„დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი“

რეზოლუციის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
02.09.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ბექა ნაცვლიშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ბექა ნაცვლიშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე, ზვიად კვაჭანტირაძე
ნომერი
#07-3/488/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-09-07
ბიუროს ნომერი 384

📜 ტექსტი

განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტზე „დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი“ ა) ზოგადი ინფორმაცია რეზოლუციის პროექტის შესახებ ა.ა) რეზოლუციის პროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეზოლუციის პროექტი რეზოლუციის პროექტი მიზნად ისახავს წარსულის შეცდომების და მმართველობის მავნე პრაქტიკის სიღრმისეულ ანალიზს, რაც ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს წარმოადგენს, რათა გაცნობიერებული იქნას თუ რა ტიპის საზოგადოებრივ წესრიგში გვიწევს ცხოვრება, რა არის ამ წესრიგის სპეციფიკა, რა არ უნდა განმეორდეს და რა უნდა შეიცვალოს მომავალში. ამ ხნის განმავლობაში არც ერთ ეტაპზე არ მომხდარა არც პოლიტიკური და არც აკადემიური გააზრება იმ სოციალური წესრიგისა, რომელიც დამკვიდრდა საქართველოში ბოლო ათწლეულების განმავლობაში. იცვლება მთავრობები, მაგრამ არ იცვლება სოციალური წესრიგი. ძალაუფლება, სიმდიდრე ერთი ოლიგარქიული ჯგუფის ხელიდან მეორე ოლიგარქიული ჯგუფის ხელში გადადის. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად რეზოლუციის მიღების აუცილებლობა პროექტში ასახული პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია, უპირველეს ყოვლისა, პარლამენტის ყველა წევრმა გამოხატოს და დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია რეზოლუციაში წარმოდგენილ ხედვასთან დაკავშირებით, რათა მომავალში არცერთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა არ მისცეს თავს უფლება გააგრძელოს და გაიმეოროს წინა ხელისუფლებების შეცდომები. მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლიდან საკანონმდებლო ხელისუფლება სრულად გადადის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, პოლიტიკური პროცესების გააზრების გარეშე შეუძლებელი გახდება ქვეყნის სასიკეთო გადაწყვეტილებების მიღება და განხორციელება. ყველა დასაქმებული დაცული უნდა იყოს წნეხისაგან, რათა მათ თამამდ მიიღონ გადაწყვეტილება პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობისა და მათთვის სასურველი პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის. ა.ბ) რეზოლუციის პროექტის მოსალოდნელი შედეგი: რეზოლუციის პროექტის მოსალოდნელ შედეგს წარმოადგენს ყველა სახელმწიფო ორგანო განთავისუფლდეს წნეხისა და გავლენისაგან, რეალურად მოხდეს მოქალაქეთა წართმეული უფლებების აღდგენა, სასამართლო სისტემისა და ძალოვანი სტრუქტურების დეპოლიტიზირება, პოლიტიკური მიზანშეწონილობის მუხედავად დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც ყოფილი თუ მოქმედი ხელისუფლების პერიოდში ჩაიდინეს დანაშაული. ა.გ) რეზოლუციის პროექტის ძირითადი არსი: პროექტის ძირითად არსს წარმოადგენს წარსულის შეცდომებისა და მანკიერი პრაქტიკის ანალიზი, რათა გაცნობიერებულ იქნას თუ რა პრობლემის წინაშე ვიდექით და ვდგავართ დღესაც, რა არ უნდა განმეორდეს და რა უნდა შეიცვალოს მომავალში. დასრულდეს ადამიანების მანიპულირების მიზნით მათი სიღარიბეში ჩატოვებასა და დაქსასვაზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარება. პოლიტიკური პარტიების მხრიდან უზრუნველყოფილ იქნას მკაფიო, პროგრამული, მომავალზე ორიენტირებული პაექრობა. განხორციელდეს მართველობის რეალური რეფორმა, რათა ერთხელ და სამუდამოდ მიეცეს ხალხს არა მმართველი პარტიის სასარგებლოდ, არამედ საკუთარი ინტერესების მიხედვით გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა და დაერქვას ყველაფერს თავისი სახელი. ა.დ) პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში); აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ რეზოლუციი პროექტთან მიმართებით (რეზოლუციის პროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება რეზოლუციის პროექტი ძალაში შედის მიღებისთანავე. რეზოლუციის პროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭების საკითხს. ა.ვ) პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატივა ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) რეზოლუციის პროექტის დაჩქარებული წესით მიღება არ არის გათვალისწინებული. ბ) რეზოლუციის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). ბ.ა) პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: პროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე პროექტი არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე პროექტი არ იწვევს ბიუჯეტის შემოსავლების ზრდას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით პროექტი არ იწვევს სახელმწიფოს მიერ ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა პროექტი არ აუარესებს ფინანსურ მდგომარეობას ბ.ვ) პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი პროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის განსაზღვრა. ბ1) ბავშვის უფლებებრივ მდგომარეობაზე პროექტის ზეგავლენის შეფასება რეზოლუციის პროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებებრივ მდგომარეობაზე გ) პრეზოლუციის როექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: პროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება და საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს. დ) რეზოლუციის პროექტის მომზადების პროცესში მიღებულია კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება პროექტის მიმართ, ასეთის არსბეობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება პროექტის მსგავსი რეზოლუციის იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ამგვარი მიმოხილვა არ მომზადებულა ე) რეზოლუციის პროექტის ავტორი: პარლამენტის წევრი: ბექა ნაცვლიშვილი. ვ) რეზოლუციის პროექტის ინიციატორები: პარლამენტის წევრები: ბექა ნაცვლიშვილი, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე.
რეზოლუციის პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია „დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი“ საქართველოს პარლამენტი აღნიშნავს თითქმის სამი ათწლეული გავიდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა და ჩვენ დამოუკიდებლობა და თავისუფლება მოვიპოვეთ. მიუხედავად ამ ხანგრძლივი დროისა, ჩვენ ვერ შევძელით თაობების ბრძოლის შედეგად მოპოვებული დამოუკიდებლობა ქვეყნის განვითარებისა და კეთილღეობის საფუძველი გამხდარიყო. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ განხორციელებულმა უპასუხისმგებლო, ქაოტურმა პრივატიზაციამ და ქვეყნის დეინდუსტრიალიზაციამ წარმოებითუნარიანობის დაცემა, უმუშევრობა, სიღარიბე და უთანასწორობა გამოიწვია. სამოქალაქო ომმა და ეთნიკურმა კონფლიქტებმა კიდევ უფრო დაამძიმა შექმნილი ვითარება. ამ გარემოებამ ჩანასახოვან მდგომარეობაში მყოფი დემოკრატიული და სახელმწიფო ინსტიტუტები კიდევ უფრო დააკნინა. შედეგად მოხდა პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლების კონცენტრაცია ერთეულების ხელში და ქვეყანა ერთ ოლიგარქიულ, პერიფერიულ სივრცედ იქცა. მთავრობები იცვლებოდნენ, მაგრამ არ იცვლებოდა სოციალური წესრიგი. ძალაუფლება სიმდიდრე ერთი ოლიგარქიული ჯგუფის ხელიდან მეორე ოლიგარქიული ჯგუფის ხელში გადადიოდა. პოლიტიკური ცხოვრება რევანშიზმით განმსჭვალულ ყოფილ მმართველ პარტიებსა და ძალაუფლებას ჩაბღაუჭებულ მოქმედ მმართველ პარტიებს შორის ბრძოლის ასპარეზად იქცა. ძალაუფლება არა საყოველთაო მნიშვნელობის გადაწყვეტილებების მიღების პასუხისმგებლობასთან იყო დაკავშირებული, არამედ პრივილეგიებსა და ქვეყნის სიმდიდრის კონტროლთან. ამიტომ რევანშისა და ძალაუფლების დაკარგვის შიშით ყველა ხელისუფლება ცდილობდა ხელიდან არ გაეშვა კონტროლის მექანიზმები. ხელისუფლების ცვლილების შემდგომ, ყველა მთავრობა იქვემდებარებდა, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ სახელმწიფო ბიუროკრატიას და ის უკვე არა მოქალაქეების, არამედ ნებსით თუ უნებლიედ, მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურებოდა, მათ შორის უსაფრთხოების სამსახურსა და პოლიციას, რომელიც დამოუკიდებლობის განსაკუთრებული ხარისხით უნდა გამოირჩეოდეს. მთავარ იარაღს კი სასამართლო ხელისუფლება წარმოადგენდა. ყველა მმართველი პარტია ცდილობდა სასამართლო და პროკურატურა მის მიმართ ლოიალური მოსამართლეებითა და პროკურებით დაეკომპლექტებინა, ან ეიძულებინა მოქმედი მოსამართლეები და პროკურორები , მმართველი პარტიის ინტერესები გეტარებინათ. პარალელურად, ეკონომიკაში საბაზრო პრინციპების დანერგვის გაცხადებულ მიზანს ამოფარებული ყველა მთავრობა მიზანმიმართულად აკნინებდა სახელმწიფოს როლს და პასუხისმგებლობას. რამაც, ბუნებრივია, ყველა მმართველ პარტიას გაუადვილა ამოცანა საერთო, სახელმიწფო დოვლათისა და რესურსის მთლიანად საკუთარი ეკონომიკური თუ პოლიტიკური ინეტერსებისაკენ მიმართვისა. საჯარო სიკეთეების კომერციალიზაციამ, სახელმიწიფო რესურსის გაუმართლებელმა პრივატიზაციამ და ეკონომიკური ურთიერთობების სრულმა დერეგულაციამ ბუნებრივად და ლოგიკურად გააჩინა შესაძლებლობა მონოპოლიების ჩამოყალიბებისა. ენერგეტიკა, ჯანდაცვა მთლიანად კერძო მონოპოლიების ხელში აღმოჩნდა. შესაბამისად ეს მონოპოლიებიც ხელისუფლების მიერვე კონტროლდება. მაგრამ არა როგორც სახელმწიფო მონოპოლიები, რომლის განმკარგველი ჩინოვნიკიც მოსახლეობის კეთილდღეობაზეა პასუხისმგებელი, არამედ ხელისუფლებასთან დაახლოებული და შეზრდილი კერძო ბიზნესი, რომელიც ისევ ხელისუფლების მიერ სიმდიდრისა და რესურსების კონტროლს ემსახურება. სახელმწიფოს უპასუხისმგებლო, ანტისოციალურმა პოლიტიკამ ადამიანები ერთმანეთის წინააღმდეგ გადარჩენისთვის მებრძოლ არსებებად აქცია. სახელმწიფოს მიერ წახალისებულ სოციალ დარვინიზმში ერთის წარმატება სხვის დამარცხებასთან გაიგივდა. სოლიდარობა კი სისუსტედ და ირაციონალურ ქცევად შეირაცხა, რამაც საზოგადოების ატომიზაცია და დაქსაქსვა გამოიწვია. დაქსაქსულ საზოგადოებას კი არ შეწევს ძალა გაერთიანებისა და ავტორიტარიზმისა და თუ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლისა. არც ერთ ხელისუფლებას საკუთარი ნებით არ უცდია არსებული წესრიგის შეცვლა, რადგან სწორედ ეს წესრიგია ოლიგარქიული ინტერესების დაკმაყოფილების მთავარი გარანტი. სწორედ ამ წესრიგის შედეგია პოლარიზაცია და ოპონენტების მიერ ერთმანეთის ქვეყნის მტრებად და მოღალატეებად გამოცხადება, პრო რუსებათ და პრო დასავლურებად, ჩამორჩენილებად და პროგრესულობად დაყოფა. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკურ სივრცეს ჯანსაღი, შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური მსჯელობა დაიკავებდა, რაც არცერთ ოლიგარქიულ ჯგუფს არ აწყობს, რადგან შინაარსზე მსჯელობა უბიძეგბდა ხალხს რეალური არჩევანის ძიებისკენ. ამ ბინძურ ბრძოლაში ხალხი და მათი ინტერესები სრულიად ჩაიკარგა. შინაარსობრივი პოლიტიკა, რომელიც ადამიანების უკეთეს ცხოვრებასა და ქვეყნის განვითარებაზე მსჯელობას გულისხმობს სრულიად გაქრა დღის წესრიგიდან. პოლიტიკური სისტემის დონეზე კი ცენტრალიზებული მმართველობა და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა, „მოგებულს მიაქვს ყველაფერი“ პრინციპიდან გამომდინარე, უზრუნველყოფდა ძალაუფლების კონცენტრაციას ერთი პარტიის ხელში. ამიტომ არჩევნებიც სხვადასხვა ოლიგარქიული ჯგუფების კვლავწარმოების მექანიზმად იქცა. პროპორციულ საარჩევნო სისტემა ერთი ნაბიჯი ამ მანკიერი წესრგის დასანგრევად. მაგრამ არასაკმარისი. 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ ძირითადი აქცენტი წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხზე და ჩადენილი დანაშაულებების სამართლებრივ ლეგალისტურ შეფასებაზე გაკეთდა. სამწუხაროდ არ მომხდარა მმართველობის პოლიტიკური შეფასება და ანალიზი. ამიტომ შემდგომმა ხელისუფლებამ თავს უფლება მისცა არა თუ ძირეულად შეეცვალა მმართველობის ფორმა, არა შეეთვისებინა მისი წინამორბედის მანკიერი პრაქტიკა. ამიტომ პროგრესისა და განვითარებისთვის აუცილებელია წარსული შეცდომებისა თუ მანკიერებების სიღრმისეული ანალიზი, რათა გაცნობიერებული იქნას თუ რა ტიპის საზოგადოებრივ წესრიგში გვიწევს ჩვენ ცხოვრება, რა არის ამ წესრიგის სპეციფიკა, რა არ უნდა განმეორდეს და რა უნდა შეიცვალოს მომავალში: სასამართლო უნდა პროკრატურა უნდა გათავისუფლდეს მართველი პარტიის წნეხისა და გავლენისგან შეუჩერდეთ საქმიანობის უფლება სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც პირდაპირ არიან უსამართლო გადაწყვეტილებეთან დაკავშირებული პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის თანამდებობის პირი, რომელთაც ყოფილი თუ მოქმედი ხელისუფლებების დროს აქვთ დანაშაული და პოლიტიკური მიზანშეწონილობის გამო, არ დგას მათი პასუხისმგებლობის საკითხი. ჩამოერთვათ მათ არჩევნებში პასიური მონაწილეობის უფლება. საწრაფოდ განიხილოს პროკურატურამ ხელისუფლების მხრიდან უფლებაშელახული და ქონება წართმეული მოქალაქეების საკითხი, მიანიჭოს მათ დაზარალებულის სტატუსი და მოახდინოს მათი უფლებების აღდგენა. აღიკვეთოს პოლიციის და უსაფრთხოების სამსახურის ნებისმიერი ფორმით მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში მმართველი პარტიის სასარგებლოდ. შეჩერდეს ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების დონეზე მმართველი პარტიის მიმართ ლოიალობის ნიშნით თანამშრომლების შერჩევა, რათა ერთხელ და სამუდამოდ განხორცილდეს სახელმიფო ბიუროკრატიისა და მმართველი პარტიის ერთმანეთისგან გამიჯვნა. საჯარო სამსახურში დასაქმება დაეფუძნოს მერიტოკრატიულ პრინციპს. განხორციელდეს თვითმმართველობის რეალური რეფორმა, რათა ერთხელ და სამუდამოდ მიეცეს ხალხს ადგილობრივ დონეზე არა მმართველი პარტიის, არამედ საკუთარი ინტერესების მიხედვით რესურსების განკარგვა და გადაწყვეტილების მიღება. განხორციელდეს შრომის კანონმდებლობის რეალური რეფორმა. ყველა დასაქმებული დაცული იყოს, პოლიტიკური თუ სხვა ნიშნით, უსამართლოდ სამსახურის დაკარგვისგან, რათა მათ თამამდ მიიღონ გადაწყვეტილება პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობისა და მათთვის სასურველი პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის. დასრულდეს ადამიანების მანიპულირების მიზნით მათი სიღარიბეში ჩატოვებასა და დაქსასვაზე ორიენტირებული ანტისოციალური სახელმწიფო პოლიტიკა. განხორციელდეს არა ადამიანების ფიზიკურ შენარჩუნებაზე, განვითარებაზე გამიზნული სოციალური პოლიტიკა. არამედ მათ გატარდეს მკაცრი ანტიმონოპოლიური პოლიტიკა. დასრულდეს მმართველ პარტიასთან დაახლოებული ბიზნესისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებების მიღება, რაც აფერხებს ადგილობრივი წარმოების განვითარებას. ყველა სახელმწიფო საწარმოზე დამყარდეს საჯარო კონტროლი, რათა ისინი მოემსახურონ ხალხს და არა მმართველ პარტიას. პოლიტიკური პარტიების მხრიდან უზრუნველყოფილ იქნას მკაფიო, პროგრამული, მომავალზე ორიენტირებული პაექრობა. დასრულდეს პოლიტიკური პარტიების მიერ ტერიტორიული კონფლიქტებით საზოგადოების მანიპულაცია და ქმეედითი ნაბიჯები გადაიდგას ქვეყნის გამთლიანების მიზნით, თუ გინდ აფზაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის გზით. დასრულდეს პოლიტიკოსების მხრიდან უსაგნო, უშინაარსო დაყოფა პროდასავლურებად და პრორუსულებად, რაც კიდევ უფრო ზრდის ანტიდასავლურ განწყობებს ქვეყანაში. მოხდეს საქართველოს ცივილიზაციური არჩევანის, დასავლეთთან, ევროპასთან დაახლოების პრაქტიკული და გააზრებული განხორციელება. დასრულდეს ამ პროცესის სიმბოლოებით მანიპულაცია. დასრულდეს ადამიანების დაყოფა პროგრესულებად და ჩამორჩენილებად. დასრულდეს პოლარიზაცია. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე