„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
08.09.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი
ნომერი
#07-3/489/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
II მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-09-14
ბიუროს ნომერი 385

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, (www.matsne.gov.ge), №20, 08.04.2005, სარეგისტრაციო კოდი 430.050.000.05.001.001.778) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1.26 –ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ც3“, ,,ც4“ და ,,ც5“ ქვეპუნქტები: ,,ც3) იღებს ზომებს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებისათვის;“. ,,ც4“) ამტკიცებს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სამედიცინო პერსონალის სტანდარტს;“. ,,ც5) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად ამტკიცებს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირების წესს“. 2. 33-ე მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე1“ ქვეპუნქტი: „ე1“. უზრუნველყოს სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვისა და სრულყოფილი განვითარებისათვის სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა;“. ბ) მეორე პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ე)“ უზრუნველყოს სკოლის ტერიტორიაზე კვების პუნქტების არსებობა;“. მუხლი 2. 1. ამ კანონის ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში: ა) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ც4“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სამედიცინო პერსონალის სტანდარტის დამტკიცება. ბ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყონ ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ც5“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირების წესის დამტკიცება . გ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. 2. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2023 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირება. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია უზრუნველყოს სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვისა და სრულყოფილი განვითარებისათვის სამედიცინო, მათ შორის, ფსიქოლოგიური დახმარების და კვების პუნქტების არსებობა“. ამ ნორმის მიხედვით სკოლა უფლებამოსილია (და არა ვალდებული) სკოლის ტერიტორიაზე უზრუნველყოს სამედიცინო პუნქტის არსებობა. აღნიშნული ნორმა სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვას და სრულყოფილ განვითარებას არათუ პანდემიისა და ეპიდემიის არამედ ჩვეულებრივ ვითარებაშიც. სკოლა საგანმანათლებლო ფუნქციის გარდა თითოეულ ბავშვს უვითარებს უნარს, რათა მან მთელი სიცოცხლის მანძილზე შეძლოს მოუაროს საკუთარ ჯანმრთელობას და ამავე დროს იზრუნოს სხვათა ჯანმრთელობაზე. გარდა ამისა, სკოლა არის ის სივრცე სადაც ყალიბდება დაავადების და სიკვდილიანობის გამომწვევი მიზეზების თავიდან აცილების უნარები, მაგ. ალკოჰოლიზმის, ნარკოტიკის, თამბაქოს, ჰელმინთოზის, და სხვა ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექციების, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების, სიცოცხლისათვის სახიფათო ინტერნეტ თამაშების, კიბერბულინგის და ა.შ. ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნვა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის პრიორიტეტია და იგი ერთობლივ ქმედებებსაც ითვალისწინებს. კერძოდ, 1986 წელს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მიიღო ოტავის დეკლარაცია მსოფლიოსათვის ,,ჯანმრთელობის ხელშემწყობი სკოლები“, როგორც ჯანსაღი სასწავლო და სამუშაო ადგილი. 2020 წლის დასაწყისში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში საგანმანათლებლო პროცესის განხორციელება შეიზღუდა ყველა დაწესებულებაში, გარდა ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, რომლებსაც საშუალება მიეცათ სასწავლო პროცესი განეხორციელებინათ დისტანციური სწავლების/კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით, შესაძლებლობის შემთხვევაში. „საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 მარტის №205 დადგენილებით დარეგულირდა საქართველოში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადაში საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ დისტანციურ რეჟიმში სწავლა–სწავლების განხორციელების წესები. პანდემიის პერიოდში სკოლების დახურვის გამო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრიორიტეტი ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის დისტანციური სწავლების სერვისების მიწოდება გახდა. შემუშავდა სხვადასხვა ინსტრუმენტები, რომლითაც შესაძლებელი გახდა განათლების სისტემაზე ახალი კორონავირუსის უარყოფითი გავლენის შემცირება და სწავლა-სწავლების უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფა. ასეთი გამოწვევის პირობებში ეპიდემიის/პანდემიის გავრცელების კონტროლისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სკოლებში სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებას სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. სახელმწიფომ უნდა აიღოს ვალდებულება ყველა სკოლაში სამედიცინო პუნქტის შესაბამისი პერსონალით დაკომპლექტებაზე და თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მათ აღჭურვაზე. ამ საკანონმდებლო ცვლილებით უნდა აღმოიფხვრას ის ხარვეზი, რომელსაც შეიცავს კანონი ,,ზოგადი განათლების შესახებ“. ამასთან ზემოთ აღნიშნული საკითხის საკანონმდებლო დონეზე გადაწყვეტა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყნის განვითარებისათვის. დღეისათვის საჯარო სკოლის 2500 შენობიდან 532 - ში ფუნქციონირებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი სამედიცინო კაბინეტი, სადაც დასაქმებულია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალი (ექიმი/ექთანი). სკოლის ექიმი/ექთანი უზრუნველყოფს : ა) პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას; ბ)ჯანმრთელობის ხელშეწყობის/უზრუნველყოფის აქტივობების დაგეგმვა/განხორციელებას; გ) ჯანმრთელობის შესაძლო საფრთხეებზე ადეკვატურ რეაგირებას; დ) მშობლის, მასწავლებლისა და მოსწავლეების ინფორმირებას ჯანმრთელობის დაცვასა და დაავადებების პრევენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე; ე) სკოლის სანიტარულ - ჰიგიენური პირობების დაცვაზე ზრუნვას. სკოლის სამედიცინო პერსონალის შერჩევას ახორციელებს შესაბამისი საჯარო სკოლის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისია რეკომენდებული კრიტერიუმების შესაბამისად. კანდიდატთა სავალდებულო მოთხოვნად შესაძლებელია ჩაითვალოს სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობაში - საოჯახო მედიცინა, პედიატრია ან თერაპევტი და სხვა. კანდიდატებისათვის ასევე დადგენილია დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლებიც უკავშირდება სპეციალობით მუშაობის სტაჟს, პირველადი ჯანდაცვის სისტემაში მიღებულ გამოცდილებას, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციულ საზღვრებში ცხოვრებას და ა.შ. დღეის მდგომარეობით სკოლის ექიმი სკოლის შტატგარეშე თანამშრომელია, რომლის ანაზღაურება შეადგენს 395 ლარს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია უზრუნველყოს სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვისა და სრულყოფილი განვითარებისათვის სამედიცინო, მათ შორის, ფსიქოლოგიური დახმარების და კვების პუნქტების არსებობა“. კორნავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სკოლებში სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებას სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. სახელმწიფომ უნდა აიღოს ვალდებულება ყველა სკოლაში სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებაზე და თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მათ აღჭურვაზე. გარდა ამისა, სკოლებში სამედიცინო პუნქტების არსებობის ვალდებულება უნდა გავრცელდეს კერძო სკოლებზეც. განათლების სისტემის რეფორმის კონტექსტში, ახალი სკოლის მოდელის განხორციელების ეტაპზე, მიზანშეწონილია, ყველა სკოლას ჰქონდეს სამედიცინო პუნქტი, რომელშიც თავის საქმიანობას განახორცილელებენ შესაბამისი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები. სამედიცინო პუნქტი აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების მიხედვით. აღნიშნული ამოცანის შესასრულებლად მიზანშეწონილია მოქმედ კანონში განხორციელდეს ცვლილება და სკოლებში სამედიცინო პუნქტების არსებობა გახდეს სავალდებულო. გარდა ამისა, შემუშავებული და დამტკიცებული უნდა იქნეს სკოლის სამედიცინო პერსონალის სტანდარტი და სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირების წესი. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწსებულებაში 2023 წლის 1 იანვრამდე იფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, რომელშიც დასაქმებული იქნება შესაბამისი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალი, ხოლო სამედიცინო პუნქტი აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების მიხედვით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის მიხედვით სკოლა ვალდებული იქნება უზრუნველყოს სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვისა და სრულყოფილი განვითარებისათვის სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა. წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატება ,,ც4“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი დაამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამედიცინო პერსონალის სტანდარტს. აღსანიშნავია, რომ სამინისტროში უკვე მიმდინარებს სამედიცინო პერსონალის სტანდარტის შემუშავების პროცესი. კანონპროექტის ამავე მუხლით ცვლილება შედის მოქმედი კანონის 26-ე მუხლში, როლის მიხედვითაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად დაამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირების წესს. კანონპროექტით 2023 წლის 1 იანვრამდე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონის პროექტთან მიმართებით (პროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთსავრობის მიერ); ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან მისი აღსრულებისათვის აუცილებელია შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დრულად მიღება და პენდემიის პირობებში კანონის სწრაფად აღსრულება. კანონის პროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭების საკითხს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი, ხოლო კერძო სკოლის შემთხვევაში შესაბამისი სკოლის შემოსავლები. კანონპროექტის მიხედვით აუცილებელი ხარჯების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდება 2021 და 2022 წლებში. ამასთან, კანონის ძალაში შესვლისა და გამომდინარე კანონქვემდებარე აქტების მიღების ვადის გაანგარიშებით 2020 წელს შესაბამისი ხარჯების გაწევა საჭირო არ იქნება. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, საჯარო და კერძო სკოლების სამედიცინო პუნქტებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალი მიიღებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ანაზღაურებას და შესაბამისად გადაიხდის საშემოსავლო გადასახადს, რაც სამედიცინო პუნქტების ყველა სკოლაში ამოქმდების შემდეგ წელიწადში დაახლოებით 224 000 ლარია. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან ითვალისწინებს საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებას. დღეის მდგომარეობით საჯარო სკოლების 2500 შენობიდან სამედიცინო პუნქტი ფუნქციონირებს 532 შენობაში. 2023 წლის პირველ იანვრამდე სამედიცინო პუნქტები უნდა შეიქმნას საჯარო სკოლის 2000 შენობაში (ზოგიერთ საჯარო სკოლას გააჩნია ორი შენობა. მათ შორის არის რამდენიმე სკოლა, რომელთა შენობები ერთმანეთისაგან საკმაო მანძილით არის დაშორებული, რის გამოც საჭირო იქნება ორი სამედიცინო პუნქტი). თითოეული სამედიცინო პუნქტის აღჭურვას ესაჭიროება საშუალოდ 5000 ლარი, რომელშიც შედის ინვენტარი (მაგიდა, სკამები, კარადა, სპეციალური ინვენტარი და ა. შ.) აგრეთვე აუცილებელი სამედიცინო პრეპარატები. შესაბამისად დარჩენილი შენობების სამედიცინო პუნქტებით აღჭურვისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით საჭირო იქნება დაახლოებით 10 000 000 ლარის გამოყოფა. ამ თანხით სამედიცინო პუნქტების შექმნა და აღჭურვა მოხდება ეტაპობრივად ორი წლის განმავლობაში, 2021 და 2022 წლებში. გარდა ზემოთაღნიშნულისა, საჭირო იქნება სამედიცინო პერსონალის შრომის ანაზღაურებისათვის საჭირო ფინანსური სახსრები. დღეის მდგომარეობით სკოლის ექიმის ანაზღაურება შეადგენს 395 ლარს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე მცირეკონტინგენტიან სკოლაში შესაძლებელია დასაქმდეს სამედიცინო პერსონალის ერთი წარმომადგენელი. შრომის ანაზღაურებისათვის საჭირო სახსრების ოდენობა თუ თითოეულ შენობაში დასაქმდება ერთი პირი შეადგენს საშუალოდ 9 480 000 ლარს წელიწადში, რომელიც ეტაპობრივად უნდა გამოიყოს 2021-2022 წლებში. აღნიშნულ შემთხვევაშიც ყოველწლიურად საჭირო იქნება იმ რაოდენობის თანხის გამოყოფა რამდენი პირიც დასაქმდება სკოლის სამედიცინო პუნქტში. ამდენად კანონპროექტით გათვალისწინებული სამედიცინო პუნქტების ყველა საჯარო სკოლაში ფუნქციორებისათვის საჭიროა საშუალოდ 19 480 000 ლარი. აქედან დაახლოებით 10 000 000 ლარი ერთჯერადი ხარჯია. შემდეგ წლებში საჭირო იქნება მხოლოდ ინვენტარისა და მედიკამენტების განახლების ხარჯები. 9 480 000 ლარი საჭირო იქნება ყოველ საბიუჯეტო წელს სამედიცინო პერსონალის შრომის ანაზღაურებისათვის. 2021 წლიდან დაიწყება ახალი სამედიცინო პუნქტების შექმნა და მათი შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალით დაკომპლექტება. პირველ წელს ფინანსური სახსრების ოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე თუ შექმნილ სამედიცინო პუნქტებში რამდენი პირი დასაქმდება კონკურსის გავლის შედეგად. 2021 წელს 2000 შენობიდან სავარაუდოდ მხოლოდ 30-40% - ში მოხერხდება სამედიცინო პუნქტის შექმნა და პერსონალის შერჩევა, ვინაიდან დასამტკიცებელი იქნება სამედიცინო პერსონალის სტანდარტი და სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირების წესი. შემდეგ 2022 წელს კი ყველა შენობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი სამედიცინო პუნქტით. შესაბამისად ორ წელიწადში უნდა დაიხარჯოს დაახლოებით 19 480 000 მლნ ლარი. ხოლო მესამე წელს და შემდგომ წლებში მხოლოდ 9 480 000 ლარი სამედიცინო პერსონალის ხელფასებისათვის. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტს ექნება ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, ვინც დასაქმდება სკოლის სამედიცინო პუნქტში და მიიღებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ანაზღაურებას. კანონპროექტი ასევე გავლენას მოახდენს სკოლისათვის გამოყოფილ ფინანსურ სახსრებზე. კერძოდ იმ საჯარო სკოლებს, რომლებშიც არ ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი გაეზრდებათ დაფინანსება. კანონპროექტს ექნება ფინანსური გავლენა კერძო სკოლებზე. 300 კერძო სკოლიდან დიდ უმრავლესობაში უკვე არის სამედიცინო პუნქტი, რომელთა აღჭურვასაც დაახლოებით 5000 ლარი ჭირდება. ის კერძო სკოლები, სადაც ჯერ არ არის სამედიცინო პუნქტი თავად უზრუყნვეყოფენ სამედიცინო პუნქტების აღჭურვას და სამედიცინო პერსონალის შრომის ანაზღაურებას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება; კანონპროექტის მიღება დადებით გავლენას მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. კერძოდ, კანონპროექტის მიღების შედეგად, უმჯობესდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვა და უზრუნველყოფილი იქნება მათი სრულყოფილი განვითარება არათუ პანდემიისა და ეპიდემიის არამედ ჩვეულებრივ ვითარებაშიც; გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს; გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,ჯანსაღი და უსაფრთხო სკოლა.“ დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი.