„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
06.11.2019
ავტორი
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/411/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა (1)
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
II მოსმენა (2)
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (5)

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-11-11
ბიუროს ნომერი 304

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 11) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის წესდების/დებულების მიზანია: განათლების სფეროში სწავლა-სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად გრანტების გაცემა; სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად გრანტების გაცემა; სამეცნიერო გრანტების გაცემა; კულტურის სფეროში პროექტების ხელშეწყობის მიზნით გრანტების გაცემა; ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის გრანტების გაცემა; ახალგაზრდული და საზოგადოებრივი პროექტების დასაფინანსებლად გრანტების გაცემა; იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებისადმი დაქვემდებარებულ ოჯახთა (ეკომიგრანტთა) სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით, მათთვის საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გრანტების გაცემა; საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია და საერთაშორისო საზოგადოებაში მათი დამკვიდრების ხელშეწყობა; საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მთავრობებისათვის განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და მდგრადი განვითარების სფეროებში, ბუნებრივი და ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეული კატასტროფების შედეგების აღმოფხვრაში დახმარების გაწევა; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიმართ სახელმწიფო ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიღების მიზეზია ის გარემოება, რომ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აგვისტოს N364 დადგენილებით, შეიქმნა სსიპ - კულტურის ეროვნული ფონდი, რომელიც ამავე დადგენილების თანახმად, განისაზღვრა გრანტის გამცემად. კანონპროექტის მომზადება განაპირობა შემდეგმა გარემოებებმა: 2019 წლიდან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დაიწყო სახელმწიფო დაფინანსების მოდელიდან საჯარო დაფინანსების მოდელზე გადასვლის პირველი ეტაპი, რაც, განპირობებულია ერთის მხრივ საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საჭიროებით, მეორეს მხრივ კი ეფუძნება ყოფილი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თხოვნის საფუძველზე, ევროკავშირის ექსპერტის ტერი სანდელის კვლევას - „სტრატეგიიდან ქმედებამდე: ევროპული ტიპის საჯარო დაფინანსების სისტემაზე გადასვლა და საქართველოს კულტურის ეროვნული ფონდის შექმნა“, რომელიც განხორციელდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან მიმდინარე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქართველოში ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა“ ფარგლებში. აღნიშნული კვლევის თანახმად, საჯარო დაფინანსების იდეალურ მოდელად მიჩნეული იქნა „კულტურის განვითარების ფონდის“ შექმნა, რაც ხელს შეუწყობს სახელმწიფო ბიუჯეტიდან კულტურის განვითარებისათვის გამოყოფილი სახსრების დემოკრატიულად და გამჭვირვალედ განაწილებას, ეფექტიანად ადმინისტრირებასა და მონიტორინგს. აღნიშნული რეკომენდაციისა და საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, შეიქმნა კულტურის ეროვნული ფონდი, რაც ითვალისწინებს, სამინისტროს ტრადიციული ბიუჯეტის პარალელურად, კულტურის განვითარებისათვის გათვალისწინებული სახსრების, ნაწილობრივ სამინისტროს სისტემაში არსებულ ფონდში გადატანას, რაც ერთის მხრივ გამოათავისუფლებს სამინისტროს ბიუროკრატიული პროცესებისგან და მეორეს მხრივ ხელს შეუწყობს კულტურის სფეროში ცალკეული პროექტების დაფინანსების გამჭირვალე მექანიზმის შექმნას. კულტურის სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე, შეუძლებელია, სამინისტროს პრიორიტეტებით განსაზღვრული მიზნობრივი პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში ცალკეული პირების (სამეწარმეო და არასამეწარმეო სუბიექტების) მიერ ინიცირებული ამა თუ იმ ღონისძიების დაფინანსება განხორციელდეს სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების გზით (მაგ. ამა თუ იმ ფესტივალში, კონკურსში, ბიენალეზე და ა. შ. მონაწილეობის მიღების მიზნით ქართველ ხელოვანთა გამოვლენა ტენდერის მეშვეობით წარმოუდგენელია). სამინისტრო მსგავსი ღონისძიებების დაფინასებას, როგორც წესი უზრუნველყოფს არა სახელმწიფო შესყიდვების, არამედ ცალკეული საპროექტო განაცხადების განხილვის ან კონკურსის გზით, რაც ფაქტიურად იგივე შინაარსის მატარებელია რაც საგრანტო დაფინანსება. კულტურის სფეროს საგრანტო დაფინასების მოდელი ამოქმედებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში: უნგრეთი, ლატვია, ესტონეთი, სლოვაკეთი, ლუქსემბურგი, ჰოლანდია და სხვა. ამ ქვეყნებში მოქმედი ორგანიზაციები (ძირითადად ფონდები), სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი და სხვა რესურსებით მოზიდული ფინანსური სახსრებით გასცემენ გრანტებს როგორც კულტურის სექტორში მოქმედი პროფესიული ორგანიზაციებისა და წარმომადგენლობითი ასოციაციების საქმიანობის, ასევე ცალკეული ხელოვანებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ხელშეწყობა/სტიმულირების მიზნით. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ განხორციელდეს საჯარო დაფინანსების ერთ-ერთ ყველაზე მისაღებ მოდელზე გადასვლა, აუცილებელია „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში კერძოდ, კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში ცვლილების შეტანა, რაც გააჩენს შესაძლებლობას რომ „სსიპ კულტურის ეროვნული ფონდმა“, რომელის დებულების მიზანია, კულტურის სფეროში პროექტების ხელშეწყობის მიზნით გრანტების გაცემა, გასცეს შესაბამისი გრანტები. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის არსებული რედაქციით, რომელიც არ ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ კულტურის სფეროში პროექტების ხელშეწყობის მიზნით გრანტების გაცემის შესაძლებლობას. შესაბამისად, იმისათვის რომ „კულტურის ეროვნულ ფონდს“ მიეცეს შესაძლებლობა, განახორციელოს კულტურის სფეროში პროექტების დაფინანსება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, აუცილებელია, კანონში შეტანილი იქნეს წარმოდგენილი ცვლილება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირს „კულტურის ეროვნულ ფონდს“ მიეცემა კულტურის სფეროში პროექტების ხელშეწყობის მიზნით გრანტების გაცემის შესაძლებლობა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი შედგება 2 მუხლისგან. პირველი მუხლი გულისხმობს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ კულტურის სფეროში პროექტების ხელშეწყობის მიზნით, გრანტების გაცემის შესაძლებლობას, ხოლო კანონპროექტის მე-2 მუხლით დადგენილია კანონის ძალაში შესვლის თარიღი (გამოქვეყნებისთანავე). ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დოკუმენტის „კულტურის სტრატეგია 2025“ პრინციპებს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: გამომდინარე იქიდან, რომ კანონის ამოქმედების თარიღი არ უკავშირდება რაიმე ვალდებულებას, კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია მისი გამოქვეყნების დღიდან. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოქმედებითი საქართველოს რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კულტურის ეროვნული ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2019 წლის 5 აგვისტოს 364 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, რეორგანიზებულ იქნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოქმედებითი საქართველო და მის ბაზაზე შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი − კულტურის ეროვნული ფონდი. ამავე დადგენილებით განისაზღვრა, რომ 2020 წლის 01 იანვრიდან საჯარო სამართლის იურიდიული პირი − კულტურის ეროვნული ფონდი ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოქმედებითი საქართველოს უფლებამონაცვლედ. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2020 წლისთვის წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდება „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონპროეტით სსიპ - შემოქმედებითი საქართველოსთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან, რომელსაც მას მერე შეეცვლება დასახელება, რაც დასრულდება რეორგანიზაციის პროცედურები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ თანახმად საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკური პირის გრანტით მიღებული შემოსავლები, ასევე ამავე კანონში გათვალისწინებულია იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლების საკითხები გრანტთან მიმართებაში. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: პროგრამის „კულტურის ხელშეწყობა“ (პროგრამული კოდი 32 09 02) ფარგლებში გათვალისწინებულია 12.7 მლნ ლარი, რომელიც ემსახურება კულტურის ფარგლებში სხვადასხვა საპროექტო ღონისძიებების დაფინანსებას. შესაბამისად სსიპ - კულტურის ეროვნული ფონდის შექმნის შემდგომ დაახლოებით წლიურად 6.5 მლნ ლარი განაწილდება ამავე ფონდის ბიუჯეტში, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება საგრანტო პროექტების დაფინასება იგივე მიზნობრიობით. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი გავლენას იქონიებს კულტურის სფეროში მოღვაწე პირებზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს (ფულად შენატანს). გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთია არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტს თანდართულ მასალად თან ახლავს ევროკავშირის ექსპერტის ტერი სანდელის კვლევა (იხ. დანართი). დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.