„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში’’ ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
23.12.2020
ავტორი
პარლამენტის წევრები: ბექა დავითულიანი, მაია ბითაძე, ირაკლი ზარქუა
ნომერი
#07-3/10/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-12-28
ბიუროს ნომერი 7

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში’’ ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსს’’ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.08.2018, სარეგისტრაციო კოდი: 330090000.05.001.019104) დაემატოს შემდეგი შინაარსის 1412 მუხლი: „1412. საზოგადოებრივ ან/და მის მომიჯნავე ტერიტორიაზე დროებითი შენობანაგებობის − ჯიხურის მშენებლობის შეტყობინების ან მშენებლობის ნებართვის გარეშე განთავსებისათვის სამართალდამრღვევი სუბიექტის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება 1. ის სამართალდამრღვევი სუბიექტი, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედებამდე დაეკისრა პასუხისმგებლობა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 130-ე-132-ე მუხლებით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევისათვის, რაც გამოიხატა ამ სუბიექტის მიერ საზოგადოებრივ ან/და მის მომიჯნავე ტერიტორიაზე დროებითი შენობა-ნაგებობის − ჯიხურის მშენებლობის შეტყობინების ან მშენებლობის ნებართვის გარეშე განთავსებაში და ამ მუხლის ამოქმედების მომენტისათვის ჯარიმის/საურავის თანხა არა აქვს გადახდილი ან გადახდილი აქვს ნაწილობრივ, თავისუფლდება ჯარიმის/საურავის თანხის ან/და მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებისაგან, ხოლო ის სამართალდამრღვევი სუბიექტი, რომლის მიერ ამ მუხლის ამოქმედების მომენტისათვის ჩადენილია ზემოაღნიშნული სამართალდარღვევა, თუმცა მის მიმართ არ არის დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება ან სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებულია, მაგრამ არ არის გამოტანილი დადგენილება, თავისუფლდება ამ კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობისაგან. 2. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო: ა) იმ სამართალდამრღვევი სუბიექტის მიმართ, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედებამდე დაეკისრა პასუხისმგებლობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამშენებლო საქმიანობის სფეროში ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევისათვის და ამ მუხლის ამოქმედების მომენტისათვის ჯარიმის/საურავის თანხა არა აქვს გადახდილი ან გადახდილი აქვს ნაწილობრივ, ძალადაკარგულად აცხადებს დადგენილებას ჯარიმის ან/და საურავის დაკისრების შესახებ; ბ) იმ სამართალდამრღვევი სუბიექტის მიმართ, რომლის მიერ ამ მუხლის ამოქმედების მომენტისათვის ჩადენილია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევა, თუმცა მის მიმართ არ არის დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება ან სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებულია, მაგრამ არ არის გამოტანილი დადგენილება, იღებს დადგენილებას დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში’’ ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში’’ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის (შემდგომში - კანონპროექტი) მომზადება განპირობებულია შემდეგი გარემოებით: უკვე თითქმის ერთი წელია მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებულია ახალი კორონავირუსი ,,COVID-19”. აღნიშნული კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების მიზნით, ჯერ კიდევ 2020 წლის 28 იანვარს საქართველოს მთავრობის მიერ გამოიცა #164 განკარგულება „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“, რომელმაც დაადგინა გარკვეული ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობა. ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებისა და შინაარსის გათვალისწინებით, 2020 წლის 11 მარტს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი - ,,COVID-19” პანდემიად გამოაცხადა. საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლიდან და „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ პანდემიაზე შესაბამისი რეაგირების მიზნით და იმისათვის, რომ სახელმწიფომ შეასრულოს თავისი კონსტიტუციური ვალდებულება – უზრუნველყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირება და სიტუაციის მართვა, საქართველოში გარკვეული ვადით გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. ცნობილია, რომ პანდემიამ უკვე გამოიწვია ეკონომიკური კრიზისი, რომელიც სახეზეა მძლავრი ეკონომიკის მქონე ბევრ სახელმწიფოშიც, ხოლო საქართველოში მისი შეძლებისდაგვარად თავიდან აცილების მიზნით, მათ შორის, მიღებულ იქნა ჯერ „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილება, შემდეგ კი „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილება, რომლებმაც განსაზღვრეს კერძო საკუთრებასთან დაკავშირებულ რეგულაციები, ცალკეული ობიექტების ვალდებულებები და სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებს, გარკვეული დაშვებები და მთელი რიგი შეზღუდვები. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ შესაბამისი პირები, ცხადია ორიენტირებულები აღმოჩნდნენ ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაზე და სახელმწიფოს მიერ დადგენილი რეგულაციების დაცვაზე, რამაც რიგ შემთხვევებში გამოიწვია გარკვეული გადაცდომები ადმინისტრაციული წარმოების ვადებთან დაკავშირებით. კერძოდ, „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული წესის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით: „საზოგადოებრივ ან/და მის მომიჯნავე ტერიტორიაზე განთავსებული დროებითი შენობისა და ნაგებობის გამოყენების მაქსიმალური ვადაა 1 წელი და შესაძლებელია ყოველი ვადის ამოწურვის შემდეგ ვადის მაქსიმუმ 1 წლით გაგრძელება. ვადის გაგრძელების მოთხოვნით განაცხადი მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოში წარდგენილი უნდა იქნეს ვადის გასვლამდე. ვადის ამოწურვის შემდეგ, როდესაც არ ხდება ვადის გაგრძელება, აუცილებელია დროებითი შენობისა და ნაგებობის დემონტაჟი (დაშლა/დანგრევა), ტერიტორიიდან გატანა, აგრეთვე ამ ტერიტორიის კეთილმოწყობა ან/და პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა“. ანუ, დროებითი შენობა-ნაგებობის გამოყენება შესაძლებელია მაქსიმუმ 1 წლით. ამ ვადის გასვლამდე კი შესაბამისი სუბიექტი ვალდებულია თავიდან მიმართოს მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს და თავიდან მიიღოს შენობა-ნაგებობის გამოყენების უფლება ისევ არაუმეტეს 1 წლის ვადით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ უფლების მიღების გარეშე საქმიანობის კვლავ გაგრძელება ითვლება სამშენებლო სამართალდარღვევად და მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია დაიწყოს შესაბამისი სამართალდარღვევის საქმის წარმოება . თუმცა, სწორედ ზემოაღნიშნული გარემოებების გამო (პანდემია), რიგ შემთხვევებში შესაბამისი პირების მიერ (დროებითი შენობა-ნაგებობის - ჯიხურების გამომყენებელი სუბიექტების მიერ) მოხდა აღნიშნული ვადის გაშვება. ჯიხურის გამოყენებისათვის განკუთვნილი 1 წლიანი ვადა გავიდა, თუმცა მათ მიერ არ მომხდარა მუნიციპალიტეტისათვის მიმართვა და ამ ვადის გაგრძელება. ამასთანავე, ამ პირების მიერ გაგრძელდა ამ ჯიხურების გამოყენება. შესაბამისად, მათ მიმართ განხორციელდა შესაბამისი ჯარიმების გამოწერა. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით (პანდემია და მისგან გამოწვეული კრიზისი), გამონაკლისის სახით, მიზანშეწონილია, რომ ამ პირების მიმართ განხორციელდეს ერთჯერადი აქტი სახელმწიფოს მხრიდან ამ ჯარიმების პატიების კუთხით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: აღწერილი პრობლემების გადასაჭრელად აუცილებელია შესაბამის საკანონმდებლო აქტში ცვლილებების განხორციელება. სანქცია-საურავებისაგან გათავისუფლება კი, რომელიც ასევე გათვალისწინებულია კანონპროექტით, შესაძლებელია მხოლოდ საკანონმდებლო აქტით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებას დადებითი გავლენა ექნება იმ პირებზე, ვის მიმართაც მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ გამოიწერა ჯარიმა ან დაწყებულია წარმოება. ამ პირებს ჩამოეწერებათ, ეპატიებათ გადაუხდელი ჯარიმა/საურავები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წინამდებარე კანონპროექტით გათვალისწინებულია გარდამავალ დებულებებში 2 141 მუხლის დამატება. 1. ამ მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს კონკრეტულ საკითხს, თუ ვინ ექვემდებარება პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას, კერძოდ ის სამართალდამრღვევი სუბიექტი, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედებამდე დაეკისრა პასუხისმგებლობა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 130-ე-132-ე მუხლებით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევისათვის, რაც გამოიხატა ამ სუბიექტის მიერ საზოგადოებრივ ან/და მის მომიჯნავე ტერიტორიაზე დროებითი შენობა-ნაგებობის − ჯიხურის მშენებლობის შეტყობინების ან მშენებლობის ნებართვის გარეშე განთავსებაში და ამ მუხლის ამოქმედების მომენტისათვის ჯარიმის/საურავის თანხა არა აქვს გადახდილი ან გადახდილი აქვს ნაწილობრივ, თავისუფლდება ჯარიმის/საურავის თანხის ან/და მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებისაგან, ხოლო ის სამართალდამრღვევი სუბიექტი, რომლის მიერ ამ მუხლის ამოქმედების მომენტისათვის ჩადენილია ზემოაღნიშნული სამართალდარღვევა, თუმცა მის მიმართ არ არის დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება ან სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებულია, მაგრამ არ არის გამოტანილი დადგენილება, თავისუფლდება ამ კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობისაგან. 2. ამ მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილებას, თუ რა ქმედებები უნდა განახორციელოს ამ კანონის მიღების შემდგომ, კერძოდ, იგი უფლებამოსილია: ა) იმ სამართალდამრღვევი სუბიექტის მიმართ, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედებამდე დაეკისრა პასუხისმგებლობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამშენებლო საქმიანობის სფეროში ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევისათვის და ამ მუხლის ამოქმედების მომენტისათვის ჯარიმის/საურავის თანხა არა აქვს გადახდილი ან გადახდილი აქვს ნაწილობრივ, ძალადაკარგულად აცხადებს დადგენილებას ჯარიმის ან/და საურავის დაკისრების შესახებ; ბ) იმ სამართალდამრღვევი სუბიექტის მიმართ, რომლის მიერ ამ მუხლის ამოქმედების მომენტისათვის ჩადენილია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევა, თუმცა მის მიმართ არ არის დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება ან სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებულია, მაგრამ არ არის გამოტანილი დადგენილება, იღებს დადგენილებას დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში: წინამდებარე პუნქტი არ ვრცელდება განსახილველ კანონპროექტის მიმართ, რადგან იგი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის მიღება მიზანშეწონილი მოხდეს დაჩქარებული წესით. დღეის მდგომარეობით, პროექტით გათვალისწინებულ სამართალდამრღვევ სუბიექტების მიმართ გამოწერილია დადგენილებები სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ. ჯარიმების შესაბამის ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში კი დადგენილება აღსასრულებლად მიექცევა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. გამომდინარე იქიდან, რომ ამ პირთა მიმართ წინამდებარე კანონპროექტის მიხედვით ხდება ამ ჯარიმების პატიება, მიზანშეწონილია რომ ეს კანონი მიღებულ იქნას რაც შეიძლება დროის მოკლე მონაკვეთში, რათა თავიდან იქნას აცილებული ამ პირთა მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული შემდგომი პროცედურები (სააღსრულებო წარმოების კუთხით). ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, კანონით გათვალისწინებული პირები გათავისუფლებულები იქნებიან პასუხისმგებლობისაგან, რაც თავის მხრივ გულისხმობს ბიუჯეტში გადასახდელი ჯარიმების/საურავების არ გადახდას. დედაქალაქის მასშტაბით, ეს თანხა დაახლოებით შეადგენს 300000 ლარს. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ ითვალისწინებს საჯარო ზედამხედველობის განხორციელების სფეროში უფლებამოსილი ორგანოსთვის რაიმე ახალი ფუნქციის მინიჭებას, რის გამოც წინამდებარე კანონპროექტის მიღებით დამატებითი ხარჯის გაღება იქნებოდა საჭირო, შესაბამისად, კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება არსებული რესურსით. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება დადებით სოციალურ-ეკონომიკურ გავლენას მოახდენს იმ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე, რომლებზეც გავრცელდება მისი მოქმედება, ვინაიდან ისინი გათავისუფლდებიან დაკისრებული და გადაუხდელი ჯარიმების/საურავების გადახდის ვალდებულებისაგან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრას. ამასთანავე, კანონპროექტით გათვალისწინებულია შესაბამისი სუბიექტის მიერ საზოგადოებრივ ან/და მის მომიჯნავე ტერიტორიაზე დროებითი შენობა-ნაგებობის − ჯიხურის მშენებლობის შეტყობინების ან მშენებლობის ნებართვის გარეშე განთავსებისათვის დაკისრებული ჯარიმის/საურავის თანხის ან/და მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლება. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ გამომდინარეობს ბავშვის უფლებათა კოდექსიდან. კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე, რადგან იგი არ ეხება ბავშვთა უფლებებს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: პარლამენტის წევრები: ბექა დავითულიანი, მაია ბითაძე, ირაკლი ზარქუა ვ) კანონპროექტის ინიციატორი: პარლამენტის წევრები: ბექა დავითულიანი, მაია ბითაძე, ირაკლი ზარქუა