საქართველოს პარლამენტის წევრების: ირინე ფრუიძის, ნინო წილოსანის, ეკა ბესელიას, რატი იონათამიშვილის, რუსლან გაჯიევის, ოთარ კახიძის, გენადი მარგველაშვილის და სერგი კაპანაძის მიერ წარმოდგენილი ეთიკის საბჭოს დებულება, საჩუქრების რეესტრის, ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ განაცხადისა და საჩივრის სპეციალური ფორმები
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-11-11
ბიუროს ნომერი 304
📜 ტექსტი
დებულება
დამტკიცებულია
საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2019 წლის
11 ნოემბრის N304/23 გადაწყვეტილებით
ეთიკის საბჭოს დებულება
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. დებულების რეგულირების სფერო
1. ეს დებულება განსაზღვრავს ეთიკის საბჭოს შექმნის წესს, სტრუქტურას, უფლებამოსილებებსა და საქმიანობის წესს, საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის მე-3 მუხლის „ა“, „ბ“, „დ“, „ზ“−„ი“ და „ნ“−„პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქცევის წესების დაცვისა და შესრულებისთვის მონიტორინგის გაწევას, საკითხის განხილვისა და რეკომენდაციის გაცემის წესს, საქმის წარმოების პროცედურას და ეთიკის საბჭოს სამდივნოს საქმიანობის წესს.
2. ეთიკის საბჭოს დებულებაში ცვლილება შეიტანება ეთიკის საბჭოს ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.
3. ეთიკის საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, სხვა ნორმატიული აქტებით, საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით, ამ დებულებითა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის აქტებით.
თავი II. ეთიკის საბჭოს შექმნის წესი, სტრუქტურა და უფლებამოსილებები
მუხლი 2. ეთიკის საბჭოს შექმნის წესი, სტრუქტურა და თანათავმჯდომარეთა არჩევა
1. ეთიკის საბჭოს შექმნისა და შემადგენლობის განსაზღვრის წესი დგინდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და ამ დებულებით.
2. საქართველოს პარლამენტი თავისი უფლებამოსილების ვადით, უფლებამოსილების ცნობიდან 2 თვის ვადაში დადგენილებით ქმნის ეთიკის საბჭოს. ამ დადგენილებაში მითითებული უნდა იყოს ეთიკის საბჭოს წევრთა რაოდენობა.
3. ეთიკის საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა და იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში. ამასთანავე, ეთიკის საბჭოში უმრავლესობის წარმომადგენლობა არ უნდა აჭარბებდეს ეთიკის საბჭოს წევრთა რაოდენობის ნახევარს.
4. ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ დადგენილების მიღებიდან 1 კვირის ვადაში განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი და ამტკიცებს პარლამენტის ბიურო. ფრაქციათა შორის შესაძლებელია ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დათმობა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად.
5. შესაბამისი ფრაქციები პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების შესაბამისად ეთიკის საბჭოს წევრებად დასახელებულ პირებს ამ კვოტების დამტკიცებიდან 1 კვირის ვადაში წარუდგენენ საქართველოს პარლამენტის ბიუროს.
6. ეთიკის საბჭოს წევრებად დასახელებული პირების საქართველოს პარლამენტის ბიუროსთვის წარდგენის შემდეგ პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე ცნობად იღებს ეთიკის საბჭოს შემადგენლობას, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით.
7. ფრაქციის მიერ ეთიკის საბჭოს წევრად წარდგენილი პირი წელიწადში ერთხელ ექვემდებარება როტაციას. ამ ვადის გასვლისთანავე შესაბამისი ფრაქცია ვალდებულია ამ პუნქტით გათვალისწინებული პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დაცვით წარადგინოს ახალი წევრი. ამასთანავე, ეთიკის საბჭოს ახალი შემადგენლობის დაკომპლექტებამდე საბჭოს საქმიანობას წარმართავს საბჭოს არსებული შემადგენლობა.
8. ეთიკის საბჭოს წევრის საკუთარი სურვილით საბჭოს შემადგენლობიდან გასვლის შემთხვევაში იგი ვალდებულია ამის შესახებ წერილობით აცნობოს მის წარმდგენ ფრაქციას და საბჭოს თანათავმჯდომარეებს. აღნიშნულ ფრაქციას უფლება აქვს, წარადგინოს ეთიკის საბჭოს წევრობის ახალი კანდიდატი. თუ ეთიკის საბჭოს შემადგენლობიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილება საბჭოს თანათავმჯდომარემ მიიღო, საბჭო ვალდებულია 1 თვის ვადაში, თანათავმჯდომარეთა არჩევისთვის დადგენილი წესით აირჩიოს ახალი თანათავმჯდომარე.
9. ეთიკის საბჭოს ხელმძღვანელობს 2 თანათავმჯდომარე. ეთიკის საბჭოს თანათავმჯდომარეებს ირჩევს საბჭო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისთვის ამ დებულებით დადგენილი წესით.
10. ეთიკის საბჭოს თანათავმჯდომარეთა კანდიდატურების საბჭოსთვის წარდგენა და მათი არჩევა ხდება შემდეგი წესით:
ა) თანათავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად ერთ კანდიდატს ასახელებენ საბჭოს წევრები, რომლებიც წარდგენილი არიან საპარლამენტო უმრავლესობაში გაერთიანებული ფრაქციების მიერ;
ბ) თანათავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად მეორე კანდიდატს ასახელებენ საბჭოს წევრები, რომლებიც წარდგენილი არიან საპარლამენტო უმცირესობაში გაერთიანებული ფრაქციების მიერ ან იმ ფრაქციების მიერ, რომლებიც არ არიან გაერთიანებული საპარლამენტო უმრავლესობაში ან უმცირესობაში;
გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრები თანათავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას კონსენსუსით იღებენ;
დ) თუ ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნტით გათვალისწინებული საბჭოს წევრები თანათავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწევენ, ტარდება კენჭისყრა. თანათავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილად ჩაითვლება კანდიდატურა, რომელიც ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრების არანაკლებ 2/3-ის ხმებს მიიღებს;
ე) თუ ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნტით გათვალისწინებული საბჭოს წევრები ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნტის შესაბამისად თანათავმჯდომარის კანდიდატურაზე ვერ შეთანხმდებიან, ტარდება ხელახალი კენჭისყრა. კენჭი ეყრება 2 კანდიდატურას, რომელთაც წინა კენჭისყრის დროს ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. თანათავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილად ჩაითვლება კანდიდატურა, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს;
ვ) თანათავმჯდომარეთა კანდიდატურების წარდგენა ხდება ეთიკის საბჭოს სამდივნოში, შესაბამის უფლებამოსილ პირთან, საბჭოს შექმნიდან არაუგვიანეს 3 კვირისა.
11. ეთიკის საბჭოს თანათავმჯდომარეები აირჩევიან საბჭოს შექმნიდან არაუგვიანეს 1 თვისა.
12. ეთიკის საბჭოს თანათავმჯდომარეები გადაწყვეტილებას ურთიერთშეთანხმებით იღებენ.
13. ეთიკის საბჭოს თანათავმჯდომარეები:
ა) იხილავენ საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დარღვევის თაობაზე საჩივრის დასაშვებობის საკითხს და იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას;
ბ) იწვევენ, ხსნიან და ხელმძღვანელობენ/წარმართავენ საბჭოს სხდომას. ეთიკის საბჭოს თანათავმჯდომარე უფლებამოსილია საბჭოს სხდომის მიმდინარეობისას მოხსნას საბჭოს წევრის მიერ დასმული კითხვა, თუ იგი შეუფერებელია ან/და არ ემსახურება საქმის გარემოებების გამოკვლევას;
გ) ხელს აწერს/აწერეენ საბჭოს სხდომის ოქმს და საბჭოს გადაწყვეტილებას;
დ) ახორციელებენ ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
14. ეთიკის საბჭოს თანათავმჯდომარეები ვალდებული არიან საბჭოს წევრებს მიაწოდონ ინფორმაცია რეგისტრირებული საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დარღვევის თაობაზე საჩივრების შესახებ და საბჭოს წარუდგინონ ანგარიში მათ მიერ მიღებული საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დარღვევის თაობაზე საჩივრების დასაშვებობის შესახებ გადაწყვეტილებების თაობაზე.
15. ეთიკის საბჭოს თანათავმჯდომარის უფლებამოსილების საკუთარი სურვილით ან ამ დებულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ახალი თანათავმჯდომარის არჩევის საკითხი რეგულირდება ამ მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი წესით.
მუხლი 3. ეთიკის საბჭოს უფლებამოსილებები
1. ეთიკის საბჭო შეისწავლის და მონიტორინგს უწევს საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის მე-3 მუხლის „ა“, „ბ“, „დ“, „ზ“−„ი“ და „ნ“−„პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქცევის წესების დარღვევის შემთხვევებს.
2. საკითხის განხილვისას ეთიკის საბჭო უფლებამოსილია:
ა) შეისწავლოს საქმის მასალები;
ბ) საჭიროების შემთხვევაში მხარეებს ჩამოართვას წერილობითი ახსნა-განმარტებები საქმის გარემოებებთან დაკავშირებით და ისინი საქმეს დაურთოს;
გ) შეისწავლოს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ან თავისი ინიციატივით გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული მასალები;
დ) მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება;
ე) შეხვდეს მხარეებს ცალ-ცალკე და დაუსვას მათ შეკითხვები;
ვ) თუ პირის იდენტიფიცირება შესაძლებელია, მიიღოს გადაწყვეტილება მისთვის ახსნა-განმარტების დისტანციური საშუალების (ტელეფონი, ვიდეოჩართვა ან სხვა ტექნიკური საშუალება) გამოყენებით ჩამორთმევის შესახებ;
ზ) თუ ერთ საკითხზე ერთი პარლამენტის წევრის წინააღმდეგ წარდგენილია რამდენიმე საჩივარი საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დარღვევის თაობაზე, გააერთიანოს საქმეები, აქციოს ერთ წარმოებად და მიიღოს ერთი გადაწყვეტილება;
თ) საქმე მიუკერძოებლად, მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით განიხილოს.
3. ეთიკის საბჭო საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის პოპულარიზაციისა და საპარლამენტო ეთიკის ჩამოყალიბების მიზნით ეთიკის კოდექსით დადგენილ ქცევის წესებთან დაკავშირებით შეიმუშავებს სახელმძღვანელოებს.
4. ეთიკის საბჭოს საქმიანობის წლიური ანგარიში არაუგვიანეს მომდევნო წლის 15 თებერვლისა ეცნობება საქართველოს პარლამენტის ბიუროს. ეთიკის საბჭოს საქმიანობის წლიური ანგარიში საჯაროა და ქვეყნდება საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე.
5. მხოლოდ ეთიკის საბჭოა უფლებამოსილი, საქმის წარმოების პროცესში განმარტოს საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით დადგენილი წესები.
6. ყოველი ახალი მოწვევის საქართველოს პარლამენტი საორიენტაციო პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი პარლამენტის წევრებისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის გაცნობის მიზნით უზრუნველყოფს მათთვის ტრენინგის ჩატარებას უფლებამოსილების ცნობიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
თავი III. ეთიკის საბჭოს საქმიანობის წესი. საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დარღვევის თაობაზე საჩივრის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება
მუხლი 4. ეთიკის საბჭოს სხდომა
1. ეთიკის საბჭო იკრიბება საჭიროებისამებრ, მაგრამ საქართველოს პარლამენტის მორიგი სესიის განმავლობაში არანაკლებ ერთხელ, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა რეგისტრირებული საჩივარი საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დარღვევის თაობაზე.
2. ეთიკის საბჭოს სხდომას იწვევენ საბჭოს თანათავმჯდომარეები ურთიერთშეთანხმებით, საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით საჩივრის განხილვისთვის დადგენილი 1-თვიანი ვადის დაცვით.
3. ეთიკის საბჭოს სხდომის თარიღი და დღის წესრიგი საბჭოს წევრებს ეცნობებათ სხდომამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა. თუ ეთიკის საბჭოს სხდომა ამ ვადის დარღვევით იქნა მოწვეული, საბჭოს წევრს სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება.
4. ეთიკის საბჭოს სხდომას ხელმძღვანელობს/წარმართავს საბჭოს ორივე თანათავმჯდომარე ან ურთიერთშეთანხმებით − ერთ-ერთი მათგანი. ეთიკის საბჭოს ერთ-ერთი თანათავმჯდომარის არყოფნა არ არის საბჭოს სხდომის გადადების ან გაუქმების საფუძველი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული თანათავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული საპატიო მიზეზის არსებობისას მეორე თანათავმჯდომარეს მიმართავს დასაბუთებული განცხადებით, რომლითაც ითხოვს მისთვის სხდომაზე დასწრების შესაძლებლობის მიცემას.
5. ეთიკის საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს შემადგენლობის უმრავლესობა. ეთიკის საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
6. თუ ეთიკის საბჭოს წევრთა ხმების თანაბრად გაყოფის გამო საბჭომ ვერ მიიღო გადაწყვეტილება, უახლოესი 2 კვირის განმავლობაში იმართება საბჭოს ახალი სხდომა, რომელზედაც საკითხი ხელახლა განიხილება. საკითხის ხელახლა განხილვის შემდეგ ეთიკის საბჭო გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა.
7. თუ ეთიკის საბჭოს წევრი საბჭოს სხდომას ზედიზედ 3-ჯერ არ დაესწრება და არ არსებობს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 34-ე მუხლით გათვალისწინებული საპატიო მიზეზი, საბჭოს თანათავმჯდომარეები უფლებამოსილი არიან საბჭოს აღნიშნული წევრის წარმდგენ ფრაქციას მიმართონ მისი ჩანაცვლების შესახებ არგუმენტირებული წერილობითი თხოვნით. ეს წესი ვრცელდება აგრეთვე ეთიკის საბჭოს თანათავმჯდომარეზე, კერძოდ, საბჭოს თანათავმჯდომარე უფლებამოსილია მის წარმდგენ ფრაქციას მიმართოს მისი ჩანაცვლების შესახებ არგუმენტირებული წერილობითი თხოვნით. ეთიკის საბჭოს ახალი თანათავმჯდომარის არჩევის საკითხი რეგულირდება ამ დებულების მე-2 მუხლით დადგენილი წესით.
8. ეთიკის საბჭოს სხდომის შესახებ მხარეებს ეცნობებათ სხდომამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, რათა მათ ჰქონდეთ დრო სხდომაზე დროულად გამოცხადებისა და საქმისთვის მომზადებისთვის.
9. ეთიკის საბჭოს სხდომაზე დგება სხდომის ოქმი. ეთიკის საბჭოს სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის ერთ-ერთი თანათავმჯდომარე მაინც. ეთიკის საბჭოს სხდომის ოქმი ხელმისაწვდომია მხოლოდ საბჭოს წევრებისა და საბჭოს სამდივნოს უფლებამოსილი პირი.
მუხლი 5. საჩივარი საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დარღვევის თაობაზე და მისი დასაშვებობა
1. ეთიკის საბჭო ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქცევის წესების სავარაუდო დარღვევის ფაქტს განიხილავს თავისი ინიციატივით ან საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დარღვევის თაობაზე საჩივრის საფუძველზე.
2. საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დარღვევის თაობაზე საჩივარი (შემდგომ − საჩივარი) შეიძლება წარადგინოს საქართველოს პარლამენტის წევრმა (საქართველოს პარლამენტის წევრებმა) ან პირმა, რომელსაც მიაჩნია, რომ მის მიმართ დაირღვა საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი. ამისთვის აღნიშნულმა პარლამენტის წევრმა ან პირმა უნდა შეავსოს საჩივრის სპეციალური ფორმა.
3. საჩივრის სპეციალური ფორმის შევსება და საჩივრის წარდგენა შესაძლებელია როგორც წერილობით, ისე ელექტრონულად.
4. საჩივარი შეიძლება წარდგენილ იქნეს საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის სავარაუდო დარღვევის ფაქტის დადგომიდან/გამოვლენიდან არაუგვიანეს 1 თვისა, მხოლოდ შესაბამისი მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის მქონე პირის წინააღმდეგ.
5. ეთიკის საბჭოს სამდივნო საჩივრის სპეციალური ფორმის სრულყოფილად შევსების შემთხვევაში საჩივარს მისი წარდგენის დღესვე არეგისტრირებს (უთითებს საჩივრის რეგისტრაციის ნომერსა და წარდგენის თარიღს) და საჩივრის რეგისტრაციიდან უმოკლეს ვადაში უგზავნის საჩივარსა და შესაბამის ინფორმაციას საბჭოს თანათავმჯდომარეებს. საბჭოს თანათავმჯდომარეები ვალდებული არიან საჩივრის რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიიღონ გადაწყვეტილება საჩივრის დასაშვებობის შესახებ.
6. თუ საჩივრის სპეციალური ფორმა არასრულყოფილადაა შევსებული, საჩივრის წარმდგენს ხარვეზის გამოსასწორებლად 1 კვირის ვადა ეძლევა. ამ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი. თუ ხარვეზი გამოსწორდა, ეთიკის საბჭოს თანათავმჯდომარეები საჩივრის დასაშვებობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ საჩივრის ხელახლა წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
7. ეთიკის საბჭოს თანათავმჯდომარეებს უფლება აქვთ, საჩივრის დასაშვებობის შესახებ გადაწყვეტილება სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიიღონ. ამ გადაწყვეტილებას აქვს იურიდიული ძალა და მოთხოვნის შემთხვევაში საჯაროა.
8. საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, თუ:
ა) საჩივარში მითითებული საკითხი სცილდება საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით განსაზღვრული ეთიკის საბჭოს კომპეტენციის ფარგლებს;
ბ) საჩივარი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს;
გ) საქართველოს პარლამენტის წევრს, რომლის წინააღმდეგაც არის წარდგენილი საჩივარი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით შეუწყდა პარლამენტის წევრის სტატუსი;
დ) საჩივარში მითითებულ საკითხზე ეთიკის საბჭოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოპოვებულ იქნა ახალი, არსებითად მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომელთა მოპოვებაც აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე შეუძლებელი იყო;
ე) საჩივარი ქმედუუნარო პირის მიერ არის წარდგენილი;
ვ) საჩივარი არაუფლებამოსილი პირის მიერ არის წარდგენილი;
ზ) ეთიკის საბჭოს წარმოებაშია საქმე იმავე მხარეებს შორის იმავე საფუძვლით;
თ) არ არის შევსებული საჩივრის სპეციალური ფორმა;
ი) საჩივარი არ შეიცავს საჩივრის სპეციალური ფორმით განსაზღვრულ სავალდებულო რეკვიზიტებს;
კ) გასულია საჩივრის წარდგენისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით დადგენილი ვადები.
9. თუ ეთიკის საბჭოს თანათავმჯდომარეები საჩივრის დასაშვებობის საკითხზე ვერ შეთანხმდებიან, ისინი გადაწყვეტილების მიღებისთვის ამ მუხლის მე-5 ან მე-6 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 2 კვირისა იწვევენ საბჭოს სხდომას. საბჭოს სხდომა იხილავს საჩივრის დასაშვებობის საკითხს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
10. საჩივრის დასაშვებობის შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე ეცნობება ან საჩივრის დასაშვებობის საკითხის ეთიკის საბჭოს სხდომაზე განხილვის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება მომჩივანს საჩივრის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში საქმის წარმოება წყდება.
11. საქართველოს პარლამენტის წევრის წინააღმდეგ საჩივრის წარდგენის შემთხვევაში მას დაუყოვნებლივ წერილობით, სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტისა და საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის მეშვეობით ეცნობება საჩივრის თაობაზე. საჩივრის დასაშვებად ცნობიდან არაუგვიანეს 2 დღისა საქართველოს პარლამენტის წევრს ეცნობება საქმის წარმოების დაწყების შესახებ და ეძლევა 10 სამუშაო დღე საჩივარზე საპასუხოდ. ეს ვადა შეიძლება საქართველოს პარლამენტის წევრის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე 5 სამუშაო დღით გაგრძელდეს.
12. ეთიკის საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის სავარაუდო დარღვევის ფაქტის თავისი ინიციატივით განხილვის საფუძველია საბჭოს წევრის მიერ ეთიკის კოდექსის სავარაუდო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით საკითხის აღძვრა. საკითხის აღძვრის უფლება აქვს ეთიკის საბჭოს ნებისმიერ წევრს. აღნიშნულ შემთხვევაში ივსება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საჩივრის სპეციალური ფორმა, ხოლო ეთიკის საბჭოს თანათავმჯდომარეები საჩივრის დასაშვებობის საკითხს ამავე მუხლით დადგენილი წესით განიხილავენ.
13. თუ არსებობს დასაბუთებული საჩივარი და საკითხი სცილდება ეთიკის საბჭოს კომპეტენციას, საბჭოს თანათავმჯდომარეები ვალდებული არიან საკითხი საბჭოს სხდომაზე წარადგინონ. ეთიკის საბჭო უფლებამოსილია იმსჯელოს აღნიშნულ საკითხზე და მიიღოს გადაწყვეტილება საჩივრის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოსთვის გადაგზავნის შესახებ. ეთიკის საბჭო ამ გადაწყვეტილების შესახებ აცნობებს საქართველოს პარლამენტის წევრს და მომჩივანს.
14. ეთიკის საბჭოს წევრებს შორის კომუნიკაცია, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის წევრის ან/და სხვა პირის ეთიკის საბჭოსთან კომუნიკაცია შესაძლებელია სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტით. ასეთი კომუნიკაციის საშუალებით ელექტრონულ მიმოწერას აქვს იურიდიული ძალა.
15. ეთიკის საბჭოს წევრის მიერ სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტით მიღებულ წერილში დასმულ, საბჭოს საქმიანობიდან გამომდინარე საკითხთან დაკავშირებით პასუხის 5 სამუშაო დღის ვადაში გაუცემლობა აღნიშნულ საკითხზე თანხმობად ითვლება.
მუხლი 6. კონფიდენციალურობა
1. საჩივრის განხილვის პროცესი კონფიდენციალურია, ხოლო ეთიკის საბჭოს სხდომა − დახურული. ორივე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში ეთიკის საბჭო უფლებამოსილია გამართოს საჯარო სხდომა. საჯარო სხდომის გამართვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ეთიკის საბჭო. ეს გადაწყვეტილება ფორმდება საოქმო ჩანაწერით და საჯაროა. მხოლოდ ეთიკის საბჭოს საჯარო სხდომაზეა შესაძლებელი სხდომის აუდიოჩაწერა ან/და ვიდეო ჩაწერა.
2. საქართველოს პარლამენტის წევრმა საჩივრის განხილვის პროცესში უნდა დაიცვას კონფიდენციალურობის დაცვისთვის დადგენილი ნორმა და არ უნდა გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც სათანადო წესით არ დადასტურებულა და ჯერ კიდევ არ გამხდარა საჯარო.
3. საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის სავარაუდო დარღვევის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია მანამ, სანამ ეთიკის საბჭო დარღვევის შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
4. ეთიკის საბჭოს წევრი, საბჭოს სამდივნოს თანამშრომელი, საქმეში ჩართული მოწმე, ექსპერტი, თარჯიმანი ვალდებულია დაიცვას სამსახურებრივი საიდუმლოების შემცველი ან სხვა კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა საჩივრის განხილვის პროცესში.
მუხლი 7. საჩივრის განხილვის შეჩერება, საჩივრის განხილვის შეწყვეტა
1. ეთიკის საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საჩივრის განხილვის შეჩერების შესახებ, თუ:
ა) დადგენილ ვადაში მტკიცებულებების მოძიება ობიექტური მიზეზის (მხარის ავადმყოფობა, რაც დადასტურებულია საავადმყოფო ფურცლით, მივლინება) გამო ვერ ხერხდება;
ბ) ეთიკის საბჭოს წევრის საჩივრის განხილვისგან აცილების ან თვითაცილების შემთხვევაში ფრაქციამ იგი დროებით ფრაქციის სხვა წევრით ჩაანაცვლა.
2. საჩივრის განხილვის შეჩერების შემთხვევაში მისი განხილვა უნდა განახლდეს შეჩერების მიზეზის აღმოფხვრისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა.
3. ეთიკის საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საჩივრის განხილვის შეწყვეტის შესახებ, თუ საჩივრის განხილვის დაწყებამდე ან მისი განხილვის პროცესში საქართველოს პარლამენტის წევრს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება.
4. საქართველოს პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსითა და ამ დებულებით გათვალისწინებული ვადის დინება ჩერდება. ეთიკის საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში აღნიშნული ვადის დინების გაგრძელებისა და საკითხის განხილვის თაობაზე.
მუხლი 8. საჩივრის განხილვის დაწყება
1. ეთიკის საბჭო საჩივარს საჩივარზე საპასუხოდ განსაზღვრული ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში განიხილავს.
2. ეთიკის საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვის დაწყებამდე საბჭოს თითოეული წევრი ვალდებულია შეავსოს ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ განცხადების ფორმა.
3. ეთიკის საბჭოს თანათავმჯდომარეები უფლებამოსილი არიან საბჭოს სხდომა 10 დღით გადადონ, თუ ეს აუცილებელია აცილებასთან დაკავშირებული პროცედურული ვადების დაცვისთვის ან თუ მხარე სხდომაზე საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადდა. მხარის ხელმეორედ გამოუცხადებლობა აღარ არის ეთიკის საბჭოს სხდომის გადადების საფუძველი.
4. საკითხის განხილვისას ეთიკის საბჭოს სხდომაზე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა ან გამოცხადებული მხარის მიერ ახსნა-განმარტების მიცემაზე უარის თქმა ვერ დააბრკოლებს საკითხის განხილვას და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას.
5. მხარე უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით გათვალისწინებულ ურთიერთობებში გამოვიდეს წარმომადგენლის მეშვეობით. მხარის წარმომადგენელი უნდა იყოს მხარის ნდობით აღჭურვილი სრულწლოვანი პირი და უნდა ჰქონდეს ნოტარიულად დამოწმებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.
მუხლი 9. საჩივრის განხილვაში ეთიკის საბჭოს წევრის მონაწილეობის დაუშვებლობა, საბჭოს წევრის აცილება ან თვითაცილება
1. ეთიკის საბჭოს თანათავმჯდომარეები საბჭოს სხდომის დაწყებისთანავე განმარტავენ საჩივრის განხილვაში ეთიკის საბჭოს წევრის მონაწილეობის დაუშვებლობის, მისი განხილვისგან საბჭოს წევრის აცილების ან თვითაცილების ამ დებულებით დადგენილ წესს. ეთიკის საბჭოს წევრის აცილების ან თვითაცილების შესახებ საბჭოს მიერ განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში საბჭოს თანათავმჯდომარეები გადადებენ საქმის განხილვას და მიმართავენ საბჭოს წევრის წარმდგენ ფრაქციას, რათა გადაწყვეტილების მიღებამდე მან საბჭოს აღნიშნული წევრი ფრაქციის სხვა წევრით ჩაანაცვლოს.
2. ეთიკის საბჭოს წევრი ვალდებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შემთხვევაში საკითხის განხილვის დაწყებისთანავე წერილობით განაცხადოს თვითაცილების შესახებ.
3. მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს ეთიკის საბჭოს წევრის მიერ წარდგენილი საჩივრის ან ეთიკის საბჭოს წევრის წინააღმდეგ წარდგენილი საჩივრის განხილვისგან მისი აცილება. ამ შემთხვევაში მხარე წარადგენს შესაბამის განცხადებას განსახილველ საკითხზე საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.
4. ეთიკის საბჭოს წევრი არ შეიძლება მონაწილეობდეს საჩივრის განხილვაში, თუ:
ა) ეთიკის საბჭოს წევრმა ჩაიდინა საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის სავარაუდო დარღვევა და საჩივარი მის წინააღმდეგ არის წარდგენილი;
ბ) ეთიკის საბჭოს წევრი არის საჩივრის განხილვაში მონაწილე მხარის ან მისი წარმომადგენლის ახლო ნათესავი (ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის „ახლო ნათესავად“ მიიჩნევა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული „ახლო ნათესავი“);
გ) არსებობს გარემოება, რომელიც, სავარაუდოდ, ხელს შეუშლის ეთიკის საბჭოს წევრის მიერ საჩივრის მიუკერძოებლად და სამართლიანად განხილვას;
დ) არსებობს სხვა გარემოება, რომელიც განსაზღვრულია „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით.
5. ეთიკის საბჭოს წევრის აცილების ან თვითაცილების შესახებ განცხადებას იხილავს ეთიკის საბჭო. ეთიკის საბჭო გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ეს გადაწყვეტილება საჯაროა და საბჭოს სხდომის ოქმში აისახება. ეთიკის საბჭოს ერთ-ერთი თანათავმჯდომარის აცილების ან თვითაცილების შემთხვევაში საბჭოს სხდომას მეორე თანათავმჯდომარე ხელმძღვანელობს/წარმართავს.
6. ერთ საქმეზე ეთიკის საბჭოს ორივე თანათავმჯდომარის აცილების ან თვითაცილების შემთხვევაში საბჭო შესაბამის სხდომაზე თავის წევრთაგან ირჩევს თავმჯდომარეს აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილების მიღებისთანავე ამის შესახებ ეცნობება ეთიკის საბჭოს წევრის წარმდგენ ფრაქციას.
7. ეთიკის საბჭოს წევრის აცილების ან თვითაცილების შესახებ განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში საბჭოს თანათავმჯდომარეები გადადებენ საქმის განხილვას და მიმართავენ საბჭოს წევრის წარმდგენ ფრაქციას, რათა გადაწყვეტილების მიღებამდე მან საბჭოს აღნიშნული წევრი ფრაქციის სხვა წევრით ჩანაცვლოს. ეთიკის საბჭოს წევრის წარმდგენ ფრაქციას უფლება აქვს, იგი დროებით, საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე, აცილების ან თვითაცილების შესახებ თანათავმჯდომარეთა მიმართვიდან 1 კვირის ვადაში ფრაქციის სხვა წევრით ჩაანაცვლოს.
მუხლი 10. საჩივრის განხილვის წესი
1. მხარეებს საჩივრის სპეციალურ ფორმაში მითითებული კორესპონდენციის მიღების სასურველი ფორმით ეცნობებათ ეთიკის საბჭოს სხდომაზე საჩივრის განხილვის დრო და ადგილი.
2. ეთიკის საბჭო თავისი ინიციატივით ან მხარის მოთხოვნით განიხილავს საჩივრის განხილვაში ექსპერტის, თარჯიმნის ჩართულობის საკითხს და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს მის ჩართულობას.
3. საჩივრის განხილვის პროცესში ეთიკის საბჭოს სხდომაზე მოწმეთა დასწრებას უზრუნველყოფს მომჩივანი საბჭოსთვის წინასწარი შეტყობინებით.
4. ეთიკის საბჭოს სხდომაზე მოწმე დაიშვება მხოლოდ გამოკითხვის პროცესში.
5. მხარე ეთიკის საბჭოს სხდომას ესწრება მხოლოდ საბჭოს მიწვევით, უშუალოდ მასთან დაკავშირებული საკითხის განხილვისას.
6. მხარე ვალდებულია საჩივრის განხილვის ყველა ეტაპზე ითანამშრომლოს ეთიკის საბჭოსთან.
7. საჩივრის განხილვის პროცესში მხარე უფლებამოსილია:
ა) გაეცნოს საქმის მასალებს და გადაიღოს მათი ასლები;
ბ) მოითხოვოს აცილება;
გ) წარადგინოს მტკიცებულებები;
დ) ეთიკის საბჭოს მიმართოს შუამდგომლობით;
ე) წარადგინოს მოწმე;
ვ) მისცეს ახსნა-განმარტება და წარადგინოს თავისი მოსაზრება საქმის შესწავლისას წამოჭრილ ყველა საკითხზე;
ზ) განახორციელოს ამ დებულებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
8. საჩივრის განხილვის პროცესში მტკიცებულებებს წარადგენენ მხარეები. ამასთანავე, ეთიკის საბჭო უფლებამოსილია თვითონ მოიძიოს შესაბამისი მტკიცებულებები და სათანადო დაწესებულებებისაგან გამოითხოვოს საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სხვა ინფორმაცია.
9. მტკიცებულებები ჰბარდება ეთიკის საბჭოს სამდივნოს, რასაც საჩივრის წარმდგენი და ეთიკის საბჭოს სამდივნოს უფლებამოსილი პირი ხელმოწერებით ადასტურებენ. ეს მტკიცებულებები ინახება შესაბამისი პარლამენტის წევრის მოწვევის ვადით.
მუხლი 11. ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილება
1. ეთიკის საბჭო გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს სახელით. ეთიკის საბჭოს წევრის განსხვავებული აზრი, მისი სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია წერილობით დაერთოს საბჭოს გადაწყვეტილებას.
2. ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილება შედგება აღწერილობითი, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისგან.
3. ეთიკის საბჭოს სხდომის ოქმი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
ა) სხდომის თარიღი, მისი დაწყებისა და დასრულების დრო, სხდომის ადგილი;
ბ) სხდომის მონაწილე საბჭოს წევრთა ვინაობა;
გ) საქმის დასახელება და რეგისტრაციის ნომერი;
დ) მხარეთა ვინაობა;
ე) საკითხის მოკლე აღწერა და გადაწყვეტილება.
4. ეთიკის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება იმ პარლამენტის წევრის სახელი და გვარი, რომელმაც დაარღვია საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი, აგრეთვე დარღვევის მოკლე აღწერა. დარღვევის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე განთავსდება შესაბამისი პარლამენტის წევრის მოწვევის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნული ინფორმაცია ვებგვერდის არქივში ინახება.
5. საქართველოს პარლამენტის წევრის მიერ საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში აღნიშნული პარლამენტის წევრის მიმართ გაიცემა რეკომენდაცია. ეს რეკომენდაცია შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა ქვეყნდება საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე.
6. თუ ეთიკის საბჭო დაადგენს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრს საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი არ დაურღვევია, მისი სახელი და გვარი, აგრეთვე შემთხვევის მოკლე აღწერა საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება მხოლოდ აღნიშნული პარლამენტის წევრის თანხმობის შემთხვევაში, ხოლო მომჩივანს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა ეცნობება საბჭოს გადაწყვეტილების თაობაზე.
7. რეკომენდაცია არის საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით დადგენილი ქცევის ნორმის დარღვევის საკითხზე ეთიკის საბჭოს მოსაზრება, რომელიც წარმოდგენილ ფაქტებზე დაყრდნობით განმარტავს ეთიკის კოდექსის ნორმებს, შეიცავს დარღვევის მოკლე აღწერას და ურჩევს შესაბამის პარლამენტის წევრს, მომავალში გაითვალისწინოს აღნიშნული ნორმები დარღვევის განმეორების თავიდან ასაცილებლად.
8. რეკომენდაცია საქართველოს პარლამენტის წევრს ეგზავნება მისი გაცემიდან არაუგვიანეს 15 დღისა.
თავი IV. ეთიკის საბჭოს სამდივნო
მუხლი 12. ეთიკის საბჭოს სამდივნოს საქმიანობის წესი
1. ეთიკის საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საბჭოს სამდივნო (საქართველოს პარლამენტის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული).
2. ეთიკის საბჭოს სამდივნოს (საქართველოს პარლამენტის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის) შესაბამისი უფლებამოსილი პირი:
ა) ახორციელებს საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ მომსახურებასა და საქმისწარმოებას;
ბ) ახორციელებს საჩივრის რეგისტრაციას და ამის შესახებ აცნობებს საბჭოს თანათავმჯდომარეებს;
გ) საბჭოს უზრუნველყოფს ტექნიკური საშუალებებით და საბჭოს სხდომებისა და სხვა შეხვედრების გამართვისთვის აუცილებელი პირობებით;
დ) ამზადებს საბჭოს გადაწყვეტილების პროექტს;
ე) საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში აწარმოებს საჩუქრების რეესტრს;
ვ) ამზადებს საბჭოს სხდომის ოქმის პროექტს;
ზ) უზრუნველყოფს საბჭოს საქმიანობის წლიური ანგარიშის მომზადებას;
თ) ასრულებს საბჭოს უფლებამოსილებებიდან გამომდინარე სხვა ორგანიზაციულ სამუშაოებს.
3. ეთიკის საბჭოს სამდივნო ვალდებულია საჩუქრის დეკლარირების შესახებ ინფორმაცია შესაბამისი დეკლარაციის მიღებიდან არაუგვიანეს 3 დღისა გამოაქვეყნოს საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე.
4. საქართველოს პარლამენტის წევრის მიმართვის შემთხვევაში ეთიკის საბჭოს სამდივნო ვალდებულია გაუწიოს მას კონსულტაცია საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით დადგენილი ქცევის წესების შესახებ.
განცხადების პროექტი
ინტერესთა შეუთავსებლობა
განცხადება
ვაცხადებ, რომ საკითხის განხილვისას არ არსებობს ისეთი ინტერესთა
შეუთავსებლობის
საკითხი/ები,
რომელიც
გავლენას
მოახდეს
ჩემს
გადაწყვეტილებაზე, ასევე არ არსებობს ეთიკის საბჭოს დებულებით დადგენილი
აცილების ან თვითაცილების საფუძველები:
1. არის თუ არა შემოტანილი საჩივარი თქვენზე?
კი/არა;
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
_____________________________________________________________________
2. გაქვთ თუ არა ნათესაური კავშირი საკითხის განხილვაში მონაწილე მხარესთან?
კი/არა;
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
_____________________________________________________________________
3. ხომ არ არსებობს გარემოება/ები, რომელიც სავარაუდოდ ხელს შეუშლის საქმის
მიუკერძოებლად და სამართლიანად განხილვას?
კი/არა;
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
_____________________________________________________________________
4. ხომ არ არსებობს გარემოებები, რომელიც დადგენილია „საჯარო დაწესებულებაში
ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით?
კი/არა;
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
_____________________________________________________________________
ხელმოწერა
თარიღი
დანართი
საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭო
საჩივრის ფორმა
ვარ საქართველოს პარლამენტის წევრი მოქალაქე
ჩემს მიმართ დაირღვა საქართველოს პარლამენტის ეთიკის კოდექსი
კოდექსის სავარაუდო დარღვევის ფაქტის დადგომიდან /გამოვლენიდან არ არის
გასული ერთი თვე
არ არსებობს ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილება ამ საკითხზე / აღმოჩენილია ახალი,
არსებითად მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომლის მოპოვებაც ამ საკითხზე
გადაწყვეტილების მიღებამდე შეუძლებელი იყო
საჩივარი მიემართება ამჟამინდელი მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრის
სტატუსის მქონე პირს
განმცხადებლის სახელი და გვარი: -------------------------------------- ---------------------------------მისამართი: -----------------------------------------------------------------ტელ: ------------------------------------------------------------------------ელ-ფოსტა: -----------------------------------------------------------------გთხოვთ, მიუთითოთ კორესპონდენციის სასურველი ფორმა
ელ-ფოსტა
ფოსტა
ტელეფონი
წარმომადგენლის სახელი და გვარი (არსებობის შემთხვევაში):
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------წარმომადგენლის ტელ: --------------------------------------------------წარმომადგენლის ელ-ფოსტა: -------------------------------------------წარმომადგენლის მისამართი: --------------------------------------------
პარლამენტის წევრის სახელი და გვარი, რომლის წინააღმდეგაც არის საჩივარი: --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭო
გთხოვთ, აღწეროთ ეთიკის კოდექსის სავარაუდო დარღვევის ფაქტი : -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------საჩივარზე თანდართული საბუთები/მასალა (არსებობის შემთხვევაში): -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------მოწმის (არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელფოსტა: ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
განმცხადებლის ხელმოწერა:
თარიღი: