საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირის (დანიელ დავითაშვილი, ანზორ მაჭარაშვილი) მიერ წარმოდგენილ „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ (№1-934/21; 02.02.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
29.03.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი
ნომერი
#2-3791/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-29
ბიუროს ნომერი 38

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი 2-3791/21 29-03-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირის (დანიელ დავითაშვილი, ანზორ მაჭარაშვილი) მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-934/21, 02.02.2021). საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა 2021 წლის 26 მარტს, კომიტეტის სხდომაზე განიხილა ზემოთ აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება. საკანონმდებლო წინადადება წარმოდგენილია კანონპროექტის სახით და მისი მიზანია: შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციების სისტემის განვითარება, მოქნილი, კომპეტენციაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების კურსდამთავრებულთა დასაქმების გაუმჯობესება, პროფესიული განათლების სფეროს დაფინანსების მოდელის სრულყოფა, პროფესიული განათლების მიღების პარალელურად ზოგადი განათლების დაუფლება. 1.წარმოდგენილი კანონპროექტი ახალი რედაქციით აყალიბებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების პირობებს. ამ ნორმის მიხედვით საბაზო ზოგადი განათლების მქონე პირები დაიშვებიან იმ საბაზო პროფესიულ და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, სრული ზოგადი განათლების მქონე პირები დაიშვებიან საშუალო და უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, პროფესიული მომზადების ან პროფესიული გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე დაიშვებიან პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამისი პროგრამით დადგენილ პირობებს. კანონის მე-7 მუხლის არსებული რედაქციიდან ამოღებულია „დამადასტურებელი დოკუმენტი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი“ და ნახსენებია „საბაზო ან სრული ზოგადი განთლების მქონე პირები“ რაც კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის ცვლილების არსს ტერმინთა ამგვარი ფორმულირებით. შესაბამის პროგრამებზე დაშვების წინაპირობები კანონის არსებულ რედაქციაში მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული. აღნიშნული დაფუძნებულია ევროპის კვალიფიკაციების ჩარჩოს დონეებს და შესაბამის დონეზე დაშვების წინაპირობებს. ამდენად, მიზანშეწონილი არ არის, აღნიშნული მუხლის ამ რედაქციით შეცვლა. 2. კანონპროექტით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები იყოფა ზოგადი განათლების და პროფესიული სწავლების კომპონენტებად, რითაც ყველა საბაზო განათლების მქონე პირს უფლება აქვს პროფესიულ სასწავლებელში გაიაროს საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მესამე საფეხურის პროგრამა და მიიღოს საშუალო განათლების სტატუსი. თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge წარმოდგენილი კანონპროექტით „ინტეგრირებული სწავლება“ გულისხმობს პროფესიულ პროგრამასთან ერთად სრული ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობას. აღნიშნული შესაძლებლობა ისედაც შექმნილია ,,პროფესიული განათლების შესახებ“ კანონით. კერძოდ, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ერთ-ერთი სახეა საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც სრულდება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-4 დონის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებით; მე-9 მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულია, რომ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა უნდა მოიცავდეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგებს, სამინისტროს მიერ დადგენილი წესით. კანონის მე-16 მუხლის (სწავლის შედეგების დადასტურება) მე-2 პუნქტი კი ადგენს, რომ დიპლომი, რომელიც გაცემულია იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან. აღნიშნული დიპლომის გაცემის წინაპირობაა პროფესიული სტუდენტის მიერ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურება სამინისტროს მიერ დადგენილი წესით. ამდენად კანონპროექტით შემოთავაზებული არ არის საკითხის განსხვავებული გზით დარეგულირება. 3. კანონპროექტი ითვალისწინებს ,,დუალურ სისტემას“. წარმოდგენილი ცვლილებით ამ სისტემით სწავლება ხორციელდება პროფესიულ სასწავლო დაწესებულებებისა და სამუშაოს ერთობლიობით, იმ შემთხვევაში როცა პრაქტიკული კომპონენტის შესწავლა შეუძლებელია საწარმოში/კომპანიაში. კანონპროექტით ასევე შემოთავაზებულია სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ახალი რედაქცია, რომლითაც სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება არის დუალური პროფესიული განათლების ერთ-ერთი სახე, რომლის დროსაც პროფესიული სტუდენტი გადის პრაქტიკულ ტრენინგს მხოლოდ საწარმოში/ კომპანიაში კონკრეტულ პროფესიაში. კანონის არსებული რედაქციის მე-11 მუხლი არეგულირებს სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას და ადგენს მისი განხორციელების ძირითად გზებს. სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ცნება მოცემულია ტერმინთა განმარტებაშიც. კანონით ასევე შემოთავაზებულია სასწავლო საწარმოს სტატუსი, რომელიც უკავშირდება საგანმანათლებლო პროგრამების/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ერთად, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების უფლების მოპოვებას. შემოთავაზებული ცვლილებები შესაბამისობაში არ არის საერთაშორისო პრაქტიკასთან. რეალურად სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება არის ფართე ცნება და მოიცავს სწავლების სხვადასხვა ფორმებს, მათ შორის დუალურ სწავლებასაც სწორედ აღნიშნულ პრინციპებზეა დაფუძნებული კანონის არსებული რედაქცია. 4. კანონპროექტი აყალიბებს პროფესიული საორიენტაციო და კარიერის დაგეგმვის სააგიტაციო სამუშაოების ჩატარებას, რაზედაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ვალდებულია პროფესიულ განათლებას გაუწიოს რეკლამირება და პროპაგანდა, მოამზადოს და გაავრცელოს პროფესიული განათლების სპეციალობების ამსახველი ბუკლეტები, ალბომები და გზამკვლევები. მოქმედი კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს სამინისტროს მიერ ფორმალურ განათლებაში პროფესიული ორიენტაციის, კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სტრატეგიის დამტკიცებას. ამდენად საკითხი დარეგულირებულია მოქმედი კანონით და ცვლილებას არ საჭიროებს. 5. კანონპროექტით კოლეჯების სტუდენტებზე უნდა გავრცელდეს ისეთი კომუნალური და სოციალური შეღავათები, რაც დაწესებულია უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებზე. ხოლო პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტებში ჩასარიცხად უნდა მიეცეთ შეღავათები სამინისტროს მიერ დადგენილი პირობებით. ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით საქართველოს მთავრობა სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს ,,პროფესიული სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის საფუძველზე პროფესიული სტუდენტის მიერ სტუდენტური ბარათით ფასდაკლების მიღების წესს;“. რაც შეეხება შეღავათებს უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვისას აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს კანონით ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ და განხილული უნდა იქნეს უმაღლესი განათლების რეფორმის ერთიანი კონცეფციის ფარგლებში. 6. კანონპროექტის 261 მუხლით კოლეჯის მართვის უმაღლესი ორგანოა სამეთვალყურეო საბჭო. ამავე მუხლით განსაზღვრულია საბჭოს შემადგენლობა, დაკომპლექტების წესი და საბჭოს წევრთა უფლებამოსილებანი. კანონის მოქმედი რედაქციით კოლეჯის მართვის ორგანოები განისაზღვრება მისივე წესდებით. კანონში მოცემულია მართვის პრინციპები და კოლეჯის ვალდებულებები, ხოლო მართვის ორგანოები განისაზღვრება მისი წესდებით (კოლეჯის მასშტაბის, პროფილის, თუ სხვა სპეციფიკის გათვალისწინებით). 7. კანონპროექტის 221 მუხლი ითვალისწინებს პროფესიული ასოციაციების/კავშირებს შექმნას და საქმიანობას. აღნიშნული მუხლი სცილდება პროფესიული განათლების კანონის რეგულირების სფეროს. 8. კანონპროექტის 251 მუხლით გათვალისწინებულია პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს შექმნა. ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მთავრობა, სამინისტროს წარდგინებით, მათ შორის, სოციალური პარტნიორობის პრინციპის გათვალისწინებით, ქმნის პროფესიული განათლების სფეროში სათათბირო ორგანოს და ამტკიცებს მის დებულებას. 9. პროექტის 271 მუხლი ადგენს კოლეჯის დირექტორის უფლებამოსილებებს და დანიშვნის წესს. კანონი ,,პროფესიული განათლების შესახებ“ არ ადგენს კოლეჯის მართვის ორგანოებს, იგი განსაზღვრავს მართვის პრინციპებს და ტოვებს მოქნილობას, რომ კოლეჯის სპეციფიკის, მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის გათვალისწინებით, მისივე წესდებაში განისაზღვროს მართვის ორგანოები და მათი უფლებამოსილებები. ანალოგიური პრინციპით გაუმართლებლად მიგვაჩნია 281 და 29-ე მუხლების დამატება/ცვლილება. 10. კანონპროექტის 301 მუხლი არეგულირებს პროფესიული სტუდენტის, ინსტრუქტორის და სხვა აკადემიური პირის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს პრაქტიკის ობიექტებზე. მოქმედი კანონის თანახმად კოლეჯის ვალდებულებების ნაწილში ასახულია, რომ მან უნდა უზრუნველყოს ჯანმრთელობისთვის, სიცოცხლისა და საკუთრებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. რაც შეეხება საწარმოში სწავლისას/პრაქტიკაზე ყოფნისას სტუდენტის უსაფრთხოებას, კანონით გათვალისწინებულია სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების ვალდებულება. აღნიშნული სტატუსის მოპოვების წესსა და პირობებს კანონის თანახმად, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. უკვე შემუშავებულია დოკუმენტის სამუშაო ვერსია, რომლის ერთერთ კრიტერიუმად განსაზღვრულია სტუდენტისათვის უსაფრთხო სამუშაო/სასწავლო გარემოს არსებობა. ამასთან, კანონით გათვალისწინებულია სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების განხორციელების წესისა და პირობების დადგენა საქართველოს მთავრობის მიერ. უკვე მომზადებულია დადგენილების პროექტი, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი სწორედ წარმოდგენილი საკითხი და მისი სათანადოდ დარეგულირებაა. ამასთან გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საწარმოში სწავლისას (დუალური ფორმა) სტუდენტს ექნება სამუშაო კონტრაქტი და ამ თვალსაზრისით ის ავტომატურად დაექვემდებარება ქვეყანაში მოქმედ შრომის კანონმდებლობას. 11. კანონპროექტის 311 მუხლით გათვალისწინებულია პროფესიული სასწავლებლის/კოლეჯის მანდატურის სტატუსის და უფლებების განსაზღვრა. მანდატურის სამსახური დაფუძნებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ კანონითვე განსაზღვრულია მისი ფუნქციები. შესაბამისი ჩანაწერი კოლეჯებს აძლევს შესაძლებლობას, რომ საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვონ და კოლეჯში სამუშაოდ მიიღონ მანდატურები. 12. კანონპროექტის 351 მუხლით დადგენილია მრავალფეროვანი, შეუზღუდავი პროფესიულ-საგანმანათლებლო სივრცის შექმნა. ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი ეფუძნება ინკლუზიურობის პრინციპს და ქმნის საფუძველს მოქნილი, ღია სისტემის ფორმირებისათვის. აღნიშნული მიდგომები ასახულია კანონის ცალკეულ მუხლებსა და პუნქტებში. წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებული მთელი რიგი საკითხები რეგულირებულია ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით და მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით ან წარმოდგენს შრომითი ხელშეკრულების საგანს. გარდა ამისა, კანონპროექტში ასახული ტერმინები თანხვედრაში არ არის ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ცნო მიუღებლად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა პაპუაშვილი