ბიო-კორიდორების შექმნა. კომიტეტის თავმჯდომარემ დანა ბალცაროვამ განაცხადა, რომ ჩეხეთის პარლამენტი აქტიურად მუშაობს კანონპროექტზე ნარჩენების მართვის შესახებ. დაინტერესდნენ რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში, რაზეც კახაბერ კუჭავამ მიაწოდა მათ ამომწურავი ინფორმაცია აღნიშნული საკითხის შესახებ. შეხვედრა ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერორიზმის და ჰიბრიდული საფრთხეების საწინააღმდეგო ცენტრის ხელმძღვანელთან ბენედიკტ ვანგელთან. ბენედიკტ ვანგელმა ქართულ მხარეს ინფორმაცია გაუზიარა მისი ცენტრის შექმნის, მუშაობის სპეციფიკის და გამოწვევების შესახებ. ხაზი გაესვა, რომ ცენტრი ჰიბრიდულ საფრთხეებზე და შიდა უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობს. ორივე მხრიდან აღინიშნა, რომ დეზინფორმაციასთან და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის მიმართულებით მნიშვნელოვანია საკოორდინაციო მექანიზმების გაძლიერება. ასევე, ხაზი გაესვა, რომ სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინაცია რთულია, რის გამოც მნიშვნელოვანია ეს თემა მთავრობის ოფისში შედიოდეს.
დანართი
სოფიო ქაცარავას და საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი აზერბაიჯანში (ქ.ბაქო 15-16 ივლისი, 2019 ) 15-16 ივლისს, ქ. ბაქოში გაიმართა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ხელმძღვანელების სამმხრივი შეხვედრა. აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ აზერბაიჯანთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის და აზერბაიჯანთან მეგობრობის ჯგუფის წევრი - რამაზ ნიკოლაიშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსი - ნიკოლოზ ხატიაშვილი. ვიზიტის ფარგლებში სამმხრივი შეხვედა გაიმართა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების - სოფიო ქაცარავას (საქართველო), სამად სეიდოვის (აზერბაიჯანი) და ვოლქან ბოზქირის (თურქეთი) ხელმძღვანელობით და კომიტეტის წევრების მონაწილეობით. ასევე, ქართულმა დელეგაციამ გამართა შეხვედრები მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან - ოქტაი ასადოვთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან - ელმარ მამედიაროვთან და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის წევრებთან. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ეწვია ჰეიდარ ალიევის ცენტრს და მოინახულა შეჰიდების ხეივანი. საქართველო - თურქეთი - აზერბაიჯანის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების სამმხრივი შეხვედრა: გამართული შეხვედრების დროს, სამივე ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე, ხაზი გაესვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრის მნიშვნელობას. ხაზი გაესვა მსხვილ სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებს, რომელთა განხორციელება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში და ამავდროულად, რეგიონის ქვეყნებს მოუტანს დამატებით ეკონომიკურ სარგებელს. ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკული და სავაჭრო-ეკონომიკური საკითხებზე, მათ შორის განხილულ იქნა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. ხაზგასმით აღინიშნა რეგიონში არსებული ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტები და მათი მნიშვნელობა სტაბილურობისა და განვითარების ხელშეწყობის კუთხით. საუბარი შეეხო გაზის სამხრეთის დერეფანს, ტრანსანატოლიური და ტრანსკასპიური მილსადენების პროექტებს, აღინიშნა, რომ სამხრეთის გაზის დერეფნის, TANAP-ის პროექტის რეალიზაცია სამივე ქვეყანის თანამშრომლობას უფრო მაღალ დონეზე აიყვანს. ასევე, ხაზი გაესვა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის მნიშვნელობას, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ სტაბილურ და უსაფრთხო გზას და საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ მნიშნელოვან წყაროს. შეხვედრაზე, ასევე განხილულ იყო საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი საპარლამენტო ფორმატის საქმიანობა, მისი მნიშვნელობა და ფორმატის სამომავლო მიზნები და გეგმები. სოფიო ქაცარავას შეფასებით, აღნიშნული ფორმატი არის საუკეთესო პლატფორმა სამი ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ჩართულობით, საერთო საკითხებისა და გამოწვევების, ასევე თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების განსახილველად. შეხვედრის დასრულებისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ მორიგი სამმხრივი შეხვედრა გაიმართება საქართველოში მომავალი წლის განმავლობაში. შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის წევრებთან. საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან შეხვედრის მთავარი თემა იყო საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები. შეხვედრის დროს, აზერბაიჯანელმა დეპუტატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული მიმართულებები, საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის მზარდი დინამიკა სხვადასხვა სფეროში. აღინიშნა საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის მნიშვნელობა, მხარეებმა ისაუბრეს ისეთ რეგიონულ და მსოფლიო მასშტაბის პროექტებზე, როგორიც არის ბაქო-სუფსა; ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი; ბაქოთბილისი-ყარსი. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური დიალოგის უწყვეტ რეჟიმზე თბილისსა და ბაქოს შორის ასევე საპარლამენტთაშორისო კავშირების განმტკიცებაზე ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. მათ შორის საკანონმდებლო ორგანოების კავშირების გაძლიერება მეგობრობის ჯგუფების თანამშრომლობის გზით. შეხვედრა აზერბაიჯანის მამედიაროვთან რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან - ელმარ შეხვედრაზე განხილულ იქნა ორი ქვეყნის ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული მიმართულებები. აზერბაიჯანულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა და იმედი გამოთქვა, რომ კონფლიქტის გადაჭრის მშვიდობიანი პროცესი საბოლოოდ წარმატებით დასრულდება. სოფიო ქაცარავამ შეხვედრაში მონაწილეებს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ და ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობას როგორც ორმხრივ, ასევე, მრავალმხრივ ფორმატებში. მისი თქმით, სამივე ქვეყანა ერთობლივად ახორციელებს მნიშვნელოვან პროექტებს. სატრანსპორტო სფეროში განხორციელებულ პროქტებს დიდი მნიშვნელობა აქვს ევროპისა და აზიის მასშტაბით. ყველა ამ პროექტის რეალიზებაში აქტიურად თანამშრომლობენ საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი. მან ასევე აღნიშნა, რომ რეგიონული პროექტები, რომლებიც ერთად განხორციელდა, არის საერთაშორისო და ისტორიული მნიშვნელობის და ამ მიმართულებით, პოტენციალი კიდევ ძალიან დიდია, და გამოთქვა იმედი, რომ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, რეგიონული პროექტების პოტენციალი კიდევ უფრო უკეთ იქნება ათვისებული, რაც მეტ ხელშესახებ შედეგს მოუტანს სამივე ქვეყანას. შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან ოქტაი ასადოვთან. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის საპარლამენტი კავშირებზე და სამმხრივი ფორმატის როლზე ურთიერთობების განტმკიცების პროცესში. სოფიო ქაცარავამ აზერბაიჯანელ კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების, ასევე როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ, რაზეც აზერბაიჯანულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. სამმხრივ ფორმატზე საუბრისას, სოფიო ქაცარავამ განსაკუთრებული ყურადრება გაამახვილა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი საპარლამენტო ფორმატის საქმიანობაზე, მის მნიშვნელობაზე და ფორმატის სამომავლო მიზნებსა და გეგმებზე, რაც სამივე ქვეყნისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. ოქტაი ასადოვმა მაღალი შეფასება მისცა ფორმატის მუშაობას, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მონაწილე ქვეყნების სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებასა და საპარლამენტო კავშირების განმტკიცებში. ის გამოვიდა ინიციატივით, რომ აღნიშნული ფორმატი კიდევ უფრო გაფართოვდეს და გაძლიერდეს მასში სხვადასხვა საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეებში საპარლამენტო დელეგაციების ხელმძღვანელების ჩართულობის გზით. შეხვედრის ბოლოს მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან, და რომ სამივე ქვეყანას აქვს ერთმანეთის მხარდაჭერა თითქმის ყველა მნიშვნელოვან საკითხში საერთაშორისო არენაზე და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, რაც ხელს უწყობს რეგიონის სტაბილურობას, განვითარებას, მშვიდობასა და უსაფრთხოებას. მოამზადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატმა 23.07.2019
დანართი
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის ანგარიში მივლინებული: ეუთოს საპარლამენტო მუდმივმოქმედი დელეგაცია 1. 2. 3. 4. 5. 6. ასამბლეა - საქართველოს პარლამენტის სოფიო ქაცარავა, დელეგაციის ხელმძღვანელი გიორგი წერეთელი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ირაკლი ბერაია, დელეგაციის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, დელეგაციის წევრი მერი გოგოლაძე, დელეგაციის მდივანი თამარ ამირეჯიბი, დელეგაციის ხელმძღვანელის თანაშემწე მივლინების მიზანი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 2019 წლის სესიაში მონაწილეობის მიღება/რეზოლუციის პროექტის დამტკიცება მივლინების ადგილი: ქალაქი ლუქსემბურგი მივლინების თარიღი: 2019 წლის 4-8 ივლისი 2019 წლის 4-8 ივლისს ლუქსემბურგში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 28-ე სხდომა გაიმართა სახელწოდებით: “უსაფრთხოების განმტკიცება მდგრადი განვითარების ხელშეწყობის გზით“. საქართველოს პარლამენტიდან სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით დელეგაციას წარმოადგენდნენ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე ირაკლი ბერაია და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ჭიაბერაშვილი. რეზოლუცია „უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები ოკუპირებულ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, სამხრეთ ოსეთში” ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე, სოფიო ქაცარავას ინიციატივით დარეგისტრირდა რეზოლუცია „უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები ოკუპირებულ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, სამხრეთ ოსეთში“, რომელიც მუდმივმოქმედ კომიტეტზე, რუსეთის ფედერაციის დელეგაციის მოთხოვნის მიუხედავად, მოხსნილიყო დოკუმენტი დღის წესრიგიდან, ხმათა უმრავლესობით დარჩა განსახილველ რეზოლუციათა სიაში, რის შემდეგაც სოფიო ქაცარავამ მოახდინა წევრი ქვეყნების წარმომადგენლების ინფორმირება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარებისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტების შესახებ. ამას ასევე მოჰყვა დიდი ბრიტანეთის დელეგაციის ხელმძღვანელისა და უკრაინის დელეგაციის მხარდამჭერი განცხადებები. „ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია თანხმდება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რომ საქართველოს ტერიტორიებია ამას ეჭვქვეშ არავინ აყენებს",- განაცხადა დიდი ბრიტანეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა მარკ პრიჩარდმა. სოფიო ქაცარავამ რეზოლუცია წარადგინა ასამბლეის პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხთა კომიტეტზე, სადაც აღნიშნა, რომ „აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოა, შეწყდეს საერთაშორისო სამართლის დარღვევა რუსეთის ფედერაციის მიერ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების შელახვა და მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას მხარი დაუჭიროს საქართველოს ტერიტორიებს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“. კომიტეტზე რეზოლუცია 50 მომხრით 5 -ის წინააღმდეგ იქნა მიღებული, რის შემდეგაც 8 ივლისს პლენარულ სხდომაზე ლუქსემბურგის დეკლარაციაში უცვლელად იქნა ასახული საქართველოს დელეგაციის მიერ ინიცირებული რეზოლუცია. რეზოლუციაში „უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები ოკუპირებულ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, სამხრეთ ოსეთში“, “ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას დაიცვას 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, დაუშვას საერთაშორისო სადამკვირვებლო მექანიზმი ოკუპირებულ ტერიტორიებზე; აღნიშნავს იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში ღირსეულად დაბრუნების აუცილებლობას და მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის: “რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორიატატუნაშვილის სიით“ გათვალისწინებულ დამნაშავე პირებთან მიმართებაში სამართლის აღსრულების ხელშეწყობისკენ; დოკუმენტში ასევე აღნიშნულია მოწოდება ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის მიმართ, გააძლიეროს ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეუთოს მისიის დაბრუნების შესახებ და რეზოლუციაში აგრეთვე ასახულია მოწოდება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების კონსტრუქციულობისკენ და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკისა და ინიციატივა: “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" მტკიცე მხარდაჭერა. „ეუთოს საპალამენტო ასამბლეამ ლუქსემბურგის დეკლარაციაში ჩვენი რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია. ეს არის პრინციპული, მკაცრი რეზოლუცია და ასახავს უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების მძიმე მდგომარეობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომლის მიხედვით ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას დაიცვას საერთაშორისო ნორმები და სამართალი" - სოფიო ქაცარავა. „კიდევ ერთხელ დარწმუნდა ყველა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის აზრი და მხარდაჭერა სწორედ საქართველოს მიმართ არის. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული რეზოლუციის მიღება“, - აღნიშნა გიგი წერეთელმა. პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხთა კომიტეტი სოფიო ქაცარავამ პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხთა კომიტეტს უხელმძღვანელა, სადაც წევრებმა განიხილეს კომიტეტის რეზოლუციის პროექტი, მასში შესატანი ცვლილებები და წევრი ქვეყნების დელეგაციების მიერ ინიცირებული თემატური რეზოლუციები. კომიტეტის ფარგლებში ირაკლი ბერაია რუსეთის ფედერაციის დეპუტატის, გენადი ონიშენკოს განცხადებას გამოეხმაურა და მის გამოსვლას დეზინფორმაცია და რუსული პროპაგანდა უწოდა. „უკვე მერამდენედ გვესმის რუსეთის ბრალდებები, რომ რიჩარდ ლუგარის ცენტრი არის სამხედრო უწყება, რომელიც ატარებს საშიშ ექსპერიმენტებს და ქმნის ბიოლოგიურ იარაღს. სინამდვილეში ლუგარის კვლევითი ლაბორატორია არის დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ფარგლებში მოქმედი გამჭვირვალე დაწესებულება. მისი საქმიანობა სრულიად შეესაბამება ბიოლოგიური და ტოქსიკოლოგიური იარაღის კონვენციის მოთხოვნებს და საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენ მიერ ლაბორატორიაში მოწვეული იყვნენ ბიოლოგიური იარაღის კონვენციის წევრი სახელმწიფოების ექსპერტები, მათ შორის, რუსეთიდანაც. თუმცა, მათგან მხოლოდ უარი მივიღეთ. ექსპერტების მიერ შემუშავებული ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს ლაბორატორიის გამჭვირვალობას და მისი საქმიანობის სრულ შესაბამისობას პროფილაქტიკურ, დაცულობის და მშვიდობიან მიზნებთან. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ რუსეთის დეზინფორმაცია და პროპაგანდა, და ამ მიზნით ამ დარბაზის გამოყენება არის საგანგაშო და შემაშფოთებელი“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ. ტერორიზმთან ბრძოლის კომიტეტის სხდომა სოფიო ქაცარავამ ასევე უხელმძღვანელა ტერორიზმთან ბრძოლის კომიტეტის სხდომას, რომლის ფარგლებშიც განიხილებოდა წევრი ქვეყნების პარლამენტების ზედამხედველობის როლი ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით და თემატური რეზოლუცია, რომელიც ინიცირებული იქნა კომიტეტის თავმჯდომარის მაკის ვორიდისის მიერ. პლენარულ სესიაზე სოფიო ქაცარავამ ასევე წარადგინა კომიტეტის საქმიანობის წლიური ანგარიში. საქართველოს დელეგაციის ღონისძიება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში სოფიო ქაცარავას ინიციატივით ასევე გაიმართა 100 წლის პარლამენტარიზმისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის მომხსნებლებიც იყვნენ საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი სოფიო ქაცარავა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი, გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელი დორის ბარნეტი და დიდი ბრიტანეთის დელეგაციის ხელმძღვანელი მარკ პრიჩარდი. ღონისძიებაზე გაიმართა ფოტოგამოფენა, 100 წლის პარლამენტარიზმის ფილმის ჩვენება და ქართული ღვინის დეგუსტაცია. „ამ ფორმატს ყოველთვის ვიყენებთ საქართველოს პოპულარიზაციისთვის, ამჯერად ჩავატარეთ 100 წლის პარლამენტარიზმის ღონისძიება, რომელზეც იყო ძალიან დიდი ინტერესი, სადაც ვისაუბრე ქვეყნის დემოკრატიული ღირებულებების შესახებ და საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით, მოვაწყვეთ 100 წლის პარლამენტარიზმისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება, ასევე სტუმრებს გავაცანით საქართველოს სარეკლამო ვიდეორგოლები და მოვაწყვეთ ღვინის დეგუსტაცია," - სოფიო ქაცარავა. დორის ბარნეტი, ბუნდესტაგის წევრი: „საქართველოში არის ძლიერი და მყარი დემოკრატია, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, გამოხატვის თავისუფლება და გამართული საპარლამენტო სისტემა." „საქართველო მრავალფეროვანი და საინტერესო ქვეყანაა თავისი ისტორიითა და უძველესი ღვინის კულტურით, ესტუმრეთ საქართველოს, ვინც არ ყოფილხართ ჯერ," - განაცხადა დიდი ბრიტანეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა მარკ პრიჩარდმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ამერიკის, ავსტრიის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, სლოვაკეთის, ჩეხეთის, სერბეთის, აზერბაიჯანის და სხვა ქვეყნების პარლამენტარები. ინფორმაცია: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ეკონომიკის, მეცნიერებისა, ტექნოლოგიების და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს, რომლის უფლებამოსილებაც 1 წლის ვადით მიენიჭა. გიგი წერეთელი ხელახლა იქნა არჩეული ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე. 2019 წლის 22 ივლისი თამარ ამირეჯიბი