საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-406/21; 20.01.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
23.02.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-2383/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-01
ბიუროს ნომერი 30

📜 ტექსტი

დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-2383/21 23-02-2021 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა საქართველოს მოქალაქის ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-406/21; 20.01.2021). საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2021 წლის 23 თებერვლის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქის ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1661 მუხლი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ისეთი სამართალდარღვევის ჩადენისათვის, როგორიცაა სექსუალური შევიწროება. იმავე კოდექსის 239-ე მუხლის 601 ნაწილის თანახმად, სექსუალური შევიწროების საქმეზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს შინაგან საქმეთა ორგანოების უფლებამოსილი პირი და აღნიშნულ საქმეს განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო. „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი განმარტავს სექსუალური შევიწროების, როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმის ცნებას (მუხლი 2. პუნქტი 32). იმავე კანონის მე-6 მუხლისა და „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის141 მუხლის მიხედვით, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი, რომელსაც თავისი ფუნქციების შესასრულებლად გააჩნია რეაგირების სხვადასხვა მექანიზმები. წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების ავტორი აღნიშნავს, რომ ვინაიდან სექსუალური შევიწროება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდღვევას, საქართველოს თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge სახალხო დამცველი, რეაგირებს რა სექსუალური შევიწროების ფაქტებზე, ახდენს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილების დუბლირებას. ის მიიჩნევს, რომ საქართველოს სახალხო დამცველი არ უნდა ხარჯავდეს რესურსს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირებით, რაც ერთგვარად აკნინებს სახალხო დამცველის ინსტიტუტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლიდან 32 პუნქტის ამოღება, რის შედეგადაც სექსუალური შევიწროება აღარ ჩაითვლება დისკრიმინაციად და შესაბამისად, სახალხო დამცველს ასეთ ფაქტებზე რეაგირების ვალდებულება აღარ ექნება. იმსჯელა რა წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე, კომიტეტმა აღნიშნა, რომ სექსუალური შევიწროება სამართალდარღვევად ითვლება მხოლოდ მაშინ, თუ ის ჩადენილია საზოგადოებრივ ადგილას. სწორედ ასეთ ფაქტებზე რეაგირებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და მისი კომპეტენცია მხოლოდ მსგავსი საქმეებით ამოიწურება. საქართველოს სახალხო დამცველის კომპეტენციაში კი შედის საზოგადოებრივი ადგილის მიღმა ჩადენილი სექსუალური შევიწროების ფაქტების შესწავლა და მათზე რეაგირება. აქვე აღსანიშნავია, რომ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველი აჩერებს საქმის წარმოებას, თუ სავარაუდო დისკრიმინაციის იმავე ფაქტის გამო განიხილება დავა სასამართლო წესით, მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება ან სისხლისსამართლებრივი დევნა, ხოლო წყვეტს საქმის წარმოებას, თუ იმავე ფაქტზე არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება. საქართველოს სახალხო დამცველი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველსაყოფად „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ზედამხედველობას უწევს ადმინისტრაციული, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, საჯარო დაწესებულებებისა და თანამდებობის პირების, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობას, ავლენს პირდაპირი დისკრიმინაციისა და ირიბი დისკრიმინაციის ფაქტებს და ახორციელებს ღონისძიებებს დისკრიმინაციის შედეგების აღმოსაფხვრელად. სახალხო დამცველის ზემოაღნიშნული უფლებამოსილება ეხება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დისკრიმინაციის ყველა ფორმას. სახალხო დამცველი, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით სწავლობს დისკრიმინაციის, მათ შორის, სექსუალური შევიწროების ფაქტებს. დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, სახალხო დამცველი საქმის გარემოებების გათვალისწინებით გამოსცემს რეკომენდაციას, რომლითაც დისკრიმინაციული ქმედების განმახორციელებელ შესაბამის დაწესებულებას/პირს სთავაზობს დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად და მის შედეგად დარღვეული თანასწორობის აღსადგენად ღონისძიებების განხორციელებას მესამე პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეულახავად. სახალხო დამცველი ასევე ამზადებს და შესაბამის დაწესებულებას/პირს უგზავნის ზოგად წინადადებებს დისკრიმინაციის თავიდან აცილების და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე. სახალხო დამცველის ზემოაღნიშნული უფლებამოსილებებისგან განსხვავებით, სექსუალური შევიწროების ფაქტზე სახელმწიფო ორგანოები ახორციელებენ რეაგირების ღონისძიებებს - შინაგან საქმეთა სამინისტრო კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით ადგენს სამართალდარღვევის ოქმს და შემდგომ, საქმეს იხილავს სასამართლო. ამდენად, დასახელებული უფლებამოსილებები განსხვავდება ერთმანეთისაგან და შესაბამისად, გამორიცხავს სახალხო დამცველისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციათა დუბლირებას. კომიტეტმა აგრეთვე აღნიშნა, რომ სექსუალური შევიწროების ფაქტების შესწავლის უფლებამოსილების გაუქმება შეეწინააღმდეგება დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობის განხორციელების მიზნით სახალხო დამცველისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ ზოგად უფლებამოსილებებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია შემოთავაზებული ცვლილების განხორციელება და უარყოფილად ცნო საქართველოს მოქალაქის ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე