„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
30.10.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: გურამ მაჭარაშვილი, ნინო წილოსანი, პაატა მხეიძე, მერაბ ქვარაია, ზაზა გაბუნია
ნომერი
#07-3/413/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-11-04
ბიუროს ნომერი 303

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge) №18, 22.05.2007, სარეგისტრაციო კოდი: 450.030.000.05.001.002.815) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. 55-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) სარეაბილიტაციო, კვლევითი ან არქეოლოგიური სამუშაოები ძეგლზე ან არქეოლოგიურ ობიექტზე ხორციელდება ამ კანონის 46-ე მუხლის ან „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 56-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო /ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების არეალში და თუ ძეგლის არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან საფრთხის შემცველია თავად ძეგლისათვის/არქეოლოგიური ობიექტისათვის. 55-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირობები არ ვრცელდება, თუ სარეაბილიტაციო, კვლევითი ან არქეოლოგიური სამუშაოები ძეგლზე ან არქეოლოგიურ ობიექტზე ხორციელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში.”. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 3 დეკემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონის პროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“, ისევე როგორც „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონი, უფლებამოსილ სახელმწიფო/ადგილობრივ ორგანოებს ანიჭებს უფლებას განსაზღვრონ ქალაქთმშენებლობის ღონისძიებების/კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალები, რაც, საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებიდან გამომდინარე, იძლევა საშუალებას, რომ სპეციალური სტანდარტების, მოთხოვნების თუ რეგულაციების დაწესება-გამოყენებით მოხდეს საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით დიდი სიკეთეების, მათ შორის, სახელმწიფოს აუცილებელი კონსტიტუციური ვალდებულებების განხორციელება. საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ადამიანის სიცოცხლე დაცულია“, მე-20 მუხლი ყველას ანიჭებს უფლებას ზრუნავდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე, ხოლო 29-ე მუხლი კი ყველა ადამიანს ანიჭებს უფლებას, ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით. კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესები სწორედ ის აუცილებელი ვალდებულებებია, რაც არის წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების საფუძველი, რათა კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის და ასევე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის სტანდარტი. ძეგლზე ან არქეოლოგიურ ობიექტზე სარეაბილიტაციო, კვლევითი ან არქეოლოგიური სამუშაოების ხშირად ოპერატიულად და ეფექტურად შესაძლოა ვერ ხორციელდებოდეს, ამიტომაც საჭიროა მიღებულ იქნას წინამდებარე კანონი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებული საკითხების დარეგულირებისათვის აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებები. კანონის მიღება აუცილებელია, რათა შემუშავებულ იქნას რეგულაციები, რომლითაც მოხდება ძეგლზე ან არქეოლოგიურ ობიექტზე სარეაბილიტაციო, კვლევითი ან არქეოლოგიური სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებული პროცედურების ოპტიმიზაცია. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად დგინდება ძეგლზე ან არქეოლოგიურ ობიექტზე ეფექტური მექანიზმი სარეაბილიტაციო, კვლევითი ან არქეოლოგიური სამუშაოების განსახორციელებლად. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით: 1. კანონის 55-ე მუხლის პირველ პუნქტს ემატება „გ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო, მათ შორის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილი ხდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მესაკუთრის (მფლობელის) თანხმობის გარეშე თავად ჩაატაროს (ან დაუკვეთოს სხვა პირს) სარეაბილიტაციო, კვლევითი ან არქეოლოგიური სამუშაოები ძეგლზე ან არქეოლოგიურ ობიექტზე თუ სარეაბილიტაციო, კვლევითი ან არქეოლოგიური სამუშაოები ძეგლზე ან არქეოლოგიურ ობიექტზე ხორციელდება ამავე კანონის 46-ე მუხლის ან „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 56-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების/კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალში და თუ ძეგლის არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან საფრთხის შემცველია თავად ძეგლისათვის/არქეოლოგიური ობიექტისათვის. 2. 55-ე მუხლს ემატება 31 პუნქტი, რომლის მიხედვითაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მესაკუთრის (მფლობელის) თანხმობის არარსებობის შემთხვევაში, სარეაბილიტაციო, კვლევითი ან არქეოლოგიური სამუშაოები ძეგლზე ან არქეოლოგიურ ობიექტზე სამუშაოები შეიძლება განხორციელდეს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, თუ, რა თქმა უნდა, ძეგლის არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან საფრთხის შემცველია თავად ძეგლისათვის/არქეოლოგიური ობიექტისათვის. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილი კანონის პროექტის მიმართ (კანონის პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული არ არის); ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: გამომდინარე იქედან, რომ კანონის სრულად ამოქმედებისთვის გარკვეული გარემოებებია აუცილებელი, მიზანშეწონილია კანონპროექტი ძალაში შევიდეს 2019 წლის 3 დეკემბრიდან; ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): არ მოითხოვება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს აუცილებელი ხარჯების გამოყოფა შესაბამისი ბიუჯეტიდან. სამინისტრო, სხვა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია, მესაკუთრის (მფლობელის) თანხმობის გარეშე თავად ჩაატაროს სარეაბილიტაციო, კვლევითი ან არქეოლოგიური სამუშაოები ძეგლზე ან არქეოლოგიურ ობიექტზე ანდა ეს სამუშაოები სხვა პირს დაუკვეთოს, თუ: სარეაბილიტაციო, კვლევითი ან არქეოლოგიური სამუშაოები ძეგლზე ან არქეოლოგიურ ობიექტზე ხორციელდება ამ კანონის 46-ე მუხლის ან „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 56-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო /ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების არეალში და თუ ძეგლის არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან ძეგლისათვის/არქეოლოგიური ობიექტისათვის. საფრთხის შემცველია ასეთი გადაწყვეტილების თავად მიღების შემთხვევაში, ცხადია საჭირო გახდება შესაბამისი რესურსის გამოყოფა შესაბამისი ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, იმ შემთხვევაში თუ სამინისტრო, სხვა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო გადაწყვეტს განახორციელოს რეაბილიტაცია ამ კანონპროექტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: სახელმწიფო არ იღებს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: იმ შემთხვევაში თუ სამინისტრო, სხვა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო გადაწყვეტს განახორციელოს რეაბილიტაცია ამ კანონპროექტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ეს გადაწყვეტილება ცხადია იქონიებს გავლენას იმ პირებზე, ვის მიმართაც ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ამის შედეგად მათი ქონება გახდება რებილიტირებული და მაღალი ღირებულების მქონე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს რაიმე სახის ახალ გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება შეესაბამება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი სამართლებრივი აქტი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს; დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა; ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები - გურამ მაჭარაშვილი, ნინო წილოსანი, პაატა მხეიძე, მერაბ ქვარაია, ზაზა გაბუნია; ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები - გურამ მაჭარაშვილი, ნინო წილოსანი, პაატა მხეიძე, მერაბ ქვარაია, ზაზა გაბუნია.