„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
11.03.2020
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/459/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-16
ბიუროს ნომერი 335

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-7 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა ეროვნული ბანკის საბჭო, რომელიც შედგება 9 წევრისაგან. თუ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა 5-ზე ნაკლებია, ეროვნული ბანკის საბჭო არ არის უფლებამოსილი, შეასრულოს თავისი ფუნქციები. ამ შემთხვევაში ვაკანსია უნდა შეივსოს ამ ფაქტის დადგომიდან არა უგვიანეს 2 თვისა.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში, გარდა საბჭოს თავმჯდომარისა, შედიან ეროვნული ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტი და სხვა წევრები.“. 2. მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ბრძანებით ქმნის ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრები არიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, სამი ვიცე-პრეზიდენტი, ეროვნული ბანკის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრები შეიძლება იყვნენ ეროვნული ბანკის სხვა თანამშრომლები და მოწვეული პირები.“. 3. 48-ე მუხლის მე-4- მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების გარდა, ეროვნული ბანკი აგრეთვე უფლებამოსილია, პირს უარი განუცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტად რეგისტრაციაზე/ლიცენზირებაზე ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამავე მუხლით გათვალისწინებული სუბიექტის მნიშვნელოვანი წილის შეძენაზე, ასევე „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სუბიექტად/პირად რეგისტრაციაზე, თუ: ა) პირის სუბიექტად რეგისტრაციამ/პირზე ლიცენზიის გაცემამ ან პირის მიერ სუბიექტის მნიშვნელოვანი წილის შეძენამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს საფინანსო სექტორის სტაბილურობას; ბ) პირის სუბიექტად რეგისტრაციამ/პირზე ლიცენზიის გაცემამ ან პირის მიერ სუბიექტის მნიშვნელოვანი წილის შეძენამ შეიძლება გამოიწვიოს საერთაშორისო ორგანიზაციის სავალდებულო გადაწყვეტილებით ან/და რეკომენდაციით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევა ან/და შეუსრულებლობა; გ) პირის სუბიექტად რეგისტრაციამ/პირზე ლიცენზიის გაცემამ ან პირის მიერ სუბიექტის მნიშვნელოვანი წილის შეძენამ შეიძლება გამოიწვიოს საქართველოსა და უცხო ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმების დარღვევა; დ) დაინტერესებულმა პირმა ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში არ წარუდგინა მას სრულყოფილი ინფორმაცია სუბიექტის საქმიანობის დასაწყებად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური კაპიტალის მოთხოვნების შესრულებისათვის საჭირო თანხის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მნიშვნელოვანი წილის შეძენისათვის საჭირო თანხის წარმომავლობის შესახებ; ე) ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინფორმაციით დაინტერესებული პირი (სუბიექტი, ადმინისტრატორი, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, ბენეფიციარი მესაკუთრე, ხელმძღვანელი პირი) არღვევს სამეწარმეო, საბანკო ან/და საფინანსო კანონმდებლობას ან/და ახორციელებს ისეთ სამეწარმეო პრაქტიკას, რომელიც საფრთხეს უქმნის ან რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას კონკრეტული სუბიექტის ან/და საფინანსო სექტორის ჯანსაღ ფუნქციონირებას; ვ) დაინტერესებული იურიდიული პირის ჯგუფის სტრუქტურა, მფლობელობის სტრუქტურა და მმართველობის სტრუქტურა ან/და საოპერაციო საქმიანობა/გარემო საკმარისად გამჭვირვალე არ არის, რამაც შეიძლება შეაფერხოს ეფექტიანი ინდივიდუალური ან კონსოლიდირებული ზედამხედველობის განხორციელება ან/და საფრთხე შეუქმნას კონკრეტული სუბიექტის ან/და საფინანსო სექტორის სტაბილურობასა და ჯანსაღ ფუნქციონირებას. 41. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია: ა) საფინანსო სექტორის წარმომადგენელს და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პირს მოსთხოვოს და მიიღოს ინფორმაცია საფინანსო სექტორის წარმომადგენლის/პირის კაპიტალის წარმოშობის წყაროების, მფლობელობის სტრუქტურის, მნიშვნელოვანი წილის უშუალო მესაკუთრეებისა და ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ (მათ შორის, ქონების ან/და ფულადი სახსრების წარმომავლობის შესახებ); ბ) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში საფინანსო სექტორის წარმომადგენელს და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პირს შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს გარკვეული ტიპის ოპერაციები, აუკრძალოს მოგების განაწილება, დივიდენდების დარიცხვა და გაცემა, შრომის ანაზღაურების გაზრდა, პრემიებისა და სხვა, მსგავსი ანაზღაურების გაცემა, დააკისროს ფულადი ჯარიმა, გაუუქმოს რეგისტრაცია და ჩამოართვას ლიცენზია, ასევე გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები/ღონისძიებები; გ) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, საფინანსო სექტორის წარმომადგენლის და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირის ადმინისტრატორს/ხელმძღვანელ პირს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება, დააკისროს ფულადი ჯარიმა და მოითხოვოს მისი თანამდებობიდან განთავისუფლება; დ) კომერციულ ბანკებს მიაწოდოს იმ პირთა სია, რომელთა საქმიანობა შეიცავს ან შეიძლება შეიცავდეს ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების რისკს; ე) მოთხოვნილი ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის ან არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, საფინანსო სექტორის წარმომადგენელს და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პირს თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად დააკისროს სანქცია. 42. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მოთხოვნის დარღვევის გამო ეროვნული ბანკის მიერ საფინანსო სექტორის წარმომადგენლისთვის და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირისთვის დაკისრებული სანქციის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით ქვეყნდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე. 43. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის და მათ წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორის წარმომადგენლის და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირის საქმიანობას ზედამხედველობას უწევს რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე. 5. საზედამხედველო ფუნქციების შესასრულებლად ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტებისაგან და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირებისაგან თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური).“. 4. ორგანულ კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 524 მუხლი: „მუხლი 524. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს ზედამხედველობა 1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია: ა) ზედამხედველობა გაუწიოს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირების საქმიანობას, რაც მათ შორის, მოიცავს რეგისტრაციას და რეგისტრაციის გაუქმებას, შემოწმებასა და რეგულირებას, წერილობითი მითითებების გაცემას, დამატებითი მოთხოვნების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას; ბ) უზრუნველყოს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, გამოსაყენებლად სავალდებულო საერთაშორისო სტანდარტებისა და სხვა ნორმების ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღება და მეოთხე კატეგორიის საწარმოებისათვის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების დადგენა; გ) განსაზღვროს ანგარიშგებების მომზადებისა და წარდგენის წესები, შეიმუშაოს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროებში ერთიანი პოლიტიკა და სხვა სამართლებრივი აქტები, მიანიჭოს სუბიექტს სდპ-ის სტატუსი, განსაზღვროს სდპის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროცესისა და პროცედურების მიმართ დამატებითი მოთხოვნები და წესები; დ) განსაზღვროს აუდიტორული საქმიანობის განსახორციელებლად შესაბამისი წესები და მოთხოვნები; ე) განსაზღვროს ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესი, დაადგინოს წინასწარი შედეგების განხილვის, გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის პროცედურები; ვ) განახორციელოს აუდიტორების/აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი; ზ) განსაზღვროს ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ დადგენილი განათლების საერთაშორისო სტანდარტების (IES) და ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნების შესაბამისად პროფესიული სასერტიფიკაციო განათლების, საგამოცდო პროცესისა და განგრძობითი განათლების მიმართ მოთხოვნები და დაამტკიცოს შესაბამისი სტანდარტები; თ) განიხილოს და დაამტკიცოს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სტანდარტები, წესები და მეთოდოლოგია; ი) დაადგინოს სასერტიფიკაციო პროგრამები, საგამოცდო პროცესის აღიარების წესი და განსაზღვროს განგრძობითი განათლების პროგრამების აღიარების წესი; კ) დადგენილი სტანდარტის შესაბამისად განახორციელოს სასერტიფიკაციო პროგრამების, საგამოცდო პროცესისა და განგრძობითი განათლების პროგრამების აღიარება; ლ) განახორციელოს პროფესიული ორგანიზაციების, სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პროფესიული განათლების საქმიანობით დაკავებული სხვა პირების მიერ კანონთან და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ წესებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგი; მ) აწარმოოს აუდიტორების/აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრი, აღიარებული სასწავლო პროგრამებისა და განგრძობითი განათლების პროგრამების, სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოების, ანგარიშგებების ვებგვერდი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებისა და ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნების შესაბამისად და უზრუნველყოს სერტიფიცირებული ბუღალტრების რეესტრის საჯაროობა; ნ) უზრუნველყოს წარმოდგენილი ანგარიშგებების „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და საჯაროობა; ო) განახორციელოს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მონიტორინგი, შემოწმება, გამოკვლევა; პ) უზრუნველყოს სამართალდარღვევათა თავიდან აცილება და გამოვლენა; ჟ) შეიმუშაოს და დაამტკიცოს აღრიცხვისა და ანგარიშგების საკითხებზე მეთოდური მითითებები; რ) განახორციელოს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილება. 2. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირების მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით, მის საფუძველზე ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების, წერილობითი მითითებების დარღვევის შემთხვევაში, მათ მიმართ გამოსაყენებელი სანქციები, მათ შორის, ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი, განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით.“. მუხლი 2. გარდამავალი დებულება 1. არაუგვიანეს 2020 წლის 1 აპრილისა, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული და კაპიტალური ხარჯების შესახებ დეტალური ინფორმაცია. 2. 2021 წლის 1 იანვარამდე, ეროვნული ბანკის საბჭო უფლებამოსილია, შეასრულოს თავისი ფუნქციები იმ შემთხვევაშიც, თუ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა 4-ს შეადგენს. 3. 2021 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიმართულებით ზედამხედველობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების გამოცემა. 4. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიმართულებით, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.დ“ და „ბ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებს ზედამხედველობა გაუწიოს 2021 წლის 1 იანვრიდან. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 მაისიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია ბოლო პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობასა და უფლებამოსილებასთან მიმართებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მაქსიმალურად ეფექტურად და სრულყოფილად აღსრულების აუცილებლობით. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონსა და თანმდევ საკანონმდებლო აქტებში 2017 წლიდან დღემდე შესული ცვლილებებით მნიშვნელოვნად გაფართოვდა და გაძლიერდა საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლები საფინანსო სექტორის წარმომადგენელთა და დამატებით სხვა სუბიექტთა მიმართ, კერძოდ:  გაძლიერდა საქართველოს ეროვნული ბანკის მანდატი ფულის გათეთრების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით;  საქართველოს ეროვნულ ბანკს მიენიჭა „საბანკო ჯგუფის“ ზედამხედველობის სრული უფლებამოსილება;  საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობასა და რეგულირებას დაექვემდებარა ახალი საზედამხედველო სუბიექტები - საკრედიტო საინფორმაციო ბიურო და სესხის გამცემი სუბიექტი;  საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაექვემდებარა სსიპ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობა;  განისაზღვრა კომერციული ბანკების რეზოლუციის მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩო. წარმოდგენილი კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილების გაფართოებას, კერძოდ, ეროვნულ ბანკს ენიჭება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს ზედამხედველობის ფუნქცია. აღნიშნული გარემოებები განაპირობებს საქართველოს ეროვნული ბანკის სტრუქტურულ ცვლილებებს, როგორც დამატებითი სტრუქტურული ერთეულების შექმნის, ასევე უკვე არსებულის ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების გაძლიერებისა და გაფართოების კუთხით. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ბანკისათვის კანონმდებლობით მინიჭებული საზედამხედველო და მარეგულირებელი უფლებამოსილების სრულყოფილად და მაქსიმალურად ეფექტიანად განხორციელების და საქმიანობის პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, დღის წესრიგში დადგა საქართველოს ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოს - ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა და საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტთა რაოდენობის ზრდის საკითხი. კანონპროექტის შესაბამისად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობის 9 წევრამდე გაზრდა განპირობებულია, ერთი მხრივ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა კენტი რაოდენობის შენარჩუნების, ხოლო მეორე მხრივ, საუკეთესო კორპორაციული მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა უმრავლესობას არააღმასრულებელი წევრები შეადგენდეს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს წევრთა რაოდენობა 9 წევრზე ნაკლები იქნება, 3 ვიცეპრეზიდენტის არსებობის პირობებში, საბჭოს შემადგენლობაში თანაბარი რაოდენობით იქნება წარმოდგენილი აღმასრულებელი და არააღმასრულებელი წევრები. კანონპროექტის შემუშავების პროცესში ასევე შესწავლილ იქნა საერთაშორისო პრაქტიკა საზღვარგარეთის ქვეყნების ცენტრალური ბანკების საბჭოს წევრთა რაოდენობისა და სტრუქტურის თვალსაზრისით. ამ კუთხით, გასათვალისწინებელია, ავსტრიის (10 წევრი)1, დანიისა2 და უნგრეთის (მინიმუმ 5, მაქსიმუმ - 9 წევრი, მათ შორის, არანაკლებ 2 და არაუმეტეს 3 ვიცე-პრეზიდენტი) გამოცდილება. დღეს მოქმედი საქართველოს კანონმდებლობით, აუდიტის სფეროს ზედამხედველობა განისაზღვრება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით. აღნიშნული კანონის თანახმად, სფეროს ზედამხედველს წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით კი, სადაც პრიორიტეტი, მათ შორის, კაპიტალის ბაზრის განვითარებაა, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის ფუნქცია ხშირ შემთხვევაში ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელ ორგანოებთან არის ინტეგრირებული (მაგალითად, დიდი ბრიტანეთი - Financial Reporting Council (FRC); ავსტრალია - Australian Securities & Investments Commission (ASIC), ბელგია - FSMA და მრავალი სხვ.); სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე, ევროდირექტივებით განსაზღვრული ორგანოს მდგრადობის მოთხოვნის შესაბამისად, მიზანშეწონილი გახდა მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის ცვლილება და საქართველოს ეროვნულ ბანკთან სტრუქტურული ერთეულის სახით ინტეგრირება, რაც მის დამოუკიდებლობის გაძლიერებას და მდგრადობას შეუწყობს ხელს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილება და საქმიანობის წესი, მათ შორის, ეროვნული ბანკის საბჭოსთან დაკავშირებული ურთიერთობები მოწესრიგებულია ორგანული კანონით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობასა და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს ზედამხედველობასთან დაკავშირებული ცვლილებები უნდა განხორციელდეს საკანონმდებლო დონეზე. ა. ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით საქართველოს ეროვნულ ბანკს მიეცეს შესაძლებლობა ეფექტურად და შეუფერხებლად განახორციელოს საქართველოს კონსტიტუციითა და ორგანული კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და კიდევ უფრო ქმედითად და მოქნილად იმოქმედოს საფინანსო სექტორის, სესხის გამცემი სუბიექტის, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს, კაპიტალის ბაზრის ზედამხედველობის/რეგულირების და მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიმართულებით. გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველოს ეროვნული ბანკის ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს საზედამხედველო ორგანოდ განსაზღვრა https://www.oenb.at/en/About-Us/legal-framework.html, მუხლი 22(1). https://www.nationalbanken.dk/en/about_danmarks_nationalbank/Legal_basis/Documents/The%20National %20bank%20of%20Denmark%20Act.pdf, მუხლი 4,5,6. 1 2 უზრუნველყოფს რეგულირების ეფექტიანობის ზრდას და საქართველოს ეროვნული ბანკის სხვა ფუნქციებთან სინერგიის ხარჯზე, დადებით ეფექტს. ასევე, ქვეყნის მასშტაბით, დაიხვეწება სისტემა, რომელიც ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის კუთხით ერთიანი მიდგომებისა და პრინციპების აღსრულებას გააძლიერებს. ამასთან, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს რეგულირების საქართველოს ეროვნულ ბანკთან გაერთიანებით, შესაძლებელი გახდება დაკავშირებული ადმინისტრაციული თუ სხვა ხარჯების ოპტიმიზაცია/მინიმიზაცია. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის შესაბამისად, ცვლილება შედის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 და მე-17 მუხლებში, რომლებიც არეგულირებს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა და ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტთა რაოდენობას, კერძოდ, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა 7 წევრის ნაცვლად განისაზღვრება, 9 წევრით, ხოლო ვიცე-პრეზიდენტთა რაოდენობა 2 ის ნაცვლად - სამით. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობის ცვლილებიდან გამომდინარე, წარმოდგენილი კანონპროექტით, იცვლება ეროვნული ბანკის საბჭოს უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო საბჭოს წევრთა მინიმალური რაოდენობა და აღნიშნული 4 წევრის ნაცვლად, განისაზღვრება 5-ით. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა ამჟამად 5 წევრს შეადგენს, საბჭოს წევრთა რაოდენობის შემცირების შემთხვევაში, ეროვნული ბანკის საბჭოს საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, განისაზღვრება გარდამავალი რეგულირება, კერძოდ, გარკვეული პერიოდი - 2021 წლის 1 იანვარამდე, ეროვნული ბანკის საბჭო უფლებამოსილი იქნება შეასრულოს თავისი ფუნქციები იმ შემთხვევაშიც, თუ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა 4-ს შეადგენს. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს ზედამხედველობის უფლებამოსილება, ისევე როგორც ეროვნული ბანკის სხვა საზედამხედველო სუბიექტებთან მიმართებით, აგრეთვე მოიცავს საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას - ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დაინტერესებულ პირს უარი განუცხადოს რეგისტრაციაზე/ლიცენზირებაზე და ასევე განახორციელოს ზედამხედველობა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით. შესაბამისად, ვინაიდან, ორგანული კანონის 48-ე მუხლის სტრუქტურა იმგვარად არის ჩამოყალიბებული, რომ იგი მითითებას მხოლოდ საფინანსო სექტორის წარმომადგენლებზე აკეთებს, რომელშიც არ შედის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სუბიექტები/პირები, საჭიროა შესაბამისი ცვლილებების განხორციელება ორგანული კანონის 48-ე მუხლის მე-4, 41-მე-5 პუნქტებში, რათა ეროვნული ბანკის სრული საზედამხედველო მანდატი (მათ შორის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის კუთხით) გავრცელდეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სუბიექტებზე/პირებზე. კანონპროექტით, ორგანულ კანონს ემატება 524 მუხლი, რომელიც აწესრიგებს საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს ზედამხედველობის მიმართულებით, მათ შორის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული სხვა სუბიექტების მიმართ მოქმედი საზედამხედველო მანდატის ანალოგიურად, განსაზღვრავს, რომ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს ზედამხედველობა მოიცავს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირების რეგისტრაციას და რეგისტრაციის გაუქმებას, შემოწმებასა და რეგულირებას, წერილობითი მითითებების გაცემას, დამატებითი მოთხოვნების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოქმედი რედაქციის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტების მიმართ გამოსაყენებელი სანქციები, მათ შორის, ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი, განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით. წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ნაცვლად, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიმართულებით, სერტიფიცირებული ბუღალტრის, იურიდიული პირის, რომელიც ბუღალტრული აღრიცხვის მომსახურებას ახორციელებს და რომლის სახელით მოქმედებს სერტიფიცირებული ბუღალტერი, ასევე აუდიტორის, აუდიტორული (აუდიტური) ფირმის საზედამხედველო ორგანოდ საქართველოს ეროვნული ბანკი განისაზღვრება. შესაბამისად, ეფექტური ზედამხედველობის განსახორციელებლად, აუცილებელია, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირების მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით, მის საფუძველზე ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების, წერილობითი მითითებების დარღვევის შემთხვევაში, მათ მიმართ გამოსაყენებელი სანქციები, მათ შორის, ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი, განისაზღვროს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით, როგორც ეს მოქმედი კანონმდებლობით მოწესრიგებულია ეროვნული ბანკის სხვა საზედამხედველო სუბიექტებთან მიმართებით. კანონპროექტით ფართოვდება საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილება, მათ შორის, ფულის გათეთრების აღკვეთის მიმართულებით და ემატება ახალი საზედამხედველო სუბიექტები. ხოლო, სრულყოფილი ზედამხედველობის განხორციელებისათვის, აუცილებელია გარკვეული დრო ნორმატიული ბაზის მოსამზადებლად. ამდენად, კანონპროექტით განისაზღვრება გარდამავალი რეგულირება, რომლის შესაბამისად, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიმართულებით ზედამხედველობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების გამოცემას საქართველოს ეროვნული ბანკის უზრუნველყოფს 2021 წლის 1 იანვრამდე. საქართველოს ეროვნული ბანკი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიმართულებით კი, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.დ“ და „ბ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებს ზედამხედველობას გაუწევს 2021 წლის 1 იანვრიდან. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ამოქმედება გათვალისწინებულია 2020 წლის 1 მაისიდან. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტით მოხდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის რეორგანიზაცია მისი საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეერთების გზით. ასევე, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობის 9 წევრამდე გაზრდა. სამსახურის დაფინანსების წყარო 2020 წლის 1 მაისამდე იქნება სახელმწიფო ბიუჯეტი, ხოლო 2020 წლის 1 მაისის შემდგომ - საქართველოს ეროვნული ბანკი. რაც შეეხება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობის გაზრდას და ვიცე-პრეზიდენტთან დაკავშირებულ ხარჯებს- დაფინანსდება ეროვნული ბანკის მიერ, საკუთარი სახსრებით. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. რაც შეეხება, კანონპროექტის გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან, კანონპროექტით განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილება, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სუბიექტების მიმართ ფულის გათეთრების აღკვეთის შესახებ კანონმდებლობის დარღვევაზე დაადგინოს სანქციები, მათ შორის, ფულადი ჯარიმის ოდენობები, აღნიშნული რეგულირება, შესაბამისი ფულადი ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში, გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ამასთან, ვინაიდან კანონპროექტით განსაზღვრულია საჯარიმო სანქციები პროფესიული ორგანიზაციებისათვის და სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოებითვის (მათ მიერ სერტიფიცირებული ბუღალტრის რეესტრების წარმოების წესების დარღვევისათვის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება დააჯარიმოს ორგანიზაცია 500-დან 5 000 ლარამდე) და პირთათვის მათ მიერ კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის დარღვევისათვის ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება დააჯარიმოს ორგანიზაცია კანონის დღესმოქმედი რედაქციის 24-ე მუხლით დადგენილი წესით. ზემოაღნიშნული ჯარიმები გათვალისწინებულია პირველ შემთხვევაზე და გავლენის ზუსტი ოდენობა დამოკიდებული იქნება ჩადენილ სამართალდარღვევათა ოდენობაზე. სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენის მომხდენი იქნება საბჭოს წევრებისათვის, ვიცე-პრეზიდენტისათვის და სამსახურის ეროვნულ ბანკთან შეერთების შედეგად ეროვნულ ბანკში გადაყვანილი თანამშრომლებისათვის ჯამურად, წლიური 400 000 ლარამდე (ვიცე-პრეზიდენტის სახელფასო ანაზღაურება, საბჭოს წევრობის დამატებითი სარგო, საბჭოს წევრებისა და გადაყვანილი თანამშრომლების დაზღვევა) რესურსის გამოყოფა საქართველოს ეროვნული ბანკის ბიუჯეტიდან. შესაბამისი საშემოსავლო გადასახადი დაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტით მოხდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის რეორგანიზაცია მისი საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეერთების გზით. ასევე, კანონპროექტით საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს ემატება 2 წევრი. დღესმოქმედი კანონმდებლობით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის საშუალოვადიანი ბიუჯეტი არის 1135000 ლარი (გარდა ამისა, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიერ გაწეული ხარჯი - დაახლოებით 560,000 ლარი). ამჯერად ფაქტობრივად სამსახურში მუშაობს 25 პირი მათ შორის 5 შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. ბიუჯეტის კანონით და საშუალოვადიანი დაგეგმარების ბიუჯეტის (BDD) მიხედვით გათვალისიწნებული არის 28 საშტატო ნუსხით გათვალისწინებული და 5 შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამშრომლების ანაზღაურება 28 კაცზე არის 965000 ლარი, ხოლო შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ანაზღაურება 5 კაცზე 105000 ლარი, ჯამში 1070000 ლარი მთლიანად ანაზღაურებაზე. შესაბამისად საშემოსავლო გადასახადი არის მთლიანი ანაზღაურებიდან გამომდინარე 214000 ლარი. ვინაიდან საქართველოს ეროვნული ბანკი არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის სამართალმემკვიდრე, რეორგანიზაციის შედეგად მოხდება ფინანსთა სამინისტროს სისტემაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობის გადაცემა საქართველოს ეროვნული ბანკისათვის. ვინაიდან კანონპროექტის თანახმად, კანონპროექტი ამოქმედდება 2020 წლის 1 მაისიდან და მოხდება სამსახურის რეორგანიზაცია მისი საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეერთების გზით, სამსახურის ფუნქციონირებისათვის 1 მაისამდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯება 385000 ლარი და სამსახურისათვის 2020 წლის განმავლობაში გასათვალისწინებული თანხები მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტის საჭიროებებისათვის. ხოლო, 2020 წლის 1 მაისის შემდგომ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს საზედამხედველო ფუნქციების განსახორციელებლად საჭირო ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ არანაკლებ სამსახურისათვის 2020 წლისათვის დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში. ამასთან, დამატებით საქმიანობის ეფექტურად განსახორციელებლად შესაძლოა გახდეს დამატებითი რესურსის გამოყოფა (მათ, შორის, მოიცავს საკადრო რესურსის გაზრდას, შენობა-ნაგებობი რემონტს, არამატერიალური ქონების გაზრდა და სხვ.), რაც დაექვემდებარება ეროვნული ბანკის მიერ დაფინანსებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი ითვალისწინებს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა და ვიცეპრეზიდენტთა რაოდენობის ზრდას, ამასთან, გაერთიანების შედეგად, სებ-ის თანამშრომელთა რიცხოვნობის გაზრდას კანონპროექტის მიღება დადებით გავლენას მოახდენს ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრის, ვიცე-პრეზიდენტის და ეროვნულ ბანკში გადაყვანილი თანამშრომლების ფინანსურ შედეგებზე, კერძოდ, გათვალისწინებულია ჯამურად, წლიური 400 000 ლარამდე (ვიცე-პრეზიდენტის სახელფასო ანაზღაურება, საბჭოს წევრობის დამატებითი სარგო, საბჭოს წევრებისა და გადაყვანილი თანამშრომლების დაზღვევა) რესურსის გამოყოფა საქართველოს ეროვნული ბანკის ბიუჯეტიდან. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირების მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით, მის საფუძველზე ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების, წერილობითი მითითებების დარღვევის შემთხვევაში, მათ მიმართ გამოსაყენებელი სანქციები, მათ შორის, ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი, განისაზღვროს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით. აღნიშნულმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს შესაბამის პირებზე ფულადი ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში. თუმცა, ზემოაღნიშნულთან მიმართებაში გასათვალისწინებელია კანონპროექტის გარდამავალი დებულებები, რომლის თანახმადაც, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიმართულებით ზედამხედველობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების გამოცემა ეროვნული ბანკის მიერ უნდა მოხდეს 2021 წლის 1 იანვრამდე. აღნიშნული თარიღის განსაზღვრა განაპირობა სწორედ იმ გარემოებამ რომ საკითხი საჭიროებს შესწავლას და მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკის გაანალიზებას. საყურადღებოა ის გარემოება რომ აუდიტორებისათვის/აუდიტორული პირებისათვის/სერტიფიცირებული ბუღალტერთათვის მათ მიერ კანონის მოთხოვნების (გარდა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიმართულებით) დარღვევა იწვევს პირთა დაჯარიმებას 5000 ლარის ფარგლებში, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებთან მიმართებაში (თუმცა ამ შემთხვევაში სპეციალურად ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიმართულებით) გათვალისწინებულია 10 000 ლარიდან. სფეროში არსებული დარღვევებია შესაძლებელი იყოს შემდეგი სახის: დადგენილ ვადებში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმის წარუდგენლობა; ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დადგენილი ვადის დაუცველად წარდგენა; შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისთვის საეჭვო ან/და უჩვეულო ოპერაციასთან (გარიგებასთან) დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების განუხორციელებლობა; იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცედურებით გათვალისწინებული შესაბამისი ზომების განხორციელების გარეშე ნებისმიერი პირისათვის მომსახურების გაწევა; პოლიტიკურად აქტიურ პირთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევის გამოვლენა; ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვისა და შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენა. აღნიშნული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ან/და შესაბამისი გარიგების პარტნიორის დაჯარიმებას ან/და რეესტრიდან ამოღებას. საჯარიმო სანქციების განსაზღვრა დამოკიდებული იქნება პირველ რიგში სფეროში არსებული დარღვევების კვლევაზე, შემდგომ კი პირთა მიმართ გავლენის ზუსტი ოდენობა დამოკიდებული იქნება ჩადენილ სამართალდარღვევათა ოდენობაზე. კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგს საქართველოს ეროვნული ბანკისთვის, ვინაიდან კანონპროექტის თანახმად, კანონპროექტი ამოქმედდება 2020 წლის 1 მაისიდან და მოხდება სამსახურის რეორგანიზაცია მისი საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეერთების გზით, სამსახურის ფუნქციონირებისათვის 1 მაისის შემდგომ ხარჯების გამოყოფა მოხდება საქართველოს ეროვნული ბანკის ბიუჯეტის ფარგლებში. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ გარდამავალი დებულებებით გათვალისწინებულია 1 მაისის შემდგომ თანამშრომელთა, მათივე თანხმობით, საქართველოს ეროვნულ ბანკში უკონკურსოდ გადაყვანა არანაკლებ მათი სახელფასო ანაზღაურების ტოლფას თანამდებობებზე, შესაძლებელია საქართველოს ეროვნული ბანკისათვის გახდეს ფინანსური შედეგის გამომწვევი მის სისტემაში გათვალისწინებული საშტატო ერთეულებთან სამსახურის თანამშრომელთა სახელფასო ანაზღაურების შესაბამისობაში მოყვანის პროცესში. კანონპროექტი ასევე გავლენის მომხდენია ეროვნულმა ბანკისათვის, რამეთუ მან უნდა უზრუნველყოს შემფასებელთა ერთიანი საჯარო რეესტრის წარმოება ელექტრონული ფორმით და საშემასებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირების ასახვა. ასევე, უნდა გახორციელდეს აღნიშნული სფეროს ფუნქციონირებისათვის საჭირო სტანდარტების თარგმნა. აღნიშნული ფუნქციების შესასრულებლად, დაახლოებით საჭირო იქნება 20000 ლარამდე თანხის გამოყოფა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას - კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვროს ფულადი ჯარიმის ოდენობა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირების მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით, მის საფუძველზე ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების, წერილობითი მითითებების დარღვევის შემთხვევაში. თუმცა, ზემოაღნიშნულთან მიმართებაში გასათვალისწინებელია კანონპროექტის გარდამავალი დებულებები, რომლის თანახმადაც, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიმართულებით ზედამხედველობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების გამოცემა ეროვნული ბანკის მიერ უნდა მოხდეს 2021 წლის 1 იანვრამდე. აღნიშნული თარიღის განსაზღვრა განაპირობა სწორედ იმ გარემოებამ რომ საკითხი საჭიროებს შესწავლას და მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკის გაანალიზებას. საყურადღებოა ის გარემოება რომ აუდიტორებისათვის/აუდიტორული პირებისათვის/სერტიფიცირებული ბუღალტერთათვის მათ მიერ კანონის მოთხოვნების (გარდა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიმართულებით) დარღვევა იწვევს პირთა დაჯარიმებას 5000 ლარის ფარგლებში, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებთან მიმართებაში (თუმცა ამ შემთხვევაში სპეციალურად ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიმართულებით) გათვალისწინებულია 10 000 ლარიდან. სფეროში არსებული დარღვევებია შესაძლებელი იყოს შემდეგი სახის: დადგენილ ვადებში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმის წარუდგენლობა; ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დადგენილი ვადის დაუცველად წარდგენა; შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისთვის საეჭვო ან/და უჩვეულო ოპერაციასთან (გარიგებასთან) დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების განუხორციელებლობა; იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცედურებით გათვალისწინებული შესაბამისი ზომების განხორციელების გარეშე ნებისმიერი პირისათვის მომსახურების გაწევა; პოლიტიკურად აქტიურ პირთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევის გამოვლენა; ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვისა და შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენა. აღნიშნული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ან/და შესაბამისი გარიგების პარტნიორის დაჯარიმებას ან/და რეესტრიდან ამოღებას. საჯარიმო სანქციების განსაზღვრა დამოკიდებული იქნება პირველ რიგში სფეროში არსებული დარღვევების კვლევაზე, შემდგომ კი პირთა მიმართ გავლენის ზუსტი ოდენობა დამოკიდებული იქნება ჩადენილ სამართალდარღვევათა ოდენობაზე. კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგს საქართველოს ეროვნული ბანკისთვის, ვინაიდან კანონპროექტის თანახმად, კანონპროექტი ამოქმედდება 2020 წლის 1 მაისიდან და მოხდება სამსახურის რეორგანიზაცია მისი საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეერთების გზით, სამსახურის ფუნქციონირებისათვის 1 მაისის შემდგომ ხარჯების გამოყოფა მოხდება საქართველოს ეროვნული ბანკის ბიუჯეტის ფარგლებში. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ გარდამავალი დებულებებით გათვალისწინებულია 1 მაისის შემდგომ თანამშრომელთა, მათივე თანხმობით, საქართველოს ეროვნულ ბანკში უკონკურსოდ გადაყვანა არანაკლებ მათი სახელფასო ანაზღაურების ტოლფას თანამდებობებზე, შესაძლებელია საქართველოს ეროვნული ბანკისათვის გახდეს ფინანსური შედეგის გამომწვევი მის სისტემაში გათვალისწინებული საშტატო ერთეულებთან სამსახურის თანამშრომელთა სახელფასო ანაზღაურების შესაბამისობაში მოყვანის პროცესში. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევს სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულებების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.