„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
06.07.2020
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/497/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-07-13
ბიუროს ნომერი 373

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის (www.matsne.gov.ge, 27.12.2019, 300280000.05.001.019734) მე-16 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 მუხლი: „მუხლი 161. სისტემის ოპერატორის შერწყმა ან/და წილის/აქციების ან საოპერაციო აქტივის გასხვისება ან/და მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილება 1. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სისტემის ოპერატორის შერწყმის ან/და 5 პროცენტი ან მეტი წილის/აქციების ან საოპერაციო აქტივების მთლიანი ღირებულების 5 პროცენტის ან მეტის გასხვისების ან/და მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილების განზრახვა, შესაბამისი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, აღნიშნულის თაობაზე წინასწარ აცნობოს კომისიას. 2. შერწყმის ან/და 5 პროცენტი ან მეტი წილის/აქციების ან საოპერაციო აქტივების მთლიანი ღირებულების 5 პროცენტის ან მეტის გასხვისების, ან/და მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილების თაობაზე კომისიისთვის წარდგენილ შეტყობინებაში მიეთითება მონაწილე პირების თაობაზე შემდეგი ინფორმაცია: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და ენერგეტიკის სფეროში გამოცდილება, სარეგისტრაციო მონაცემები, სადამფუძნებლო დოკუმენტები, მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) სახელი, გვარი, მისამართი და მოქალაქეობა; ბ) აქტივების შეფასების დასკვნა და აუდიტის ანგარიში საწარმოს ფინანსურ ანგარიშგებაზე; გ) შერწყმის ან/და წილის/აქციებისა ან საოპერაციო აქტივების გასხვისების ან/და მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილების პირობები; დ) ინფორმაცია ფინანსური სახსრების წარმომავლობის შესახებ. 3. შეტყობინებაში მითითებული ინფორმაციის სისწორესა და სისრულეზე პასუხისმგებელია სისტემის ოპერატორი. არასწორი ინფორმაციის მითითება წარმოადგენს შერწყმაზე ან/და 5 პროცენტი ან მეტი წილის/აქციების ან საოპერაციო აქტივების მთლიანი ღირებულების 5 პროცენტის ან მეტის გასხვისებაზე ან/და მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილებაზე უარის თქმის საფუძველს. თუ შესაბამისი ტრანზაქცია/ოპერაცია უკვე განხორციელებულია - ტრანზაქციის/ოპერაციის ბათილობისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის საფუძველს. 4. კომისია ამოწმებს შერწყმის ან/და 5 პროცენტი ან მეტი წილის/აქციების ან საოპერაციო აქტივების მთლიანი ღირებულების 5 პროცენტის ან მეტის გასხვისების ან/და მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილების შესახებ სისტემის ოპერატორის შეტყობინებაში მითითებულ მონაცემებს. თუ სისტემის ოპერატორის შეტყობინება არ შეესაბამება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კომისია დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოსადგენად განსაზღვრავს დამატებით ვადას. კომისია უფლებამოსილია, სისტემის ოპერატორს ასევე მოსთხოვოს ისეთი ინფორმაციისა და დოკუმენტების წარმოდგენა, რომელიც არ არის მითითებული ამ მუხლის მე-2 პუნქტში. 5. კომისია უფლებამოსილია, სისტემის ოპერატორის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან სამი თვის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე, 5 პროცენტი ან მეტი წილის/აქციების ან საოპერაციო აქტივების მთლიანი ღირებულების 5 პროცენტის ან მეტის გასხვისებაზე ან/და მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილებაზე. 6. კომისია უფლებამოსილია, მოითხოვოს შერწყმის ან/და 5 პროცენტი ან მეტი წილის/აქციების ან საოპერაციო აქტივების მთლიანი ღირებულების 5 პროცენტის ან მეტის გასხვისების ან/და მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილების პირობების კორექტირება. 7. კომისია უფლებამოსილია, აკრძალოს შერწყმა ან/და 5 პროცენტი ან მეტი წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივების მთლიანი ღირებულების 5 პროცენტის ან მეტის გასხვისება ან/და მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილება. აკრძალვის საფუძველი, სხვა გარემოებებთან ერთად, შეიძლება იყოს სისტემის ოპერატორის მიერ სისტემის მოსარგებლეებისთვის გაწეული მომსახურების შესაძლო გაუარესება, სისტემის ოპერატორის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაძლო შეუსრულებლობა ან/და სისტემის ოპერატორის ტარიფზე ტრანზაქციის/ოპერაციის შესაძლო ზეგავლენა. 8. ამ მუხლის მიზნებისათვის: ა) მაკონტროლებელი პირი (საბოლოო ბენეფიციარი) არის ფიზიკური პირ(ებ)ი, რომელიც არის საწარმოს საბოლოო მფლობელი, საწარმოს საქმიანობიდან იღებს ან შეიძლება მიიღოს ფულადი ან სხვა სახის სარგებელი და არ გააჩნია ამ სარგებლის სხვა პირისათვის გადაცემის ვალდებულება. ბ) საოპერაციო აქტივს წარმოადგენს კომისიის მიერ ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიით განსაზღვრული რეგულირებადი აქტივი. 9. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება იმ ოპერაციებზე/ტრანზაქციებზე, რომელთა განხორციელების ერთადერთ მიზანს წარმოადგენს ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად სისტემის ოპერატორის განცალკევება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემების, გამანაწილებელი სისტემების, ბუნებრივი გაზის საცავის სისტემისა და გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერირების საქმიანობა წარმოადგენს ქვეყნის ენერგეტიკული მოთხოვნილებების დაკმაყოფილების უზრუნველყოფის ქვაკუთხედს. სწორედ ამიტომ, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების“ შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულია აღნიშნული სისტემების ოპერატორების (შემდგომში - სისტემის ოპერატორი) რეგულირების განსაკუთრებული სტანდარტები, რაც მოიცავს მოთხოვნებს, რომლებიც უკავშირდება საქმიანობის განცალკევებას, მომსახურების ტარიფის დადგენას, პერიოდულ ანგარიშგებას და სხვა. გამომდინარე იქიდან, რომ სისტემის ოპერატორის საქმიანობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც მომხმარებლების უწყვეტი და საიმედო მომარაგების უზრუნველყოფისათვის, ისე ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალის განვითარებისათვის, აუცილებელია, შეიქმნას სისტემის ოპერატორის შერწყმის ან/და 5 პროცენტი და მეტი წილის ან აქციების გასხვისების, მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილების ან/და საოპერაციო აქტივის გასხვისების წინასწარი (ex ante) რეგულირების ეფექტიანი მექანიზმი. წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს სწორედ ამგვარი მექანიზმის შექმნას და ავალდებულებს სისტემის ოპერატორებს, წინასწარ აცნობოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (შემდგომში - კომისია) სისტემის ოპერატორის შერწყმის ან/და 5 პროცენტი და მეტი წილის ან აქციების ან საოპერაციო აქტივის მთლიანი ღირებულების 5 პროცენტის ან მეტის გასხვისების, ან/და მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილების განზრახვის თაობაზე. თავის მხრივ, კომისია ვალდებულია, შეისწავლოს მიღებული შეტყობინება და გასცეს თანხმობა ან აკრძალოს შერწყმა, წილის ან აქციების გასხვისება, მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილება ან/და საოპერაციო აქტივის გასხვისება. აკრძალვის საფუძველი, სხვა გარემოებებთან ერთად, შეიძლება იყოს სისტემის ოპერატორის მიერ სისტემის მოსარგებლეებისთვის გაწეული მომსახურების შესაძლო გაუარესება, სისტემის ოპერატორის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაძლო შეუსრულებლობა ან/და სისტემის ოპერატორის ტარიფზე ტრანზაქციის/ოპერაციის შესაძლო ზეგავლენა. კანონპროექტით შემოთავაზებული რეგულირების მიღების საჭიროებას რეგულირების საგნის / სფეროს მნიშვნელობა განაპირობებს. ენერგეტიკული უსაფრთხოება, თანამედროვე სახელმწიფოსა და მისი საზოგადოებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროა. შესაბამისად, პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს ასევე სფეროში არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრა, რასაც პროექტით შემოთავაზებული რეგულირება ითვალისწინებს. მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ქვეყანა, მოცემულ ეტაპზე კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში კომპლექსურ რეფორმას ახორციელებს, რომელიც ორი ძირითადი მიმართულებით ვითარდება: 1-კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში ერთიანი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა და ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება; 2- კრიტიკული ინფრასტრუქტურის იდენტიფიცირება, შესაბამისი უსაფრთხოების სტანდარტების რეგლამენტაცია და კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან მიმართებით საინვესტიციო საქმიანობის რეგულირება. შესაბამისი რეფორმის იმპლემენტაციის შემდეგ, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ეროვნული ნუსხა შედგება, რომელიც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სისტემასაც დაფარავს. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ენერგეტიკა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში ერთ-ერთი წამყვანი სექტორული მიმართულება იქნება. აღნიშნული ადასტურებს კანონპროექტით შემოთავაზებული რეგულირების მნიშვნელობას და ხაზს უსვამს ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ეფექტიანი მექანიზმების განვითარების საჭიროებას. შემოთავაზებული რეგულირება სწორედ ამგვარი მექანიზმის რეგლამენტაციას ემსახურება. კანონპროექტში განსაზღვრული რეგულირების მექანიზმი კომისიას საშუალებას მისცემს მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია სისტემის ოპერატორის შერწყმის ან/და 5 პროცენტი ან მეტი წილის/აქციების ან საოპერაციო აქტივების მთლიანი ღირებულების 5 პროცენტის ან მეტის გასხვისების ან/და მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილებისას, რაც მომხმარებლების ინტერესების დაცვასთან ერთად, მნიშვნელოვანია ეროვნული უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისითაც. მათ შორის, წინმსწრებ რეჟიმში დაინტერესებული სუბიექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება, იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მოხდეს იმგვარი სუბიექტების იდენტიფიცირება, რომელთა საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე შემოსვლა ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებს ეწინააღმდეგება. ამასთან, შესაბამისი ფინანსური სახსრების წარმომავლობის შესახებ ინფორმაციის მიღება, მნიშვნელოვანია კონკრეტული საინვესტიციო ტრანზაქციების შესწავლის თვალსაზრისით და საეჭვო წარმომავლობის კაპიტალის ქვეყანაში ინვესტირების პრევენციას ემსახურება. წარმოდგენილი კანონპროექტი არ გავრცელდება გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის და გადამცემი სისტემის ოპერატორის კანონით გათვალისწინებულ განცალკევების რეგულაციებზე. აქვე აღსანიშნავია, რომ მსგავსი უფლებამოსილებებია გათვალისწინებული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს კომუნიკაციის მარეგულირებელი ეროვნული კომისიისათვის ელექტრონული კომუნიკაციების სექტორში. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: პროექტით შემოთავაზებული რეგულაციების დანერგვა შესაძლებელია მხოლოდ წარმოდგენილ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის გზით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად შეიქმნება სისტემის ოპერატორის შერწყმის ან/და 5 პროცენტი ან მეტი წილის/აქციების ან საოპერაციო აქტივების მთლიანი ღირებულების 5 პროცენტის ან მეტის გასხვისების, ან/და მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილების წინასწარი რეგულირების მექანიზმი, რომლის დანერგვა ხელს შეუწყობს ენერგეტიკის სექტორში მოსალოდნელი იმ ტრანზაქციის ეფექტიანობასა და გამჭვირვალობას, რომელსაც, შესაძლოა, გავლენა ჰქონდეს მომხმარებელთა უსაფრთხო და საიმედო მომარაგებაზე. აღნიშნული კი, გრძელვადიან პერსპექტივაში, ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკულ სტაბილურობას. კანონპროექტი მიზნად ისახავს, უპირველესად, იმ ტრანზაქციების იდენტიფიცირებას, რომლებიც შეიძლება იყოს რეგულირების უფლებამოსილების განხორციელების მიზნით შესწავლისა და კონტროლის საგანი. კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღება ასევე განაპირობებს ენერგეტიკულ საქმიანობებს შორის ჯვარედინი სუბსიდირების პრევენციისა და განცალკევების ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებითი მექანიზმის დანერგვას. გარდა ამისა, კომისიას, სათანადო გარემოებების არსებობისას, ექნება შესაძლებლობა, შეაფასოს ტრანზაქციის მონაწილე ენერგეტიკული საწარმოებს პოტენციალი, რაც ხელს შეუწყობს ენერგეტიკულ სექტორში ჯანსაღი, გადახდისუნარიანი საწარმოების საქმიანობას. ქვეყნის ენერგეტიკული სტაბილურობის კონტექსტში, აუცილებელია, გათვალისწინებულ იქნეს ყველა ის შესაძლო შედეგი, რაც შეიძლება ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე შერწყმის/საოპერაციო აქტივის გასხვისების/საბოლოო ბენეფიციარის ცვლილების ტრანზაქციამ გამოიწვიოს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მარეგულირებელი ორგანოს, დროული ინფორმირება ენერგეტიკის სექტორში მოსალოდნელ შესაძლო სირთულეებზე, სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვისა და რეაგირების სათანადო და დროული მექანიზმების შემუშავების მიზნით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიზანია, განზრახული ტრანზაქციის უარყოფითი შედეგების განჭვრეტა, მათი პრევენცია, კერძო და საჯარო ინტერესების ბალანსის უზრუნველყოფა და მისი შენარჩუნება. კანონპროექტის ძირითადი არსია, შექმნას სისტემის ოპერატორის შერწყმის ან/და 5 პროცენტი ან მეტი წილის/აქციების ან საოპერაციო აქტივების მთლიანი ღირებულების 5 პროცენტის ან მეტის გასხვისების, ან/და მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილების წინასწარი რეგულირების მექანიზმი, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ენერგეტიკული სფეროს სტაბილურობას. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, უკუძალის მექანიზმს წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტი განხილულ უნდა იქნეს დაჩქარებული წესით, რაც განპირობებულია შემდეგი გარემოებით: როგორც მოგეხსენებათ, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონი თანახმად, 2020 წლამდე გადაცემისა და განაწილების ლიცენზიანტებს უნდა მიენიჭოთ შესაბამისი გადაცემისა და განაწილების სისტემის ოპერატორის სტატუსი და მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდამდე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია უკვე აღჭურვილი იყოს ამ უფლებამოსილებით. შესაბამისად, მიზანშეწონილია „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღება არ იქონიებს გავლენას საქართველოს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღება არ გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამატებითი ასიგნებების გამოყოფის საჭიროებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღება არ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: უპირველეს ყოვლისა, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ რეგულირებული საწარმოების ყველა ვალდებულება, რომელიც საჭიროა კომისიის მიერ მარეგულირებელი უფლებამოსილებების განსახორციელებლად, კანონით არის გათვალისწინებული და წარმოდგენილი კანონპროექტი ამ მიმართულებით რაიმე სიახლეს არ ითვალისწინებს. სისტემის ოპერატორებს უკვე ეკისრებათ ყველა ის ვალდებულება, რომელთა შესრულების უზრუნველყოფის მიზნით გააჩნიათ ყველა ის ინფორმაცია და დოკუმენტი, რომლის მოთხოვნასაც ითვალისწინებს წარმოდგენილი კანონპროექტი და ამ მხრივ რაიმე დამატებითი ხარჯი, საშუალოვადიან პერიოდში, მათთვის არ წარმოიშობა, კერძოდ: • კანონპროექტით შემოთავაზებული 161 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენა არ გულისხმობს სისტემის ოპერატორებისათვის არსებითად ახალი ვალდებულების დაკისრებას, რადგან, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ადგენს კომისიის შესაძლებლობას, ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების სრულყოფილად და ჯეროვნად განხორციელებისთვის კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული • • • კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესით რეგულირებული საწარმოსაგან მოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია. კერძოდ, რეგულირებული საწარმოები, მათ შორის, სისტემის ოპერატორები, რომელთა საქმიანობასა და მათი საქმიანობის კომისიის მიერ რეგულირებისა და კონტროლის უფლებამოსილებას განსაზღვრავს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონი, ვალდებულნი არიან, რეგულირების, ბაზრის მონიტორინგის, სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობის დადგენის, გეგმური და არაგეგმური შემოწმების მიზნებისათვის კომისიას მიაწოდონ ნებისმიერი ინფორმაცია მოთხოვნის შესაბამისად და დადგენილ ვადებში. კანონპროექტით შემოთავაზებული 161 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენა აგრეთვე არ გამოიწვევს სისტემის ოპერატორისათვის დამატებითი ხარჯების გაწევის აუცილებლობას, რადგან აღნიშნულ პუნქტში ჩამოთვლილია მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ტრანზაქციის განხორციელებისათვის და რომელიც რეგულირებადი საწარმოების მიერ მზადდება და კომისიას წარედგინება რეგულარულად, კანონმდებლობის შესაბამისად (აქტივების შეფასების დასკვნა და აუდიტის ანგარიში საწარმოს ფინანსურ ანგარიშგებაზე). კანონპროექტით შემოთავაზებული 161 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აქტივების შეფასებისა და საწარმოს შეფასების (აუდიტის) დასკვნის წარმოდგენის ვალდებულება რეგულირებად საწარმოებს ეკისრებათ კომისიის მიერ როგორც სალიცენზიო, ისე სატარიფო უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, რეგულარულ საწყისებზე. შესაბამისად, შერწყმის, საოპერაციო აქტივების გასხვისებასა და საბოლოო ბენეფიციარის ცვლილების მიზნებისათვის აღნიშნული დოკუმენტის წარდგენა რეგულირებადი საწარმოებისათვის არ წარმოადგენს არსებითად ახალ ვალდებულებასა და დამატებითი ხარჯების გაწევის საფუძველს. ტრანზაქციის მონაწილე სხვა პირის მიერ აქტივების შეფასების დასკვნისა და აუდიტის ანგარიშის წარდგენის ვალდებულება, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული პირი ტრანზაქციის განხორციელებამდე, შესაძლოა, არ წარმოადგენდეს რეგულირებულ საწარმოს, დასაშვებია, გულისხმობდეს ტრანზაქციის დამატებით ხარჯს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ტრანზაქციის მხარე მიზნად ისახავს ენერგეტიკული საწარმოს აქციების/წილის შეძენას და შესაბამისად, რეგულირებულ სექტორში საქმიანობას, კომისიის წინაშე ამგვარი „წინასწარი“ ანგარიშვალდებულება წარმოადგენს გამართლებულ ხარჯს საიმისოდ, რომ ერთი მხრივ, შეფასდეს ტრანზაქციის მიზანშეწონილობა და მეორე მხრივ, ენერგეტიკულ ბაზარზე ახალი მონაწილის შესვლის და მისი შემდგომი საქმიანობის გავლენა. იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს მხოლოდ საოპერაციო აქტივის შეძენას, შემძენი კომპანია, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აღნიშნული აქტივების გამოყენებით საქმიანობის დაწყებამდე ვალდებულია, აიღოს შესაბამისი ენერგეტიკული საქმიანობის ლიცენზია, რომლისთვისაც აუცილებელია სწორედ აქტივების შეფასებისა და აუდიტის • დასკვნის წარდგენა. შესაბამისად, კანონპროექტი შემძენი კომპანიებისათვის არსებითად ახალ ვალდებულებას არც ამ კონტექსტში ადგენს. კანონპროექტით შემოთავაზებული 161 მუხლის მე-4-მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად კომისიას გააჩნია საკმარისი ადამიანური რესურსი და კომისიის აპარატში საშტატო ცვლილებების განხორციელების/სტრუქტურული რეორგანიზაციის საჭიროება არ არსებობს. კერძოდ, კომისიის აპარატის ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დეპარტამენტები უზრუნველყოფენ ტრანზაქციის შესაძლო შედეგების შეფასებას თითოეული სექტორისათვის, ხოლო კომისიის აპარატის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტს გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსი საიმისოდ, რათა შესწავლილ და შეფასებულ იქნეს ტრანზაქციის მხარეების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დეპარტამენტის რეგულარული საქმიანობა ანალოგიურ აქტივობებს გულისხმობს რეგულირებული საწარმოების სატარიფო განაცხადების, საინვესტიციო გეგმებისა და აღნიშნული საწარმოების ფუნქციონირების ეკონომიკური ასპექტების ანალიზის მიმართულებით. შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტი დამატებით ხარჯებს არც ამ მიმართულებით მოითხოვს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს დამატებითი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.