„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.05.2020
ავტორი
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/472/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-05-27
ბიუროს ნომერი 351

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე–2 მუხლის „ბ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ2) დისტანციური სწავლება – საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ზოგადი განათლების მისაღებად ან/და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის დასაძლევად ორგანიზებული, დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით განხორციელებული, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი ან მისი ნაწილი, რომელიც არ ითვალისწინებს განსაზღვრულ ადგილას მოსწავლისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალის ერთდროულად ყოფნას. დისტანციური სწავლების განხორციელებისათვის აუცილებელია კურიკულუმის შესაბამისი დაგეგმვა, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და წარმართვის შესაბამისი მიდგომებისა და მეთოდების გამოყენება;“. 2. 61 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 61. დისტანციური სწავლება 1. დისტანციური სწავლება ითვალისწინებს სასწავლო პროცესის წარმართვას დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით. 2. დისტანციური სწავლება ხორციელდება სინქრონული ან ასინქრონული კომუნიკაციის ფორმით. ასინქრონული კომუნიკაცია გულისხმობს ისეთ ინტერაქციას, როდესაც ინფორმაციის გამგზავნი და მიმღები ერთსა და იმავე დროს არ ახდენენ კომუნიკაციას, ხოლო სინქრონული − როდესაც მათი კომუნიკაცია ერთსა და იმავე დროს ხორციელდება. 3. დისტანციური სწავლების პროგრამა აგებულია ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამისათვის ან/და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნისათვის/საგნობრივი ჯგუფისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. 4. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დისტანციური სწავლების ფორმის დაშვებისა და დისტანციური სწავლების განხორციელების პერიოდის შესახებ გადაწყვეტილებას, აგრეთვე იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თაობაზე გადაწყვეტილებას, რომლებმაც ზოგადი განათლების მისაწოდებლად უნდა გამოიყენონ დისტანციური სწავლების ფორმა, იღებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ– სამართლებრივი აქტით. 5. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის დისტანციური სწავლების ფორმით წარმართვის, მიღებული შედეგების შეფასების წესსა და პირობებს ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.“. 3. 26–ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ც2“ ქვეპუნქტი: „ც2) ეპიდემიის/პანდემიის დროს იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების, განახლების, აგრეთვე ამ დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვის თაობაზე;“. მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 61 მუხლის მე–5 პუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 2020 წლის დასაწყისში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში საგანმანათლებლო პროცესის განხორციელება შეიზღუდა ყველა დაწესებულებაში, გარდა ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, რომლებსაც საშუალება მიეცათ სასწავლო პროცესი განეხორციელებინათ დისტანციური სწავლების/კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით, შესაძლებლობის შემთხვევაში. „საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 მარტის №205 დადგენილებით დარეგულირდა საქართველოში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადაში საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ დისტანციურ რეჟიმში სწავლა–სწავლების განხორციელების წესები. სკოლებისა და უნივერსიტეტების დახურვის გამო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრიორიტეტი ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის დისტანციური სწავლების სერვისების მიწოდება გახდა. შემუშავდა სხვადასხვა ინსტრუმენტები, რომლითაც შესაძლებელი გახდა განათლების სისტემაზე ახალი კორონავირუსის უარყოფითი გავლენის შემცირება და სწავლა-სწავლების უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფა. დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით, სამინისტრომ ორი ძირითადი მიმართულებით იმოქმედა: Microsoft-ის პროდუქტების გამოყენებით სკოლებში ონლაინსწავლება დაინერგა და დაიწყო მასშტაბური პროექტი „ტელესკოლა“. ადმინისტრაციისთვის, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის შეიქმნა Microsoft Office 365-ის მომხმარებლის პროფილი. Microsoft TEAMS-ში შეიქმნა ვირტუალური საკლასო ოთახები ყველა სკოლის კლასებისა და საგნებისთვის. შემუშავდა დეტალური ინსტრუქციები საჯარო სკოლებისთვის. სამინისტროს წარმომადგენლები დახმარებას უწევდნენ პედაგოგებსა და მოსწავლეებს, რათა სასწავლო პროცესი შეუფერხებლად წარმართულიყო. საქართველოში განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობით შეიქმნა პროექტი „ტელესკოლა“ (TVSchool), რომელიც ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, ჰქონდა თუ არა წვდომა ინტერნეტთან საშუალება მისცა საინტერესო გაკვეთილების ნახვისა ყველა საგანში. პროექტს, რომელიც „პირველი არხი – განათლების“ ეთერში გადაიცა, საზოგადოებაში ძალიან პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. სწორედ ასეთი წარმატების გამო სასურველია პროექტი „ტელესკოლა“ პანდემიის დასრულების შემდეგაც გაგრძელდეს. ამ პროცესში განსაკუთრებით ხაზგასასმელია მასწავლებლებისა და უმაღლესი სასწავლებლების ლექტორების ენთუზიაზმი და შემოქმედებითი მიდგომა როგორც დისტანციური სწავლების ფარგლებში დანერგილი სხვადასხვა პროექტის განხორციელების პროცესში. პანდემიის პირობებში პედაგოგები, ექიმების მსგავსად, ბრძოლის წინა ხაზზე აღმოჩნდნენ და ახალ გამოწვევებს წარმატებით გაართვეს თავი. აღსანიშნავია, რომ სამინისტროს საქმიანობის მომდევნო ეტაპი და ამბიციური გეგმაა Microsoft-თან ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, 2020 წლის სექტემბრიდან საქართველოს მასშტაბით შერჩეულ 150 სკოლაში საპილოტე რეჟიმში სხვადასხვა პროგრამის, მაგალითად, მაიკროსოფტის საგანმანათლებლო პროგრამის “Minecraft Education Edition” დანერგვა. ეტაპობრივად კი პროგრამა ყველა სკოლაში დაინერგება. თამაშით სწავლა – 21-ე საუკუნის პედაგოგიური მიდგომა – სასწავლო პროცესს უფრო ეფექტურსა და საინტერესოს გახდის. საყურადღებოა ასევე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საქართველოს მიერ პანდემიის პირობებში სწავლა/სწავლების პროცესის დისტანციური ფორმით წარმატებით განხორციელებასთან დაკავშირებით გამოხატული არა მხოლოდ დადებითი შეფასებები, არამედ ის ფაქტიც, რომ ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციამ (OECD) 2020 წლის ანგარიშში, რომელიც COVID-19-ის პანდემიით განათლების სფეროში შექმნილი გამოწვევების დასაძლევად გამოაქვეყნა, 98 ქვეყანას შორის საქართველოს მთავრობის მიერ განათლების მიღების უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯები ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად შეაფასა. შესაბამის რეიტინგში საქართველო ფინეთის შემდეგ დაფიქსირდა მეორე ადგილზე იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც დიდი წარმატებით გაართვეს თავი ამ გამოწვევას განათლების შეუფერხებელი მიწოდების მიმართულებით. ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე და ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობების გაზრდის აუცილებლობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია საკანონმდებლო დონეზე გაიწეროს იმის სამართლებრივი საფუძველი, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა/სწავლების პროცესი არამხოლოდ საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში განხორციელდეს დისტანციურად, არამედ სხვა დროსაც, და საჭიროების შემთხვევაში, ან დამატებით შესაძლებლობად იქნეს განსაზღვრული დისტანციური, ელექტრონული კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებით ზოგადი განათლების მიწოდება. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია ამჟამად ითვალისწინებს დისტანციური სწავლების ტერმინსა და ამ ფორმატში ზოგადი განათლების მიწოდების შესაძლებლობას. მიუხედავად ამისა, არსებული გამოცდილებისა და ამ ფორმის დახვეწის აუცილებლობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ნაწილობრივ შეიცვალოს არამხოლოდ ტერმინი, არამედ ის კონკრეტული ნორმა, რომელიც დისტანციური სწავლების წესს ითვალისწინებს. დისტანციური სწავლების პრაქტიკაში სრულყოფილად განხორციელების მიზნებისათვის აუცილებელია მინისტრს მიენიჭოს უფლებამოსილება, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დაამტკიცოს დისტანციური სწავლების განხორციელების წესი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: არსებული პრობლემის გადასაჭრელად და გამოწვევების სათანადოდ გასამკლავებლად აუცილებელია ზოგადსაგანმანათბელო დაწესებულებების მიერ ზოგადი განათლების მიწოდების დისტანციური ფორმის დანერგვისათვის გაიწეროს საკანონმდებლო საფუძველი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოსაცემად. ამდენად, აუცილებელია პირველ რიგში ზემოთ დასახელებული საკითხი მოგვარდეს საკანონმდებლო დონეზე, ხოლო შემდგომ კანონქვემდებარე აქტებით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ზოგადი განათლების მიწოდების მიმართულებით დაინერგება მნიშვნელოვანი და მოქნილი მექანიზმი იმ მიზნით, რომ პირველ რიგში მოსწავლეებს მიეწოდოთ კვალიფიციური, თანამედროვე გამოწვევების შესაბამისი ზოგადი განათლება, აგრეთვე მასწავლებლებისთვისაც დისტანციური ფორმით სწავლების განხორციელება იქნება მოსწავლეებთან ინტერაქციის მოსახერხებელი და ხელმისაწვდომი საშუალება. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება დადებით შედეგს მოგვცემს მოსწავლეებისა და მასწავლებლების სასწავლო პროცესში მეტი ენთუზიაზმით ჩართულობისა და მოტივაციის ამაღლების მიმართულებით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის მიხედვით, იხვეწება დისტანციური სწავლების ტერმინი. წარმოდგენილი რედაქციის მიხედვით, დისტანციური სწავლება იქნება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ზოგადი განათლების მისაღებად ან/და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის დასაძლევად ორგანიზებული, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი ან მისი ნაწილი, რომელიც არ ითვალისწინებს განსაზღვრულ ადგილას მოსწავლისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალის ერთდროულად ყოფნას. დისტანციური სწავლების განხორციელებისათვის აუცილებელია კურიკულუმის დაგეგმვის, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და წარმართვის შესაბამისი მიდგომებისა და მეთოდების გამოყენება. გარდა ამისა, იცვლება კანონის 61 მუხლი, რომელიც არეგულირებს დისტანციური სწავლების განხორციელებასთან დაკავშირებულ ზოგად საკითხებს. ამ მუხლის მოქმედი რედაქციიდან ამოღებულია სწავლების პროცესის მართვის სისტემის მეშვეობით გამოყენებაზე მითითება და შემოთავაზებულია ფორმულირება, რომლის მიხედვითაც დისტანციური სწავლება ითვალისწინებს სასწავლო პროცესის წარმართვას დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით. დისტანციური სწავლების განხორციელების ფორმაში დაემატა ასინქრონული კომუნიკაციის ფორმაც და განიმარტა მისი მნიშვნელობა. კერძოდ, მე–2 პუნქტის მიხედვით, დისტანციური სწავლება ხორციელდება სინქრონული ან ასინქრონული კომუნიკაციის ფორმით. ასინქრონული კომუნიკაცია გულისხმობს ისეთ ინტერაქციას, როდესაც ინფორმაციის გამგზავნი და მიმღები ერთსა და იმავე დროს არ ახდენენ კომუნიკაციას, ხოლო სინქრონული − როდესაც მათი კომუნიკაცია ერთსა და იმავე დროს ხორციელდება. გარდა აღნიშნული ცვლილებებისა, დასახელებულ მუხლს ემატება ნორმა, რომელიც ქმნის მინისტრის ნორმატიული აქტის გამოცემის საკანონმდებლო საფუძველს. კერძოდ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის დისტანციური სწავლების ფორმით წარმართვის წესს დაამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი. ხოლო საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დისტანციური სწავლების ფორმის დაშვებისა და დისტანციური სწავლების განხორციელების პერიოდის შესახებ გადაწყვეტილებას, აგრეთვე იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თაობაზე გადაწყვეტილებას, რომლებმაც ზოგადი განათლების მისაწოდებლად უნდა გამოიყენონ დისტანციური სწავლების ფორმა, მიიღებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით შესაბამის შემთხვევებში. კანონის 26–ე მუხლს, რომელში გაწერილია მინისტრის უფლებამოსილებები, ემატება ჩანაწერი, რომ იგი ეპიდემიის/პანდემიის დროს იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების, განახლების, აგრეთვე ამ დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვის თაობაზე, რითაც მიღწეული იქნება სასწავლო პროცესის უწყვეტობის მიზანი. კანონპროექტის გარდამავალი დებულებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს ევალება ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში დაამტკიცოს ზემოთ აღნიშნული ნორმატიული აქტი. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): მნიშვნელოვანია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა შემდეგი გარემოებების გამო: საქართველოში სასწავლო პროცესი შეჩერდა საგანგებო მდგომარეობის ვადით. ამ პერიოდში საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე მოქმედებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული დროებითი წესები, რომელიც ითვალისწინებს სასწავლო პროცესის დისტანციური, ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებებით განხორციელების შესაძლებლობას. აღნიშნული ნორმები მოქმედებს მხოლოდ იმ ვადით, რა ვადითაც გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. შესაბამისად, დისტანციური სწავლების ფორმის გამოყენების შესაძლებლობის მუდმივად დანერგვისათვის აუცილებელია შეიქმნას საკანონმდებლო საფუძველი იმისათვის, რომ მინისტრმა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დაარეგულიროს კონკრეტული წესები და რეგულაციები დისტანციური ფორმით სწავლების განსახორციელებლად. ამდენად, საჭიროა მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოხდეს შესაბამისი ცვლილების/დამატების განხორციელება კანონში, რათა შემდგომ ასევე დაჩქარებულად განხორციელდეს ამ წესების დამტკიცება და ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში დანერგვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. ამასთან, კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ასიგნებების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. აღსანიშნავია, რომ სკოლების კომპიუტერებით უზრუნველყოფა და პერსონალისა და მოსწავლეების თანამედროვე კომუნიკაციის საშუალებებზე წვდომის მხარდაჭერა ამჯერადაც ხორციელდება არსებული პროგრამების ფარგლებში. აღსანიშნავია აგრეთვე ისიც, რომ „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით პროგრამის „ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობა“ (პროგრამული კოდი 32 02 14) ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებები განისაზღვრება 25.5 მლნ ლარის ოდენობით. ამ პროგრამის მიზნებია ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომის გაუმჯობესება, მეორე მხრივ, სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და სკოლებში ისეთი საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც უკლებლივ ყველა მოზარდს საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას მისცემს და XXI საუკუნის გამოწვევათა მისაღებად საჭირო ცოდნითა და უნარებით შეაიარაღებს; სასკოლო საზოგადოების სახით ჩამოაყალიბებს ძლიერ გუნდს, რომელიც უზრუნველყოფს სკოლის მდგრად განვითარებას; თავისი პოზიტიური გარემოთი, მრავალფეროვანი საგანმანათლებლო და სამოქალაქო საქმიანობებით - ადგილობრივი თემისთვის შექმნის მიმზიდველ სოციო-კულტურულ სივრცეს. დასახელებული პროგრამით გათვალისწინებული ერთ–ერთი ქვეპროგრამა – „ახალი სკოლის მოდელი“ ეტაპობრივად დაფარავს ყველა სკოლას. ამ ქვეპროგრამის ერთ–ერთი ამოცანაა ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება სწავლა-სწავლების პროცესში. „ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობის“ პროგრამის (პროგრამული კოდი 32 02 14) საშუალოვადიან პერიოდში შემდეგნაირად ნაწილდება საპროგნოზო ფინანსური მაჩვენებლები: 2021 – 60 მლნ. ლარი; 2022 - 60 მლნ. ლარი; 2023 - 60 მლნ. ლარი; 2024 - 60 მლნ. ლარი. ამას გარდა, მართვის საინფორმაციო სისტემების ხელშეწყობისა და საგანმანათლებლო სისტემაში ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციისა და ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობას ახორციელებს სამინისტროს სიტემაში შემავალი სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, რომლის ყოველწლიური ბიუჯეტი მზარდია, რათა სისტემატურად მოხდეს არსებული ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შენარჩუნება/განვითარება. ყოველწლიურად ამ სსიპ–ში ხდება ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის, სთორიჯების, სერვერების დამატება, ასევე უსაფრთხოების ლიცენზიები და სხვა. ხშირად არის შემთხვევა როდესაც აღნიშნული ხარჯები გარკვეული მიზეზების გამო არ ფინანსდება. ამ მიზნით საშუალოვადიან პერიოდში 2021-2024 წლებში შემდეგნაირად არის განაწილებული: 16.0-16.0 მლნ ლარი. Minecraft Education Edition სარგებლობისთვის საქართველოს უკვე შესყიდული აქვს ლიცენზია 2023 წლამდე. Minecraft არ არის ერთადერთი დამხმარე საგანმანათლებლო რესურსი და მისი დანერგვა ყველა სკოლაში არც იგეგმებოდა. Minecraft-ის გარდა სკოლებისთვის შეთავაზებული იქნება სხვადასხვა რესურსები მათი შესაძლებლობისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გაჩნდება ახალი შესაძლებლობები და ხელმისაწვდომი პლატფორმები. აღნიშნული ხორციელდება Microsoft-ის მხარდაჭერით, გაფორმებული 5 წლიანი შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში.. COVID19-ის პანდემიამ სრულიად ახალი რეალობის წინაშე დააყენა მსოფლიო. მანამდე ფასიანი რესურსების დიდი ნაწილი უფასოდ იქნა შეთავაზებული მომხმარებლებისთვის (Teams, Zoom და ა.შ.). რაც შეეხება შემდგომ პერიოდს, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულთან დაკავშირებული ხარჯები დამოკიდებული იქნება გარემოებებზე, საჭიროებებსა და მომწოდებელი მხარის შეთავაზებებზე. რაც შეეხება სამინისტროს მიერ კანონპროექტით გათვალისწინებულ მისაღებ ნორმატიულ და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, აღნიშნულის მომზადება ხდება სამინისტროს არსებული ადამიანური რესურსის ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად დაკისრებული ფუნქციების ფარგლებში, და შესაბამისად ამ პირების მიერ დასახელებული ფუნქციის შესრულება არ გამოიწვევს რაიმე დამატებით ხარჯს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: წარმოდგენილი კანონპროექტი შესაძლებლობას უშვებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი განხორციელდეს დისტანციური ფორმით იმ შემთხვევებში, როდესაც მინისტრი განსაზღვრავს ამის აუცილებლობას და შესაბამისი სკოლების ჩამონათვალს. შესაბამისად, კანონპროექტის მიღების შემდეგ დისტანციურ სწავლებაზე სკოლა/სკოლები შეიძლება გადავიდნენ სრულად, ან ნაწილობრივ მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. როგორც მოქმედი კანონმდებლობის, ასევე ცვლილების მიხედვით, სკოლებს მიმართვის და შესაბამისი საჭიროების დასაბუთების შემთხვევაში შემდეგშიც შეეძლებათ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა. აქვე აღსანიშნავია, რომ, პანდემიამდე დისტანციური სწავლება გამოიყენებოდა საკადრო დეფიციტის დროს, ან ინდივიდუალურ მოსწავლესთან შინ სწავლების ფორმად. საკადრო დეფიციტის შემთხვევაში სკოლა ფინანსდებოდა პროგრამულად. ხოლო შინ სწავლების ფორმის შესახებ გადაწყვეტილებას სკოლა იღებს. პანდემიის დროს სკოლები გადავიდნენ დისტანციურ რეჟიმზე. აღნიშნული დაშვებულ იქნა პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე გამოცემული საქართველოს მთავრობის N181 და N205 დადგენილებებით. დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა და დისტანციური სწავლების განხორციელება სკოლების მიერ მიმდინარეობს ყველა იმ საშუალებების გამოყენებით, რომელთა დაფინანსებებსა და შესაბამის პროგრამებზე ზემოთ იქნა მითითებული. არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით და იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ დისტანციურ სწავლა/სწავლების პროცესს წარმატებით გაართვა თავი საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა, წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მინისტრის მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრული სკოლ(ებ)ის მიერ იგივე წარმატებით განხორციელდება დისტანციური სწავლება, შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტი ამ მხრივ არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს არც მასწავლებლებისა და არც მოსწავლეების მიმართ, ვინაიდან ისინი პანდემიის დროს არსებულ რეჟიმში განაგრძობენ სწავლას იმ შემთხვევაში, როდესაც მინისტრის მიერ იქნება მიღებული გადაწყვეტილება დროის კონკრეტულ მონაკვეთში სწავლის დისტანციური ფორმით განხორციელების თაობაზე. წარმოდგენილი ცვლილებები მაკროდონეზე, სხვადასხვა ფორსმაჟორულ სიტუაციებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის უზრუნველყოფისთვის დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა უზრუნველყოფს მოსწავლეებისა და სკოლის პერსონალის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ასევე ამცირებს ეპიდაფეთქების რისკებს. ხოლო მიკროდონეზე იზოგება კომუნალური, სანიტარია-ჰიგიენისა და სატრანსპორტო ხარჯები. თუმცა დისტანციურ სწავლებაზე ხანგრძლივად გადასვლას აქვს ნეგატიური შედეგებიც: ფერხდება სოციალური უნარების განვითარება მოსწავლეებში, ღრმავდება სოციალური უთანასწორობა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების ბავშვებისთვის, ფერხდება სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის სპეციალიზებული მომსახურებების მიწოდება. სხვა სახის პირდაპირი ფინანსური გავლენა კანონპროექტს ამ პირებთან დაკავშირებით (როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლების სეგმენტზე) არ აქვს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.