„ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
16.12.2020
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/4/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ერთი მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-12-21
ბიუროს ნომერი 3

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge), 26/12/2019, სარეგისტრაციო კოდი: 300350000.05.001.019726) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-11 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 30 სექტემბრამდე უზრუნველყოს სამინისტროს მიერ შემუშავებული შემდეგი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცება: ა) საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე; ბ) საყოფაცხოვრებო მოხმარების სამაცივრე მოწყობილობის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე; გ) საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე; დ) ტელევიზორის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე; ე) საყოფაცხოვრებო მოხმარების ჰაერის კონდიციონერის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე; ვ) საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულების ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე; ზ) პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე; თ) საყოფაცხოვრებო გამათბობელი საშუალებების ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე; ი) მყარი საწვავის ბოილერისა და მყარი საწვავის ბოილერის კომპლექტების, დამატებითი გამათბობლების, ტემპერატურის მარეგულირებლებისა და მზის ენერგიის მიმღები მოწყობილობების ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე. კ) საყოფაცხოვრებო მოხმარების სამზარეულო ღუმლისა და გამწოვის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე; ლ) მტვერსასრუტის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე; მ) წყლის გამათბობლის, ცხელი წყლის ავზის, წყლის გამაცხელებლისა და მზის პანელის კომპლექტების ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე; ნ) გამათბობლის, გამათბობლის კომპლექტების, ტემპერატურის კონტროლის მზის პანელებისა და გამათბობლის კომბინირებული კომპლექტების, ტემპერატურის კონტროლისა და მზის პანელების ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე; ო) ელექტრონათურისა და სანათის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე; პ) საყოფაცხოვრებო მოხმარების საშრობი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე; ჟ) საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე.“. ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლი ითვალისწინებს გარდამავალ დებულებებს, რომლებიც შეეხება საქართველოს მთავრობის მიერ კანონქვემდებარე აქტების მიღება/გამოცემის ვალდებულებას. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაგეგმილი ჰქონდა სამუშაო შეხვედრები იმ ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან, რომელთაც აღნიშნული კანონის მოქმედება უშუალოდ შეეხება, მათი საქმიანობიდან გამომდინარე. შეხვედრები ითვალისწინებდა ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს მისაღებ რეგულაციებთან დაკავშირებით, თუმცა კოვიდ-19 პანდემიის და შესაბამისი შეზღუდვებიდან გამომდინარე აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება ვერ მოხერხდა. შესაბამისად, საჭირო გახდა გარდამავალ დებულებებში ცვლილებების განხორციელება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ის ვადები, რომელთა გადაწევას ითვალისწინებს კანონპროექტი განსაზღვრულია კანონით შესაბამისად, მათი შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ საკანონმდებლო აქტით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: გარდამავალ დებულებებში ცვლილებების განხორციელება საშუალებას მისცემს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კანონიდან გამომდინარე ვალდებულებები უკეთ გააცნონ იმ ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს, რომელთაც კანონის ამოქმედება უშუალოდ შეეხება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის ძირითად არსს წარმოადგენს საქართველოს მთავრობის მიერ კანონქვემდებარე აქტების მიღება/გამოცემის ვადის გადავადება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, უკუძალის მექანიზმს წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ასეთი არ მოითხოვება ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტით გათვალისწინებული აუცილებელი ხარჯები დაფინანსდება შესაბამისი სახელმწიფო უწყების ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. იქიდან გამომდინარე, რომ შესაბამისი ნორმები უნდა ამოქმედებულიყო 2020 წლის 31 დეკემბრიდან, შესაბამისი პირების მიმართ ჯარიმის და საურავის მხრივ გავლენა შესაძლოა დამდგარიყო 2021 წლის 30 სექტემბრამდეც, რაც გავლენას იქონიებდა სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზეც. ამიტომ, გავლენის ოდენობა მოსალოდნელია რომ ყოფილიყო უფრო დიდი 2020 წლის 31 დეკემბერს ამოქმედების შემთხვევაში, ვიდრე წარმოდგენილი ცვლილების შემდეგ იქნება 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კანონპროექტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის 2021 წლის 30 სექტემბრიდან წესდება პასუხისმგებლობის შესაბამისი ფორმები ჯარიმების/საურავის სახით, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს 2021 წლის სახელმწიფოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის სრულყოფილად ამოქმედების მიზნით აუცილებელია კანონპროექტის მე-11 მუხლით განსაზღვრული საყოფაცხოვრებო მოწყობილობებისათვის 16 ტექნიკური რეგლამენტის შემუშავება, რომელთაგან 8 ტექნიკური რეგლამენტის პროექტზე დასრულებულია მუშაობა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით. ვინაიდან აღნიშნული ღონისძიებები უნდა განხორციელდეს 2021 წელს, დარჩენილი 8 ტექნიკური რეგლამენტის შესამუშავებლად ხარჯების გამოყოფა განხორციელდება 2021 წელის საელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი სახელმწიფო უწყებისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, მიმწოდებლები, რომლებიც ბაზარზე განათავსებენ ან ექსპლუატაციაში გაუშვებენ პროდუქტს, ვალდებულნი არიან უზრუნველყონ პროდუქტთან ერთად ეტიკეტისა და ფიშეს მიწოდებაც, რითაც შესაძლოა მიმწოდებლებს დამატებითი ფინანსური ვალდებულებები წარმოეშვათ. „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, თუ ნიმუშების ტექნიკური შემოწმებისას დადგინდა, რომ ზედამხედველობას დაქვემდებარებული პროდუქტი არ შეესაბამება შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მიმწოდებელი/დილერი ვალდებულია სრულად აანაზღაუროს უფლებამოსილი პირის მიერ გაწეული ხარჯები. ასეთ შემთხვევებში მიმწოდებელს/დილერს წარმოეშობა დამატებითი ფინანსური ვალდებულებები. ასევე, ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევისთვის 2021 წლის 30 სე- ქტემბრიდან მიმწოდებლებს/დილერებს დაეკისრებათ ჯარიმები/საურავი, რაც ასევე გამოიწვევს ფინანსურ ვალდებულებებს. ამასთანავე, აღსანიშნავია ისიც, რომ იმ შემთხვევაში, თუ 2020 წლის 31 დეკემბრიდან მოხდებოდა შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტების მიღება და ამოქმედება, მოსალოდნელი იქნებოდა რომ უფრო მეტი პირი დაჯარიმებულიყო ვიდრე ეს შეიძლება მოხდეს თარიღის გადაწევის შემთხვევაში, ამიტომ წარმოდგენილი ცვლილება დადებითად აისახება იმ პირებზე, რომელთა მიმართაც გავლენას იქონიებს აღნიშნული ცვლილებები, კერძოდ ამ პირებს მიეცემათ დრო, რათა უზრუნველყონ მათი საქმიანობის შესაბამისობაში მოყვანა ტექნიკურ რეგლამენტებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს დამატებითი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება კანონპროექტის მოქმედება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული დამატებითი ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: გარდამავალ დებულებებში ცვლილებების განხორციელების შესახებ ელექტრონული ფოსტით, წერილობით ეცნობა ენერგეტიკულ თანამეგობრობას, რომელიც დაეთანხმა მიერ წარმოდგენილ არგუმენტებს კანონის ამოქმედების გადადებასთან დაკავშირებით. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.