„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.05.2020
ავტორი
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/472/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-05-27
ბიუროს ნომერი 351

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 09.10.2018, სარეგისტრაციო კოდი: 430060000.05.001.019178) 22–ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ1“ ქვეპუნქტი: „ღ1) ეპიდემიის/პანდემიის დროს იღებს გადაწყვეტილებას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების, განახლების, აგრეთვე ამ დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვის თაობაზე;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 2020 წლის დასაწყისში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში საგანმანათლებლო პროცესის განხორციელება შეიზღუდა ყველა დაწესებულებაში, გარდა ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, რომლებსაც საშუალება მიეცათ სასწავლო პროცესი განეხორციელებინათ დისტანციური სწავლების/კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით, შესაძლებლობის შემთხვევაში. საგანმანათლებლო დაწესებულებების დახურვის გამო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრიორიტეტი ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის დისტანციური სწავლების სერვისების მიწოდება გახდა. შემუშავდა სხვადასხვა ინსტრუმენტები, რომლითაც შესაძლებელი გახდა განათლების სისტემაზე ახალი კორონავირუსის უარყოფითი გავლენის შემცირება და სწავლა-სწავლების უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფა. დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით, სამინისტრომ უზრუნველყო Microsoft-ის პროდუქტების გამოყენებით უნივერსიტეტების მიერ სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვა. საყურადღებოა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საქართველოს მიერ პანდემიის პირობებში სწავლა/სწავლების პროცესის დისტანციური ფორმით წარმატებით განხორციელებასთან დაკავშირებით გამოხატული არა მხოლოდ დადებითი შეფასებები, არამედ ის ფაქტიც, რომ ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციამ (OECD) 2020 წლის ანგარიშში, რომელიც COVID-19-ის პანდემიით განათლების სფეროში შექმნილი გამოწვევების დასაძლევად გამოაქვეყნა, 98 ქვეყანას შორის საქართველოს მთავრობის მიერ განათლების მიღების უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯები ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად შეაფასა. შესაბამის რეიტინგში საქართველო ფინეთის შემდეგ დაფიქსირდა მეორე ადგილზე იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც დიდი წარმატებით გაართვეს თავი ამ გამოწვევას განათლების შეუფერხებელი მიწოდების მიმართულებით. ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში საგანმანათლებლო პროცესი შეიზღუდა ყველა დაწესებულებაში, გარდა ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, რომლებიც სასწავლო პროცესს ახორციელებენ დისტანციური სწავლების/კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით შესაძლებლობის შემთხვევაში. აღნიშნულ სიტუაციაში ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისა და განვითარებისათვის მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის გარკვეული უნარების განვითარება, რის შესაძლებლობასაც იძლევა ფორმალური განათლების ფარგლებში პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამები. ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე და ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობების გაზრდის აუცილებლობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია საკანონმდებლო დონეზე გაიწეროს იმის სამართლებრივი საფუძველი, რომ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების და პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების განმახორციელებელ დაწესებულებებშიც სწავლა/სწავლების პროცესი (შესაბამისი პროგრამის სპეციფიკის გათვალისწინებით) განხორციელდეს დისტანციურად. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება მნიშვნელოვანია, რათა პანდემიის გახანგრძლივების შემთხვევაში პროფესიული განათლების საფეხურზე მყოფი პირები ხანგრძლივად არ აღმოჩდნენ სასწავლო პროცესის მიღმა, შესაბამისად აუცილებელია შეიქმნას ალტერნატიული მექანიზმი, რომელიც ამ პირობებში ნაწილობრივ მაინც გახდის ხელმისაწვდომს პროფესიულ განათლებას. დისტანციურად ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ის პროგრამები, რომლებშიც ნაკლებადაა წარმოდგენილი პრაქტიკული კომპონენტი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: გამომდინარე იმ მოცემულობიდან, რომ „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია ამჟამად არ ითვალისწინებს დისტანციური სწავლების შესაძლებლობას. აუცილებელია ეს საკითხი დარეგულირდეს ამავე კანონით. ხოლო შემდეგ კანონქვემდებარე აქტით მოწესრიგდეს დამატებითი წესი და პირობები პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროფესიული მომზადების პროგრამების/პროფესიული გადამზადების პროგრამების დისტანციურად განხორციელების მიზნით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების და პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში სწავლა/სწავლების პროცესის განხორციელება შესაძლებელი იქნება დისტანციური წესით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი ზემოთ მითითებული პრობლემების გადაჭრისა და დასახული მიზნების უზრუნველყოფის მიზნით ითვალისწინებს კანონში ნორმის დამატებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ეპიდემიის/პანდემიის დროს იღებს გადაწყვეტილებას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების, განახლების, აგრეთვე ამ დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვის თაობაზე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქევყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): მნიშვნელოვანია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა შემდეგი გარემოებების გამო: საქართველოში სასწავლო პროცესი შეჩერდა საგანგებო მდგომარეობის ვადით. ამ პერიოდში საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე მოქმედებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული დროებითი წესები, რომელიც ითვალისწინებს სასწავლო პროცესის დისტანციური, ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებებით განხორციელების შესაძლებლობას. დისტანციური სწავლების ფორმის გამოყენების შესაძლებლობის მუდმივად დანერგვისათვის აუცილებელია შეიქმნას საკანონმდებლო საფუძველი იმისათვის, რომ მინისტრმა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დაარეგულიროს კონკრეტული წესები და რეგულაციები პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დისტანციური ფორმით სწავლების განსახორციელებლად. ამდენად, საჭიროა მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოხდეს შესაბამისი ცვლილების/დამატების განხორციელება კანონში, რათა შემდგომ ასევე დაჩქარებულად განხორციელდეს ამ წესების დამტკიცება და პროფესიულ საგანმანათლებლო სივრცეში დანერგვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. ამასთან, კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამები, პანდემიამდე ან პანდემიის პერიოდში დისტანციურად არ ხორციელდებოდა. ვინაიდან პროფესიული განათლება გულისხმობს პრაქტიკული უნარების გაუმჯობესებას და სწავლების პროცესი ძირითადად ხორციელდება სახელოსნოში ან რეალურ სამუშაო გარემოში, დისტანციური სწავლების რეჟიმი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მხოლოდ ცალკეული პროგრამებისათვის, როგორიცაა მაგალითად: საინფორმაციო ტექნოლოგიები ან საფინანსო და საბუღალტრო სერვისები და სხვ. მიმდინარე პერიოდში, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩატარდა კვლევა, რომლის ფარგლებშიც მოხდა არსებული სიტუაციის და დისტანციურად სწავლების განხორციელების მზაობის შესწავლა. შედეგად, გამოვლინდა რომ სტუდენტთა 90%-ს აქვს წვდომა ინტერნეტსა და კომპიუტერზე, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია იმისათვის, რომ კოლეჯებმა დაიწყონ პროგრამების ანალიზი და იმ ზოგადი მოდულების იდენტიფიცირება, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელი იქნება დისტანციური მიდგომით, მომავალში. გამოკითხვის შედეგად ასევე იდენტიფიცირდა, რომ პედაგოგების 80% აქვს კომპიუტერსა და ინტერნეტზე წვდომა. იმ პედაგოგებს, რომელთაც შეექმნებათ პრობლემა ტექნიკისა და ინტერნეტის არ ქონის გამო, შეძლებენ საგანმანათლებლო დაწესებულების რესურსის გამოყენებას. ყველა საჯარო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება საკმაოდ კარგად არის აღჭურვილი კომპიუტერული ლაბორატორიებით პროცესის გამართულად წარმართვა ასევე მოითხოვს მასწავლებელთა კომპეტენციების განვითარებას საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით. ასეთი ტიპის ტრენინგები უკვე ინტენსიურად მიმდინარეობს მასწავლებელთა ეროვნული ცენტრის მიერ წლიური ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. კერძოდ, „პროფესიული განათლების მასწავლებელთა და დირექტორთა განვითარების პროგრამა“ ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებები განისაზღვრება 0.4 მლნ ლარის ოდენობით. მომავალი წლებშიც მოხდება აღნიშნული მიმართულებით მასწავლებელთა საჭიროების კვლევა და განხორციელდება ტრენინგები (ტრენინგები განხორციელდება ეროვნული ცენტრისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ვინაიდან ტრენინგების სერია ყოველ წელს ეფუძნება სისტემის განვითარების საჭიროებებს და შესაბამის თემებს) წინასწარი გათვლებით, მოსალოდნელია რომ დანერგილი პროგრამების (სადიპლომო ან მოკლევადიანი) მაქსიმუმ 20% განხორციელდეს დისტანციურად, საჭიროების შემთხვევაში, სადაც შესაძლებელია ჩაერთოს წლიურად საშუალოდ 800 სტუდენტი. ამასთან, ინიცირებული ცვლილება თანაბრად შეეხება როგორც საჯარო ისე კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს. დისტანციური სწავლების დანერგვა არ გამოიწვევს ცვლილებებს სახელმწიფო ბიუჯეტში, ვინაიდან სწავლებისათვის გათვალისწინებული ვაუჩერული დაფინანსება ხელმისაწვდომი იქნება დისტანციური სწავლების შემთხვევაში. საგულისხმოა, რომ მიმდინარე პერიოდში 9 400-მდე აქტიური სტატუსის მქონე პროფესიული განათლების სტუდენტია, რომელიც უზრუნველყოფილია ვაუჩერული დაფინანსებით. პროგრამის „პროფესიული განათლების ხელშეწყობა“ (პროგრამული კოდი 32 03 01) ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებები განისაზღვრება 28.0 მლნ ლარის ოდენობით. რაც შეეხება კოლეჯების ტექნიკურ აღჭურვას უმეტესი მათგანი აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით, ხოლო სასწავლო პროცესისათვის საჭირო პლატფორმა (პროგრამული მხარდაჭერა Microsoft Teams) განათლების სამინისტროს მიერ დაწესებულებებისათვის უფასოდ არის უზრუნველყოფილი. ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში მოდულების მაქსიმალური საფასურის ოდენობა მთავრობის დადგენილებით არის განსაზღვრული და ის ხმარდება სწავლებისათვის აუცილებელი ხარჯების დაფარვას (მასწავლებელი და მასალა). განსაზღვრული ჭერის ფარგლებში, დაწესებულება სპეციალურ პროგრამაში ასახავს მის მიერ დადგენილ ღირებულებას თითო მოდულისთვის და შესაბამისად ითვლება თითო სტუდენტის ხარჯი. სხვა პროგრამები, რომლებიც დისტანციურად არ განხორციელდება და იმ შემთხვევაში თუ კვლავ შეწყდება საკლასო სწავლების რეჟიმი, მათზე ვაუჩერული დაფინანსება არ იქნება უზრუნველყოფილი, სწავლის შეწყვეტის გამო. ისევე როგორც ამჟამად, ის არის შეჩერებული (მასწავლებლები იმყოფებიან შვებულებაში). რაც შეეხება სამინისტროს მიერ კანონპროექტით გათვალისწინებულ მისაღებ ნორმატიულ და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, აღნიშნულის მომზადება ხდება სამინისტროს არსებული ადამიანური რესურსის ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად დაკისრებული ფუნქციების ფარგლებში, და შესაბამისად ამ პირების მიერ დასახელებული ფუნქციის შესრულება არ გამოიწვევს რაიმე დამატებით ხარჯს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: აღნიშნულ კანონპროექტში ცვლილების განხორციელება შეეხება როგორც პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ასევე ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც. ცვლილება მისცემს საშუალებას დისტანციურად განახორციელონ ის პროგრამები, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელია ასეთი მიდგომით და რომელთა ბენეფიციარების აღჭურვილნი არიან სათანადო რესურსებით. ჩატარებული წინასწარი მოკვლევის შედეგად, გამოვლინდა, რომ შესაძლებელია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების დაახლოებით 20%-ის განხორციელება დისტანციურ რეჟიმში, რაც გულისხმობს რომ პროცესში შესაძლოა ჩაერთოს წლიურად საშუალოდ 800 პროფესიული სტუდენტი/მსმენელი. მომდევნო წლებში შესაძლებელი იქნება იმ საუკეთესო პრაქტიკების გამოყენება, რაც ხელმისაწვდომი იქნება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. აღსანიშნავია, რომ განვითარებული ქვეყნების, პროფესიული საგანმანათლებლო სისტემებიც სწორედ ამჟამად ავითარებენ ისეთ ახალ მოდელებს, რაც უზრუნველყოფს სწავლების განგრძობითობას მსგავს პირობებში. პროფესიული განათლების განხორციელებისას, პრაქტიკულ აქტივობებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, შესაბამისად აღნიშნული პლატფორმები და მიდგომები გამოყენებულ იქნება მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში, რათა არ მოხდეს პროცესების სრული პარალიზება. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დისტანციურად განხორციელების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის N244 დადგენილების შესაბამისად, სტუდენტთა ვაუჩერული დაფინანსება განხორციელდება იმ ღირებულებით, რაც გაანგარიშებული იქნება დაწესებულების მიერ, საგანმანათლებლო პროგრამის მოდულისათვის დადგენილი მაქსიმალური ღირებულების ფარგლებში. პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში გენერირდება თითოეული მოდულის ღირებულება, რომელიც შესაძლებელია იყოს განსხვავებული სწავლების სხვადასხვა რეჟიმების დროს. მასწავლებლის ანაზღაურება, რომელიც ძირითად ხარჯს წარმოადგენს ასეთი მიდგომით სწავლებისას, წარმოადგენს დაწესებულებისა და პედაგოგის მოლაპარაკებისა და ხელშეკრულების საგანს, დადგენილი ზღვრული ოდენობების ფარგლებში. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.