„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.02.2020
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს ეროვნული ბანკი
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/449/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-24
ბიუროს ნომერი 330

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 06/08/2018, სარეგისტრაციო კოდი: 280060000.05.001.019066) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 26-ე მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. სპეციალიზებულ დეპოზიტარს ეკრძალება განახორციელოს დაგროვებით საპენსიო სქემასთან, საპენსიო სააგენტოსთან ან/და აქტივების მმართველ კომპანიასთან დაკავშირებით ისეთი საქმიანობა, რომელმაც შეიძლება წარმოქმნას ინტერესთა კონფლიქტი, ერთი მხრივ, სპეციალიზებულ დეპოზიტარს და, მეორე მხრივ, დაგროვებით საპენსიო სქემას, საპენსიო სააგენტოს ან აქტივების მმართველ კომპანიას შორის. ეს წესი არ ვრცელდება, თუკი სპეციალიზებულ დეპოზიტარს ფუნქციურად და იერარქიულად აქვს გამიჯნული დეპოზიტარული მომსახურების გაწევის ფუნქცია პოტენციურად კონფლიქტის წარმომშობი სხვა საქმიანობისგან და ინტერესთა კონფლიქტი სათანადოდ არის იდენტიფიცირებული, მართული და გამჟღავნებული.”. 2. 27-ე მუხლის: ა) მე-20 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) აქტივების მმართველი კომპანიის, სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, საინვესტიციო საბჭოს წევრის ან მასთან აფილირებული პირის ნებისმიერ ქონებაში;“; ბ) მე-20 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ფასიან ქაღალდებში, რომლებიც გამოუშვა აქტივების მმართველმა კომპანიამ ან მასთან აფილირებულმა პირმა;“; გ) 24-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) 24-ე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ნებისმიერ პირზე, რომელიც არის აქტივების მმართველ კომპანიასთან, სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან ან საინვესტიციო საბჭოს წევრთან აფილირებული პირი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საპენსიო სააგენტო 2019 წლის 1 იანვრიდან ახდენს თანხების აკუმულირებას, რომლის ინვესტირებაც მან უნდა განახორციელოს კანონისა და საინვესტიციო საბჭოს მიერ განსაზღვრული საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით. საინვესტიციო საქმიანობისათვის საჭირო ერთ-ერთი კომპონენტი კი დაგროვილი აქტივების აღრიცხვა და შენახვაა, რასაც იგი სპეციალიზებული დეპოზიტარის საშუალებით ახორციელებს. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს ვალდებულებას სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევასთან დაკავშირებით, რომელიც სააგენტოს უზრუნველყოფს სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურებით შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე. ამასთან, კანონითვე დადგინდა გარკვეული შეზღუდვები სპეციალიზებულ დეპოზიტართან მიმართებით, მომსახურების გაწევის პროცესში ინტერესთა კონფლიქტის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად. მიუხედავად ამისა, კანონის ცალკეული დებულებები, ერთი მხრივ, ზოგიერთ შემთხვევაში ადგენს იმაზე მკაცრ შეზღუდვებს სპეციალიზებულ დეპოზიტართან მიმართებით, ვიდრე ეს აუცილებელია დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, სქემის გამართული ფუნქციონირებისათვის და ადგილობრივი ბაზრის სპეციფიკის გათვალისწინებით. მეორე მხრივ, კანონი, საერთაშორისო პრაქტიკის საწინააღმდეგოდ, არ შეიცავს სპეციალიზებული დეპოზიტარის ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელ ზოგად ნორმა-პრინციპს, რომელიც შესაძლებელს გახდის ნებისმიერი საფუძვლით წარმოქმნილი ინტერესთა კონფლიქტის მართვას დეპოზიტარული მომსახურების გაწევის პროცესში. კანონის 27-ე მუხლის მე-20 პუნქტის „ე.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად საპენსიო სააგენტოს ან/და აქტივების მმართველ კომპანიას ეკრძალება საპენსიო აქტივების ინვესტირება სპეციალიზებული დეპოზიტარის ან მასთან აფილირებული პირის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში. ამავე მუხლის 24-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი უკრძალავს აქტივების გასხვისებას სპეციალიზებულ დეპოზიტარზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გარემოება სადაც პორტფელის მართვისათვის გაჩნდეს ლიკვიდობის რისკი. უნდა აღინიშნოს, რომ სპეციალიზებული დეპოზიტარი არ იღებს საინვესტიციო გადაწყვეტილებებს, რის გამოც მნიშვნელოვნადაა შემცირებული სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობიდან გამომდინარე ინტერესთა კონფლიქტის წარმოქმნის საფრთხე (განსხვავებით, მაგალითად, აქტივების მმართველი კომპანიისგან). კანონის ციტირებული ნორმები აბსოლუტურად, ინდივიდუალური გარემოებების შეფასების გარეშე, კრძალავს საპენსიო აქტივების ინვესტირებას სპეციალიზებული დეპოზიტარის ან მასთან აფილირებული პირის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში. გასათვალისწინებელია, რომ სპეციალიზებულ დეპოზიტართან მიმართებით მსგავსი ხარისხის მკაცრი შეზღუდვა არ შეესაბამება არც საერთაშორისოდ მოქმედ საუკეთესო პრაქტიკას. მაგალითისათვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ევროკავშირის ერთ-ერთი დირექტივა1, რომლის შესრულების მიმართ საქართველოს მხარეს დაახლოების ვალდებულება არ გააჩნია და რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ არ აწესრიგებს საპენსიო აქტივების შენახვასთან დაკავშირებულ დებულებებს, საინვესტიციო ფონდებისათვის დეპოზიტარული მომსახურების გაწევის კარგ მაგალითად ითვლება. დირექტივა, ნაცვლად პირდაპირი და ბლანკეტური აკრძალვის დაწესებისა, ადგენს უნივერსალურ, ზოგად პრინციპს ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც ფასდება სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განხორციელებული ქმედებები. შესაბამისად, ანალოგიური მოთხოვნის ასახვა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ადგილობრივ ბაზარს მოუხსნის იმ დამატებით ტვირთს და სპეციალიზებულ დეპოზიტართან მიმართებით გააჩენს დამატებით მოთხოვნებს ინტერესთა კონფლიქტის გასამჟღავნებლად და სამართავად. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ზემოთ აღწერილი პრობლემის გადასაჭრელად, აუცილებელია „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელება. კერძოდ, ახალი რედაქციით უნდა ჩამოყალიბდეს კანონის 27-ე მუხლის მე-20 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის 24ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, რომელიც ამჟამად ნებისმიერ შემთხვევაში კრძალავს საპენსიო აქტივების ინვესტირებას სპეციალიზებული დეპოზიტარის ან მასთან აფილირებული პირის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში და ასევე აქტივების მათზე გასხვისებას. გარდა ამისა, აუცილებელია, კანონის დონეზე განმტკიცდეს ზოგადი პრინციპი, რომლის თანახმადაც სპეციალიზებულ დეპოზიტარს აეკრძალება დეპოზიტარული მომსახურების გაწევისას იმგვარი ქმედებების განხორციელება, რომლებმაც შეიძლება წარმოქმნას ინტერესთა კონფლიქტი დაგროვებით საპენსიო სქემას, აქტივების მმართველ კომპანიასა და თავად სპეციალიზებულ დეპოზიტარს შორის. თუმცა, აკრძალვა არ უნდა შეეხოს ისეთ შემთხვევებს, როდესაც სპეციალიზებულ დეპოზიტარს ფუნქციურად და იერარქიულად ექნება გამიჯნული დეპოზიტარული მომსახურების გაწევის ფუნქცია პოტენციურად კონფლიქტის წარმომშობი სხვა საქმიანობისგან და ინტერესთა კონფლიქტი სათანადოდ იქნება იდენტიფიცირებული, მართული და გამჟღავნებული. ევროპის პარლამენტისა და საბჭოს მიერ დამტკიცებული აქტივების მმართველი კომპანიების მარეგულირებელი ჩარჩო დირექტივა AIFM 2001/61/EU 1 ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, გაუქმდება ჩანაწერი, რომელიც ბლანკეტურად, ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე, ზღუდავს საპენსიო აქტივების ინვესტირებას სპეციალიზებული დეპოზიტარის ან მასთან აფილირებული პირის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში და მათზე გასხვისების შეზღუდვას. შედეგად, გაიზრდება იმ პოტენციური საინვესტიციო ინსტრუმენტების არეალი, რომლებში ინვესტირებაც შეეძლება საპენსიო სააგენტოს ან აქტივების მმართველ კომპანიას და ასევე ხელი შეეწყობა ბაზრის ლიკვიდურობის ზრდას. ამასთანავე, სპეციალიზებული დეპოზიტარი დაექვემდებარება ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელ ზოგად ჩარჩოს, რომელიც უზრუნველყოფს ინტერესთა კონფლიქტის წარმოქმნისას (მიუხედავად იმისა, რა საფუძვლით წარმოიშვა იგი) მისი შედეგების მინიმიზაციას და სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ კანონით ნაკისრი ვალდებულებების შეუფერხებლად და ჯეროვნად განხორციელებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: შემოთავაზებული კანონპროექტით, ცვლილება შედის „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-20 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებში, რომელთა საფუძველზეც ამჟამად აკრძალულია საპენსიო აქტივების ინვესტირება საპენსიო სააგენტოსათვის მომსახურების გამწევი სპეციალიზებული დეპოზიტარის ან მასთან აფილირებული პირის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში ან/და მათ ქონებაში. მაგალითისათვის, კანონის მოქმედი რედაქციით, საპენსიო სააგენტო საპენსიო სქემის სახელით ვერ შეიძენს ობლიგაციებს ან აქციებს, თუკი ამ ობლიგაციების ან აქციების ემიტენტი სპეციალიზებული დეპოზიტარი ან მასთან აფილირებული პირია. აგრეთვე, საპენსიო სააგენტო ვერ შეიძენს ფასიან ქაღალდებს ვერც იმ შემთხვევაში, როდესაც მათი მფლობელი სპეციალიზებული დეპოზიტარი ან მასთან აფილირებული პირია, იმის მიუხედავად, თუ ვინ არის აღნიშნული ფასიანი ქაღალდების ემიტენტი. კანონპროექტის საფუძველზე, აღნიშნული აკრძალვები გაუქმდება და საპენსიო სააგენტოს შეეძლება განახორციელოს საპენსიო აქტივების ინვესტირება სპეციალიზებული დეპოზიტარის ან მასთან აფილირებული პირის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში ან/და ქონებაში საერთო წესების საფუძველზე, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ კანონის შესაბამისად გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით. გარდა ამისა, ცვლილება შედის „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონის 27-ე მუხლის 24-ე პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებში, რომელთა საფუძველზეც ამჟამად აკრძალულია საპენსიო აქტივების გასხვისება საპენსიო სააგენტოსათვის მომსახურების გამწევ სპეციალიზებულ დეპოზიტარზე ან მასთან აფილირებულ პირზე. მაგალითისათვის, აღნიშნული ნორმების საფუძველზე, საპენსიო სააგენტოს არ შეუძლია, საპენსიო სქემის სახელით განხორციელებული ინვესტიციის ამოღების მიზნით, გაასხვისოს შეძენილი ობლიგაცია ან აქცია სპეციალიზებულ დეპოზიტარზე ან მასთან აფილირებულ პირზე და ამ გზით დახუროს საინვესტიციო პოზიცია. საინვესტიციო პოზიციის დახურვა შეიძლება საჭირო გახდეს, მათ შორის, თუკი აუცილებელი გახდა ფულადი სახსრების მობილიზება სქემის მონაწილეთა წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებისათვის ან თუკი, შექმნილი საბაზრო პირობებიდან გამომდინარე, განხორციელებული ინვესტიციის სხვა ინვესტიციით ჩანაცვლება მიზანშეწონილად იქნება მიჩნეული. კანონის 26-ე მუხლს ემატება ახალი, 51 პუნქტი, რომლითაც განისაზღვრება სპეციალიზებული დეპოზიტარის ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი წესი. აღნიშნული წესის თანახმად, სპეციალიზებულ დეპოზიტარს ეკრძალება განახორციელოს დაგროვებით საპენსიო სქემასთან, საპენსიო სააგენტოსთან ან/და აქტივების მმართველ კომპანიასთან დაკავშირებით იმგვარი საქმიანობა, რომლებმაც შეიძლება წარმოქმნას ინტერესთა კონფლიქტი დაგროვებით საპენსიო სქემას, საპენსიო სააგენტოს, აქტივების მმართველ კომპანიასა და თავად სპეციალიზებულ დეპოზიტარს შორის. ეს წესი არ ვრცელდება, თუკი სპეციალიზებულ დეპოზიტარს ფუნქციურად და იერარქიულად აქვს გამიჯნული დეპოზიტარული მომსახურების გაწევის ფუნქცია პოტენციურად კონფლიქტის წარმომშობი სხვა საქმიანობისგან და ინტერესთა კონფლიქტი სათანადოდ არის იდენტიფიცირებული, მართული და გამჟღავნებული. ინტერესთა კონფლიქტის წარმომშობ საქმიანობად ჩაითვლება სპეციალიზებული დეპოზიტარის იმგვარი საქმიანობა, რომლის მიზეზითაც საპენსიო სქემის ან/და საპენსიო სააგენტოს/აქტივების მმართველი კომპანიის ინტერესებს უპირისპირდება თავად სპეციალიზებული დეპოზიტარის ან მასთან დაკავშირებული სხვა პირის ინტერესები, მაგალითად: სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ სხვა კლიენტის დავალებით ან საკუთარი ინიციატივით იმ კლასის ფასიანი ქაღალდების შესყიდვა, რომლებშიც ინვესტიციას ახორციელებს აგრეთვე დაგროვებითი საპენსიო სქემა, ასევე აღნიშნული ფასიანი ქაღალდების გაყიდვა, თუკი, შექმნილი საბაზრო პირობებიდან გამომდინარე, საპენსიო სააგენტო გადაწყვეტს საპენსიო სქემის მფლობელობაში არსებული იმავე კლასის ფასიანი ქაღალდების გაყიდვას; სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ რაიმე სახის ფინანსური სარგებლის (მომსახურების საფასური, საკომისიო და სხვ.) მიღება იმ პირისგან, რომლის ინტერესებიც უპირისპირდება დაგროვებითი საპენსიო სქემის, საპენსიო სააგენტოს ან აქტივების მმართველი კომპანიის ინტერესებს. ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი, სპეციალიზებულ დეპოზიტარს დაეკისრება ვალდებულება, ფუნქციურად და იერარქიულად ჰქონდეს გამიჯნული დეპოზიტარული მომსახურების გაწევის ფუნქცია პოტენციურად კონფლიქტის წარმომშობი სხვა საქმიანობისგან და ინტერესთა კონფლიქტი სათანადოდ იყოს იდენტიფიცირებული, მართული და გამჟღავნებული. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი არ უკავშირდება სამთავრობო პროგრამას ან შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმას. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ იწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება ვალდებულების აღებას. არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონის ამჟამინდელი ჩანაწერი საშუალებას არ აძლევს იმ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომელთაც შეუძლიათ და სურთ საპენსიო სააგენტოს დეპოზიტარული მომსახურება გაუწიონ, რომ ასევე მიიღონ საპენსიო სააგენტოს დანაზოგებიდან და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით გათვალისწინებული ინვესტიციები საკუთარი ან მათთან აფილირებული პირის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში. შესაბამისად ასეთი ფუნქციის შემსრულებელი პირები დგებიან არჩევნის წინაშე აიღონ საპენსიო აქტივების შენახვის ვალდებულება ანაზღაურების სანაცვლოდ და ამით თქვან უარი პოტენციურ ინვესტიციებზე, თუ არ იტვირთონ დაპოზიტარული მომსახურების გაწევის ტვირთი და დაიტოვონ შესაძლებლობა, რომ მათ ან მათთან აფილირებული პირის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში საპენსიო სააგენტომ მოახდინოს სახსრების დაბანდება. ადგილობრივ ბაზარზე არც ისე დიდი რაოდენობაა ფასიანი ქაღალდების, რომ სააგენტომ მოახდინოს ინვესტირება და ასევე არც ბევრი ფინანსური ინსტიტუტია, რომელმაც შესაძლოა ასეთი მომსახურება გაუწიოს სააგენტოს. შესაბამისად სპეციალიზებულ დეპოზიტარს ამ კანონის ცვლილებით შეეძლება, რომ ა) სურვილის შემთხვევაში გაუწიოს საპენსიო სააგენტოს დეპოზიტარული მომსახურება და ბ) ამავე დროს საკუთარი ან მასთან აფილირებული პირის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდით მოახდინოს დამატებითი ინვესტიციის მოზიდვა. შესაბამისად წარმოდგენილი ცვლილება შესაძლოა დადებითად აისახოს იმ პირებზე, რომლებიც ასეთი მომსახურების გაწევას აპირებენ სააგენტოსთვის. გარდა ამისა კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საპენსიო სააგენტოს ექნება შესაძლებლობა განახორციელოს ინვესტიცია უფრო მეტ საინვესტიციო ინსტრუმენტში (ფასიან ქაღალდებში), ვიდრე ეს დაშვებულია კანონის მოქმედი რედაქციით. მაგალითად თუ აქამდე ის ვერ მოახდენდა ინვესტირებას მისთვის სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციის შემსრულებელი პირის ან მასთან აფილირებული პირის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდში, ამ კანონის პროექტის მიღებით ის შეძლებს ასეთი პირის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას. ეს კი გახდის პორტფელს უფრო მეტად დივერსიფიცირებულს და ხელს შეუწყობს საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებული რისკების მინიმიზაციას და დადებითად აისახება საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში საპენსიო აქტივებიდან მისაღებ შემოსავალზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავება დაეყრდნო საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მოკვლევას, კერძოდ კი დეპოზიტარული საკითხების მომაწესრიგებელ პრინციპებს. შესაბამისად დაიდენტიფიცირდა ევროკავშირის ერთ-ერთი დირექტივა2. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის პარლამენტისა და საბჭოს მიერ დამტკიცებული აქტივების მმართველი კომპანიების მარეგულირებელი ჩარჩო დირექტივა, კერძოდ 2011 წლის 8 ივნისის AIFM 2011/61/EU დირექტივა. 2 საქართველოს მხარეს არ გააჩნია ამ კონკრეტულ დირექტივასთან დაახლოების ვალდებულება, მოხდა მისი იმ კონკრეტული დებულების აღება, რომელიც დეპოზიტარულ მომსახურებას ეხება. ზემოაღნიშნული დირექტივა განსაზღვრავს, თუ რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს დეპოზიტარი ინტერესთა კონფლიქტის თავიდან არიდების თვალსაზრისით. კერძოდ, დეპოზიტარს ეკრძალება განახორციელოს საინვესტიციო ფონდთან იმგვარი ქმედებები, რომლებმაც შეიძლება წარმოქმნას ინტერესთა კონფლიქტი საინვესტიციო ფონდს, აქტივების მმართველ კომპანიასა და თავად დეპოზიტარს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დეპოზიტარს ფუნქციურად და იერარქიულად აქვს გამიჯნული დეპოზიტარული მომსახურების გაწევის ფუნქცია პოტენციურად კონფლიქტის წარმომშობი სხვა საქმიანობისგან და ინტერესთა კონფლიქტი სათანადოდ არის იდენტიფიცირებული, მართული და გამჟღავნებული ინვესტორებისათვის3. გარდა ამისა, ზემოხსენებული დირექტივა, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონისგან განსხვავებით, არ შეიცავს per se აკრძალვას დეპოზიტარის ან მასთან აფილირებული პირის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში საინვესტიციო ფონდისაქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მიზანშეწონილია, გაზიარებული იქნეს დირექტივის მიდგომა და საპენსიო სააგენტოსა და საპენსიო აქტივების მმართველ კომპანიას მიეცეთ შესაძლებლობა, ინდივიდუალური გარემოებების შეფასების საფუძველზე, ინსტრუმენტის რისკიანობის, კეთილსაიმედოობისა და სხვა კრიტერიუმების საფუძველზე, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად, მიიღონ საინვესტიციო გადაწყვეტილება. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს ეროვნული ბანკი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. 3 იხ.AIFM 2011/61/EU დირექტივის 21(10) მუხლი