საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი 2021 წლის 15 აპრილის კომიტეტის სხდომის გადაწყვეტილება - „COVID-19 პანდემიის გავლენა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციაზე“ თემატური მოკვლევის დაწყებისა და თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის თაობაზე“

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
15.04.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-4710/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-04-15
კომიტეტის სხდომის ნომერი 8

📜 ტექსტი

ოქმი
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომის ოქმი N8 2021 წლის 15 აპრილი, 11:00 საათი პარლამენტის დარბაზი N304 (A კორპუსი) სხდომას თავმჯდომარეობდა: ნინო წილოსანი - კომიტეტის თავმჯდომარე; სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ნინო წილოსანი - კომიტეტის თავმჯდომარე, ალექსანდრე მოწერელია - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სამველ მანუკიანი (უფლებამონაცვლე - რ. ბერაძე) - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, სუმბატ კიურეღიანი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, შალვა კერესელიძე, ხატია წილოსანი. აპარატის თანამშრომლები: ივერი ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი, თინათინ ოდილავაძე, მარიამ ტყეშელაშვილი, სიმონ უროტაძე, თაია არაბული, ნანო კორშია, ირმა ქიტიაშვილი. მოწვეული სტუმრები: ოთარ შამუგია - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, დავით წითლიძე - შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი, გიზო ჭელიძე - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, ირაკლი ქადაგიშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ანტონ ობოლაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრი, როსტომ მარაქველიძე - ასპინძის მერი, ზაზა მელიქიძე - ახალციხის მერი, ზაქარია ენდელაძე - ადიგენის მერი, დავით ლომიძე - სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილე, ზურაბ შელია - დემოკრატიის ინდექსი - საქართველო. დღის წესრიგი (პროექტი) 1. თემატური მოკვლევა - „Covid-19 პანდემიის გავლენა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციაზე“; მომხსენებელი: ნინო წილოსანი - აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; 2. შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში; მომხსენებელი: დავით წითლიძე - შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი. კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით. I. მოისმინეს: ნინო წილოსანის ინფორმაცია - თემატური მოკვლევის - „Covid-19 პანდემიის გავლენა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციაზე“შესახებ. აღნიშნულ საკითხზე, მოკვლევის აუცილებლობაზე და განხორციელების ვადებზე ისაუბრა ხატია წილოსანმაც. თემატური მოკვლევის მიზანს წარმოადგენს COVID-19 პანდემიის გავლენის კვლევა სოფლის მეურნეობის და სურსათის სექტორის წარმოებაზე, პროდუქციაზე მოთხოვნასა და მოხმარებაზე. თემატური მოკვლევის ფარგლებში, მოკვლევის ჯგუფი შეისწავლის კორონავირუსამდე და კორონავირუსის შემდეგ სოფლის მეურნეობის პროდუქციის და სურსათის წარმოების, მოთხოვნის და მოხმარების ტენდენციებს და სახელმწიფოს მიერ გატარებულ ღონისძიებებს. მოკვლევის შედეგად მოხდება კორონავირუსის გავლენის ანალიზი და შემუშავდება რეკომენდაციები სახელმწიფო უწყებებისთვის შესაბამისი ღონისძიებების შემუშავების და განხორციელების მიზნით. თემატური მოკვლევის ჯგუფში წარდგენილნი არიან კომიტეტის წევრები: ხატია წილოსანი - მომხსენებელი; ნინო წილოსანი, შალვა კერესელიძე და გოდერძი ჩანქსელიანი. სამოქმედო გეგმის მიხედვით, თემატური მოკვლევის დასკვნის მომზადების ვადად განისაზღვრა - 2021 წლის 21 ივნისი. ხოლო, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყებებისთვის რეკომენდაციების წარდგენის ვადად - 2021 წლის 25 ივნისი. გადაწყვიტეს: კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის საფუძველზე, მოკვლევის ჯგუფის შექმნას თემაზე - „Covid-19 პანდემიის გავლენა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციაზე“. ამასთან ერთად, განისაზღვრა თემატური მოკვლევის ჯგუფის შემადგენლობა: კომიტეტის წევრები: ხატია წილოსანი - მომხსენებელი, ნინო წილოსანი, შალვა კერესელიძე, გოდერძი ჩანქსელიანი. II. მოისმინეს: დ. წითლიძის ინფორმაცია - „საქართველოს მელიორაციის“ მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის შესახებ. პრეზენტაციის ძირითადი ნაწილის წარდგენამდე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ - ოთარ შამუგიამ - კომიტეტის წევრებს და მოწვეულ სტუმრებს გააცნო ზოგადი ინფორმაცია „საქართველოს მელიორაციის“ მიერ განხორციელებული ღონისძიებების, მიმდინარე აქტივობების და მათი სამომავლო გეგმების შესახებ. სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი შპს "საქართველოს მელიორაცია" ატარებს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ისეთ ობიექტებზე, რომლებზეც სამუშაოები რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში არ ჩატარებულა. კომპანია, ასევე, ირიგაციისა და დრენაჟის სერვისების მიმწოდებელია ქვეყანაში. მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა ინფრასტრუქტურაზე, კერძოდ: სარწყავი სისტემების რაოდენობა - 138; სადრენაჟე სისტემების რაოდენობა - 79; სამელიორაციო მაგისტრალური არხების სიგრძე – 2195 კმ; სატუმბი სადგურების რაოდენობა - 56; 8 - მოქმედი, 21- არაფუნქციონირებადი და 3 მშენებლობაშეჩერებული ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავი; წყალუზრუნველყოფილი ფართობი - 134 051 ჰა, დრენირებული ფართობი - 43 229 ჰა. დავით წითლიძემ ყურადღება გაამახვილა უწყების სტრატეგიულ მიზნებზე: • სამელიორაციო მომსახურების არეალის გაზრდა და ბენეფიციართა სამელიორაციო მომსახურების გაუმჯობესება; • სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების კლიმატურ პირობებზე დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირება; • ფინანსურად მდგრად ორგანიზაციად ჩამოყალიბება. მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს მათი სტრუქტურის ძირითადი ამოცანებიც გააცნო: • სარწყავი/სადრენაჟე სისტემების რეაბილიტაცია/ექსპლუატაცია; • არსებული წყალსაცავების უსაფრთხო ფუნქციონირება, რეაბილიტაცია და ახალი წყალსაცავების მშენებლობა; მათი • სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაცია და მართვის გაუმჯობესება; • მორწყვის ტექნიკაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა; • წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების ჩამოყალიბების ხელშეწყობა; • სატარიფო სისტემის სრულყოფა; • კომპანიის მართვის გაუმჯობესება და ინსტიტუციონალური განვითარება. წარმოდგენილი პრეზენტაცია შეიცავდა დეტალურ ინფორმაციას 2020 წელს განხორციელებულ და მიმდინარე ღონისძიებებზე რეგიონების და მუნიციპალიტეტების მიხედვით. მომხსენებელმა, ასევე, წარმოადგინა სტატისტიკური მონაცემები 2012-2020 წყალუზრუნველყოფილი და დრენირებული ფართობების შესახებ. აზრი გამოთქვეს და კითხვები დასვეს: 1. ნ. წილოსანი: რომელმაც მადლობა გადაუხადა თითოეულ თანამშრომელს, ვინც ამ თემებზე აქტიურად მუშაობს, მხარდაჭერა გამოუცხადა მომხსენებლებს და ხაზი გაუსვა მელიორაცია-ირიგაციის კომპლექსურ ხედვას, რაც გულისხმობს, სამელიორაციო და საირიგაციო სამუშაოების განხორციელებისას, მიწის ფართობების რეგისტრაციის უზრუნველყოფას, ნიადაგის ანალიზს, ქარსაფარი ზოლების მოწყობაზე ფიქრს. ასეთი კომპლექსური მიდგომა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. მან აღნიშნა, რომ ნათელია პროგრესი - 2012 წელს, თუ 45000 ჰექტარი იყო წყალუზრუნველყოფილი, 134000 ჰექტარია დღეს. ნინო წილოსანი დაინტერესდა ახალი ბილინგის სისტემის თემით. ასევე, მოქმედი ტარიფებით და როგორ მიმდინარეობს ზოგადად საფასურის ამოღება, როგორია სამინისტროს ხედვა ამასთან დაკავშირებით. ბევრი ფერმერი ეთანხმება, რომ გადაიხადოს გონივრული გადასახადი, ქონდეს წყალმომარაგება, მაგრამ მეორე მხრივ, გარკვეული სოციალური ჯგუფებისთვის ამ ტარიფის გადახდა, შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი და სუბსიდირებით სახელმწიფო შევიდეს. თუ აღნიშნული ტარიფები და მისი ამოღება გარკვეული სოციალური ჯგუფებისთვის არ იქნება ხელმისაწვდომი, წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, სუბსიდირების კომპონენტიც გათვალისწინებულია და სახელმწიფო ეხმარება გადასახდელი ტარიფების დაფარვაში. შემდეგი შეკითხვა შეეხებოდა „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის შესახებ“ კანონით განსაზღვრული წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების დაფუძნებას. ვადებში როგორ არის გაწერილი და როგორ იგეგმება მისი განხორციელება. 2. ო. შამუგია: რომელმაც აღნიშნა, რომ დიდი საქმე გაკეთდა, თუმცა ბევრი გასაკეთებელია, ამოუწურავია მოთხოვნები, რაც ეხება რეაბილიტაციას. ეტაპობრივად ცდილობენ, მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს ეს მოთხოვნები. მან განაცხადა, ტარიფი და კომერციალიზაციის საკითხი ერთმანეთთან დაკავშირებულია და ასევე დაკავშირებულია წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შექმნასთან და იმ რეფორმასთან, რასაც ეს კანონი ითვალისწინებს. მარეგულირებელმა კომისიამ ტარიფი უნდა დაადგინოს 2023 წლისთვის. მათ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, დაქირავებული ყავთ ექსპერტი, რომელიც გარდამავალ ტარიფთან დაკავშირებით მუშაობს და ელოდებიან, რა კონკრეტული შემოთავაზება იქნება მათი მხრიდან. რაც შეეხება, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შექმნას, უნდა იყოს დიფერენცირებული ტარიფი. ორგანიზაცია, რომელიც წყალს მიიღებს აღრიცხვით, გადაიხდის მოხმარებული წყლის გადასახადს. იქნება ისეთი ადგილებიც, სადაც წმოს გარეშეც მოხდება წყლის მიწოდება, იქ უნდა იყოს განსხვავებული ტარიფი. საინტერესოა, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, რა წინადადებების შემოთავაზება იქნება ექსპერტის მხრიდან. საბოლოოდ, ტარიფის დადგენა უნდა მოხდეს მარეგულირებელი კომისიის მიერ, რომელიც ასახავს ყველა იმ ხარჯს, რაც ამ კომპანიის და მისი ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვას და მომსახურების გაწევას ჭირდება. ის შემოსავალი, რაც დაწესებული ტარიფებისგან შემოდის, ინფრასტრუქტურის მომსახურების დასაფარად საკმარისი არ არის. აქედან გამომდინარე, ხდება სუბსიდირება. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამოღების მაჩვენებელთან დაკავშირებით არის სერიოზული პროგრესი, რაც დაახლოებით 90%-ის ფარგლებშია. გაძლიერებულია ადმინისტრაციული კუთხით მონიტორინგი, კონტროლის მექანიზმები და ბილინგიც ამას ემსახურება. 3. ი. ქადაგიშვილი: რომელმაც მადლობა გადაუხადა კომიტეტს შეხვედრისთვის. მან განაცხადა, რომ ბევრი რამ გაკეთდა, ჩამოშლილი სისტემა დღეს ფუნქციონირებს და სურვილია, მეტად განვითარდეს სფერო. მან გადმოაგზავნა კომიტეტში კონკრეტული საკითხები, რაც აწუხებს ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც შესაბამის სამსახურს გადაეცემა. აღნიშნა, რომ კარგი იქნება, თუ ვადებთან დაკავშირებით მოისმენს ინფორმაციას, რა შეიძლება გაკეთდეს, რა ვადაში და რა ვერ გაკეთდება, რომ რეალური სურათი იყოს. ხაზი გაუსვა ლაგოდეხში საირიგაციო სისტემების პრობლემებს. მსოფლიო ბანკთან ხდება შესწავლა საკითხების ილტოს და ლაკბეს პროექტებზე, რადგან კახეთის სარწყავი წყლით მომარაგების გაუმჯობესება, დიდწილად, სწორედ ამ პროექტების რეალიზაციაზეა დამოკიდებული. რა ინფორმაციაა და რა ვადებში შეიძლება მოხდეს ამ პროექტების შემდგომი განვითარება. 4. ა. ობოლაშვილი: რომელმაც ისაუბრა ასპინძის, ახალციხის, ადიგენის მუნიციპალიტეტებში ირიგაციასთან, მელიორაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. მისი თხოვნა იყო, მეტი დეტალური ინფორმაცია მიიღონ ამ საკითხების დასრულების, შესრულების ვადებზე, რომ მოსახლეობას, მიეწოდოთ მეტი ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოების შესახებ, რადგან არის, სოფლები, სადაც საერთოდ არ ირწყვება ფართობები. 5. ზ. მელიქიძე: მან ხაზი გაუსვა „საქართველოს მელიორაციის“ მიერ ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული პროექტების მნიშვნელობას, მადლობა გადაუხადა მათ სამი დიდი პროექტისათვის, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტში განხორციელდა. ასევე, ისაუბრა ხარვეზებზე. 2020 მოსახლეობამ არ გააფორმა კონტრაქტები, რადგან სატუმბი სადგური, როდესაც გაიმართა და წყალი მიიღეს, აქტიური სეზონი დასრულებული იყო და ნათესების მორწყვა აღარ იყო საჭირო. მან მიმართა მომხსენებლებს თხოვნით, რომ სამივე სატუმბი სადგური აქტიური სეზონის დაწყებამდე დაიტესტოს. დამატებითი მაგისტრალებია გასაკეთებელი, ასევე, სასურველი იქნებოდა, სხვა სატუმბი სადგურების პროექტირება, ბუნებრივი სარწყავი არხების პრობლემების მოგვარება. 6. ზ. ენდელაძე, რ. მარაქველიძე: რომლებმაც ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებზე ისაუბრეს მათი მუნიციპალიტეტების მიხედვით. ადამიანებს არ გააჩნიათ სარწყავი სისტემა, ხალხს იმედი აქვს დაპირებების, რომ ეს შეხვედრა შედეგს გამოიღებს და ამ ადამიანებს სრულყოფილი სარწყავი სისტემა ექნებათ. ასევე, ისაუბრეს საქაჩი სისტემების რეაბილიტაციის აუცილებლობაზე, საირიგაციო არხების მოწესრიგებაზე, მცირე ზომის პროექტების ეფექტურობაზე. 7. ა. მოწერელია: დაინტერესდა სამეგრელოს რეგიონში არხების მოწესრიგებისთვის აუცილებელი რესურსით. მარტვილში 4 სოფელია, სადაც 500 კომლი სარგებლობს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებით და იქ არხია მოსაწესრიგებელი, ფოთში გამავალი რიონის არხის პრობლემაა, რომელიც მელიორაციისთვის არის გადაცემული. იგი დაინტერესდა, არხის გაწმენდისთვის აუცილებელი სახსრების არსებობით. ასევე, აზრი გამოთქვეს: ხ. წილოსანმა, გ. ჭელიძემ, ხოლო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ - ო. შამუგიამ და „საქართველოს მელიორაციის“ დირექტორმა - დ. წითლიძემ ამომწურავად უპასუხეს დასმულ შეკითხვებს და გააკეთეს განმარტებები. დასასრულს, ოთარ შამუგიამ შესთავაზა დამსწრე საზოგადოებას, „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლებთან ერთად, გამართონ გასვლითი შეხვედრა რეგიონში (სამცხე-ჯავახეთი). კონკრეტულ ადგილებზე დეტალურად ინახოს სად, რა შეიძლება გაკეთდეს, რა შეიძლება მოწესრიგდეს წელს, რა დაიგეგმოს სამომავლოდ. რისი გაკეთებაც შეუძლებელია, მოსახლეობამდე მივიდეს ინფორმაცია, რომ გარკვეული ღონისძიებები შესაძლებელია, გაკეთდეს მომავალში. კომიტეტის თავმჯდომარე მიესალმა აღნიშნულ შეთავაზებას, ასევე დაეთანხმნენ დამსწრე მუნიციპალიტეტების მერები და რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატი. ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ თავადაც შეუერთდება გამოთქმულ ინიციატივას, რადგან ადგილზე გასვლისას ნათლად გამოჩნდება პრობლემების გადაჭრის გზები. გადაწყვიტეს: კომიტეტმა ცნობად მიიღო ინფორმაცია - შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის შესახებ. სხდომის თავმჯდომარე: ნინო წილოსანი სხდომის მდივანი: ირმა ქიტიაშვილი