„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
28.09.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან კობერიძე, საქართველოს მოქალაქეები: კახა კოჟორიძე; მარიამ რობაქიძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან კობერიძე
ნომერი
#07-3/498/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-10-05
ბიუროს ნომერი 395

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონს „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) დაემატოს შემდეგი შინაარსის 511 მუხლი: „ მუხლი 511. წინასაარჩევნო პოლიტიკური დებატები 1. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სახელისუფლებო პარტიის/ბლოკის მიერ წარდგენილი თითოეული კანდიდატი ვალდებულია ერთხელ მაინც მიიღოს მონაწილეობა ყველა იმ საერთო მაუწყებლის მიერ გამართულ პოლიტიკურ დებატებში, რომელიც მიიწვევს კანდიდატს ასეთ დებატებში მონაწილეობის მისაღებად. 2. სახელისუფლებო პარტიის/ბლოკის იმ კანდიდატს, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ვალდებულებას დაარღვევს ორჯერ, ასეთი ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაუუქმდება რეგისტრაცია.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: დასავლეთის ქვეყნებში აღიარებული და დამკვიდრებული პრაქტიკაა წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური დებატების გამართვა. დებატები ასრულებს ამომრჩევლის ინფორმირების ფუნქციას, რაც ამომრჩეველს აძლევს გაცნობიერებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას. დებატების გამართვა არის გლობალური ტენდენცია. მიიჩნევა, რომ დებატების გამართვა დემოკრატიას მრავალმხრივ ეხმარება.1 დებატების დროს ამომრჩეველს აქვს შესაძლებლობა მარტივად შეადაროს კანდიდატები ერთმანეთს, რაც ზრდის სწორი არჩევანის გაკეთების ალბათობას. ქართულ პოლიტიკურ რეალობაში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სახელისუფლებო ძალების მიერ წარდგენილი საარჩევნო კანდიდატები მონაწილეობას არ იღებენ მედიასაშუალებების მიერ გამართულ პოლიტიკურ დებატებში. სახელისუფლებო პარტიები ნაცვლად იმისა, რომ აქცენტს აკეთებდნენ განათლებულ, პროფესიონალ და სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებზე, ისინი კვლავ ეყრდნობიან ადმინისტრაციულ და ფინანსურ რესურსს. სახელისუფლებო პარტიის კანდიდატების უარი პოლიტიკურ დებატებზე, ოპოზიციურ სპექტრს, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, არ აძლევს სათანადო ინტერაქციის საშუალებას ამ კანდიდატებთან, ამომრჩეველს კი ართმევს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალებას, რაც აფერხებს ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესს. 1 NDI, international guide …. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: დასავლური ქვეყნების პოლიტიკური რეალობა არ საჭიროებს წინასაარჩევნო პოლიტიკურ დებატებში კანდიდატების მონაწილეობის საკანონმდებლო უზრუნველყოფას, ვინაიდან საარჩევნო სუბიექტებს შორის წინასაარჩევნო დებატები პოლიტიკური კულტურის ნაწილია. წინასაარჩევნო პერიოდში ქართულ პოლიტიკურ რეალობაში, მსგავსი კულტურის არ არსებობა ქმნის ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულირების აუცილებლობას. სახელისუფლებო პარტიის კანდიდატების დავალდებულება, საერთო მაუწყებლის მხრიდან მოწვევის შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ დებატებში, წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ყველაზე ნაკლებად შემზღუდავ საშუალებას. კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილებები დროის მოკლე მონაკვეთში შედეგის მიღწევის ყველაზე ქმედით მექანიზმს წარმოადგენს, ვინაიდან პოლიტიკურ დებატებში სახელისუფლებო პარტიის კანიდიდატების მონაწილეობა მისცემს ამომრჩეველს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილებები დაავალდებულებს სახელისუფლებო ძალის მიერ წარდგენილ კანდიდატებს პოლიტიკური დებატების ფორმატში წარდგნენ ამომრჩევლის წინაშე, რაც ამომრჩეველს მისცემს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების საშუალებას, თავად სახელისუფლებო პარტიასა და ოპოზიციურ ძალებს კი დღეს არსებული რეალობისგან განსხვავებით, ჩააყენებს შედარებით თანასწორ პირობებში და გაზრდის დემოკრატიულობის ხარისხს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი ითვალისწინებს სახელისუფლებო პარტიის/ბლოკის კანდიდატების ვალდებულებას წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მონაწილეობა მიიღოს საერთო მაუწყებლის მიერ ორგანიზებულ პოლიტიკურ დებატებში. აღნიშნული ვალდებულება სულ მცირე ერთხელ უნდა შესრულდეს ყველა იმ საერთო მაუწყებლის მიმართ, რომელიც კანდიდატს მიიწვევს პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის მისაღებად. კანდიდატის მხრიდან, ერთი და იმავე ან/და სხვა და სხვა საერთო მაუწყებლის მიწვევაზე ორჯერ უარის თქმა სასამართლოს გადაწტყვეტილების საფუძველზე გამოიწვევს ამ კანდიდატის რეგისტრაციის გაუქმებას. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით წარმოდგენილი კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ნორმა, რომლებიც კანონპროექტით საქართველოს საარჩევნო კოდექსს ემატება, გამოიყენება საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში. შესაბამისად, ვინაიდან აღნიშნული არჩევნები დანიშნულია და კანონპროექტით წარმოდგენილი ნორმების გამოყენება მიმდინარე და უახლოეს პერიოდებში არის საჭირო. მიზანშეწონილია, რომ კანონპროექტი დაჩქარებული წესით იქნეს განხილული და მიღებული. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მინიციპალიტეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს ვალდებულების აღებას. სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი). ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს ე) კანონპროექტის ავტორი: კახა კოჟორიძე; ლევან კობერიძე; მარიამ რობაქიძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი - ლევან კობერიძე.