„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
27.05.2020
ავტორი
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/474/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-01
ბიუროს ნომერი 353

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 564 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში: ა) დაწესებულება ვერ მოიპოვებს ან კარგავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან; ბ) საგანმანათლებლო დაწესებულება „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 22 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზაციის საბჭოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აგრძელებს საგანმანათლებლო საქმიანობას, რომლის ფარგლებშიც საგანმანათლებლო დაწესებულებას ეზღუდება აბიტურიენტთა/მაგისტრანტობის კანდიდატთა/სტუდენტთა/დოქტორანტობის კანდიდატთა მიღების უფლება; გ) სტუდენტებს უფლება აქვთ, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 22 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზაციის საბჭოს მიერ განსაზღვრული ვადით გააგრძელონ სწავლა იმავე საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან გადავიდნენ სხვა შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში; დ) სტუდენტებს, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 22 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზაციის საბჭოს მიერ განსაზღვრული ვადის გასვლიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში უჩერდებათ სტუდენტის სტატუსი და ისინი უფლებამოსილნი არიან ისარგებლონ მობილობის უფლებით; ე) აბიტურიენტებს, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტის მიხედვით მოიპოვეს ჩარიცხვის უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, შეუძლიათ ისარგებლონ მობილობის უფლებით; ვ) მაგისტრანტობის კანდიდატებს, რომლებიც მოხვდნენ სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში, შეუძლიათ ისარგებლონ მობილობის უფლებით.“. 2. 66-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში: ა) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ეზღუდება მხოლოდ აკრედიტაციის საფუძველზე განსახორციელებელ საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტთა/მაგისტრანტობის კანდიდატთა/სტუდენტთა/დოქტორანტობის კანდიდატთა მიღების უფლება; ბ) სტუდენტი, რომელიც სწავლობს სახელმწიფო დაფინანსებით, უფლებამოსილია, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის 35 პუნქტის შესაბამისად, აკრედიტაციის საბჭოს მიერ განსაზღვრული ვადით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სწავლა გააგრძელოს იმავე საგანმანათლებლო პროგრამაზე და მიიღოს დაფინანსება ან მობილობით გადავიდეს სხვა აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და მისთვის გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსების დარჩენილი ოდენობა გადაიტანოს ამ საგანმანათლებლო პროგრამაზე; გ) სტუდენტი, რომელიც სწავლობს მხოლოდ აკრედიტაციის საფუძველზე განსახორციელებელ საგანმანათლებლო პროგრამაზე „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის 35 პუნქტის შესაბამისად, აკრედიტაციის საბჭოს მიერ განსაზღვრული ვადის გასვლიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების შესახებ აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში უჩერდება სტუდენტის სტატუსი და უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით; დ) აბიტურიენტებს, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტის მიხედვით მოიპოვეს ჩარიცხვის უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, შეუძლიათ ისარგებლონ მობილობის უფლებით; ე) მაგისტრანტობის კანდიდატებს, რომლებიც მოხვდნენ სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში, შეუძლიათ ისარგებლონ მობილობის უფლებით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მომზადების მიზანია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელების გზით, აღნიშნული კანონის „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. აღნიშნული კანონპროექტი მიზნად ისახავს შემდეგი პრობლემების გადაჭრას: 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 564 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებასთან მიმართებით ავტორიზაციაზე უარის თქმა ან ავტორიზაციის გაუქმება იწვევს კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს დაწესებულება ვერ მოიპოვებს ან კარგავს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს. შესაბამისად, მოქმედი რედაქციით, ხელახალ ავტორიზაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, საგანმანათლებლო სტატუსის მქონე დაწესებულება, მიმდინარე ავტორიზაციის დარჩენილი ვადის მიუხედავად, კარგავს აღნიშნულ სტატუსს და ვეღარ ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას. ხსენებული კანონით დეტალურად არ არის განსაზღვრული გადაწყვეტილებების სამართლებრივი შედეგი დაწესებულებისა და სტუდენტებისათვის. 2. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების სამართლებრივი შედეგები, ავტორიზაციის მსგავსად, არ არის დეტალურად რეგულირებული და ერთმანეთისგან გამიჯნული. სტუდენტის სტატუსის დაუყოვნებლივ შეჩერება აკრედიტაციის გაუქმების ან ხელახალ აკრედიტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, ანალოგიურად ლახავს სტუდენტის უფლებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემების გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ვინაიდან, ცვლილება შედის „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელების აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ ორივე მათგანი ითვალისწინებს იდენტური შინაარსის მქონე ნორმებს. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 564 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები, ასევე 66-ე მუხლის მე-4 პუნქტი დაკორექტირდა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად. 1. კანონპროექტის მიღების შედეგად „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში დეტალურად იქნება რეგულირებული ის სამართლებრივი შედეგები, რომლებიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას მოჰყვება. 2. ზემოაღნიშნულის მსგავსად, ამომწურავად იქნება გაწერილი ის სამართლებრივი შედეგები, რომლებიც საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მიერ აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას მოჰყვება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტის მიხედვით: 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 564 მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შედეგების დეტალურ რეგულირებას. დეტალურად არის გაწერილი, თუ რა სამართლებრივი შედეგი დადგება როგორც დაწესებულებებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის და იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც ჩაირიცხნენ მსგავს პროგრამაზე, კერძოდ ასეთ შემთხვევაში: ა) დაწესებულება ვერ მოიპოვებს ან კარგავს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან; ბ) საგანმანათლებლო დაწესებულება საბჭოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აგრძელებს საგანმანათლებლო საქმიანობას, რომლის ფარგლებშიც საგანმანათლებლო დაწესებულებას ეზღუდება აბიტურიენტთა/მაგისტრანტობის კანდიდატთა/სტუდენტთა/დოქტორანტობის კანდიდატთა მიღების უფლება. საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს მხოლოდ არსებული სტუდენტებისთვის განაგრძოს სასწავლო პროცესი საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებული ვადით; გ) სტუდენტებს აქვთ არჩევანის უფლება - საბჭოს მიერ განსაზღვრული ვადით გააგრძელონ სწავლა იმავე საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან ისარგებლონ მობილობის უფლებით და გადავიდნენ სხვა შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამავე უფლებით სარგებლობენ აბიტურიენტები, მაგისტრანტობის კანდიდატები რომლებიც ჩაირიცხნენ შესაბამის დაწესებულებაში. სტუდენტების უჩერდებათ სტატუსი შესაბამისი გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში. კანონის 66-ე მუხლის მე-4 პუნქტი ითვალისწინებს აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების სამართლებრივი შედეგების დეტალურ რეგულირებას. ავტორიზაციის გაუქმებისა და ავტორიზაციაზე უარის თქმის ანალოგიურად არის გაწერილი უმაღლესი პროგრამების აკრედიტაციის გაუქმებისა და აკრედიტაციაზე უარის თქმის შედეგები როგორც დაწესებულებების, ასევე სტუდენტებისთვის, აბიტურიენტებისა, მაგისტრანტობის და დოქტორანტობის კანდიდატებისთვის. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებულია კანონის ძალაში შესვლა მისი გამოქვეყნებისთანავე იმის გათვალისწინებით, რომ ის პრობლემები, რომლის გადაჭრასაც კანონპროექტი ისახავს მიზნად, მიზანშეწონილია აღმოფხვრილ იქნეს უახლოეს პერიოდში. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): წარმოდგენილი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის აუცილებლობა გამომდინარეობს იმ გარემოებიდან, რომ რიგ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას გასდის ვადა. ერთ-ერთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მიმდინარე ავტორიზაციის ვადა გასდის 2020 წლის 12 ივლისს და მომდევნო თვეებში. ხოლო რაც შეეხება უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს, ნაწილ მათგანს უკვე ამოწურული აქვს აკრედიტაციის ვადები, ნაწილს კი ეწურება მომდევნო თვეებში. გასათვალისწინებელია, რომ ავტორიზაციის ვადის გასვლით დაწესებულებას ერთმევა საგანმანათლებლო საქმიანობის უფლება და შესაბამისად არსებითად ზარალდება როგორც მისი, ასევე იმ სტუდენტთა ინტერესები, რომლებიც სწავლობენ აღნიშნულ დაწესებულებაში. აკრედიტაციის ვადის გასვლისას კი პროგრამები ხორციელდება მხოლოდ ავტორიზებულ რეჟიმში (თუ დაწესებულებას იმავდროულად არ გასდის ავტორიზაციის ვადა), რაც, მოქმედი კანონმდებლობით ამ პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტს ართმევს შესაძლებლობას ისარგებლოს სახელმწიფო გრანტით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, კანონმა მიმდინარე ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ვადები გადაავადოს. აღნიშნული გადავადების აუცილებლობა გამოწვეულია ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან, კერძოდ არსებული შეზღუდვების ფონზე, ცენტრი ვერ ახორციელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შეფასებას ავტორიზაციის სტანდარტებთან მიმართებით, ასევე ვერ ხორციელდება გარკვეული საგანმანათლებლო პროგრამების (მაგალითად: მედიცინა, სტომატოლოგია, ინჟინერია, საბუნებისმეტყველო) შეფასება აკრედიტაციის სტანდარტებთან მიმართებით. გასათვალისწინებელია, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს ავტორიზაციის პროცესში საერთაშორისო ექსპერტის სავალდებულო ჩართულობას, რაც, ამ ეტაპზე უზრუნველყოფილი ვერ იქნება. ამავე მიზანს ემსახურება ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაზრდა, რადგან დადგენილ ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილად ჩატარება შეუძლებელია. კანონპროექტის არსებითი ნაწილი ზემოაღნიშნული პრობლემის აღმოფხვრას ემსახურება. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტით გათვალისწინებული ქმედებები/ღონისძიებები არ მოახდენს ზეგავლენას სახელმწიფო ბიუჯეტზე, შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ იწვევს ფინანსური შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ცვლილების თანახმად, რეგულირდება ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების საკითხები. საბჭოს გადაწყვეტილებით დაწესებულებებს უხანგრძლივდებათ ავტორიზაციის/პროგრამის აკრედიტაციის ვადა. აღნიშნული ემსახურება იმ მიზანს, რომ რეგულაციამ დადებითი გავლენა იქონიოს სტუდენტებზე/მოსწავლეებზე, რომლებსაც აღარ მოუწევთ დამატებითი დროის/რესურსების ხარჯვა სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების მოძიების გამო და შეეძლებათ გააგრძელონ სწავლა იგივე დაწესებულებაში შესაბამისი ვადით. უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე რეგულაციით პირდაპირ ხდება სტატუსის შეჩერება, ხოლო, ცვლილებით კეთდება დათქმა, რომ თუ საბჭომ ვადა გაუხანგრძლივა დაწესებულებას და ავტორიზაცია გაუუქმა სასწავლო წლის ბოლოს, სტუდენტებს სტატუსი სწორედ ამ ვადიდან შეუჩერდებათ. შესაბამისად, საბჭოს უფლებამოსილი იქნება მოსწავლეებს და სტუდენტებს მისცეს არჩევანის შესაძლებლობა - მიმდინარე სასწავლო წელი დაასრულონ აღნიშნულ დაწესებულებაში სადაც სწავლობდნენ, ან ისარგებლონ მობილობის უფლებით და გადავიდნენ სხვა ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. დღეს მოქმედი რეგულაციით, როდესაც დაწესებულებას უუქმდება ავტორიზაცია, სტუდენტს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან უჩერდება სტუდენტის სტატუსი და უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით. იგივე შინაარსის რეგულაცია იმოქმედებს საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესშიც. შესაბამისად, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო, როდესაც აკრედიტაციის საბჭო პროგრამას არ მიანიჭებს ან გაუუქმებს აკრედიტაციას, სტუდენტებს აქაც ექნებათ შესაძლებლობა ან მიმდინარე სასწავლო წელი დაასრულონ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლებზეც სწავლობდნენ, ან გადავიდნენ სხვა აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე. დღეს არსებული რეგულაციით, იმ შემთხვევაში, თუკი დაწესებულებას მიმდინარე სემესტრში უწყდებოდა ავტორიზაცია ან საგანმანათლებლო პროგრამას აკრედიტაცია, სტუდენტებს უწევდა დამატებითი რესურსების მობილიზება, რომ გადასულიყო სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც ის ხშირ შემთხვევაში სწავლების დასრულებას ვერ ახერხებდა პროგრამით გათვალისწინებულ ვადებში და უწევდა სემესტრის ან აკადემიური წლის დამატება. ახალი რეგულაცია, სტუდენტს საშუალებას აძლევს მიმდინარე სასწავლო წელი დაასრულოს მის დაწესებულებაში და სასწავლო წლის დასრულების შემდგომ გადავიდეს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში. რაც შეეხება სახელმწიფო და სამაგისტრო გრანტების საკითხს, წარმოდგენილი ცვლილებები არ იწვევს აღნიშნული საკითხების განსხვავებულად რეგულირებას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სახელმწიფო დაფინანსება არ უკავშირდება არც საგანმანათლებლო დაწესებულებას და არც საგანმანათლებლო პროგრამას. სახელმწიფო დაფინანსება ინდივიდუალურად ეძლევა სტუდენტს. შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტით, სტუდენტი, რომელსაც აქვს სახელმწიფო დაფინანსება, იგი ისარგებლებს ამ ავტორიზაციაგაუქმებულ დაწესებულებაში მიმდინარე სასწავლო წლის ბოლომდე, ან გადაიტანს სხვა ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილებები არ იწვევს სახელმწიფო გრანტისა და სამაგისტრო გრანტების რაოდენობის ცვლილებას. სახელმწიფო და სამაგისტრო გრანტებთან დაკავშირებით დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში, აქვს არჩევანის თავისუფლება - დარჩეს ავტორიზაცია გაუქმებულ დაწესებულებაში არაუმეტეს მიმდინარე სასწავლო წლისა ან მობილობით გადავიდეს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში. შესაბამისად, სახელმწიფო დაფინანსებას სტუდენტის გავლით მიიღებს ის საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელზეც არჩევანს შეაჩერებს სტუდენტი. შესაბამისად, მოქმედი რეგულაციისგან განსხვავებით, ავტორიზაციაგაუქმებულ დაწესებულებას უჩნდება შესაძლებლობა, რომ ავტორიზაციის გაუქმებისას მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება მხოლოდ იმ სტუდენტებზე, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ დარჩნენ ამ ინსტიტუციაში. ცვლილებების თანახმად, ხდება დაკონკრეტება, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ავტორიზაციის გაუქმების ან საგანმანათლებლო პროგრამისთვის აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში, აბიტურიენტებს, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტის მიხედვით მოიპოვეს ჩარიცხვის უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, შეუძლიათ ისარგებლონ მობილობის უფლებით. ასევე, მაგისტრანტობის კანდიდატებს, რომლებიც მოხვდნენ სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში, შეუძლიათ ისარგებლონ მობილობის უფლებით. აღნიშნული უფლებით აბიტურიენტები და მაგისტრანტობის კანდიდატები დღეს მოქმედი რეგულაციის მიხედვითაც სარგებლობენ. მოცემულ შემთხვევაში, საკანონმდებლო დონეზე ხდება რეგულაციის უფრო დეტალურად და მკაფიოდ გაწერა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: ასეთი არ არსებობს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადებაში მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრმა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.