„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
10.06.2020
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/486/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-15
ბიუროს ნომერი 361

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი1. „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №50, 30.12.2006, მუხ. 401) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობა (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა);“. 2. მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) – კვარტალში 250 000 ლარიდან 300 000 ლარის ჩათვლით;“. 3. მე-6 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორი ვალდებულია, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი გადაიხადოს წამახალისებელი გათამაშების ეტაპის დაწყებამდე. 2. წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორის მიერ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადასახდელი ოდენობა განისაზღვრება წამახალისებელი გათამაშების ეტაპის პერიოდში გასათამაშებელი საპრიზო ფონდის 10 პროცენტის ოდენობით.“; ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. წამახალისებელი გათამაშების, სამორინეს, აზარტული კლუბის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელი, ასევე, სისტემურელექტრონული ფორმის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობის ორგანიზატორი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენისას. 5. მოსაკრებლის გადახდის ნიშანში იგულისხმება წამახალისებელი გათამაშების ეტაპის საპრიზო ფონდისთვის, სამორინეს მაგიდისთვის, კლუბის მაგიდისთვის, სათამაშო აპარატისთვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობისთვის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ელექტრონულად გაცემული ნიშანი, რომელიც ადასტურებს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდას და თამაშობის ორგანიზატორის უფლებას, თამაშობის მოწყობის ადგილებში სამორინეს მაგიდების, კლუბის მაგიდისა და სათამაშო აპარატის დადგმაზე, წამახალისებელი გათამაშების ეტაპის გამართვაზე და სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობაზე.“; გ) მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მოსაკრებლით დაბეგვრის პერიოდს (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა).“; დ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. თამაშობის ორგანიზატორი (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) საანგარიშო კვარტალის დაწყებამდე საგადასახადო ორგანოში იძენს მოსაკრებლის გადახდის ნიშანს დაბეგვრის ობიექტის ფაქტობრივი განთავსების ტერიტორიაზე მოქმედი მოსაკრებლის განაკვეთის მიხედვით. 9. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტების მიხედვით მინიჭებული ნუმერაციის ველი (დიაპაზონი) საგადასახადო ორგანოში აღირიცხება თამაშობის ორგანიზატორის სახელზე.“. მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მფლობელები, რომლებსაც გააჩნიათ წამახალისებელ გათამაშების მიმდინარე ეტაპი, მოსაკრებელს იხდიან ამ კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესის შესაბამისად. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია აზარტული თამაშების ინდუსტრიის მოქნილი ადმინისტრირების სისტემის შექმნისა და მთელი რიგი ნორმების დახვეწის მიზნით “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია იმ დებულებებში ცვლილებების განხორციელებით, რაც გათვალისწინებულია „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მფლობელებისთვის გაუქმდება დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს გათამაშების ეტაპის დაწყებამდე გადაიხდის - საპრიზო ფონდის 10%-ის ოდენობით. ამასთან, წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მფლობელი სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობის შემთხვევაში გადაიხდის მხოლოდ საპრიზო ფონდის 10%–ს. აღნიშნული ცვლილება არსებითად გაამარტივებს ადმინისტრირების პროცესს და შემოსავლების სამსახურს მისცემს შესაძლებლობას, დააწესოს შესაბამისი კონტროლი მოსაკრებლის სწორი ოდენობის გადახდაზე. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: დღეისთვის მოქმედი კანონის თანახმად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით გამართულ თამაშობაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი (ყოველკვარტალური) შეადგენს 250 000 ლარიდან 300 000 ლარის ჩათვლით, მათ შორის წამახალისებელი გათამაშების მოწყობის შემთხვევაშიც და ადგილობრივი თვითმმართველობები, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, ადგენენ ოდენობებს მათდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე. არსებული კანონმდებლობის თანახმად, წამახალისებელი გათამაშების სისტემურელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, ორგანიზატორი ვალდებულია მოსაკრებლის სახით გადაიხადოს, როგორც საპრიზო ფონდის 10%, ასევე მოსაკრებელი, რომელიც დაწესებულია სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობისთვის (250 000 ლარიდან 300 000 ლარამდე). სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის გამართვისთვის დაწესებული მოსაკრებლის განაკვეთი არ არის ადექვატური წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორისათვის. გამომდინარე იქიდან, რომ წამახალისებელი გათამაშების ეტაპი ხშირ შემთხვევაში მოიცავს რამდენიმე კვარტალს, ორგანიზატორი ყოველთვის თავს არიდებს სისტემურ-ელექტრონული ფორმით გათამაშების მოწყობას და მისი ელექტრონული ფორმიდან მატერიალურ ფორმაზე გადატანა ხდება. გარდა ამისა, კანონის თანახმად, წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორი, ვალდებულია საგადასახადო ორგანოში ყოველ კვარტალურად წარადგინოს დეკლარაცია არაუგვიანეს მომდევნო კვარტლის 15 რიცხვისა და გადაიხადოს შესაბამისი მოსაკრებელი. დღეის მდგომარეობით, აღნიშნული დეკლარაციის წარდგენა და შესაბამისი მოსაკრებლის გადახდა, დამოკიდებულია ნებართვის მფლობელის კეთილ ნებაზე. ხშირ შემთხვევაში არასწორად და არასრულად ხდება მოსაკრებლის გადახდა და დეკლარაციის წარდგენა. შემოსავლების სამსახურის მიერ ვერ ხორციელდება აღნიშნულის კონტროლი. ცვლილების თანახმად: ა) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მფლობელებისთვის გაუქმდება დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს გათამაშების ეტაპის დაწყებამდე გადაიხდის - საპრიზო ფონდის 10%-ის ოდენობით, რაც არსებითად გაამარტივებს ადმინისტრირების პროცესს და შემოსავლების სამსახურს მისცემს შესაძლებლობას დააწესოს შესაბამისი კონტროლი მოსაკრებლის სწორი ოდენობის გადახდაზე. ბ) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მფლობელი სისტემურელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობის შემთხვევაში გადაიხდის მხოლოდ საპრიზო ფონდის 10%–ს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი არ არის დაკავშირებული სამთავრობო პროგრამასთან. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ამოქმედება გათვალისწინებულია 2021 წლის 1 იანვრიდან, რაც დაკავშირებულია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით განსაზღვრულ ამოქმედების ვადასთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); კანონპროექტი განხილულ უნდა იქნეს დაჩქარებული წესით, ვინაიდან წარმოდგენს ერთიანი საკანონმდებლო პაკეტის ნაწილს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან ერთად. შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ წარმოდგენილი პროექტებით გათვალისწინებული ცვლილებების აღსრულება სსიპ შემოსავლების სამსახურმა უნდა განახორციელოს შერჩეული პირის მეშვეობით, რომელსაც თავის მხრივ სჭირდება გონივრული ვადა სისტემის გამართულად დანერგვისა და ოპერირებისთვის, მიზანშეწონილია წარმოდგენილი პროექტები საქართველოს პარლამენტის მიერ განხილული ქნეს 2020 წლის საგაზაფხულო სესიაზე დაჩქარებული წესით. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროექტით გათვალისწინებული ცვლილებების საბოლოო იმპლემენტაცია დროში შეფერხდება, რაც თავის მხრივ დააყოვნებს სათამაშო ბიზნესის ინდუსტრიის ეფექტიანი კონტროლის განხორციელებასა და შესაბამისი თანმდევი ღონისძიებების განხორციელებას. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობის თანახმად წამახალისებელი გათამაშების სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, ორგანიზატორი ვალდებულია მოსაკრებლის სახით გადაიხადოს, როგორც საპრიზო ფონდის 10%, ასევე, მოსაკრებელი, რომელიც დაწესებულია სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობისთვის (250 000 ლარიდან 300 000 ლარამდე). ხოლო კანონპროექტის თანახმად, წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მფლობელი სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობის შემთხვევაში გადაიხდის მხოლოდ საპრიზო ფონდის 10%–ს. აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან 2020 წლამდე პერიოდში წამახალისებელი გათამაშების მოწყობის 389 ნებართვიდან მხოლოდ 3 ეწყობოდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ პირდაპირი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება მოახდენს დადებით ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კერძოდ, წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მფლობელი სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობის შემთხვევაში გადაიხდის მხოლოდ საპრიზო ფონდის 10%–ს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის განსაზღვრას. ამასთან, ცვლილების თანახმად: წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მფლობელი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს გათამაშების ეტაპის დაწყებამდე გადაიხდის - საპრიზო ფონდის 10%-ის ოდენობით. ასევე, წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მფლობელი სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობის შემთხვევაში გადაიხდის მხოლოდ საპრიზო ფონდის 10%–ს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საერთაშორისო ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა