საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქე გიორგი გოროშიძის მიერ წარმოდგენილ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N1-19919/19; 28.10.2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
12.03.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი
ნომერი
#2-4299/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-16
ბიუროს ნომერი 335

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი 2-4299/20 12-03-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის დასკვნა მოქალაქე გიორგი გოროშიძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-19919/19; 28.10.2019). საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა 2020 წლის 10 მარტს, კომიტეტის სხდომაზე განიხილა ზემოთაღნიშნული საკანონმდებლო წინადადება, რომელიც კომიტეტს წარუდგინა გიორგი გოროშიძემ. საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებში ორი მნიშვნელოვანი საკითხის ახლებურად გადაწყვეტას: I. აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის გაფართოება საკანონმდებლო წინადადებაში აღნიშნულია, რომ ,,სასწავლო დაწესებულებაში მისი ფუნქციონირების სასურველი დონის სტაბილური შენარჩუნებისათვის გარკვეული პერიოდულობით ხორციელდება აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება.” შეფასება ხდება ძირითადად სამი სახის მექანიზმის გამოყენებით: ,,უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის“ მე-5 თავის 34-ე მუხლის 1-ლ პუნქტში არსებული ჩანაწერი (რომლის მიხედვითაც აკადემიური თანამდებობის დაკავება ხდება მხოლოდ ღია კონკურსის წესით) განაპირობებს კონკურსის პროცედურის ძალიან გადაჭარბებული სიხშირით გამოყენებას ყველგან და სრულიად შეცდომით მიიჩნევა შეფასების ერთადერთ მექანიზმად; ატესტაცია, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულების შიდა რეგულაციებით იმართება და რომელსაც სასურველზე გაცილებით უფრო იშვიათი გამოყენება აქვს, ემსახურება ხსენებული დაწესებულების ინტელექტუალური პოტენციალის შენარჩუნებას, რის გამოც მისი ფუნქციონირება არის მკვეთრად გასაფართოებელი; ტენუირება, რომელიც ასევე საგანმანათლებლო დაწესებულების შიდა რეგულაციებით შეიძლება იქნეს გამოყენებული, ემსახურება მრავალმხრივ წარჩინებული და გამოჩენილი პროფესორების გადაყვანას მუდმივ შტატში, რომლითაც ხსენებულ კადრებს დამსახურებულად ეზრდებათ მუშაობის კომფორტი საგანმანათლებლო დაწესებულების პრესტიჟის კიდევ უფრო ასამაღლებლად. 1.კონკურსი. კონკურსის წესით კადრების შეფასება გამოსაყენებელია უპირატესად ახალი და ახალგაზრდა კადრების მიღების შემთხვევებში. ერთის მხრივ, ახალი კადრების მიღების დროს კონკურსები უფრო გამართლებულია, იმიტომ რომ ემსახურება მათ უკეთ შეცნობას და მისაღები გადაწყვეტილების მეტ უშეცდომობას. მეორეს მხრივ, კონკურსებში დიდია სუბიექტივიზმი და ტენდენციურობა, რაც ამცირებს მისი ტოტალურად გამოყენების თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge უალტერნატივობის საჭიროებას. კონკურსების 2-ჯერ ან 3-ჯერ წარმატებული გავლა, განურჩევლად პროფესორის საფეხურისა, საკმარისად უნდა ითვლებოდეს თანამშრომლის გადაყვანისთვის საატესტაციო რეჟიმზე. გარდა ამისა, კონკურსებში ხშირად ფიგურირებს კორუფციული მოტივაცია, ინერგება კონფრონტაციული და მტრული გარემო, რაც ვერ ქმნის სასურველ პოზიტიურ იმპულსს საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარებისთვის. აქედან გამომდინარე, აკადემიური კადრების შეფასებისა და მართვის საკითხების რეგულირება სჯობს ხორციელდებოდეს კონკურსების მინიმიზირების პირობებში. საგანმანათლებლო დაწესებულებაში მომუშავე გამოცდილი კონტიგენტის შეფასებისთვის უფრო მეტი გავრცელება უნდა ჰპოვოს ატესტაციის პროცედურის გამოყენებამ. 1. ატესტაცია. ატესტაციის მეშვეობით პერიოდულად უნდა მოწმდებოდნენ უნივერსიტეტის გამოცდილი აკადემიური კადრები დადგენილი ვადით მუშაობის გასაგრძელებლად. ატესტაცია გაცილებით უფრო ადეკვატურ ფორმატს წარმოადგენს დიდი უწყვეტი სტაჟის მქონე, გამოცდილი აკადემიური კადრების მოღვაწეობის შეფასებისთვის. მისი ფართო გამოყენება განსაკუთრებით აუცილებელი ხდება იმის გამოც, რომ საკმაოდ მრავლად არიან ისეთ კონტრაქტზე მყოფი დიდი უწყვეტი სტაჟის მქონე პროფესორები, რომლებსაც სხვა სამსახურებში წასასვლელი გზებიც უკვე აღარ შეარჩინეს, დატოვეს ერთადერთი უნივერსიტეტის ამარა და ტენდენციური კონკურსების შემყურე დააყენეს შესაძლო უმუშევრობის პერსპექტივის გაჩენის საშიშროების წინაშე. ატესტაციის ფორმატის გამოყენებით სასწავლო დაწესებულებაში ხდება ამ არაჰუმანური ვითარების თავიდან აცილება, სამართლიანი და პოზიტიური ორგანიზაციული გარემოს დამკვიდრება, არსებული ადამიანური კაპიტალის შენარჩუნება, რომელიც უნივერსიტეტის უმთავრეს შენაძენს წარმოადგენს და ემსახურება მის შეუქცევად განვითარებას. 2. ტენუარი. ტენუირებით წყდება დიდი სასწავლო-სამეცნიერო და საზოგადოებრივ დამსახურებათა მქონე აკადემიური კადრების მუდმივ (უვადო) შტატში გადაყვანის ადეკვატურობის საკითხი. იგი შეფასების ყველაზე უფრო მაღალი დონის პრესტიჟული ფორმაა, რომლითაც შესაძლებელი ხდება უნივერსიტეტისა და საზოგადოების წინაშე დიდი დამსახურების მქონე გამოჩენილი ადამიანების შენარჩუნება. ამ კატეგორიაში ექცევიან ის ადამიანები, რომლებსაც არა ერთ სფეროში ეტალონური მნიშვნელობა გააჩნიათ და თავისი მოღვაწეობით ემსახურებიან უნივერსიტეტის პრესტიჟის ამაღლებას. ისინი უნდა იყვნენ მაღალი კომპეტენციის, პროფესიონალიზმის, დიდი გამოცდილების და მაღალი ზნეობრივი სტანდარტების მქონე ადამიანები, რომლებსაც ეთქმით წონადი სიტყვა უნივერსიტეტის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში. 3. ზოგიერთ უნივერსიტეტში სრული პროფესორებისთვის კონკურსის სანაცვლოდ უკვე შემოღებულია ატესტაციის ფორმატი, რაც წინგადადგმული ნაბიჯია მოქმედი ნაკლოვანი კანონმდებლობის სრულყოფის მცდელობათა კონტექსტში. მაგრამ სერიოზულ დაეჭვებას იწვევს ის, რომ მხოლოდ სრული პროფესორებისთვის არის იგი დაშვებული. ასეთი უხეში შერჩევითობა სამივე საფეხურის პროფესორებიდან მხოლოდ სრული პროფესორების სასარგებლოდ ემსგავსება მათი წინასწარი მომხრობის ფორმას და ქმნის ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისთვის არასახარბიელო გარემოს. დიდი ალბათობით ატესტაციის ფორმატის ცალმხრივად შემოღება მხოლოდ სრული პროფესორებისთვის უვადოდ წარმოადგენს სხვა საფეხურის პროფესორთა დაუმსახურებელ დისკრიმინაციას და უნდა ფასდებოდეს როგორც სრულიად მიუღებელი მოვლენა. უნივერსიტეტის დაყოფა პრივილეგირებულ და არაპრივილეგირებულ პროფესორებად არღვევს მის სოციალურ მთლიანობას და წარმოშობს არასასურველ დაძაბულობას, კონფლიქტურ ვითარებებს, რაც ძალიან ნეგატიურად აისახება მთელი უნივერსიტეტის მუშაობის ეფექტიანობაზე. 4. ატესტაციის ფორმატზე გადაყვანის წესი უნდა იყოს საერთო აკადემიური პერსონალისთვის და გამოიყენებოდეს მინიმუმ ზედა ორი საფეხურის პროფესორებისთვის მაინც (სრული და ასოცირებული), როდესაც მათ შეუსრულდებათ დიდი სასწავლო-სამეცნიერო მუშაობის სტაჟი (30-40 წელი) და დიდი უწყვეტი სამსახურეობრივი სტაჟი (30-40 წელი). გამოცდილი კადრების საატესტაციო მოთხოვნები უნდა ყალიბდებოდეს ჩვენი ქვეყნისთვის პერსპექტიული დარგების განვითარებისთვის საჭირო მოთხოვნებიდან გამომდინარე. ატესტაციისთვის დადგენილი მოთხოვნების რეალისტური (და არა ,,რეპრესიული“) მინიმალური ზღვრის შესახებ ატესტაციაზე გამსვლელ პირთათვის ცნობილი უნდა ხდებოდეს მის გადასალახავად საჭირო მონაცემების დაგროვებისთვის საკმარისი პერიოდით ადრე. II. აკადემიური კადრების ასაკობრივი შეზღუდვის გაუქმება. 5. ,,უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის“ მე-5 თავის 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში არსებული ჩანაწერის საფუძველზე აკადემიური კადრებისთვის დაწესებულია ასაკობრივი შეზღუდვა 65 წელი. თანამედროვე პირობებში ეს დებულება ითხოვს საფუძვლიან გადახედვას. 65 წელზე მეტი ასაკის მქონე აკადემიური კადრებს ხელი არ უნდა ეშლებოდეთ კონკურსებში და ატესტაციებში მონაწილეობის მიღებაში, თუკი ამის სურვილს და მუშაობის მზადყოფნას გამოაცხადებენ და დაადასტურებენ. უნივერსიტეტებში მაქსიმალურად უნდა იდევნებოდეს ,,ეიჯიზმი,“ როგორც ადრინდელი ხელისუფლების მიერ დანერგილი სოციალური პათოლოგია და დისკრიმინაცია. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაში არსად არის ნახსენები ასაკობრივი შეზღუდვის საჭიროება და, შესაბამისად, იგი ამოსაღებია ხმარებიდან, მითუმეტეს საკანონმდებლო დონეზე. 6. ცოდნა-გამოცდილება ასაკის ფუნქციას წარმოადგენს, იგი დაგროვებადი სიკეთეა და ქმნის მზარდ ადამიანურ კაპიტალს, უნივერსიტეტის სიძლიერეს და მის მეტ შემოსავლებს. ამდენად, ცოდნა-გამოცდილება არის ძვირადღირებული რესურსი, რომელსაც დიდი გაფრთხილება და შენარჩუნება ესაჭიროება. ცოდნა-გამოცდილება, როგორც დაგროვებადი სიკეთე, დროის ფუნქციას წარმოადგენს და ამის გამო სულ უფრო ემატება ღირებულება. რაც უფრო დიდი ხანი მიმდინარეობს ცოდნის მშენებლობა, მით უფრო ღირებული შედეგების მიღწევა ხდება შესაძლებელი. ამის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში უმაღლესი სასწავლო დაწესებულება განწირულია ჩამორჩენისთვის, რის გამოც არანაირი გამართლება არ აქვს მასში აკადემიური კადრების მუშაობის ასაკობრივი შეზღუდვის შენარჩუნებას. 7. თუ სასწავლო დაწესებულებაში მომუშავე კადრებისთვის ასაკობრივი შეზღუდვა აუცილებლად უნდა არსებობდეს ფინანსური მოსაზრებებიდან გამომდინარე, მაშინ სრულიად გამართლებული იქნება, რომ ეს შეზღუდვა დაუწესდეს ადმინისტრაციულ პერსონალს, რომელიც უნდა იყოს დაკავებული იმით, რომ მოემსახუროს აკადემიურ პერსონალს და სტუდენტობას. ეს შექმნიდა დამატებით იმპულსს სასწავლო პროცესის შემდგომი გაუმჯობესებისთვის. ამრიგად, ასაკობრივი შეზღუდვა გასაუქმებელია აკადემიური პერსონალისთვის და დასაწესებელია ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის. გარდა ამისა, ადმინისტრაციულ სექტორში მომუშავე თანამშრომლებს უნდა დაუწესდეს აგრეთვე კონკურსები ახალგაზრდა კადრების მისაღებად და ასევე ატესტაციები დაუმსახურებელი თანამშრომლებისთვის, რომლებიც ჯერ არ გამხდარან 65 წლის. ამ გზით ადმინისტრაციული პერსონალის თანდათანობით გაახალგაზრდავება შეიტანს საგრძნობ პოზიტიურ წვლილს აკადემიური პერსონალის სასწავლო-სამეცნიერო მუშაობის პირობების გაუჯობესების საქმეში, რაც საბოლოოდ შექმნის სტუდენტების, როგორც აკადემიური მომსახურების მომხმარებლების, მეტ კმაყოფილებას და ამ მომსახურებაზე მოთხოვნის ამაღლებას საგანმანათლებლო დაწესებულების შემოსავლების მატებით. კომიტეტს მიაჩნია, რომ საკანონმდებლო წინადადებაში დასმული ორივე საკითხი აქტუალური და პრობლემურია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სათანადო კვალიფიკაციის აკადემიური პერსონალის არსებობისათვის. თუმცა შემოთავაზებული ცვლილების ამ სახით მიღება მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია, ვინაიდან ზოგიერთი ნორმა საჭიროებს გააზრებას კანონის პრინციპებთან მიმართებაში და გასათვალისწინებელია თვით უნივერსიტეტების პოზიცია აღნიშნულ საკითხებზე. კომიტეტი დაეთანხმა იმ მოსაზრებას, რომ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განხილულ იქნეს საკანონმდებლო წინადადებაში ასახული მნიშვნელოვანი საკითხები და დაინტერესებული მხარეების ფართო ჩართულობით, კონსესუსის საფუძველზე შემუშავდეს ახალი კანონპროექტი. ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას და მიუღებლად ცნო იგი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი