„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
05.03.2020
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/456/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-16
ბიუროს ნომერი 335

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.07.2015, სარეგისტრაციო კოდი: 010110020.05.001.017881) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 - 13 პუნქტები: „11. მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ენიჭება დასახლებას, რომელიც მდებარეობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარედ, ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრის სიმაღლეზე. 12. იმ შემთხვევაში თუ მუნიციპალიტეტის დასახლებების 80 პროცენტს ან მეტს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი აქვს მინიჭებული, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ენიჭება ამავე მუნიციპალიტეტში არსებულ სხვა დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. 13. ამ მუხლის 12 პუნქტით განსაზღვრული წესით აღნიშნულ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ენიჭება 1000 მეტრ ჰიფსომეტრიულ სიმაღლეზე ან მის ზემოთ მდებარეობის შემთხვევაში.“. 2. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში. იმ შემთხვევაში, თუ მაღალმთიანი დასახლება მდებარეობს ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით, ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფაქტობრივად ცხოვრების ვადა შეადგენს ჯამში 6 თვეს ან მეტს.“. მუხლი 2. პირები, რომლებსაც „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 11-13 პუნქტების საფუძველზე 2020 წლის 31 მარტის შემდეგ მიენიჭებათ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული სოციალური შეღავათებით ისარგებლებენ სტატუსის მინიჭების თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მაღალმთიანი რეგიონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია იმით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარედ სოფლების მოსახლეობისათვის ოკუპაციის ზოლთან ცხოვრება რთულია, ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით. გარდა ამისა მიმდინარეობს სოფლების სასოფლო-სამეურნეო და სახნავ-სათესი მიწების მიტაცება ოკუპანტების მიერ. არსებული მძიმე პირობებში ცხოვრების შესამსუბუქებლად მთის განვითარების ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილებით 800 მეტრზე და მეტზე მდებარე დასახლებებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიასთან გამყოფი ხაზის მიმდებარედ მდებარეობს მიენიჭოს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი კრიტერიუმების დაკმაყოფილების გარეშე. მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში (სადაც 80 პროცენტზე მეტი დასახლებებისა მაღალმთიანია) არსებულ სხვა დასახლებებსაც მიენიჭებათ დასახლების სტატუსი, ვინაიდან ხშირად იქმნება უთანასწორობის განცდა მაღალმთიანი სტატუსის არმქონე დასახლების მოსახლეობაში, რადგან თითქმის იდენტურ პირობებში მყოფ მოსაზღვრე მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლების მოსახლეობა სარგებლობს სტატუსით და მასთან დაკავშირებული შეღავათებით. ამდენად მნიშვნელოვანია ამ დარჩენილ დასახლებებში არსებული მწვავე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასაკომპენსირებლად, მიეცეთ შესაძლებლობა ისარგებლონ მაღალმთიანი დასახლებების სტატუსით. რაც შეეხება 2000-ზე ან მეტი ჰიფსომეტრიულ სიმაღლეზე მდებარე დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად პირობის შერბილების მიზეზი გახდა ის მძიმე კლიმატური პირობები, რაც რთულს ხდის ამ დასახლებებში გახანგრძლივებული ზამთრის პერიოდში დარჩენასა და საქმიანობას. შესაბამისად, სახეზეა ისეთი მდგომარეობა, როდესაც ასეთ დასახლებებში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსით ვერ სარგებლობს პირი, რომელიც შესაძლოა 6 თვიანი ცხოვრების პირობის მოთხოვნას აკმაყოფილებდეს, იყოს მაგალითად, ეკონომიკურად აქტიური, შეჰქონდეს თავისი წვლილი დასახლების განვითარებაში. ეს გარკვეულ უთანასწორობას წარმოშობს - სხვა უფრო დაბალ ჰიფსომეტრიულ სიმაღლეზე მდებარე დასახლებების მაცხოვრებლებთან შედარებით. ამდენად მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დასახლებებში, სადაც ყველაზე მაღალია მიგრაციის მაჩვენებელი, სადაც ყველაზე რთული კლიმატური პირობებია, მოხდეს განსხვავებული წესის დადგენა, რაც გახდება წამახალისებელი მექანიზმი მაღალმთიან დასახლებაში ცხოვრების სტიმულის გაჩენისათვის. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება ითვალისწინებს დასახლებისთვის მაღალმთიანი სტატუსის მინიჭების განსხვავებულ წესს სხვა მაღალმთიან დასახლებებთან შედარებით. ასევე დგინდება განსხვავებული წესი მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭება გამყოფ ხაზთან მდებარე 19 დასახლებას, რომლებიც ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრზეა. აგრეთვე, საქართველოში ოთხი მუნიციპალიტეტია, რომელთა დასახლებების 80% და მეტი სარგებლობს მაღალმთიანი დასახლების სტატუსით. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში თიანეთის, დმანისის, ასპინძისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების 39 დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან 800 მეტრზე ზემოთ მდებარეობს მიენიჭება მაღალმთიანი დასახლების სტატუსი, მათ შორის ერთ ადმინისტრაციულ ცენტრს, რომელიც 1000 მეტრზე ან მის ზემოთ მდებარეობს. შესაბამისად, ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭება 58 დასახლებას, სადაც 2014 წლის აღწერით ცხოვრობს 20 720 მოსახლე. საქართველოში 95 დასახლება 2000-ზე ან მეტი ჰიფსომეტრიულ სიმაღლეზე მდებარეობს. ამ დასახლებებში რეგისტრირებულია 7 980 მოქალაქე. ამ მოქალაქეთა მხოლოდ 1586 სარგებლობს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსით. ცვლილების განხორციელების შედეგად მეტ მოქალაქეს ეძლევა შესაძლებლობა მიიღოს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსი, რადგან მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსის მოსაპოვებლად განსაზღვრული 9 თვიანი ცხოვრების ფაქტის დადასტურება იცვლება 6 თვით. მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მე-14 ელექტრონულ სხდომაზე აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები მოწონებულ იქნა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარედ არანაკლებ 800 მეტრზე მდებარე დასახლებას მიენიჭება მაღალმთიანი დასახლების სტატუსი. კრიტერიუმების განხილვის გარეშე, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭება 80% და მეტი მაღალმთიანი დასახლებების მქონე მუნიციპალიტეტების დანარჩენ დასახლებებსაც, რომელიც 800 მეტრ და მეტ ჰიფსომეტრიულ სიმაღლეზე მდებარეობს. ასევე, 2000-ზე ან მეტი ჰიფსომეტრიულ სიმაღლეზე მდებარე დასახლებაში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად ნაცვლად 9 თვის ფაქტობრივად ცხოვრების პირობისა განისაზღვრება 6 თვით ფაქტობრივად ცხოვრების მოთხოვნა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროს 2020-2023 წლებში წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გარკვეულ გავლენას იქონიებს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის შემოსავლებზე შემცირების კუთხით, ვინაიდან პირები რომლებიც ამ კანონის საფუძველზე მიიღებენ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსს ისარგებლებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სოციალური და საგადასახადო შეღავათებით, გავლენის სიდიდე დამოკიდებული იქნება შესაბამისი სტატუსის პირთა რაოდენობაზე და შეღავათების სახეებზე. „საგადასახადო კოდექსით“ გათვალისწინებულია შემდეგი სახის შეღავათები: საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკურ პირთა შემოსავლების შემდეგი სახეები: • მაღალმთიან დასახლებაში ან ისეთ დასახლებაში, სადაც ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნის მომენტისათვის სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ იყო, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ნოტარიუსის მიერ სსიპ – საქართველოს ნოტარიუსთა პალატისაგან ფინანსური დახმარების სახით მიღებული შემოსავალი; • მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობით მიღებული შემოსავალი – შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში (სტატუსის მინიჭების კალენდარული წლის ჩათვლით); • მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები მრავალშვილიანი პირის (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის სამი ან სამზე მეტი შვილი) მიერ მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ ერთ- ან ორშვილიან პირს (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის ერთი ან ორი შვილი) მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებულ 3000 ლარამდე დასაბეგრ შემოსავალზე გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი 50 პროცენტით უმცირდება; • მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის მიერ მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული 6000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი, გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციიდან და სახელმწიფოს მიერ ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამედიცინო დაწესებულებიდან ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა. მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება: • მაღალმთიანი დასახლების საწარმოს მიერ ამავე მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით, – შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში (სტატუსის მინიჭების კალენდარული წლის ჩათვლით). შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია: • მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის საკუთრებაში არსებული, ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი; • მაღალმთიანი დასახლების საწარმოს საკუთრებაში არსებული, ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე ქონება – შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში (სტატუსის მინიჭების კალენდარული წლის ჩათვლით). ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ, გაიზრდება მაღალმთიანი დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირების სტატუსის მქონეთა რაოდენობა, რაც გამოიწვევს სახელმწიფოს მხრიდან კანონით გათვალისწინებული შეღავათებისათვის დამატებით ფინანსური თანხების გამოყოფას. კერძოდ: გამყოფი ხაზის მიმდებარედ არსებულ 19 დასახლებას, რომელიც 800 მეტრ ჰიფსომეტრიულ სიმაღლეზე და მის ზემოთ მდებარეობს, სტატუსის მინიჭების შემთხვევაში წლიური ხარჯი სავარაუდოდ იქნება 3,1 მილიონი ლარი. აქედან: სახელმწიფო პენსიის დანამატი - 1,193,181 ლარი, სოციალური პაკეტის დანამატი, საშუალოდ - 269,892 ლარი, ექიმების დანამატი-132,000 ლარი, ექთნების დანამატი - 71,280 ლარი, სკოლების ვაუჩერის ზრდა - 431,666 ლარი, მასწავლებლების დანამატი - 437,081 ლარი, ელექტრო ენერგიის შეღავათზე გასაწევი საპროგნოზო თანხა - 540,126 ლარი. აგრეთვე ამ კანონპროექტის მე-2 მუხლის 11 და 12 პუნქტების ამოქმედების შემთხევაში 39 დასახლებისთვის, წლიური ხარჯი სავარაუდოდ იქნება 4,1 მილიონი ლარი. აქედან: სახელმწიფო პენსიის დანამატი - 1,281,117 ლარით, სოციალური პაკეტის დანამატი საშუალოდ - 313,956.00 ლარით, ექიმების დანამატი-285,120.00 ლარით, ექთნების დანამატი 145,200.00 ლარით, სკოლების ვაუჩერის ზრდა - 762,293.20 ლარით, მასწავლებლების დანამატი 760,809.79 ლარით, ელექტრო ენერგიის შეღავათზე გასაწევი საპროგნოზო თანხა - 581,418 ლარით. 2000-ზე ან მეტი ჰიფსომეტრიულ სიმაღლეზე მდებარე 95 დასახლებაში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისაღები ვადის 6 თვემდე შემცირების შემთხვევაში საპენსიო დანამატების გაცემა შეიძლება გაიზარდოს 350 პენსიონერზე, რისთვისაც საჭიროა დაახლოებით 0,2 მლნ. ლარი (191,810 ლარი). ზემოაღნიშნული ფინანსური გაანგარიშება დათვლილია შემდეგ დაშვებებზე: „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებიდან დღემდე არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე მაღალმთიანი დასახლებებში 2014 წლის საყოველთაო აღწერით ცხოვრობს 333 078 ადამიანი რომელთაგანაც დაახლოებით 70% სარგებლობს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსით. სახელმწიფო პენსიის მიმღებთა, ელექტრო ენერგიის შეღავათით მოსარგებლეთა, სოციალური პაკეტით მოსარგებლეთა, ექიმებისა და ექთნების ზემოაღნიშნულ დასახლებებში პენსიონერთა, სოციალური პაკეტის მიმღებთა, ელექტრო ენერგიის აბონენტთა რაოდენობა, ექიმებისა და ექთნების რაოდენობების შესახებ ინფორმაცია მიღებულია სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოდან. ხოლო მასწავლებლების რაოდენობისა და სკოლის ვაუჩერის ზრდაზე ინფორმაცია მიღებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან. „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილია შემდეგი სახის შეღავათები და წარმოდგენილია მათი გამოთვლის შემდეგი მიდგომები: • სახელმწიფო პენსიის 20%-იანი დანამატი 44 ლარის ოდენობით გათვალისწინებულია დაახლოებით 4500-ზე მეტი პანსიონერისთვის; • სოციალური პაკეტის დანამატი გათვალისწინებულია - 954 სოციალური პაკეტის მიმღებისათვის 51 ლარის ოდენობით (2018 წლის მონაცემებზე დაყრდნობით საშუალოდ 1 ბენეფიციარი იღებდა 51 ლარის დანამატს); • ექიმების დანამატი - სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობით (440 ლარი) გათვალისწინებულია - 79 ექიმისათვის; • ექთნების დანამატი - სახელმწიფო პენსიის ოდენობით (220 ლარი)გათვალისწინებულია 82 ექთნისთვის; • მასწავლებელთა დანამატი - საბაზო ხელფასის არანაკლებ 35% - 2018 წლის მასწავლებელთა ანაზღაურების ჯამური რაოდენობის 35 %; • მოხმარებული ელექტრო ენერგიის შეღავათი - მოხმარებული ელექტრო ენერგიის ნახევრის ანაზღაურება არაუმეტეს 100 კვ. სთ. - 10104 აბონენტისათვის 111 ლარის ოდენობით (2018 წლის მონაცემებზე დაყრდნობით საშუალოდ 1 ბენეფიციარს უნაზღაურდებოდა წელიწადში 111 ლარის ელექტრო ენერგია). ზემოაღნიშნულ გაანგარიშებაში გათვალისწინებულია ბენეფიციართა და დანამატის ზრდა მომავალი წლებისათვის. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღების შემთხვევაში 6767 მოქალაქე, კერძოდ ექიმი, ექთანი, მასწავლებელი, პენსიონერი და სოციალური პაკეტის მიმღები ისარგებლებს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შეღავათებით. შეღავათების ჯამური ოდენობა (მათ შორის გათვალისწინებულია ელექტრო ენერგიის შეღავათი და სკოლების გაზრდილი ვაუჩერული დაფინანსება) წარმოადგენს დაახლოებით 7,4 მილიონ ლარს. „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით არის განსაზღვრული სოციალური შეღავათები, კერძოდ: 1. ექიმის დანამატი შეადგენს სახელმწიფო პენსიის ორმაგ ოდენობას - 440 ლარი. 2. ექთნის დანამატი შეადგენს სახელმწიფო პენსიის ერთმაგ ოდენობას - 220 ლარი. 3. მასწავლებლების დანამატი შეადგენს საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35%. 4. საპენსიო დანამატი 20% - 220 X 20 / 100 = 44 ლარი. 5. სოციალური პაკეტის მიმღებთათვის დანამატი გათვალისწინებულია 20%. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი, თუმცა შეიძლება გაიზარდოს იმ პირთა წრე, ვინც ისარგებლოს საგადასახდო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათებით მაღალმთიან დასახლებებთან მიმართებაში. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებას წინ უძღოდა მთის განვითარების ეროვნული საბჭოს დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელმაც შეიმუშავა კონკრეტული წინადადებები საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.