„ქალაქ ქუთაისის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
17.09.2020
ავტორი
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“
ნომერი
#07-3/493/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-09-28
ბიუროს ნომერი 391

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი ქალაქ ქუთაისის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ მუხლი 1. ეს კანონი განსაზღვრავს ქალაქ ქუთაისის, როგორც საპარლამენტო და ადმინისტრაციული დედაქალაქის სტატუსს, ასევე ადგენს ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობისა და ეკონომიკური საქმიანობის განსაკუთრებულ წესებს ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე. მუხლი 2. 1. ქალაქი ქუთაისი არის საქართველოს საპარლამენტო და ადმინისტრაციული დედაქალი. 2. საქართველოს პარლამენტის სესიები იმართება ქალაქ ქუთაისში, პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. მუხლი 3. 1. ქალაქ ქუთაისის განსაკუთრებული სამართლებრივი სტატუსი გულისხმობს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა განსაკუთრებული წარმომადგენლობების არსებობას ქალაქ ქუთაისში. 2. ქალაქი ქუთაისში, ამ კანონის მიხედვით, საერთო სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის მიზნით, შეიქმნება შემდეგი სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლობები: ა) საქართველოს მთავრობა; ბ) საქართველოს სამინისტროები; გ) დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოები; დ) საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური; ე) კონსტიტუციით და საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული სხვა ორგანოები, სამსახურები, დაწესებულებები. 3. შესაბამისი დაწესებულებები და ადმინისტრაციული ორგანოები, მთავრობის მიერ დადგენილი გეგმის შესაბამისად, უზრუნველყოფენ სტრუქტურული ერთეულების და საჯარო სამსახურის აპარატის ეტაპობრივ განთავსებას. მუხლი 4. საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მთავრობა ან/და ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა გამოყოფს შენობა-ნაგებობებს სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლობების საქმიანობისათვის. მუხლი 5. 1. ქალაქ ქუთისის ტერიტორია მოიცავს 2020 წლის მდგომარეობით არსებულ ადმინისტრაციულ ტერიტორიას. 2. ადმინისტრაციული ტერიტორიის საზღვრების ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო და დასამტკიცებლად წარუდგენს საქრთველოს მთავრობას. მუხლი 6. 1. საქართველოს მთავრობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს ქალაქ ქუთაისის განვითარების 5 წლიანი სახელმწიფო პროგრამის შემუშავებას და რეალიზებას. 2. ქუთაისი განვითარების სახელმწიფო პროგრამა უნდა შეიცავდეს: ა) საპარლამენტო და ადმინისტრაციული დედაქალაქის სტატუსის განხორციელებისთვის აუცილებელი სამშენებლო, არქიტექტურულგეგმარებითი, სარეკონსტრუქციო სამუშაოების გეგმას და დაფინასების რესურსებს; ბ) საინჟინრო, სატრანსპორტო, წყალმომარაგების, კავშირგაბმულობის და სოციალური ინფრასტრუქტურის არსებული და შემდგომში აუცილებელი სისტემების განვითარების გეგმას და დაფინანსების რესურსებს; გ) ქალაქის კომუნალური მეურნეობის და სისტემების მოდერნიზაციის და განვითარების გეგმებს; დ) სხვა საკითხებს, რომლებიც აუცილებელია ქალაქის განსაკუთრებული სტატუსის მხარდასაჭერად. 3. სახელმწიფო განვითარების გეგმის შემუშავებაში სავალდებულოა გათვალისწინებულ იქნეს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის და საკრებულოს გადაწყვეტილებები და წინადადებები. მუხლი 7. 1. ქალაქ ქუთაისის ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია საპარლამენტო და ადმინისტრაციული დედაქალაქის სტატუსის განხორციელებასთან, კომპენსირდება სახელმწიფო ბიუჯეტის სუბსიდირებებით. 2. პირველ პუნქტში მითითებულ საბიუჯეტო სახსრებს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, განკარგავს ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად. მუხლი 8. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამე არ არის გათვალისწინებული ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთები, ქონება რომელსაც არ ჰყავს კანონიერი მესაკუთრე ან მფლობელი, ცხადდება ქალაქის საკუთრებად და მათან შემდგომ სამართლებრივ ეკონომიკურ სტატუსთან, დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს იღებს მინიციპალიტეტის საკრებულო მერის წარდგინებით. მუხლი 9. ქალაქის ტერიტორიაზე მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო და მუნიციპალური საწარმოების ეკონომიკური და სხვა საქმიანობით მიღებული შემოსავლების, განკარგვა დარეგულირდება შესაბამისი ნორმატიული ან საკანონმდებლო აქტებით. მუხლი 10. ქალაქ ქუთაისის საკუთარი უფლებამოსილების ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით. ფარგლები დადგენილია მუხლი 11. 1. სახელმწიფო და ქალაქი ქუთაისი თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებენ: ა) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხების კოორდინაციას; ბ) ბუნებათსარგებლობა, გარემოს დაცვა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფას; გ) დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება; ისტორიული და კულტურული ძეგლების დაცვას; დ) ურბანისტიკისა და მშენებლობის სტრატეგიული პროგრამების შემუშავება და განხილვას; ე) განათლების, მეცნიერების, კულტურის, ჯანმრთელობის დაცვის, სპორტისა და ტურიზმის საკითხების კოორდინაციას; ვ) მოსახლეობის სოციალური დაცვისა და დასაქმების საკითხების კოორდინაციას; ზ) კატასტროფების, სტიქიური უბედურებების, ეპიდემიებისა და ეპიზოოტიების შედეგების ლიკვიდაციას; თ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ქალაქგანვითარების დაფინანსებას; ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საკითხებს. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ურთიერთშეთანხმებით შეიძლება გადანაწილდეს საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოებსა და ქალაქ ქუთაისის თვითმმართველობის ორგანოებს შორის. 3. ის ურთიერთობები, რომლებიც წარმოიშობა ქუთაისის მიერ საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქისა და განსაკუთრებული სტატუტის მქონე ქალაქის ფუნქციების განხორციელებისას და არ წესრიგდება ამ კანონით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 12. 1. ქუთაისის პოლიციის უფროსი აირჩევა მუნიპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების მიერ. 2. პოლიციის უფროსის არჩევის წესი და პროცედურები განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით. მუხლი 13 1. ქალაქ ქუთაისს განსაკუთრებული სტატუსიდან გამომდინარე აქვს საკუთარი გერბი და დროშა. ქალაქ ქუთაისის გერბს და დროშას, მათი გამოსახვის ფორმებსა და აღწერილობებს საქართველოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე და მისი თანხმობით ადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულო. დამტკიცებული გერბი და დროშა არ უნდა იყოს მუნიციპალური სიმბოლოების იდენტური. 2. მუხლი 14. 1. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ ქალაქ ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად შეიმუშაოს საკანონმდებლო ცვლილებები 3 თვის ვადაში და წარუდგინონ საქართველოს პარლამენტს განსახილველად. 2. საქართველოს მთავრობამ და ქალაქ ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ გამოყოს შესაბამისი უძრავი ქონება/ინფრასტრუქტურა ამ კანონით გათალისწინებული სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლობების შეუფერხებელი საქმიამობისათვის. მუხლი 15. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 თებერვლიდან საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე ქალაქ ქუთაისის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი კანონპროექტი მიზნად ისახავს, ხელისუფლების სამართლიანი დანაწილების პრინციპისთვის რეგიონალიზმის ელემენტის მინიჭებას. ქუთაისის, როგორც საპარლამენტო და ადმინისტრაციული დედაქალაქის სტატუსის მინიჭება განაპირობებს როგორც რეგიონების როლის გაზრდას პოლიტიკურ ეკონომიკურ პროცესებში, ასევე ქალაქის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის, როლის წარმოჩინებასა და პოპულარიზაციას. ქუთაისის პოლიტიკურ-ეკონომიკური სტატუსის ამაღლება განაპირობებს დედაქალაქსა და რეგიონებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული დამოკიდებულების დაბალანსებას, დასავლეთ საქართველოში საჯარო სამართლებრივი მომსახურების ხარისხის ამაღლებასა და ადმინისტრაციული რესურსების გაუმჯობესებას, რაც აისახება დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის აქტიურ ჩართულობაზე ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში, შესაბამისად გაზრდის სამოქალაქო საზოგადოების როლსა და ეფექტიანობას. საკანონმდებლო აქტივობის ერთ ქალაქში კონცენტრირება მიზნად ისახავს საკანონმდებლო საქმიანობის დასტაბილურებას, ცენტრალური ხელისუფლების დაქვემდებარებაში მყოფი მდგომარეობიდან გამომდინარე შექმნილი რთული ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივებას და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების შესაძლებლობების გაფართოებას. კანონპროექტი ემსახურება ქალაქ ქუთაისის, როგორც საპარლამენტო და ადმინისტრაციული დედაქალაქის პოტენციალის სრულად ათვისებას, რაც თავისთავად გულისხმობს ქალაქის საინვესტიციო პოტენციალის განვითარებას, ურბანისტიკისა და სოციალური ინფრასტრუქტურის სტრატეგიული პროგრამების შემუშავებას, საინჟინრო, არქიტექტურული და სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაგეგმარებას, სატრანსპორტო და კავშირგაბმულობის გაუმჯობესებას, წყალმომარაგებისა და კომუნალური მეურნეობის სისტემის მოდერნიზაციას, და განსაკუთრებული მნიშვნელობის ქალაქ-განვითარების დაფინანსებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას (კანონის მიღებას). ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლობების შექმნით გაიზრდება დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის პოლიტიკური ჩართულობა, აღნიშნული სახელმწიფო დაწესებულებები გახდება მეტად ხელმისაწვდომი ადგილობრივი მოქალაქეებისათვის, აღმოიფხვრება ბიუროკრატიული შემაფერხებელი მექანიზმები და განხორციელდება სახელმწიფო სტრუქტურების ძალაუფლების დეცენტრალიზაცია. 5 წლიანი სახელმწიფო პროგრამა განავითარებს ქალაქის ურბანისტიკას, სატრანსპორტო, წყალმომარაგებისა და კავშირგაბმულობის ინფრასტრუქტურას და მოახდენს ამ სისტემების მოდერნიზაციას. მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის ქალაქის ყოველწლიური ბიუჯეტის მართვისა და განკარგვის უფლებამოსილების გაზრდით, ასევე ქუთაისის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთების ქალაქის საკუთრებად გამოცხადებით, ხოლო მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილებით მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ქუთაისის მაცხოვრებელი ფიზიკური თუ იურიდიული პირების ინტერესები და შეიქმნება ინვესტორებისათვის საინტერესო და მიმზიდველი გარემო პირობები. იგივე მიზანს ემსახურება საწარმოების ეკონომიკური და სხვა საქმიანობით მიღებული შემოსავლების განკარგვა მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, რაც ეკონომიკური დოვლათის ადგილობრივად დაგროვების, სწორი, ეფექტური და ადგილობრივ პრობლემებზე ორიენტირებული გეგმების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა. ქუთაისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები აირჩევენ ქუთაისის პოლიციის უფროსს, რაც უზრუნველყოფს ქუთაისში მაცხოვრებელი ფიზიკური თუ იურიდიული პირების ინტერესების გათვალისწინებას, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ზრდას, მოხდება სანდოობის ზრდა სამართალდამცავი ორგანოების მიმართ და კანონის უზენაესობის განმტკიცება. ა. გ ) კანონპროექტი ძირითადი არსი წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ქალაქ ქუთაისს ენიჭება განსაკუთრებული სტატუსი. კერძოდ:  ქალაქი ქუთაისი ხდება საქართველოს საპარლამენტო და ადმინისტრაციული დედაქალი.  ქალაქი ქუთაისში საერთო სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის მიზნით, შეიქმნება შედეგი სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლობები: ა) საქართველოს მთავრობა; ბ) საქართველოს სამინისტროები; გ) დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოები; დ) საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური; ე) კონსტიტუციით და საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული სხვა ორგანოები, სამსახურები, დაწესებულებები.  საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის განვითარების 5 წლიანი სახელმწიფო პროგრამის შემუშავებას და რეალიზებას.  ქუთაისი განვითარების სახელმწიფო პროგრამა შეიცავს ა) საპარლამენტო და ადმისტრაციული დედაქალაქის სტატუსის განხორციელებისთვის აუცილებელი სამშენებლო, არქიტექტურულ-გეგმარებითი, სარეკონსტრუქციო სამუშაოების გეგმას და დაფინასების რესურსებს; ბ) საინჟინრო, სატრანსპორტო, წყალმომარაგების, კავშირგაბმულობის და სოციალური ინფრასტრუქტურის არსებული და შემდგომში აუცილებელი სისტემების განვითრების გეგმას და დაფინანსების რესურსებს; გ) ქალაქის კომუნალური მეურნეობის და სისტემების მოდერნიზაციის და განვითარების გეგმებს;  დ) სხვა საკითხებს, რომლებიც აუცილებელია ქალაქის განსაკუთრებულის სტატუსის მხარდასაჭერად. ქუთაისის პოლიციის უფროსის არჩევა მოხდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების მიერ. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; კანონპროექტის ძალაში შესვლის და კანონისათვის უკუძალის მინიჭების თარიღად შერჩეულ იქნა 2021 წლის 1 თებერვალი. აღნიშნული პერიოდი წარმოადგენს გონივრულ ვადას საპარლამენტო განხილვებისა და თანმდევი პროცედურებისათვის. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო; კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი. აღნიშნული კანონის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების გათვალისწინება მოხდება 2021 წლის და შემდგომი წლების ბიუჯეტებში. 2021 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტში, აღნიშნული კანონპროექტიდან გამომდინარე ცვლილებების ინიცირება მოხდება ბიუჯეტის განხილვების დროს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა საშემოსავლო ნაწილზე; სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კანონპროექტის მეორე მუხლის თანახმად, ქალაქ ქუთაისი ცხადდება საქართველოს საპარლამენტო და ადმინისტრაციულ დედაქალაქად, რის საფუძველზეც სამთავრობო დაწესებულებების სტრუქტურული ერთეულები/სამსახურის აპარატები ნაწილობრივ ან სრულ განთავსებას დაიწყებენ ქალაქის ტერიტორიაზე. აღნიშული გამოიწვევს მცირე ბიზნესის განვითარებას (სასტუმროების ბიზნესი, ბინების გაქირავება, კვების ობიექტების გახსნა და სხვა), რის შედეგადაც გაიზრდება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი, შესაბამისი ბიზნესებიდან შემოსული გადასახადების სახით. ამავდროულად, სამთავრობო დაწესებულებების და ადმინისტრაციული ერთეულების/წარმომადგენლობების ქუთაისში განთავსებისთვის საჭირო იქნება ახალი კადრების დასაქმება, რაც გამოიწვევს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას (საშემოსავლო გადასახადის ხარჯზე). ასევე, სსიპების შემთხვევაში, მომსახურებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი დღგ-ს ზრდის მიმართულებით, მოხდება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდა. კანონის პროექტის მერვე მუხლის თანახმად, ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთები, ქონება რომელსაც არ ჰყავს კანონიერი მესაკუთრე ან მფლობელი, ცხადდება ქალაქის საკუთრებად. აღნიშნული ქონების პრივატიზირების შემთხვევაში, შესაბამისი საპრივატიზებო საფასურის ჩარიცხვა მოხდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, რაც გამოიწვევს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას. ასევე, კანონის პროექტის მეცხრე მუხლის თანახმად, ქალაქის ტერიტორიაზე მოქმედი სსიპების, სახელმწიფო და მუნიციპალური საწარმოების ეკონომიკური და სხვა საქმიანობით მიღებული შემოსავლების განკარგვა დარეგულირდება შესაბამისი ნორმატიული/საკანონმდებლო აქტებით, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს აღნიშნული სუბიექტების საქმიანობიდან მობილიზებული ზოგიერთი სახის გადასახადის მიმართვა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტისა; აღნიშნული ცვლილება თავის მხრივ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის კლებას და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას. გრძელვადიან პერიოდში, კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ქალაქ ქუთაისში ეკონომიკური საქმიანობის წახალისებას, რის შედეგადაც, მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის მნიშვნელოვანი ზრდა. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კანონის პროექტის თანახმად, ქალაქ ქუთაისი ცხადდება საქართველოს საპარლამენტო და ადმინისტრაციულ დედაქალაქად. შესაბამისად საქართველოს სამთავრობო დაწესებულებები და ადმინისტრაციული ორგანოები, მთავრობის მიერ დადგენილი გეგმის შესაბამისად, უზრუნველყოფენ სტრუქტურული ერთეულების და საჯარო სამსახურის აპარატის ეტაპობრივ განთავსება ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე. აღნიშნული ღონისძიებების უზრუნველყოფა მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სუბსიდირების გზით, რაც გამოიწვევს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდას. ასევე, ცალკეული დაწესებულებების შემთხვევაში (მაგალითად საქართველოს პარლამენტი), მოხდება ადმინისტრაციული ხარჯების ზრდა, ისეთი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, როგორიცაა (თანამშრომელთათვის გადასახდელი ბინის უზრუნველყოფის თანხები, ავტომობილით მომსახურების ხარჯები, საწვავის ხარჯები და ა.შ), რაც ასევე გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე და გამოიწვევს მის ზრდას. 2012 წელს, ქუთაისში პარლამენტის გადატანა, სრული დატვირთვით, დაკავშირებული იყო თვიურად დაახლოებით 300 ათას ლართან (ტრანსპორტირება, საწვავის ხარჯი, ბინის ქირაობა). შესაბამისად, სამთავრობო დაწესებულებების ეტაპობრივი განთავსება ქუთაისის ტერიტორიაზე (იმ შემთხვევაში თუ ყველა უწყებაში დასაქმდება დაახლოებით 1000 კაცი) დაკავშირებული იქნება ყოველწლიურად დაახლოებით 5 მილიონ ლართან. იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდება, სამთავრობო დაწესებულებების და ადმინისტრაციული ერთეულების/წარმომადგენლობების ქუთაისში განთავსებისთვის ახალი კადრების მობილიზება, მოხდება ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდა , შრომის ანაზღაურებაზე გასაწევი ხარჯების მიმართულებით. ასევე თავდაპირველად, 2021 წლის ბიუჯეტიდან გასაწევი იქნება ისეთი ხარჯები, როგორიცაა შენობა-ნაგებობების უზრუნველყოფა, შიდა ინვენტარი, დამატებითი ავტომობილები და ა.შ კანონპროექტის მეექვსე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ, ქალაქ ქუთაისის განვითარების 5 წლიანი სახელმწიფო პროგრამის შემუშავებას და რეალიზება, რომელშიც ასევე ჩართული იქნება ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო, მოხდება თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში და არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო /მუნიციპალიტეტის ხარჯვით ნაწილზე. ამავე მუხლის თანახმად, დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად საჭირო იქნება მიზნობრივი ტრანსფერების ზრდა, რაც თავის მხრივ გაზრდის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს. კანონპროექტის მეთორმეტე მუხლის თანახმად, ქუთაისის პოლიციის უფროსის აირჩევა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების მიერ. აღნიშნული ინიციატივამ შესაძლოა გამოიწვიოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილის ზრდას; მოსალოდნელი ხარჯების დეტალური განსაზღვრა მოხდება, პოლიციის უფროსის არჩევის წესის და პროცედურების შესაბამისი კანონმდებლობით დადგენის შემდეგ. კანონპროექტის მეცამეტე მუხლის შესაბამისად, ქუთაისის განსაკუთრებული სტატუსიდან გამომდინარე, შემუშავდება ქალაქის ახალი დროშა და გერბი. აღნიშნულის ფინანსური უზრუნველყოფა მოხდება ქალაქ ქუთაისის საკრებულოს ბიუჯეტიდან და გერბისა და დროშის შექმნისათვის, საკრებულოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში, საპრიზო ფონდი განისაზღვრება არაუმეტეს 10 ათასი ლარისა. კანონპროექტის მეთოთხმეტე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ქალაქ ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად შეიმუშავებს საკანონმდებლო ცვლილებებს 3 თვის ვადაში და წარუდგინონ საქართველოს პარლამენტს განსახილველად. აღნიშნული აქტივობის განხორციელება უზრუნველყოფილი იქნება მხარჯავი დაწესებულებების უფლებამოსილებების ფარგლებში; შესაბამისად, დაფინანსდება საქართველოს მთავრობასა და ქალაქ ქუთაისის ადგილობრივ თვითმართველობის ასიგნებების ფარგლებში და არ გამოიწვევს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილის ზრდას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; კანონპოექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე, სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; ქალაქ ქუთაისის საპარლამენტო და ადმინისტრაციულ დედაქალაქად გამოცხადება, გამოიწვევს მცირე ბიზნესების განვითარებას (კვების ობიექტები, სერვისებით მომსახურება, ბინის გაქირავება და ა.შ). შესაბამისად, კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ქალაქ ქუთაისში და მის შემოგარენში მცხოვრები მოქალაქეების დასაქმების და მისაღები შემოსავლების ზრდას. ამავდროულად, სამთავრობო დაწესებულებების და ადმინისტრაციული ერთეულების/წარმომადგენლობების ქუთაისში განთავსებისთვის საჭირო იქნება ახალი კადრების მობილიზებაც, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს დასაქმებას და შემოსავლების ზრდას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი და მოსაკრებელი. ბ1 ) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება; კანონპროექტი არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი. კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში. კანონპროექტის შემუშავებაში ამ პუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაცია/დაწესებულებებს, ექსპერტებსა და სამუშაო ჯგუფებს მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ ასეთი არ არის დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე ) კანონპროექტის ავტორი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა ვ ) კანონპროექტის ინიციატორი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“