ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის (კახაბერ კუჭავა, გიორგი წერეთელი, ირაკლი ბერაია, ირაკლი კობახიძე) ვიზიტის ანგარიში (ქალაქი ვენა, ავსტრია; 20-21 თებერვალი, 2020წ)

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
10.03.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
ნომერი
#2-4146/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-11
ბიუროს ნომერი 334

📜 ტექსტი

წერილი
2-4146/20 10-03-2020 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, მოგახსენებთ, რომ ა.წ. 20-21 თებერვალს, ავსტრიის რესპუბლიკაში, ქ. ვენაში გაიმართა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებმა. გიგზავნით აღნიშნული ვიზიტის ანგარიშს. დანართი 2 ფურცელი. პატივისცემით, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი თამარ ყოლბაია
ანგარიში
ეუთო-ს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ანგარიში 20-21 თებერვალი, 2020 წ. ქ. ვენა, ავსტრიის რესპუბლიკა მივლინებული: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია 1. კახაბერ კუჭავა, დელეგაციის ხელმძღვანელი; 2. გიორგი წერეთელი, დელეგაციის წევრი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი; 3. ირაკლი ბერაია, დელეგაციის წევრი; 4. ირაკლი კობახიძე, დელეგაციის წევრი; 5. მერი გოგოლაძე, დელეგაციის მდივანი. მივლინების მიზანი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 2020 წლის ზამთრის სესიის მუშაობაში მონაწილეობა მივლინების ადგილი: ქალაქი ვენა, ავსტრიის რესპუბლიკა მივლინების თარიღი: 2020 წლის 20-21 თებერვალი 20-21 თებერვალს, ქ ვენაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის კახაბერ კუჭავას ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში. 20 თებერვალს, ღონისძიება გაიხსნა საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომით, რომელსაც დაესწრო დელეგაციის ხელმძღვანელი კახაბერ კუჭავა. სხდომაზე განხილული იქნა ასამბლეისთვის მნიშვნელოვანი საორგანიზაციო საკითხები. სხდომაზე მოუსმინეს ასამბლეის პრეზიდენტის, გენერალური მდივნისა და ხაზინადარის, აგრეთვე სპეციალური წარმომადგენლების ანგარიშებს. სხდომის დასასრულს დასახელდა შემდგომი ღონისძიებების თარიღები, კერძოდ: 2020 წლის 26-27 აპრილს, ქ. კოპენჰაგენში (დანიის სამეფო), დაიგეგმა ეუთოს ასამბლეის ბიუროს სხდომა, 3-7 ივლისს, ქ. ვანკუვერში (კანადა), გაიმართება ასამბლეის ყოველწლიური სესია, 5-7 ოქტომბერს, ქ. სან-მარინოში (სან-მარინო), ჩატარდება ასამბლეის შემოდგომის სხდომა, ხოლო 2 დეკემბერს, ქ. ტირანაში (ალბანეთის რესპუბლიკა), გაიმართება ასამბლეის ბიუროს სხდომა. პლენარულ სესიაზე, ეუთოს 57 წევრი ქვეყნის 250-მდე პარლამენტარს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარემ ვოლფგანგ სობოტკამ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გიგი წერეთელმა, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სახელით ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეტიენ ხაფაიმ და ეუთოს გენერალურმა მდივანმა თომას გრემინგერმა. თითოეული მათგანის გამოსვლაში ხაზი გაესვა ეუთოს სივრცეში არსებული უსაფრთხოების ვითარების კომპლექსურობას და მასზე რეაგირებისას წევრი სახელმწიფოების მხრიდან თანამშრომლობისა და კონსტრუქციული მიდგომის აუცილებლობას. ზამთრის სხდომის ფორმატში ჩატარდა ასამბლეის ფარგლებში მოქმედი პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხების კომიტეტის, ეკონმიკური და გარემოს დაცვითი საკითხების კომიტეტის და ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუციების საკითხების კომიტეტის სხდომები. ყურადღება გამახვილდა ეუთო-ს სამივე განზომილებაში - პოლიტიკური და უსაფრთხოების, ეკონომიკური და ეკოლოგიის, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების სფეროებში არსებულ ვითარებაზე. კომიტეტის მომხსენებლებმა - ლაურინუს კასიუნასმა, ელონა ჰოქსჰამ და კარი ჰენრიკსენმა წარმოადგინეს საკუთარი მოსაზრებები მიმდინარე წლის 3-7 ივლისს, ქ. ვანკუვერში (კანადა) დაგეგმილ ზაფხულის ყოველწლიურ სესიაზე წარსადგენ ანგარიშებთან დაკავშირებით. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ, მონაწილეობა მიიღო პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე ლ. კასიუნასის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მონახაზის განხილვასთან დაკავშირებით გამართულ დებატებსა და ეუთოს სივრცეში არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებულ დებატებში, სადაც მან ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე, რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობაზე, ასევე საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებულ სამშვიდობო პოლიტიკაზე. ირაკლი ბერაიამ გამოსვლების მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმო რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე კონვენციურ და ჰიბრიდულ საფრთხეებზე საუბარს. მან ისაუბრა 2019 წლის ოქტომბერში რუსეთის სამხედრო დაზვერვის მიერ საქართველოზე განხორციელებული კიბერშეტევის შესახებ და ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების მიერ რუსეთზე ზეწოლის აუცილებლობას. ამავე დღეს, საქართველოს დელეგაციის წევრები ორმხრივ ფორმატში შეხვდნენ ეუთო/ოდირის დირექტორს, ინგიბიორგ გისლადოტირს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში 2020 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს. საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მხრიდან აღინიშნა ეუთო/ოდირთან თანამშრომლობის მნიშვნელობა და გამოითქვა სამომავლოდ უფრო აქტიური თანამშრომლობის მზაობა, ასევე, ხაზი გაესვა მომავალი არჩევნებისათვის სათანადო , დადებითი საარჩევნო გარემოს შექმნის მნიშვნელობას. 21 თებერვალს, კახაბერ კუჭავა და ირაკლი ბერაია დაესწრნენ ლიეტუვასა და ნორვეგიის საპარლამენტო დელეგაციების მიერ ასამბლეის ფორმატის პარალელურად გამართულ ღონისძიებას, რომელიც მიეძღვნა რუსეთსა და ეუთოს ცალკეულ ქვეყნებში პოლიტპატიმრების კუთხით არსებულ ვითარებას. ზამთრის სხდომა დაიხურა პლენარული სესიით, რომელზეც წარმოდგენილი იქნა გენდერულ საკითხებზე სპეციალური წარმომადგენლის ჰედი ფრაის ანგარიში. ანგარიშის წარდგენის შემდგომ, გაიმართა დებატები ეუთოს სივრცეში ანტი-სემიტიზმის, დისკრიმინაციისა და შეუწყნარებლობის საკითხებზე. დახურვით ნაწილში, ასამბლეის მონაწილეებმა ასევე მოისმინეს ანგარიშები უკრაინაში, ბელარუსის, უზბეკეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებში ჩატარებული არჩევნების შესახებ. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შემდეგი სხდომა 2020 წლის 3-7 ივლისს, ქ. ვანკუვერში (კანადა) გაიმართება. ანგარიში მოამზადა დელეგაციის მდივანმა, მერი გოგოლაძემ 05.03.2020