„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
03.06.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ანრი ოხანაშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე
ნომერი
#07-3/465/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-08
ბიუროს ნომერი 354

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 4210 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4210. იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა 1. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესით განსაზღვრული დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას პირბადის ტარების წესის დარღვევა ან პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარით, ხოლო დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირისა − 500 ლარით. 2. იმავე წესით განსაზღვრული საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროპოლიტენით გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს მგზავრის ან მძღოლის დაჯარიმებას 50 ლარით. 3. იმავე წესით განსაზღვრული ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს მგზავრის ან მძღოლის დაჯარიმებას 50 ლარით. 4. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა (გარდა ამ მუხლის პირველი-მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისა) გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირისა − 10 000 ლარით. შენიშვნა: 1. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირს შეუძლია სამართალდამრღვევი ფიზიკური პირი, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 11 პუნქტის თანახმად, გონივრულ ვადაში გადაიყვანოს შესაბამის სივრცეში მოსათავსებლად. ამასთანავე, სამართალდამრღვევი ფიზიკური პირის შესაბამის სივრცეში მოსათავსებლად გადაყვანა უნდა განხორციელდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა 1 და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილი პირის თანხლებით, თუ ეს შესაძლებელია. 2. ამ შენიშვნის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიება არ არის ადმინისტრაციული დაკავება. ამასთანავე, ამ პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას გამოიყენება ამ კოდექსის 245-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით დადგენილი წესები.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი COVID 19 (შემდგომში - „კორონავირუსი“) პანდემიად გამოაცხადა. აღნიშნული ვირუსის გავრცელებამ მსოფლიო მასშტაბით უამრავი ადამიანის დაინფიცირება და გარდაცვალება გამოიწვია. საქართველოს ხელისუფლებამ საწყის ეტაპზევე სწორად შეაფასა ვირუსის გავრცელებიდან მომდინარე საფრთხე და მყისიერად გაატარა შესაბამისი ღონისძიებები. 2020 წლის 21 მარტს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანება „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ და დეკრეტი „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“. საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული პრეზიდენტის აღნიშნული დეკრეტის საფუძველზე, საქართველოს მთავრობამ და შესაბამისმა სამინისტროებმა გამოსცეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, რომელებმაც კორონავირუსის გავრცელებიდან მომდინარე საფრთხეების ეფექტიანი მართვა უზრუნველყო. 2020 წლის 23 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/446; 17.03.2020). აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის საფუძველზე შესაბამის უწყებას მიენიჭა უფლებამოსილება შეემუშავებინა იზოლაციისა და კარანტინის წესები. აღნიშნულმა წესებმა ეფექტიანად უზრუნველყო საზოგადოებისგან დაინფიცირებული პირების იზოლაცია და მათი ეფექტიანი მკურნალობა. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის საფუძველზე აღნიშნული წესების დარღვევისთვის დაწესდა შესაბამისი ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. საქართველოს ხელისუფლების წარმატება კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში არაერთხელ აღინიშნა სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული შესაბამისი ღონისძიებების წარმატებაზე მიუთითებს სტატისტიკური მონაცემებიც, რომლის თანახმად, საქართველოს არამხოლოდ რეგიონის, არამედ მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს კორონავირუსით დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა მაჩვენებლის თვალსაზრისით.1 საქართველოს ხელისუფლების მიერ კორონავირუსის გავრცელების საფრთხეების აღმოსაფხვრელად წარმატებით გატარებულმა შესაბამისმა ღონისძიებებმა შესაძლებელი გახადა, რომ 2020 წლის 22 მაისიდან გარკვეული სახის შეზღუდვები შემსუბუქებულიყო. კერძოდ: გაუქმდა საქართველოს მასშტაბით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა; გაუქმდა კომენდატის საათი; შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით დაშვებული იქნა ეკონომიკური საქმიანობა და ა.შ. განსახილველად წარმოდგენილი კანონის პროექტი მიზნად ისახავს გააგრძელოს 2020 წლის 22 მაისიდან დაწყებული გარკვეული სახის შეზღუდვების შემსუბუქების პროცესი. კერძოდ, კანონის პროექტის თანახმად მსუბუქდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იზოლაციისა და კარანტინის გარკვეული წესების დარღვევისთვის. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ვინაიდან 2020 წლის 23 აპრილს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, კარანტინისა და იზოლაციის წესის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით არის დადგენილი, აუცილებელია, აღნიშნული წესით გათვალისწინებული ცალკეული რეგულაციების დარღვევისთვის დადგენილი ადმინისტრაციული პასუხისისმგებლობის შემსუბუქება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის გზით განხორციელდეს. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: განსახილველად წარმოდგენილი კანონის პროექტის მიღების შემთხვევაში შემსუბუქდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იზოლაციისა და კარანტინის გარკვეული წესების დარღვევისთვის. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, პირბადის ტარება კორონავირუსის გავრცლების საფრთხის შემცირების ერთ-ერთ ეფექტიან საშუალებას წაროადგენს.2 კანონის პროექტის თანახმად: • 1 2 „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესით განსაზღვრული დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას პირბადის ტარების წესის დარღვევა ან პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სტატისტიკური მონაცემები იხ.: https://stopcov.ge/ შესაბამისი რეკომენდაციები იხ.: https://www.moh.gov.ge/ka/741/ სივრცეში დაშვება - გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარით, ხოლო დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირისა − 500 ლარით. • იმავე წესით განსაზღვრული საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროპოლიტენით გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევა - გამოიწვევს მგზავრის ან მძღოლის დაჯარიმებას 50 ლარით. • იმავე წესით განსაზღვრული ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევა - გამოიწვევს მგზავრის ან მძღოლის დაჯარიმებას 50 ლარით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ეს ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: აუცილებელია, კანონის პროექტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი რეგულაციები დაუყოვნებლივ შევიდეს ძალაში. შესაბამისად, კანონის პროექტით განსაზღვრული საკანონმდებლო ცვლილებები გამოქვეყნებისთანავე უნდა ამოქმედდეს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); ვინაიდან, აუცილებელია, კანონის პროექტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი რეგულაციები დაუყოვნებლივ ამოქმედდეს, კანონის პროექტი დაჩქარებული წესით უნდა იქნეს განხილული. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროს, წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი უწყებებისთვის გამოყოფილი ასიგნებები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, იზოლაციისა და კარანტინის ცალკეული წესების დარღვევისთვის კანონპროექტი ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ ადმინისტრაციული სახდელის - ჯარიმის შეფარდებას ითვალისწინებს. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება ჩადენილი სამართალდაღვევების რაოდენობასა და სახეზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონის პროექტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე რეაგირებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვა შესაბამისი ორგანოები ამჟამად ისედაც ახორციელებენ. აღნიშნული ორგანოები სამართალდარღვევაზე რეაგირებას მათთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში გააგრძელებენ და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ასიგნებებით დაფინანსდებიან. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი გავლენას იქონიებს იმ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე, რომლებიც ჩაიდენენ ამ კანონპროექტით განსაზღვრულ სამართალდარღვევას, კერძოდ, დაარღვევენ კარანტინისა და იზოლაციის წესს და დაეკისრებათ შესაბამისი ჯარიმა. კანონის პროექტი ასევე გავლენას მოახდენს იმ პირებზე, რომლებიც ვალდებულნი იქნებიან კარანტინისა და იზოლაციის წესით დადგენილი მოთხოვნების დასაცავად შესაბამისი ღონისძიებების გატარება უზრუნველყონ. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმის დაწესებას კარანტინის ან/და იზოლაციის წესის დარღვევისთვის ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საერთაშორისო ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ამგვარი ქვეყნების გამოცდილება გამოყენებული არ არის. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი - ანრი ოხანაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე