„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
07.08.2019
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/382/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-02
ბიუროს ნომერი 280

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 20) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, გატარების, იმპორტისა (მხოლოდ ბაზრის ოპერატორის მიერ განხორციელებული იმპორტის შემთხვევაში) და მოხმარების, ბაზრის ოპერატორის მომსახურების, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების, განაწილების, გატარების, მიწოდებისა და მოხმარების ტარიფების, სასმელი წყლის მიწოდების და ჩანადენი სითხის გატარება-გაწმენდის ტარიფების, აგრეთვე გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენა და რეგულირება, გარდა ავტოგაზგასამართ სადგურებში რეალიზებული ბუნებრივი გაზის ტარიფებისა, ამ კანონის, საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, მათ საფუძველზე მიღებული ნორმატიული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტებისა და დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად;“ მუხლი 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, ამ კანონის გამოქვეყნებიდან 30 დღის ვადაში, უზრუნველყონ შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტი მიზნად ისახავს ელექტროენერგიის იმპორტის (გარდა ბაზრის ოპერატორის მიერ განხორციელებული იმპორტისა) სატარიფო რეგულირებიდან გათავისუფლებას, რათა იმპორტიორებს შეეძლოთ თავისუფალ რეჟიმში შესაბამის კონტრაქტორთან შეთანხმებული ფასით განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი. გამონაკლისი იქნება ბაზრის ოპერატორის მიერ განხორციელებული იმპორტი (მ.შ. ავარიულ სიტუაციებში), რომელზეც დარჩება სატარიფო რეგულირება. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში 2018 წლის 22 დეკემბრის ცვლილებით გადაიდგა პირველი ნაბიჯები ელექტროენერგიის ბაზრის გახსნის მოსამზადებლად (შემოღებულ იქნა საბითუმო მიმწოდებლის სტატუსი, მთავრობას მიენიჭა პირდაპირი მომხმარებლების კრიტერიუმების განსაზღვრის უფლება რომლებიც უნდა გავიდნენ საბითუმო ბაზარზე და ა.შ.). ამ კონტექსტში განხორციელდა საბითუმო ბაზარზე ახალი მონაწილეების შესვლა, რამაც მოითხოვა ბაზრის გახსნისთვის კიდევ დამატებითი ღონისძიებების გატარება. მათ შორის არის კერძო სუბიექტებისთვის ელექტროენერგიის იმპორტის ურთიერთშეთანხმებული ფასით განხორციელების შესაძლებლობის მინიჭება. ამასთან, ეს არ შეეხება ესკოს მიერ იმპორტის განხორციელებას, რაც კვლავ სატარიფო რეგულირების ქვეშ დარჩება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: დღეს მოქმედი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონი შეიცავს სემეკის მიერ იმპორტის ტარიფის დადგენის ნორმას, ასევე, ელექტროენერგიის ტრანზიტის ურთიერთობების მომწესრიგებელ ნორმებს. შესაბამისად, ახალი რეგულაციების დანერგვა საჭიროებს ცვლილების განხორციელებას სწორედ საკანონმდებლო აქტში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კერძო იმპორტიორებისთვის შეიქმნება მხარეთა თავისუფალი ფასით ვაჭრობის შესაძლებლობა. შორის შეთანხმებული ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის ძირითადი არსია ელექტროენერგიის კერძო იმპორტიორებისთვის მხარეთა შორის შეთანხმებული თავისუფალი საბაზრო ფასით იმპორტის განხორციელების შესაძლებლობის დაშვება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის პირველი მუხლით გათვალისწინებული ცვლილებიდან გამომდინარე უნდა იქნეს შეტანილი სათანადო კორექტივები ელექტროენერგიის ტარიფებთან დაკავშირებით არსებულ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ცალკეულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში, ასევე ცვლილებები იქნება შესატანი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში რომელსაც ამტკიცებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ზემოთქმულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია კანონპროექტის პირველი მუხლით გათვალისწინებული ცვლილება ამოქმედდეს კანონპროექტის გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს (იხ. კანონპროექტის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი), რა პერიოდშიც სამინისტრო და კომისია უზრუნველყოფენ შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში სათანადო ცვლილებების შეტანისათვის (კანონპროექტის მე-2 მუხლი). კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან. ხარჯების ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღება არ იქონიებს პირდაპირ გავლენას საქართველოს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების პირობებში, რომლის ხელშეწყობასაც ისახავს მიზნად წარმოდგენილი კანონპროექტი, წინასწარ შეუძლებელია ყველა შესაძლო ირიბ გავლენაზე საუბარი, რადგან ბევრი რამ არის დამოკიდებული მხარეთა შეთანხმებაზე, თუმცა ელექტროენერგიის ბაზრის საერთო სურათის გათვალისწინებით, კერძო იმპორტიორსა და პირდაპირ მომხმარებელს შორის შეთანხმების შემთხვევაში, არსებობს თეორიული ალბათობა ისეთი სქემისა, როდესაც წლის განმავლობაში დღეს არსებულთან შედარებით ზოგიერთ თვეში უფრო ძვირი შეიძლება იყოს იმპორტირებული ელექტროენერგია პირდაპირი მომხმარებლისთვის, ხოლო ზოგიერთ თვეში კი პირიქით - უფრო იაფი, მაგრამ წლის ჯამში მნიშვნელოვანი სხვაობა არ არის მოსალოდნელი, რამაც შეიძლება არსებითი ზეგავლენა მოახდინოს სახელმწიფო ან მუნიციპალური ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე, მითუმეტეს, რომ ძალაში რჩება ესკოს მიერ (რომელიც წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიის მიმწოდებელს) ელექტროენერგიის იმპორტის ფასის სატარიფო რეგულირება. დღეისათვის არსებული, სემეკის მიერ ელექტროენერგიის იმპორტის ტარიფის რეგულირების ნორმის გაუქმება, იმის გათვალისწინებით, რომ სემეკის მიერ იმპორტის ტარიფის დაანგარიშების ფორმულა არ ითვალისწინებს მოგების კომპონენტს, ხელს შეუწყობს კონკურენტული გარემოს განვითარებას. არარეზიდენტ კომპანიებთან ერთად, რეზიდენტ საწარმოებს გაუჩენს ფინანსურ ინტერესს და შესაბამისად მოტივაციას - უფრო მეტად იაქტიურონ ქვეყანაში ელექტროენერგიის იმპორტის განხორციელების კუთხით. ელექტროენერგიის დეფიციტის პირობებში, თავისუფალი საბაზრო ფასით იმპორტის განხორციელების შესაძლებლობის დაშვება და კონკურენციის გაზრდა, ვფიქრობთ, ხელს შეუწყობს გარემოებას, რათა კონკრეტულად ამ ცვლილების შედეგად არ მოხდეს ელექტროენერგიის იმპორტის ტარიფის მნიშვნელოვნად ზრდა. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღება არ გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამატებითი ასიგნებების გამოყოფის საჭიროებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ იწვევს იმ პირთა ხარჯების პირდაპირ ცვლილებას, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონის მოქმედება. ეს ხარჯები დამოკიდებული იქნება ამ პირთა შორის საბაზრო ურთიერთობების პრინციპების შესაბამისად გაფორმებულ შეთანხმებებზე. კერძო იმპორტიორსა და პირდაპირ მომხმარებელს შორის შეთანხმების შემთხვევაში, არსებობს თეორიული ალბათობა ისეთი სქემისა, როდესაც წლის განმავლობაში დღეს არსებულთან შედარებით ზოგიერთ თვეში უფრო ძვირი შეიძლება იყოს იმპორტირებული ელექტროენერგია პირდაპირი მომხმარებლისთვის, ხოლო ზოგიერთ თვეში კი პირიქით - უფრო იაფი, მაგრამ წლის ჯამში მნიშვნელოვანი სხვაობა არ არის მოსალოდნელი, რამაც შეიძლება არსებითი ზეგავლენა მოახდინოს პირდაპირი მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საერთო ხარჯზე (პირიქით იქმნება შედარებით შემცირების შესაძლებლობა), მითუმეტეს, რომ ძალაში რჩება ესკოს მიერ (რომელიც წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიის მიმწოდებელს) ელექტროენერგიის იმპორტის ფასის სატარიფო რეგულირება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს დამატებითი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენლები. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.