საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქე ალექსანდრე სელეპანოვის მიერ წარმოდგენილ „პატიმრობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (№1-14075/19; 22/07/2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით.

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
07.10.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-17536/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-15
ბიუროს ნომერი 294

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-17536/19 07-10-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: ბატონ ალექსანდრე სელეპანოვს მის: თბილისი, გაბრიელ სალოსის გამზირი, სახლი N161, ბინა N41 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა მოქალაქე ალექსანდრე სელეპანოვის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „პატიმრობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-14075; 22.07.2019) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 4 ოქტომბრის სხდომაზე განიხილა მოქალაქე ალექსანდრე სელეპანოვის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადება „პატიმრობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-14075; 22.07.2019). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია - ცვლილება შევიდეს საქართველოს პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-7 ნაწილში, რომლითაც ცალსახად განისაზღვრება, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭო უარს ეტყვის მსჯავრდებულს პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე, პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის ხელმეორედ განხილვის ვადა აითვალოს არა იმ მომენტიდან, როდესაც ადგილობრივმა საბჭომ განიხილა შესაბამისი მსჯავრდებულის საქმე და უარი განაცხადა მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე, არამედ იმ მომენტიდან, როდესაც მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების კანონით დადგენილი ვადა წარმოიშვა. პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი კი პენიტენციური სამსახურის ადგილობრივმა საბჭომ განიხილოს პირობით ვადამდე გათავისუფლების კანონით დადგენილი ვადის წარმოშობიდან ექვს თვეში. II. საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით საჯაროდ გამოთქმული მოსაზრება თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 102-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე შენიშვნები და მოსაზრებები წარმოდგენილი არ ყოფილა. III. კომიტეტის შეფასება საქართველოს პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად: „თუ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, იმავე საკითხზე შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შესაძლებელია მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა 6 თვეს არ აღემატება ან/და არსებობს განსაკუთრებული გარემოება. მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა სავალდებულოა 6 თვეში ერთხელ. თუ მოსახდელი სასჯელის ვადა 6 თვეს არ აღემატება, საბჭო მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხს განიხილავს მსჯავრდებულის წერილობითი განცხადების საფუძველზე.“. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს N320 ბრძანების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახად, ადგილობრივი საბჭო, როგორც წესი, ყოველი თვის 10 რიცხვამდე შემოსულ შუამდგომლობებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, იხილავს მომდევნო თვის 10 რიცხვამდე. მხარეს უფლება აქვს ამ პერიოდში ადგილობრივ საბჭოში წარმოადგინოს საკითხის მისთვის სასარგებლოდ გადასაწყვეტად საჭირო დამატებითი ინფორმაცია. საკითხის გადასაწყვეტად აღნიშნული პერიოდის დაწესება აუცილებელია იმისთვის, რომ საბჭომ შესაბამისი გადაწყვეტილება საკითხის ყოველმხრივ, ობიექტურად და სრულად გამოკვლევის შედეგად მიიღოს. იმ შემთხვევაში, თუ პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის ხელმეორედ განხილვის ვადა პირობით ვადამდე გათავისუფლების კანონით დადგენილი ვადიდან აითვლება და ადგილობრივი საბჭო, თავის მხრივ, ვალდებული გახდება პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი ამ ვადის დადგომიდან 6 თვეში განიხილოს (როგორც ამას საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს) შედეგად მივიღებთ იმ მოცემულობას, რომ: ა) უარი უნდა ითქვას იუსტიციის მინისტრის N320 ბრძანების მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დროის იმ მონაკვეთზე, რომელიც საბჭოს პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის ყოველმხრივ, ობიექტურად და სრულად გადასაწყვეტად ესაჭიროება (რათა საკითხის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების ვადა ექვს თვეს არ გადაცდეს) რაც დაუშვებელია. ბ) ან პენიტენციურ დაწესებულებას უნდა დაეკისროს ვალდებულება მსჯავრდებულის საქმე ადგილობრივ საბჭოს ზემოაღნიშნულ ექვს თვეზე ადრე გადაუგზავნოს, რათა საბჭოს მიერ საკითხის განხილვამ და გადაწყვეტილების მიღებამ საერთო ჯამში ამ ექვს თვეს არ გადააჭარბოს. ამ შემთხვევაში, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება პატიმრობის კოდექსის სხვა მუხლებშიც უნდა განხორციელდეს, რასაც საკანონმდებლო წინადადება არ ითვალისწინებს. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, კანონის პროექტის სახით წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მიღების შემთხვევაში, კომიტეტს ეკისრება ვალდებულება კანონპროექტი პირდაპირ გადასცეს პარლამენტის ბიუროს (იმ სახით, როგორაც არის წარმოდგენილი), კანონის პროექტის სახით შემოთავაზებული საკანონმდებლო წინადადება კი არ არის სრულყოფილი სახით წარმოდგენილი - საკანონმდებლო წინადადების მხარდაჭერა ვერ მოხდება. კომიტეტმა ასევე აღნიშნა ისიც, რომ საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ნორმების დაზუსტების თვალსაზრისით, შესაძლოა გაგრძელდეს მსჯელობა. დასკვნითი ნაწილი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა მოქალაქე ალექსანდრე სელეპანოვის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადება „პატიმრობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-14075; 22.07.2019) და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი