„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
27.05.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, ზაზა გაბუნია, მერაბ ქვარაია, გოგა გულორდავა
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, გოგა გულორდავა, ზაზა გაბუნია, მერაბ ქვარაია
ნომერი
#07-3/461/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-01
ბიუროს ნომერი 353

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 75-ე მუხლის: ა) „ე.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე.გ)თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასს, ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესებს;“; ბ) „ე.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე.დ)ადგენს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) მოძრაობის მარშრუტებს;“; გ) ე.ე3 და ე.ე4 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე.ე3) ადგენს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დათვალიერების მიზნით ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მფლობელობაში არსებული ავტობუსის (M2 ან M3 კატეგორიის) ან იმავე საქმიანობის განმახორციელებელი ნებისმიერი სხვა სატრანსპორტო საშუალების მარშრუტებს; ე.ე4) ადგენს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს სპეციალური რეგულარული გადაყვანის (მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში დასაქმებული პირების, მოსწავლეების, სტუდენტების რეგულარული გადაყვანის) განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მფლობელობაში არსებული ავტობუსის (M2 ან M3 კატეგორიის) მარშრუტებს;“; დ) „ე.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე.ვ) გასცემს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვას;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია „ადგილობრივი თვითმმართველობის“ კოდექსის „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანა, სადაც ზუსტება საკანონმდებლო რეგულაციები მუნიციპალიტეტის საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანასთან დაკავშირებით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მომზადების აუცილებლობა გამოწვეულია კოდექსში არსებული ტერმინოლოგიური და შინაარსობრივი უზუსტობებით, რომელიც წარმოადგენს დამაბრკოლებელ გარემოებას ერთგვაროვანი ტერმინოლოგიის დამკვიდრების და სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანასთან დაკავშირებით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: საქართველოს კონსტიტუციის 75-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლებისა და თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებები გამიჯნულია. თვითმმართველი ერთეული საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს დამოუკიდებლად და თავისი პასუხისმგებლობით, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში. ორგანული კანონით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებები სრული და ექსკლუზიურია. ამასთან, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი) მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემა; მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება. პრობლემას ქმნის ის გარემოება, რომ კოდექსის გარკვეულ მუხლებში გამოყენებულია ჩანაწერი „ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა“, რაც მხოლოდ ერთი ტიპის დასახლებაში - ქალაქში სამგზავრო გადაყვანას მოიცავს. ამასთან, ამგვარი დაყოფა უსაფუძვლოა, ვინაიდან, არა მხოლოდ ქალაქის ტიპის დასახლებებშია აუცილებელი რეგულარი სამგზავრო გადაყვანის ორგანიზება, არამედ, ნებისმიერი ტიპის დასახლებაში მუნიციპალიტეტის მასშტაბით. ცვლილებების ამოქმედების შემდეგ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტისათვის შეიქმნება ერთგვაროვანი საკანონმდებლო რეგულაციები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: ტერმინოლოგიური ცვლილება ხორციელდება საქართველოს ორგანულ კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 75-ე მუხლში და ჩანაწერი „ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა“, იცვლება „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანით“. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიიცირებული კანონპროექტისშემთხვევაში): აღნიშნული პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება წინამდებარე კანონის პროექტთან, რადგან იგი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის აუცილებლობა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ საკანონმდებლო დონეზე არსებული ხარვეზის გამო ამ დრომდე ვერ ხერხდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამგზავრო რეგულარული გადაყვანის სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევა და სტაბილური განხორციელება. ამ მიმართულებით არსებული საკანონმდებლო ბაზის ხარვეზი კი თავის მრივ მთელ რიგ სირთულეებს ქმნის რათა ჩვენს მოსახლეობას მიეწოდოს სისტემურად გამართული სერვისი სამგზავრო გადაყვანის კუთხით. ეს უკანასკნელი კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომლებიც სარგებლობენ საზოგადოებრივი დანიშნულების ტრანსპორტით. შეიძლება ითქვას რიგ შემთხვევებში მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობაც კი დამოკიდებულია ტრანსპორტის ხელმისაწვდომობაზე განსაკუთრებით კი მაღალმთიან რეგიონებში. სწორედ ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია წარმოდგენილი კანონპროექტის მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მიღება, რათა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმა ორგანოებმა, ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ახალი ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, რადგან კანონპროექტი მხოლოდ ტერმინოლოგიურ ცვლილებებს ითვალისწინებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივიხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტისმიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, ზაზა გაბუნია, მერაბ ქვარაია, გოგა გულორდავა ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, ზაზა გაბუნია, მერაბ ქვარაია, გოგა გულორდავა