„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
10.02.2021
ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-02-15
ბიუროს ნომერი 23

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მუხლი 1. „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 86) 121 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფასა და საქმიანობის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 121 მუხლი ეხება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს (შემდგომში – საბჭო), რომლის ამოცანაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრა, საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავება, პერიოდული განახლება და შესრულების მონიტორინგი. გასათვალისწინებელია, რომ ამავე კანონის შესაბამისად, საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა, ასევე, საბჭოს უფლებამოსილებასა და მუშაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა, ხოლო საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფასა და საქმიანობის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფის მეშვეობით. გამომდინარე იქედან, რომ საბჭოს საქმიანობის ძირითად ასპექტებში ჩართულია საქართველოს მთავრობა, ხოლო „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე13 მუხლის შესაბამისად, მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის მიზნით შექმნილია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, მიზანშეწონილია, რომ საბჭოს მუშაობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა და საქმიანობის ადმინისტრირება განახორციელოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, ნაცვლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფისა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: გამომდინარე იქედან, რომ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონით დადგენილია, რომ საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფასა და საქმიანობის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფის მეშვეობით, აუცილებელია ცვლილება განხორციელდეს აღნიშნულ კანონში, რათა საბჭოს მუშაობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა და საქმიანობის ადმინისტრირება განახორციელოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფასა და საქმიანობის ადმინისტრირებას განახორციელებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, ნაცვლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფისა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტის თანახმად, ცვლილება შედის კანონის 121 მუხლის მე-5 პუნქტში, რომლის შესაბამისად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფასა და საქმიანობის ადმინისტრირებას განახორციელებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, ნაცვლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფისა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონოპროექტი კავშირშია სამთავრობო პროგრამა 2021 – 2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“. კერძოდ, აღნიშნული პროგრამის მე-4 პუნქტის (სახელმწიფო მმართველობა) შესაბამისად, ეფექტიანი სახელმწიფო მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით, გააქტიურდება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა: გაგრძელდება ანტიკორუფციული პოლიტიკის (სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის) აქტიური განხორციელება, კორუფციის პრევენციის საერთაშორისო მექანიზმების დანერგვა. ამაღლდება საზოგადოების ცნობიერება კორუფციულ დანაშაულებსა და მათთან ბრძოლის მეთოდებზე. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ცვლილების დროულად ამოქმედება. წარმოდგენილი ცვლილებით გათვალისწინებული არ არის კანონისთვის უკუძალის მინიჭების საკითხი. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): მიზანშეწონილია კანონპროექტი საქართველოს პარლამენტის მიერ განხილულ იქნეს დაჩქარებული წესით, ვინაიდან, მნიშვნელოვანია, რომ საბჭოს მუშაობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა და საქმიანობის ადმინისტრირება განახორციელოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ეფექტურად და დროულად შესრულდეს სამთავრობო პროგრამის 2021 – 2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ მე-4 პუნქტის (სახელმწიფო მმართველობა) ერთ-ერთი ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისადაც, ეფექტიანი სახელმწიფო მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით, გააქტიურდება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა: გაგრძელდება ანტიკორუფციული პოლიტიკის (სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის) აქტიური განხორციელება, კორუფციის პრევენციის საერთაშორისო მექანიზმების დანერგვა. ამაღლდება საზოგადოების ცნობიერება კორუფციულ დანაშაულებსა და მათთან ბრძოლის მეთოდებზე. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტით გათვალისწინებულ ფუნქციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია განახორციელებს მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში. აქვე, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფი სხვა ფუნქციებთან ერთად აღნიშნულ ფუნქციას ასრულებდა იუსტიციის სამინისტროსთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში. აღნიშნული ქვედანაყოფი გააგრძელებს სხვა ფუნქციების შესრულებას იგივე საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება. კერძოდ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია კანონპროექტით გათვალისწინებულ ფუნქციას შეასრულებს არსებული ადამიანური რესურსის ფარგლებში. აღნიშნული ცვლილება არც იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ სტრუქტურულ ქვედანაყოფში დასაქმებულ პირებზე იქონიებს გავლენას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს (ფულადი შენატანს). ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.