„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
04.12.2019
ავტორი
ვახტანგ ხმალაძე, დავით ბერძენიშვილი, გიორგი ვაშაძე, ნიკანორ მელია, სერგი კაპანაძე, დავით უსუფაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, ნიკოლოზ ვაშაკიძე, მანანა ნაჭყებია, ნიკოლოზ ჯოგლიძე, კონსტანტინე კემულარია, ნატო ჩხეიძე, პაატა დავითაია, მურმან დუმბაძე, ნინო ბურჯანაძე, ბაჩუკი ქარდავა, შალვა შავგულიძე, კახა კუკავა, კონსტანტინე გამსახურდია, თაკო ჩარკვიანი, ნიკა მაჭუტაძე, ბადრი ჯაფარიძე, მამუკა გამყრელიძე, ეკა ბესელია, ალექსანდრე ამზაშვილი, ალეკო ელისაშვილი, შალვა ნათელაშვილი, მანანა ჯებაშვილი, გია ბერძენაძე, გრიგოლ ჯოჯუა, შოთა მალაშხია
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი აბესაძე, დავით ბაქრაძე, ეკა ბესელია, აკაკი ბობოხიძე, გიორგი ბოკერია, თინათინ ბოკუჩავა, ხათუნა გოგორიშვილი, რომან გოცირიძე, თენგიზ გუნავა, ლაშა დამენია, გიორგი კანდელაკი, სერგი კაპანაძე, ოთარი კახიძე, ზაზა კედელაშვილი, ნიკანორ მელია, ირმა ნადირაშვილი, კობა ნაყოფია, რამაზ ნიკოლაიშვილი, სერგო რატიანი, სალომე სამადაშვილი, აზერ სულეიმანოვი, გიორგი ტუღუში, ლელა ქებურია, გიორგი ღვინიაშვილი, მამუკა ჩიქოვანი, ნატო ჩხეიძე, გიორგი წერეთელი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ელენე ხოშტარია
ნომერი
#07-3/422/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-12-09
ბიუროს ნომერი 314

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. დაემატოს შემდეგი შინაარსის 18525 მუხლი: „მუხლი 18525. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების დანიშვნის დღიდან პარლამენტის 2020 წლის მომდევნო არჩევნების დანიშვნამდე საპარლამენტო არჩევნებისთვის წინამდებარე კოდექსის ზოგიერთი მუხლის, პუნქტისა და ქვეპუნქტის დროებით მოქმედი რედაქცია 1. მე-2 მუხლის ქვემორე ქვეპუნქტები: ე) შუალედური არჩევნები – შესაბამის საარჩევნო ოლქში/ქვეოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, ამ კანონით დადგენილი წესით ჩატარებული არჩევნები, რომელიც ტარდება ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს შემადგენლობის შესავსებად; ლ) მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები – საქართველოს პარლამენტის წევრების არჩევნები მრავალმანდატიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრების არჩევნები ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით; პ) საარჩევნო რეგისტრაცია – შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ პარტიების, საარჩევნო ბლოკების, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების, პარტიული სიების, და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატთა რეგისტრაცია არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიღების მიზნით; ც) მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის შექმნილი მრავალმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი; ც1) მაჟორიტარული საარჩევნო ქვეოლქი – ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქი, რომელიც წარმოადგენს მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ნაწილს, და რომელიც იქმნება საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების ჩასატარებლად; 2. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი: ე) ამ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, განკარგულებით ქმნის საარჩევნო ოლქებს და ქვეოლქებს ან/და აზუსტებს მათ საზღვრებს; 3. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი: 2. საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები იქმნება, მათი საზღვრები და ნომრები განისაზღვრება ამ კანონის 110-ე და 1101 მუხლების საფუძველზე და 1101 მუხლით, ხოლო მაჟორიტარული საარჩევნო ქვეოლქები, მათი საზღვრები, სახელწოდებები და ნომრები – ცესკოს განკარგულებით. 4. 63-ე მუხლის ქვემორე ქვეპუნქტები: 12. საარჩევნო ბიულეტენში აღნიშნული უნდა იყოს: ა) პირველი გვერდის დასაწყისში: არჩევნების დასახელება და არჩევნების ჩატარების თარიღი, საარჩევნო ოლქის დასახელება და ნომერი, საარჩევნო უბნის ნომერი (ბიულეტენის ყუასა და საკუთრივ საარჩევნო ბიულეტენზე), აგრეთვე საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული მონაცემების შემდეგ უნდა ჩამოიწეროს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ასარჩევი კანდიდატების გვარი, სახელი, პარტიულობა, წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის სახელწოდება; პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი ყოველი კანდიდატის გვარის წინ უნდა ეწეროს მისი რიგითი ნომერი (ეს ნომერი წარმოადგენს მისი წარმდგენის რიგით ნომერს; თუ ერთმა სუბიექტმა რამდენიმე კანდიდატი წარადგინა, რიგით ნომერს მიეწერება „-1“, „-2“, „-3“ და ა.შ., მაგალითად, „17-1“), ხოლო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის გვარის წინ – მისი რიგითი ნომერი და სიტყვა „დამოუკიდებელი“; გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული მონაცემების პარალელურად უნდა ჩამოიწეროს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიები/საარჩევნო ბლოკები – თითოეულის სახელწოდება ან/და მისი შემოკლებული დასახელება, დამატებით შეიძლება მიეთითოს პარტიის არაუმეტეს 3 ლიდერის გვარი ან სახელი და გვარი; სახელწოდების წინ უნდა ეწეროს პარტიის/საარჩევნო ბლოკის რიგითი ნომერი. 14. საარჩევნო ბიულეტენის უკანა გვერდზე აღნიშნული უნდა იყოს: ა) ამომრჩეველთა რეგისტრატორის ხელმოწერის ადგილი; ბ) ამომრჩეველთა რეგისტრატორის მიერ სპეციალური ბეჭდით დამოწმების ადგილი. 21. საქართველოს პარლამენტის არჩევნების დროს ამომრჩეველს გადაეცემა არჩევნებისთვის განკუთვნილი ერთი საარჩევნო ბიულეტენი. ამომრჩეველს უფლება აქვს, თავისი პირველი ხმა მისცეს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილ მხოლოდ ერთ კანდიდატს, ხოლო მეორე ხმა – მხოლოდ ერთ პარტიას ან საარჩევნო ბლოკს. თავის არჩევანს ამომრჩეველი გამოხატავს ერთი მაჟორიტარი კანდიდატისა და ერთი პარტიის/საარჩევნო ბლოკის რიგითი ნომრების შემოხაზვით. 5. 69-ე მუხლის 31 პუნქტი: 31. საქართველოს პარლამენტის არჩევნების საარჩევნო ბიულეტენში ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბათილად შეიძლება მიჩნეულ იქნეს ბიულეტენის ან მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით არჩევისთვის განკუთვნილი ნაწილი, ან მხოლოდ პროპორციული სისტემით არჩევისთვის განკუთვნილი ნაწილი, ან ორივე ერთად. ასეთ შემთხვევაში საარჩევნო ბიულეტენის შესაბამის ნაწილს/ნაწილებს ეწერება „ბათილია“. ასეთი ბიულეტენების მიმართ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურა გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბათილად იქნა მიჩნეული ბიულეტენის ორივე ნაწილი. 6. 71-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი: 2. საქართველოს პარლამენტის არჩევნების დროს დგება 1 შემაჯამებელი ოქმი. ბ) მე-3 პუნქტის „გ“ და „ლ“ ქვეპუნქტები: გ) არჩევნების დასახელება, საარჩევნო სისტემა (საერთო არჩევნების დროს – „შერეული“, ხოლო შუალედური არჩევნების დროს – „მაჟორიტარული“); ლ) ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა, ცალ-ცალკე მაჟორიტარული და პროპორციული სისტემით არჩევნებისთვის; გ) მე-7 პუნქტი: 7. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი (საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით) საარჩევნო ბიულეტენებისა და ამომრჩეველთა სიების დალუქულ პაკეტთან ერთად დაუყოვნებლივ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც მათ, საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმთან ერთად, გადასცემს ცესკოს. 7. 75-ე მუხლის ქვემორე პუნქტები: 1. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-11 დღისა ადგენს საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგებს, საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით გამართული არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმსა და პროპორციული საარჩევნო სისტემით გამართული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს, რომლებსაც არაუგვიანეს მომდევნო დღისა გადასცემს ცესკოს. 11. საქართველოს პარლამენტის საერთო არჩევნების შედეგების შეჯამებისას საოლქო საარჩევნო კომისია ჯერ აჯამებს საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული არჩევნების შედეგებს და ადგენს მაჟორიტარული სისტემით არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს; შემდეგ, თუ აღმოჩნდა, რომ მაჟორიტარულ არჩევნებში პარლამენტის წევრად აირჩა „დამოუკიდებელი“ კანდიდატი, ცალკე გადაეწყობა ის საარჩევნო ბიულეტენები, რომლებშიც ეს კანდიდატი იყო აღნიშნული და ეს ბიულეტენები პროპორციული არჩევნების შედეგების შეჯამებისას მხედველობაში აღარ მიიღება. ამის შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისია აჯამებს კენჭისყრის შედეგებს პროპორციული სისტემით არჩევნების მიხედვით, ცალ-ცალკე აწყობს და პაკეტებად კრავს საარჩევნო ბიულეტენებს თითოეული პარტიისთვის/საარჩევნო ბლოკისთვის მიცემული ამომრჩევლის მეორე ხმების მიხედვით და ადგენს ოლქში პროპორციული სისტემით კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს. 2. საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში აღინიშნება: ა) საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება; ბ) არჩევნების დასახელება, საარჩევნო სისტემა (საერთო არჩევნების დროს – „შერეული“, ხოლო შუალედური არჩევნების დროს – „მაჟორიტარული“); გ) კენჭისყრის თარიღი (თუ ეს არის განმეორებითი კენჭისყრა ან არჩევნების მეორე ტური, ესეც უნდა აღინიშნოს); დ) ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო ოლქში; ე) არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო ოლქში; ვ) მიღებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა; ზ) ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა; თ) საარჩევნო სუბიექტების დასახელება, საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობა; ი) ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობა (საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობების ჯამი); კ) იმ საარჩევნო უბნის ნომერი, რომელშიც კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ამ უბანში და კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის საფუძველი; ლ) გაცემულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა იმ საარჩევნო უბნებში, რომლებშიც კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი; მ) ოქმის შედგენის თარიღი და დრო; ნ) ოქმის ის მონაცემები, რომლებსაც არ ეთანხმება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი (ამ ჩანაწერს კომისიის წევრი აკეთებს გრაფაში „განსხვავებული აზრი“ და ხელს აწერს მას); ო) არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში − ამავე პუნქტში ჩამოთვლილი მონაცემები, ასევე არჩეულ პირთა ვინაობა, ხოლო შუალედური არჩევნების დროს − მეორე ტურში გასულ პირთა ვინაობა და მეორე ტურში არჩეული პირის ვინაობა. 8. საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლი (საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით), მისი მოთხოვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გადაეცემა პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებსა და დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლებს. ოქმის ფოტოასლი უნდა დამოწმდეს საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერებით (ამ ოქმების იურიდიული ძალა ისეთივეა, როგორიც საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმისა). ოქმის ფოტოასლის მიღებას წარმომადგენელი/დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით ადასტურებს. 8. 76-ე მუხლის მე-2 პუნქტი: 2. ცესკო აჯამებს არჩევნების შედეგებს და ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს, რომელშიც აღინიშნება: ა) ამომრჩეველთა რაოდენობა; ბ) არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა; გ) ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა; დ) საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობები; ე) არჩეული პირის (პირების) ვინაობა; ვ) საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას პარტიისთვის/საარჩევნო ბლოკისთვის მიკუთვნებული პარლამენტის წევრის მანდატების რაოდენობა, მათ შორის, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით და პარტიული სიებით არჩეულ პარლამენტის წევრთა რაოდენობები; ზ) ამ კანონის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული მონაცემები. 9. 78-ე მუხლის მე-11 პუნქტი: 11. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარტიული სიის, სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატების, მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის, მერობის კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: ა) არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას/საარჩევნო ბლოკს, მაჟორიტარ კანდიდატს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს არჩევნებისას), თუ ცესკოს თავმჯდომარემ რეგისტრაციაში არ გაატარა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატი, პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარტიული სია, სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ რეგისტრაციაში არ გაატარა საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები, საკრებულოს არჩევნებისას პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარტიული სია, სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები, პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები, თვითმმართველი ქალაქის (გარდა ქალაქ თბილისისა)/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებისას პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატები, ან/და ამ კომისიების თავმჯდომარეებმა გააუქმეს მათი რეგისტრაცია; ბ) საარჩევნო რეგისტრაციის მქონე, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დროს), დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ ცესკოში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ ცესკოს თავმჯდომარემ პარტიული სია, პარტიულ სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატი რეგისტრაციაში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გაატარა, აგრეთვე თუ პარტიულ სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ მოთხოვნებს ან მათი ეს მოთხოვნები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით დაკმაყოფილდა; გ) საარჩევნო რეგისტრაციის მქონე, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს არჩევნებისას), დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ საოლქო საარჩევნო კომისიაში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ პარტიული სია, მაჟორიტარული წესით წარდგენილი ან პარტიულ სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები, თვითმმართველი ქალაქის (გარდა ქალაქ თბილისისა)/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატები რეგისტრაციაში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გაატარა, აგრეთვე თუ მაჟორიტარული წესით წარდგენილი ან პარტიულ სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ მოთხოვნებს ან მათი ეს მოთხოვნები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით დაკმაყოფილდა. 10. 110-ე მუხლის ქვემორე პუნქტები: 1. საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის იქმნება 10 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, მათ შორის, 2 ექვსმანდატიანი, 3 შვიდმანდატიანი და 5 რვამანდატიანი. 11. ყოველი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი ცესკოს განკარგულებით, მანდატების რაოდენობის შესაბამისად, იყოფა 6, 7 და 8 მაჟორიტარულ საარჩევნო ქვეოლქად. 3. მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, ისევე როგორც მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარულ საარჩევნო ქვეოლქებში, რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და უზრუნველყოფდეს ამ საარჩევნო ოლქებში/ქვეოლქებში ამომრჩეველთა შეძლებისდაგვარად თანაბარ განაწილებას. 6. მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, ისევე როგორც მაჟორიტარული საარჩევნო ქვეოლქი, შეიძლება მოიცავდეს ერთ მუნიციპალიტეტს ან ერთზე მეტ მოსაზღვრე მუნიციპალიტეტებს სრულად, ერთი მუნიციპალიტეტის ან მოსაზღვრე მუნიციპალიტეტების ერთმანეთის მოსაზღვრე ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს, ხოლო ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – აგრეთვე ერთმანეთის მოსაზღვრე ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს სრულად ან ნაწილობრივ. 7. საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნებიდან პარლამენტის მომდევნო არჩევნებამდე პერიოდში პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად განსაზღვრულ მაჟორიტარულ საარჩევნო ქვეოლქებში. ამ საარჩევნო ქვეოლქების საზღვრები ამ პერიოდში უცვლელი რჩება, მიუხედავად მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებისა და ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების შესაძლო ცვლილებისა. 11. 1101 მუხლი. მრავალმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები 1. საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნებისათვის ამ კანონის 110-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები არის ამ არჩევნებამდე ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ბოლო არჩევნებისათვის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საზღვრებში იქმნება 3 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი: ა) N1 მოიცავს მთაწმინდის, ვაკის, საბურთალოსა და კრწანისის ადმინისტრაციულტერიტორიულ ერთეულებს – 7-მანდატიანი; ბ) N2 მოიცავს ისნის, სამგორისა და ჩუღურეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს – 7-მანდატიანი; გ) N3 მოიცავს დიდუბის, ნაძალადევის, გლდანის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს – 8-მანდატიანი. 3. N4 8-მანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი მოიცავს საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, ყვარლის, თელავის, ახმეტის, თიანეთის, მცხეთის, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებს. 4. N5 8-მანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი მოიცავს კასპის, გორის, ქარელის, ხაშურის, ბორჯომის, ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებს. 5. N6 8-მანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი მოიცავს გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებს. 6. N7 6-მანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი მოიცავს ქალაქ ქუთაისის, ვანის, ხონის, სამტრედიისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებს. 7. N8 6-მანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი მოიცავს თერჯოლის, ტყიბულის, ზესტაფონის, ბაღდათის, ხარაგაულის, ჭიათურის, საჩხერის, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტებს. 8. N9 7-მანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი მოიცავს აბაშის, სენაკის, მარტვილის, ხობის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტებს. 9. N10 8-მანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი მოიცავს ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ქალაქ ბათუმის, ქედის, ქობულეთის, შუახევის, ხელვაჩაურისა და ხულოს მუნიციპალიტეტებს. 12. 116-ე მუხლის მე-2 პუნქტი: 2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, ყოველ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული წესით არჩევის მიზნით წარადგინოს საქართველოს პარლამენტის წევრობის იმდენი კანდიდატი, რამდენმანდატიანიც არის შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, ხოლო ამომრჩეველთა ერთ საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარადგინოს საქართველოს პარლამენტის წევრობის ერთი კანდიდატი. 13. მუხლი 124: მუხლი 124. არჩევნებისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში 1. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმებისა და რაიონული/საქალაქო სასამართლოების გადაწყვეტილებების საფუძველზე, თავის სხდომაზე აჯამებს კენჭისყრის შედეგებს, ადგენს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებს საარჩევნო ოლქში და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს, პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული კენჭისყრის შედეგებს საარჩევნო ოლქში და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს, აგრეთვე შუალედური არჩევნებისას – არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს, თუ გამოვლინდა არჩეული პარლამენტის წევრი; არჩევნების პირველი ტურის შედეგების შემაჯამებელ ოქმს, თუ გამარჯვებული ვერ გამოვლინდა და არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს. 2. მაჟორიტარული რაოდენობაში არ ან ჩაითვლება პროპორციული სისტემით იმ ბიულეტენებით საარჩევნო არჩევნების მონაწილეთა ხმების გათვალისწინებული ხმების რაოდენობა, რომლებშიც ბათილად იქნა ცნობილი, შესაბამისად, ბიულეტენის მაჟორიტარული ან პროპორციული სისტემით არჩევნებისთვის განკუთვნილი ნაწილი. 3. მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლება საქართველოს პარლამენტის წევრობის იმდენი კანდიდატი, რამდენმანდატიანიც არის საარჩევნო ოლქი. არჩეულად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეთა მეტ პირველ ხმას მიიღებენ. თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა, ორი ან მეტი კანდიდატის მიერ მიღებული ხმების თანაბრობის გამო, გასანაწილებელ მანდატთა რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, მანდატი მიეკუთვნება იმ კანდიდატს, რომელმაც უფრო ადრე გაიარა საარჩევნო რეგისტრაცია. 4. შუალედური არჩევნებისას მაჟორიტარულ საარჩევნო ქვეოლქში პირველივე ტურში არჩეულად ჩაითვლება საქართველოს პარლამენტის წევრობის ის კანდიდატი, რომელიც არჩევნების მონაწილეთა ნახევარზე მეტის ხმებს მიიღებს. თუ არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, გაიმართება არჩევნების მე-2 ტური, რომელში მონაწილეობის უფლებაც აქვს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს, ხოლო თუ ხმათა თანაბრობის გამო ასეთი კანდიდატი ორზე მეტი აღმოჩნდა, – ყველა ასეთ კანდიდატს. არჩევნების მე-2 ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს; მიღებულ ხმათა თანაბრობის შემთხვევაში გამარჯვებული წილისყრით გამოვლინდება. 5. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ დაითვლება თითოეული პარტიისთვის/საარჩევნო ბლოკისთვის მიცემული ხმების რაოდენობა. ასეთ რაოდენობად ჩაითვლება მისთვის მიცემული ამომრჩეველთა მეორე ხმების ჯამი. 6. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების შეჯამებისას ამომრჩევლის მეორე ხმა მხედველობაში არ მიიღება, თუ მას პირველი ხმა მიცემული ჰქონდა მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებული „დამოუკიდებელი“ კანდიდატისთვის. ასეთი ამომრჩეველი არც პროპორციულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობაში ჩაითვლება. შესაბამისი საარჩევნო ბიულეტენები ერთ პაკეტად შეიკვრება, დაილუქება და პარტიებისთვის/საარჩევნო ბლოკებისთვის მიცემული ხმების დათვლისას აღარ გაითვალისწინება. 7. თითოეული პარტიის/საარჩევნო ბლოკის კუთვნილი საარჩევნო ბიულეტენები, აგრეთვე ბიულეტენები, რომელთა გამოყენებაც არ შეიძლება პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების დასადგენად, ცალ-ცალკე პაკეტებად შეიკვრება, დაილუქება და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმთან ერთად დაუყოვნებლივ გადაეცემა ცესკოს. 14. მუხლი 125: მუხლი 125. არჩევნების შედეგების შეჯამება ცესკოში 1. ცესკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმების, საარჩევნო ბიულეტენებისა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების საფუძველზე, არჩევნების დღიდან არაუგვიანეს 30-ე დღისა, თავის სხდომაზე აჯამებს საქართველოს პარლამენტის პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებს და ადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს. შუალედური არჩევნების დროს, საჭიროების შემთხვევაში, ნიშნავს არჩევნების მეორე ტურის დღეს და ადგენს შუალედური არჩევნების პირველი ტურის შედეგების შემაჯამებელ ოქმს (თუ დაინიშნა მეორე ტური), ხოლო თუ არჩევნების მეორე ტური არ დაინიშნა, ადგენს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს; თუ დაინიშნა მეორე ტური, მეორე ტურის კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-15 დღისა ადგენს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს. 2. ოქმის ერთი ცალი ინახება ცესკოში, მეორე ცალი გადაეცემა საქართველოს პარლამენტს, ხოლო კომისიის ბეჭდით დამოწმებული ასლები – საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს. 3. პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა ტოლია მაჟორიტარული წესით მისი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრებისა და მისი პარტიული სიისთვის ამ მუხლით დადგენილი წესით მიკუთვნებული მანდატების რაოდენობათა ჯამისა. 4. პროპორციული საარჩევნო სისტემით გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტის წევრთა 77 მანდატი ქვემოთ დადგენილი პროპორციით გაუნაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებს/საარჩევნო ბლოკებს, რომლებმაც პროპორციულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 3 პროცენტი მაინც მიიღეს. არჩევნების მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ამ კანონის 124-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ბათილად ცნობილი ხმები და იმავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ამომრჩეველთა მეორე ხმები. 5. ცესკო, საოლქო საარჩევნო კომისიების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, ადგენს საარჩევნო ზღურბლის სიდიდეს, რომელიც ტოლია 0,03-ის ნამრავლისა არჩევნების მონაწილე ყველა პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული ნამდვილი ხმების ჯამზე. შემდეგ განისაზღვრება ის პარტიები/საარჩევნო ბლოკები, რომლებმაც საარჩევნო ზღურბლზე ნაკლები ხმა მიიღეს და მათი წარდგენით მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ პარლამენტის წევრთა რაოდენობა. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პროცედურის დასრულების შემდეგ, ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული p პარტიის/საარჩევნო ბლოკის კუთვნილი მანდატების რაოდენობა გამოითვლება ფორმულით: Mp = Np x (150-K):N რიცხვის მთელი ნაწილი, სადაც Np არის p პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, K – მაჟორიტარული სისტემით არჩეულ პარლამენტის „დამოუკიდებელ“ წევრთა და იმ სუბიექტთა წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომლებმაც ვერ გადალახეს საარჩევნო ზღურბლი, ხოლო N – იმ სუბიექტთა მიერ მიღებული ხმების ჯამი, რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ზღურბლი. 7. თუ პარტიების/საარჩევნო ბლოკების კუთვნილი, ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული, მანდატების რაოდენობათა ჯამი (150-K)-ზე ნაკლები აღმოჩნდა, გაუნაწილებელი მანდატებიდან თითო მანდატი დამატებით მიეკუთვნებათ იმ პარტიებს/საარჩევნო ბლოკებს, რომლებსაც ზემოაღნიშნული Np-ს გამოთვლისას მეტი ნაშთი აქვთ. თუ 2 ან 2-ზე მეტი პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა თანაბარი აღმოჩნდა, ხოლო მათთვის გადასაცემი დამატებითი მანდატები ასეთი სიების რაოდენობაზე ნაკლებია, მანდატი მიეკუთვნება იმ სიას/სიებს, რომელმაც/რომლებმაც ცესკოში უფრო ადრე გაიარა/გაიარეს რეგისტრაცია. 8. თუ საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა მაჟორიტარულ არჩევნებში უფრო ნაკლები მანდატი მოიპოვეს, ვიდრე ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად ამ სუბიექტს ეკუთვნის, ამ რაოდენობამდე შესავსებად მის პარტიულ სიას მიეკუთვნება შესაბამისი რაოდენობის მანდატები, წინააღმდეგ შემთხვევაში მის პარტიულ სიას მანდატები არ მიეკუთვნება. 9. თუ ერთი ან რამდენიმე საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა მაჟორიტარულ არჩევნებში იმდენივე ან უფრო მეტი მანდატი მოიპოვეს, ვიდრე ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად ამ სუბიექტს/სუბიექტებს ეკუთვნის, მის/მათ პარტიულ სიას/სიებს მანდატები აღარ მიეკუთვნება და დარჩენილი სუბიექტებისთვის მიკუთვნებული მანდატების რაოდენობა გადაიანგარიშება და გამოითვლება ფორმულით: Mp = Np x (150-K-K1):N1 რიცხვის მთელი ნაწილი, სადაც Mp არის p სუბიექტის (რომელმაც მაჟორიტარულ არჩევნებში ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების მიხედვით გამოთვლილ კუთვნილზე ნაკლები მანდატი მოიპოვა) კუთვნილი მანდატების რაოდენობა, Np – მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, K იგივეა, რაც ამ მუხლის მე6 პუნქტში, K1 – იმ სუბიექტთა წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომლებმაც მაჟორიტარულ არჩევნებში იმდენივე ან უფრო მეტი მანდატი მოიპოვეს, ვიდრე ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად მათ ეკუთვნოდათ, ხოლო M1 – იმ სუბიექტთა მიერ მიღებული ხმების ჯამი, რომლებმაც მაჟორიტარულ არჩევნებში უფრო ნაკლები მანდატი მოიპოვეს, ვიდრე ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად მათ ეკუთვნოდათ. თუ ყველა Mp-ს ჯამი (150-K-K1)ზე ნაკლები აღმოჩნდა, გაუნაწილებელი მანდატებიდან თითო მანდატი დამატებით მიეკუთვნებათ იმ სუბიექტებს, რომლებსაც ზემოაღნიშნული Mp-ს გამოთვლისას მეტი ნაშთი აქვთ. თუ 2 ან 2-ზე მეტი პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა თანაბარი აღმოჩნდა, ხოლო მათთვის გადასაცემი დამატებითი მანდატები ასეთი სიების რაოდენობაზე ნაკლებია, მანდატი მიეკუთვნება იმ სიას/სიებს, რომელმაც/რომლებმაც ცესკოში უფრო ადრე გაიარა/გაიარეს რეგისტრაცია. 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით p სუბიექტის კუთვნილი მანდატების რაოდენობის განსაზღვრის შემდეგ, ამ რაოდენობამდე შესავსებად, მისი კანდიდატების მიერ მაჟორიტარულ არჩევნებში მოპოვებული მანდატების რაოდენობას პარტიული სიიდან დაემატება შესაბამისი რაოდენობის მანდატები. 11. თუ საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი არჩეულია როგორც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, ისე პარტიული სიით, მაშინ იგი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეულად ითვლება. პარტიულ სიაში მის ადგილს იკავებს კანდიდატი ამ კანონის 130-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით. 12. პარტიული სიით არჩეულად ჩაითვლებიან საქართველოს პარლამენტის წევრობის ის კანდიდატები, რომელთა რიგითი ნომრებიც ამ სიაში ნაკლებია ან ტოლია სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობისა. ამ სიის მიხედვით არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა უცვლელი რჩება. 13. თუ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ამ კანონის მოთხოვნათა უხეშად დარღვევის გამო ბათილად იქნა ცნობილი კენჭისყრის შედეგები ერთ ან რამდენიმე საარჩევნო უბანში და ამ უბანში/უბნებში ამომრჩეველთა რაოდენობა ისეთია, რომ მას შეუძლია მაჟორიტარული არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენა, მაჟორიტარული არჩევნების შედეგები საარჩევნო ოლქში ბათილად ჩაითვლება და ცესკო ამ ოლქში ხელახალ არჩევნებს ნიშნავს. 14. თუ ამ კანონის მოთხოვნათა უხეშად დარღვევის გამო ბათილად იქნა ცნობილი კენჭისყრის შედეგები 2-ზე მეტ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქში ან 1/5-ზე მეტ საარჩევნო უბანში, არჩევნების შედეგები ბათილად ითვლება და ცესკო ნიშნავს ხელახალ არჩევნებს. 15. განცხადების/საჩივრის არსებობისას, რომელიც მოითხოვს კენჭისყრის შედეგების გადამოწმებას ან ბათილად ცნობას, ცესკო განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას ცესკოს მიერ შესაბამისი საარჩევნო უბნის საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შესახებ, ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას/სპეციალურ ჯგუფს ავალებს ზემოაღნიშნული მოქმედების განხორციელებას. საჭიროების შემთხვევაში ცესკოს უფლება აქვს, არჩევნების შედეგები შეაჯამოს უშუალოდ საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმებისა და საარჩევნო ბიულეტენების საფუძველზე. 16. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების შედეგების დადგენის დროს საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობისას ცესკო ამ უბანში ნიშნავს განმეორებით კენჭისყრას იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული კანდიდატებიდან ყველაზე ნაკლები ხმების მქონე კანდიდატისა და დამარცხებული კანდიდატებიდან საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მიერ საარჩევნო ოლქში მიღებული ხმების სხვაობა ნაკლებია ამ საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე. თუ ამ შემთხვევაშიც გაბათილდა კენჭისყრის შედეგები, არჩევნების შედეგები ამ უბნის გაუთვალისწინებლად შეჯამდება. 17. შუალედური არჩევნებისას განმეორებითი კენჭისყრა შეიძლება დაინიშნოს როგორც არჩევნების პირველი ტურის, ასევე მეორე ტურის შემდეგ. განმეორებითი კენჭისყრა ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატების მიერ შესაბამის საარჩევნო ქვეოლქში მიღებული ხმების სხვაობა ნაკლებია ამ საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე. თუ ამ შემთხვევაშიც გაბათილდა კენჭისყრის შედეგები, არჩევნების შედეგები ამ უბნის გაუთვალისწინებლად შეჯამდება. შუალედური არჩევნებისას განმეორებითი კენჭისყრა ტარდება, შესაბამისად, პირველი ან მეორე ტურიდან 2 კვირის ვადაში. ცესკო უფლებამოსილია განმეორებითი კენჭისყრის გამართვა დაავალოს საუბნო საარჩევნო კომისიის იმავე ან სხვა შემადგენლობას. 18. პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩევნების შედეგების დადგენის დროს განმეორებითი კენჭისყრა ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საარჩევნო უბნებში, სადაც კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი, საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 10 პროცენტზე მეტია. ასეთ შემთხვევაში განმეორებითი კენჭისყრა იმართება საერთო არჩევნების დღიდან არა უგვიანეს 2 კვირისა. 19. პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებული უნდა იყოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა, ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა და მე-2 ხმების რაოდენობა, რომლებიც მხედველობაში არ იყო მიღებული; ყოველი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების (მე-2 ხმების) ჯამური რაოდენობა; ყოველი საარჩევნო სუბიექტის მიერ თავდაპირველად მიღებული ხმების (მე-2 ხმების) პროცენტი და მიღებული მანდატების რაოდენობა; იმ საარჩევნო ოლქებისა და უბნების ნომრები, რომლებშიც არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი, აგრეთვე მათში ამომრჩეველთა რაოდენობა და არჩევნების ბათილად ცნობის მიზეზები. 20. მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებული უნდა იყოს: ა) საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა; იმ საარჩევნო ოლქებისა და უბნების ნომრები, რომლებშიც არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი, აგრეთვე მათში ამომრჩეველთა რაოდენობა, არჩევნების ბათილად ცნობის მიზეზები; განმეორებითი კენჭისყრის თარიღი (თუ დაინიშნა) და იმ საარჩევნო ოლქებისა და უბნების ნომრები, რომლებშიც დაინიშნა განმეორებითი კენჭისყრა; იმ საარჩევნო ოლქების ნომრები, რომლებშიც ხელახალი არჩევნები დაინიშნა და ხელახალი არჩევნების თარიღი; ბ) ყოველი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მიხედვით: ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა; არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა და ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა; თუ განმეორებითი კენჭისყრა არ დაინიშნა, არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრის ვინაობა, მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა და პროცენტი. 21. არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებული უნდა იყოს საქართველოს ამომრჩეველთა და ყოველი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობები; იმ საარჩევნო ოლქებისა და უბნების ნომრები, რომლებშიც არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი და განმეორებითი კენჭისყრა არ ჩატარებულა, აგრეთვე მათში ამომრჩეველთა რაოდენობა; იმ საარჩევნო ოლქების ნომრები, რომლებშიც დაინიშნა ხელახალი არჩევნები და ხელახალი არჩევნების თარიღი; პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა, ყოველი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, მიღებული ხმების პროცენტი და მიღებული მანდატების რაოდენობა; წარმდგენ საარჩევნო სუბიექტთა მიხედვით დალაგებული არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთა სია, მათი პარტიული კუთვნილებისა და მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის (თუ ასეთ ოლქში იყო არჩეული) მითითებით. 22. მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემებით ჩატარებული არჩევნებისა და არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენისთანავე ცესკო ამ ოქმებს აქვეყნებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე, ხოლო არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს გადასცემს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, რომელიც მას აქვეყნებს 2 დღის ვადაში. 15. მუხლი 129: მუხლი 129. საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები 1. მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პარლამენტის შემადგენლობის შევსების უზრუნველსაყოფად პარლამენტის უფლებამოსილების ცნობიდან 1 თვის ვადაში შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული პარლამენტის წევრები ირჩევენ ამ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის სასურველ საარჩევნო ქვეოლქს. თავდაპირველად ამ არჩევანს აკეთებს საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარლამენტის წევრი, შემდეგ − მომდევნო სხვებზე უკეთესი შედეგის მქონე პარლამენტის წევრი და ა.შ. 2. მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული პარლამენტის წევრის გამოკლების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება მაისში ან ოქტომბერში, ამ კანონით დადგენილი წესით. თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე შეუწყდა, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე შეუწყდა − უახლოეს მაისში. საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების წელს შუალედური არჩევნები არ იმართება. 3. საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების თარიღს განკარგულებით ნიშნავს და საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს განკარგულებით ადგენს ცესკო არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 2 თვისა. 4. საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა, რომელიც ცესკოში რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას, აგრეთვე პარტიამ, რომელსაც შუალედური არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს ამ კანონის 113-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად თავისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს შუალედური არჩევნების დანიშვნის შემდეგ, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა. იმ პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია, რომელსაც ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, ხორციელდება ამ კანონის 113-ე მუხლის მე-2−მე-7 პუნქტებით დადგენილი წესით. 5. პარტიამ, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ პირობებს, საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად თავისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს შუალედური არჩევნების დანიშვნის შემდეგ, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა. განცხადების მიღებისთანავე მას გადაეცემა ცესკოს მიერ დადგენილი ფორმის პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუში. პარტია, რომელიც არ არის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, ვალდებულია შუალედური არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღისა ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 25 000 (ეს რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1%-ს) ამომრჩევლის სია, ხოლო თუ პარტია კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტია − სულ ცოტა 1 000 ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სია მოწმდება ამ კანონის 38-ე მუხლით დადგენილი წესით. პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია ხორციელდება ამ კანონის 113-ე მუხლით დადგენილი წესით. მუხლი 2. გარდამავალი დებულება ცესკო ვალდებულია, შექმნას ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მაჟორიტარული საარჩევნო ქვეოლქები და დაადგინოს მათი საზღვრები, სახელწოდებები და ნომრები არაუგვიანეს 2020 წლის 1 მაისისა. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა მისი პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2020 წლის 1 მარტიდან. 3. ამ კანონის მოქმედება შეწყდეს საქართველოს პარლამენტის 2020 წლის მომდევნო არჩევნების დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი “საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტზე” ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს პროექტი: საქართველოში 2020 წელს ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ქვეყნის დემოკრატიულად განვითარების პერსპექტივებს. შესაბამისად, მოსალოდნელი არჩევნების მიმართ მაღალია არა მხოლოდ საქართველოს ამომრჩევლის ინტერესი, არამედ – დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოებისაც. მომავალ პარლამენტში პარტიათა მრავალფეროვანი და სამართლიანი წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა არის იმის წინაპირობა, რომ სამართლიანად იყოს წარმოდგენილი საქართველოს ამომრჩევლის ნება და მათი ნების პროპორციულად გადანაწილდეს მანდატები. მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში (სკანდინავიის, ბენილუქსის, ბალტიის და სხვა) არსებულ საკანონმდებლო ორგანოებში ძირითადად წარმოდგენილია 5-8 პარტია, რაც ბევრად ადეკვატურად გამოხატავს იმ ქვეყნების ამომრჩევლების ნებას. საქართველოში დღეს არსებული შერეული, პარალელური საარჩევნო სისტემა (თუნდაც აბსოლუტური უმრავლესობის მაჟორიტარული სისტემის, 50%+1, პირობებში) ვერ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა მიერ გაკეთებული არჩევანის შესაბამისად პარტიების მიერ მიღებული მანდატების სამართლიან გადანაწილებას საკანონმდებლო ორგანოში. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად პროექტის მიღების აუცილებლობა: ამ თვალსაზრისით, ჩვენი სამართლებრივი რეალობის პირობებში, საკანონმდებლო ორგანოში მრავალპარტიულ წარმომადგენლობას უზრუნველყოფს ე.წ. კომბინირებული კენჭისყრა. კერძოდ, აღნიშნული კენჭისყრის პირობებში პარალელური სისტემა ითავსებს სიითი პროპორციული სისტემისა და პლურალურ/მაჟორიტარული სისტემის დადებით ნიშნებს. ეს იმ საარჩევნოს სისტემის ვარიანტია, რომლებშიც წარმომადგენლები აირჩევიან როგორც გეოგრაფიული საარჩევნო ოლქებიდან, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით, პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით). აღსანიშნავია, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, გერმანიაში, სწორედ ამ სისტემით უზრუნველყვეს, ერთი მხრივ, პროპორციული, მეორე მხრივ კი, საარჩევნო ოლქებიდან არჩეული კანდიდატების წარმომადგენლობა საკანონმდებლო ორგანოში. საქართველოში დღეს მოქმედი შერეული სისტემით სწორედ პარტიათა პროპორციული წარმომადგენლობის მიღწევა არის შეუძლებელი, განსხვავებით კანონპროექტით შეთავაზებული სისტემისაგან. ინიციატივის წარმოდგენა, ასევე, განპირობებულია ფართო პოლიტიკური სპექტრის პოზიციითაც. თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია გამოხატავს სურვილს და მზაობას იმისათვის, რომ სწორედ წარმოდგენილი მოდელით ჩატარდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: ფართო პოლიტიკური სპექტრის მიერ გამოხატული პოზიცია ადასტურებს იმას, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების არსებულ ეტაპზე, როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ისე საქართველოს მოქალაქეებს სურთ, რომ პარლამენტი იყოს ამომრჩევლის მიერ გამოხატული ნების ადეკვატურად დაკომპლექტებული, რაც, თავის მხრივ, ქმნის ქვეყნის სტაბილური განვითარების გარანტიებს. შეიქმნება სამართლიანი და ამომრჩევლის ნების არჩევნების შედეგებში ადეკვატურად ასახვის საარჩევნო სისტემა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, შერეული საარჩევნო სისტემის (პროპორციული და მაჟორიტარული) ფარგლებში, იცვლება მანდატების განაწილების წესი, მაგრამ ისე, რომ იგი შეესაბამებოდეს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილ საარჩევნო სისტემას. კერძოდ, არჩევნებში მონაწილე იმ პარტიის/საარჩევნო ბლოკის კუთვნილი მანდატების რაოდენობა, რომელმაც გადალახა 3%-იანი საარჩევნო ზღურბლი, განისაზღვრება 150-ის (პარლამენტის წევრთა სრული რაოდენობის) იმდენი პროცენტით, ხმათა რამდენი პროცენტიც მიიღო პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა პროპორციული საარჩევნო სისტემით. შესაბამისად, პარტიის/საარჩევნო ბლოკის მაჟორიტარი კანდიდატების მიერ მოპოვებული მანდატების რაოდენობა პარტიული სიიდან შეივსება ზემოაღნიშნული კუთვნილი მანდატების რაოდენობამდე, ხოლო თუ პარტიის/საარჩევნო ბლოკის მაჟორიტარი კანდიდატების მიერ მოპოვებული მანდატების რაოდენობა ტოლია ან აღემატება მისი კუთვნილი მანდატების რაოდენობას, პარტიული სიიდან მას არცერთი მანდატი აღარ მიეკუთვნება. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით გამართულ არჩევნებში შენარჩუნებულია ე.წ. „დამოუკიდებელი“ კანდიდატების მონაწილეობის შესაძლებლობა. წარმოდგენილი კანონპროექტით მაჟორიტარული არჩევნები ტარდება არა ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში, არამედ 10 მრავალმანდატიან (6-, 7- და 8-მანდატიან) საარჩევნო ოლქში. ამომრჩეველი თავის პირველ ხმას აძლევს მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილ ერთ კანდიდატს, ხოლო მეორე ხმას – ერთ პარტიას/საარჩევნო ბლოკს. ერთი მრავალმანდატიანი ოლქიდან აირჩევა პარლამენტის იმდენი წევრი, რამდენმანდატიანიც არის ეს ოლქი, და არჩეულად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებენ. წარმოდგენილი პროექტის არსებითი ცვლილება ასახულია საარჩევნო კოდექსის 124-ე, 125-ე და 129-ე მუხლებში. 124-ე მუხლით განსაზღვრულია მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული არჩევნების შედეგების შეჯამების წესი, ხოლო 129-ე მუხლით – შუალედური არჩევნების ჩატარების წესი. 125-ე მუხლით განსაზღვრულია ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამების წესი. კერძოდ, წარმოდგენილი ინიციატივის თანახმად, პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა ტოლია მაჟორიტარული წესით მისი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრებისა და მისი პარტიული სიისათვის ამ მუხლით დადგენილი წესით მიკუთვნებული მანდატების რაოდენობათა ჯამისა. იმ პარტიის/საარჩევნო ბლოკის კუთვნილი მანდატების რაოდენობა, რომელმაც გადალახა საარჩევნო ზღურბლი, გამოითვლება ფორმულით: Mp = Np x (150-K):N რიცხვის მთელი ნაწილი, სადაც Np არის ამ პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, K – მაჟორიტარული სისტემით საინიციატივო ჯგუფებისა და იმ სუბიექტთა წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომლებმაც ვერ გადალახეს საარჩევნო ზღურბლი, ხოლო N – იმ სუბიექტთა მიერ მიღებული ხმების ჯამი, რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ზღურბლი. გათვალისწინებულია ზემოთ მოყვანილი ფორმულის კორექტირება ისეთი თეორიული შემთხვევისთვის, როგორიცაა ერთი პარტიის მიერ იმდენივე ან უფრო მეტი მაჟორიტარული მანდატის მოპოვება, ვიდრე მას ეკუთვნის. აღნიშნულის გათვალისწინებით, საარჩევნო კოექსს ემატება 18525 მუხლი, სადაც მოცემულის 2020 წლის საპალამენტო არჩევნებისთვის განსაზღვრული სპეციალური ნორმები. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): - ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ინიციატორის მიერ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გაღებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გაზრდას, ვინაიდან მრავალმანდატიანი ოლქების ან ქვეოლქების შექმნა არ უკავშირდება საარჩევნო ადმინისტრაციაში დამატებითი თანამშრომლების მოძიებას და ამ მიმართულებით ხარჯების ზრდას. აღნიშნული უკავშირდება მხოლოდ ოლქების საზღვრების ცვლილებებს. ამასთანავე, არ იცვლება პარტიების დაფინანსების წესი. გარდა ამისა, პროექტის მიღება გამოიწვევს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირებას, ვინაიდან აღარ იქნება არჩევნების მე-2 ტურის ჩატარების საჭიროება, რაც დაახლოებით დაზოგავს 180 000 ლარს თითო ოლქის მაგალითზე, დაახლოებით 500 000 ლარამდე დაიზოგება მაჟორიტარული სისტემის არჩევნებისათვის ვინაიდან ცვლილებით ორი სახის ბიულეტენის ნაცვლად საქართველოს პარლამენტის არჩევნების დროს ამომრჩეველს გადაეცემა არჩევნებისთვის განკუთვნილი ერთი საარჩევნო ბიულეტენი. ასევე, ვინაიდან კანონპროექტი ითვალისწინებს ერთი შემაჯამებელი ოქმის შედგენას მაჟორიტარული სისტემის არჩევნების დროს ნაცვლად ორი ოქმისა, ამ მიმართულებით დაიზოგება დაახლოებით 500 ლარამდე თანხა. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს იმ პარტიებზე, რომლებსაც არჩევნების შედეგების გათვალისწინებით შეეცვლებათ მიღებული მანდატების რაოდენობა და შესაბამისი სახელმწიფო დაფინანსების ოდენობა. ბ.ვ) პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: გადასახადი, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელები არ დგინდება. გ) პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: - ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) პროექტის ავტორი: ვახტანგ ხმალაძე, დავით ბერძენიშვილი, გიორგი ვაშაძე, ნიკანორ მელია, სერგი კაპანაძე, დავით უსუფაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, ნიკოლოზ ვაშაკიძე, მანანა ნაჭყებია, ნიკოლოზ ჯოგლიძე, კონსტანტინე კემულარია, ნატო ჩხეიძე, პაატა დავითაია, მურმან დუმბაძე, ნინო ბურჯანაძე, ბაჩუკი ქარდავა, შალვა შავგულიძე, კახა კუკავა, კონსტანტინე გამსახურდია, თაკო ჩარკვიანი, ნიკა მაჭუტაძე, ბადრი ჯაფარიძე, მამუკა გამყრელიძე, ეკა ბესელია, ალექსანდრე ამზაშვილი, ალეკო ელისაშვილი, შალვა ნათელაშვილი, მანანა ჯებაშვილი, გია ბერძენაძე, გრიგოლ ჯოჯუა, შოთა მალაშხია. ვ) პროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები ირაკლი აბესაძე, დავით ბაქრაძე, ეკა ბესელია, აკაკი ბობოხიძე, გიორგი ბოკერია, თინათინ ბოკუჩავა, ხათუნა გოგორიშვილი, რომან გოცირიძე, თენგიზ გუნავა, ლაშა დამენია, გიორგი კანდელაკი, სერგი კაპანაძე, ოთარი კახიძე, ზაზა კედელაშვილი, ნიკანორ მელია, ირმა ნადირაშვილი, კობა ნაყოფია, რამაზ ნიკოლაიშვილი, სერგო რატიანი, სალომე სამადაშვილი, აზერ სულეიმანოვი, გიორგი ტუღუში, ლელა ქებურია, გიორგი ღვინიაშვილი, მამუკა ჩიქოვანი, ნატო ჩხეიძე, გიორგი წერეთელი, ზურაბ ჭიაბერაშვილი და ელენე ხოშტარია.