„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.05.2020
ავტორი
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/472/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-05-27
ბიუროს ნომერი 351

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 05.08.2010, მუხ. 301) 26–ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 26. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება 1. უცხოეთში მიღებული განათლების ან კვალიფიკაციის აღიარების მიზნით ცენტრი ადგენს: ა) გაცემულია თუ არა საგანმანათლებლო დოკუმენტი იმ პირის სახელზე, რომელიც მითითებულია ამ დოკუმენტში, და არის თუ არა დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებული იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას (ნამდვილობის დადასტურება); ბ) უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან (შესაბამისობის დადგენა). 2. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება ცენტრის მიერ არ განხორციელდება, თუ ეს განათლება უცხოეთში მიღებულია დისტანციური ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ ფორმით განათლების მიღება დაკავშირებულია შესაბამის ქვეყანაში პანდემიის გამო შექმნილ ან/და პანდემიის გავრცელების პრევენციის ანდა მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით დაშვებულ დისტანციურ სწავლებასთან.“. მუხლი 2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე უცხოეთში მიღებული ისეთი განათლების აღიარებაზე, რომელიც მიღებულია 2020 წელს შესაბამის ქვეყანაში პანდემიის გამო შექმნილი ან/და პანდემიის გავრცელების პრევენციის ანდა მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით დაშვებული დისტანციური სწავლების შედეგად. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. . საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 2020 წლის დასაწყისში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში საგანმანათლებლო პროცესის განხორციელება შეიზღუდა ყველა დაწესებულებაში, გარდა ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, რომლებსაც საშუალება მიეცათ სასწავლო პროცესი განეხორციელებინათ დისტანციური სწავლების/კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით, შესაძლებლობის შემთხვევაში. „საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 მარტის №205 დადგენილებით დარეგულირდა საქართველოში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადაში საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ დისტანციურ რეჟიმში სწავლა–სწავლების განხორციელების წესები. სკოლებისა და უნივერსიტეტების დახურვის გამო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრიორიტეტი ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის დისტანციური სწავლების სერვისების მიწოდება გახდა. შემუშავდა სხვადასხვა ინსტრუმენტები, რომლითაც შესაძლებელი გახდა განათლების სისტემაზე ახალი კორონავირუსის უარყოფითი გავლენის შემცირება და სწავლა-სწავლების უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფა. დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით, სამინისტრომ უზრუნველყო Microsoft-ის პროდუქტების გამოყენებით უნივერსიტეტების მიერ სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვა. ამ პროცესში განსაკუთრებით ხაზგასასმელია უმაღლესი სასწავლებლების ლექტორების ენთუზიაზმი და შემოქმედებითი მიდგომა როგორც დისტანციური სწავლების ფარგლებში დანერგილი სხვადასხვა პროექტის განხორციელების პროცესში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელისუფლების მიზანია წარმატებულად განხორციელებული ელექტრონული სწავლების შედეგად, სტუდენტების აუდიტორიებში დაბრუნების შემდეგ, სასწავლო კურიკულუმებში ელექტრონული რესურსების გამოყენების კომპონენტი გაძლიერება. საყურადღებოა ასევე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საქართველოს მიერ პანდემიის პირობებში სწავლა/სწავლების პროცესის დისტანციური ფორმით წარმატებით განხორციელებასთან დაკავშირებით გამოხატული არა მხოლოდ დადებითი შეფასებები, არამედ ის ფაქტიც, რომ ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციამ (OECD) 2020 წლის ანგარიშში, რომელიც COVID-19-ის პანდემიით განათლების სფეროში შექმნილი გამოწვევების დასაძლევად გამოაქვეყნა, 98 ქვეყანას შორის საქართველოს მთავრობის მიერ განათლების მიღების უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯები ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად შეაფასა. შესაბამის რეიტინგში საქართველო ფინეთის შემდეგ დაფიქსირდა მეორე ადგილზე იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც დიდი წარმატებით გაართვეს თავი ამ გამოწვევას განათლების შეუფერხებელი მიწოდების მიმართულებით. ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე და ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობების გაზრდის აუცილებლობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია საკანონმდებლო დონეზე გაიწეროს იმის სამართლებრივი საფუძველი, რათა სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებულ იქნეს უცხო ქვეყანაში მიღებული დისტანციური განათლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ფორმით განათლების მიღება დაკავშირებულია შესაბამის ქვეყანაში პანდემიის გამო შექმნილ ან/და პანდემიის გავრცელების პრევენციის ანდა მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით დაშვებულ დისტანციურ სწავლებასთან. სხვა შემთხვევაში დისტანციური სწავლებით მიღებული განათლების აღიარება არ იქნება დაშვებული. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: გამომდინარე იმ მოცემულობიდან, რომ „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილია უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებასთან დაკავშირებული რეგულაციები, აუცილებელია ამ საკითხთან მიმართებით დამატებითი მოწესრიგებაც გაიწეროს ამავე კანონში, რათა სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი უცხოეთში დისტანციური სწავლების ფორმით მიღებული განათლების აღიარებისათვის. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, გაჩნდება შესაძლებლობა დისტანციური სწავლების ფორმით უცხოეთში მიღებული განათლების (ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი) აღიარებისათვის სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის 26–ე მუხლისათვის (უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება) პუნქტის დამატებას, რომლის მიხედვითაც უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება ცენტრის მიერ არ განხორციელდება, თუ ეს განათლება უცხოეთში მიღებულია დისტანციური ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ ფორმით განათლების მიღება დაკავშირებულია შესაბამის ქვეყანაში პანდემიის გამო შექმნილ ან/და პანდემიის გავრცელების პრევენციის ანდა მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით დაშვებულ დისტანციურ სწავლებასთან. ამასთან, წარმოდგენილი რეგულაციის მოქმედება გავრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე უცხოეთში მიღებული ისეთი განათლების აღიარებაზე, რომელიც მიღებულია 2020 წელს შესაბამის ქვეყანაში პანდემიის გამო შექმნილი ან/და პანდემიის გავრცელების პრევენციის ანდა მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით დაშვებული დისტანციური სწავლების შედეგად. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე. ამასთან, ამ კანონის მოქმედება გავრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე უცხოეთში მიღებული ისეთი განათლების აღიარებაზე, რომელიც მიღებულია 2020 წელს შესაბამის ქვეყანაში პანდემიის გამო შექმნილი ან/და პანდემიის გავრცელების პრევენციის ანდა მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით დაშვებული დისტანციური სწავლების შედეგად. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): მნიშვნელოვანია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა შემდეგი გარემოებების გამო: აღნიშნული კანონპროექტი წარმოადგენს საკანონმდებლო პაკეტის ნაწილს, რომლიც ითვალისწინებს დისტანციური ფორმით სწავლა/სწავლების პროცესის განხორციელებას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია დროულად იქნეს მიღებული რეგულაცია იმის თაობაზე, რომ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს მიეცეთ შესაძლებლობა, აღიარონ დისტანციური სწავლების ფორმით უცხოეთში მიღებული განათლება იმ შემთხვევაში, თუ ამ ფორმით განათლების მიღება დაკავშირებულია შესაბამის ქვეყანაში პანდემიის გამო შექმნილ ან/და პანდემიის გავრცელების პრევენციის ანდა მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით დაშვებულ დისტანციურ სწავლებასთან. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინსნსების წყაროა სსიპგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ასიგნებები, ამავე დროს აღსანიშნავია, რომ პროექტი არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დისტანციური სწავლების ფორმით უცხოეთში მიღებული განათლების (ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი) აღიარება განხორციელდება მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ იწვევს პირდაპირ ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზეც ვრცელდება მისი მოქმედება. აღსანიშნავია, რომ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების საკითხს არეგულირებს „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის N98/ნ ბრძანება, კონკრეტულად მე-6 მუხლის ორი პუნქტი, რომლის მიხედვითაც: 1. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება მოიცავს უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების ან სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების, პროფესიული განათლების, აკადემიური კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარებას. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება არ გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირების მიერ უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დისტანციურად მიღებული განათლების აღიარებას, რა დროსაც სასწავლო პროცესი სრულად ან ნაწილობრივ მაინც არ ხორციელდება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე პროფესორ – მასწავლებლისა და სტუდენტის საკონტაქტო საათების ფარგლებში. 4. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით ცენტრი უკავშირდება შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოს ან/და საგანმანათლებლო დოკუმენტის გამცემ დაწესებულებას. საკითხის გადაწყვეტისათვის ცენტრი უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი, მათ შორის, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნებისთვის, პირის საზღვარგარეთ ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა. შესაბამისად, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე განაცხადის განხილვისას, განმცხადებელი თუ ვერ წარმოადგენს ცნობას, უცხოეთში გარკვეული პერიოდი ყოფნისა და ამ პერიოდში უშუალოდ უნივერსიტეტში, პროფესორ-მასწავლებლებთან საკონტაქტო საათების გავლის გზით პროგრამის ათვისების თაობაზე, მისი განაცხადზე ცენტრს გამოაქვს უარყოფითი გადაწყვეტილება. შესაბამისად, კანონპროექტით გათვალისწინებული დადებითი შედეგი იმ პირთათვის, რომლებიც მიმდინარე პერიოდში სწავლობენ საზღვარგარეთ და სწავლის პროცესი მიმდინარეობს დისტანციური ფორმით. თუ აქამდე ამ პირთა მიერ უცხოეთში მიღებული დისტანციური განათლება შესაძლოა აღიარებული არ ყოფილიყო ცენტრის მიერ ზემოთ აღნიშნული კრიტერიუმების ვერ დაკმაყოფილების შემთხვევაში, წარმოდგენილი კანონპროექტი ამ პირთათვის ითვალისწინებს პოზიტიურ შედეგებს განათლების აღიარებასთან დაკავშირებით. ამ პირების მიმართ კანონპროექტს ფინანსური გავლენა ექნება მხოლოდ განათლების აღიარებისთვის N98/ნ ბრძანებით დადგენილი საფასურის კუთხით (40 ლარი). ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.