„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
01.06.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: შალვა პაპუაშვილი, გიორგი ამილახვარი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: შალვა პაპუაშვილი, გიორგი ამილახვარი, თამარ ტალიაშვილი, მარიამ ლაშხი
ნომერი
#07-3/69/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 72 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-07
ბიუროს ნომერი 61

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 206-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილის „ჰ5“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ5) სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ორგანოს ან/და მუნიციპალიტეტის მიერ უსასყიდლოდ გადაცემული უძრავი ქონება, რომელიც გამოიყენება საგანმანათლებლო საქმიანობაში ან/და საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გასაწევად.;“ ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დადგენილი საგადასახადო შეღავათი არ ვრცელდება პირის მიერ იჯარით, უზუფრუქტით, ქირით ან სხვა ამგვარი ფორმით სხვა პირისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთზე (ან მის ნაწილზე) ან/და საწარმოს/ორგანიზაციის მიერ ამავე ფორმით გადაცემულ შენობა-ნაგებობებზე (ან მათ ნაწილზე), გარდა იმ შემთხვევისა, როცა უძრავ ქონებას გადასცემს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და გადაცემული უძრავი ქონება გამოიყენება უმაღლეს საგანმანათლებლო საქმიანობაში ან/და უმაღლეს საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გასაწევად. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2020 წლის 01 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: მოცემული კანონპროექტის მიღება განპირობებულია შემდეგი გარემოებით: უკვე თითქმის ერთი წელზე მეტია, რაც მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებულია ახალი კორონავირუსი -,,COVID19”. აღნიშნული კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების მიზნით, ჯერ კიდევ 2020 წლის 28 იანვარს საქართველოს მთავრობის მიერ გამოიცა #164 განკარგულება „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“, რომელმაც დაადგინა გარკვეული ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობა. ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებისა და შინაარსის გათვალისწინებით, 2020 წლის 11 მარტს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი - ,,COVID-19” პანდემიად გამოაცხადა. საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლისა და „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ პანდემიაზე შესაბამისი რეაგირების მიზნით და იმისათვის, რომ სახელმწიფომ შეასრულოს თავისი კონსტიტუციური ვალდებულება – უზრუნველყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირება და სიტუაციის მართვა, საქართველოში გარკვეული ვადით გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. ცნობილია, რომ პანდემიამ უკვე გამოიწვია გარკვეული ეკონომიკური სირთულეები, რომელიც სახეზეა მძლავრი ეკონომიკის მქონე ბევრ სახელმწიფოშიც, ხოლო საქართველოში მისი შეძლებისდაგვარად თავიდან აცილების მიზნით, მათ შორის, მიღებულ იქნა ჯერ „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილება, შემდეგ კი „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილება, რომლებმაც განსაზღვრეს კერძო და სახელმწიფო სუბიექტების უფლებამოვალეობები, რაც მოიცავდა მთელ რიგ შეზღუდვებს. სამწუხაროდ უნდა აღნიშნოს, რომ, დღეის მდგომარეობითაც, არა თუ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო კვლავ ებრძვის ახალ კორონა ვირუსს (COVID-19). რის გამოც შეფერხებულია მთელი რიგი ეკონომიკური თუ სოციალური აქტივობები. ეს კი ცხადია მძიმე ფონს უქმნის და გარკვეულწილად აფერხებს კიდეც ქვეყნის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სფეროების განვითარებას. მათ შორის განათლების სფეროს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მართებული იქნება, თუ გარკვეული ნაბიჯების გადადგმით მოხდება განათლების სფეროს, ამ შემთხვევაში კი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის გარკვეული შეღავათის დადგენა. კერძოდ, წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებით, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების როგორც საკუთრებაში, ისე სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ორგანოს ან/და მუნიციპალიტეტის მიერ უსასყიდლოდ გადაცემული უძრავი ქონება, რომელიც გამოიყენება საგანმანათლებლო საქმიანობისთვის, გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან. აგრეთვე, საგადასახადო შეღავათი გავრცელდება პირის მიერ იჯარით, უზუფრუქტით, ქირით ან სხვა ამგვარი ფორმით სხვა პირისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთზე (ან მის ნაწილზე) ან/და საწარმოს/ორგანიზაციის მიერ ამავე ფორმით გადაცემულ შენობა-ნაგებობებზე, იმ შემთხვევაში, თუკი უძრავი ქონება გამოიყენება საგანმანათლებლო საქმიანობაში. აღსანიშნავია, რომ დღეს არსებული კანონმდებლობა ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ორგანოს ან/და მუნიციპალიტეტის მიერ უსასყიდლოდ გადაცემული უძრავი ქონების გადასახადისგან განთავისუფლებას, თუ ეს ქონება გამოიყენება საგანმანათლებლო საქმიანობაში. შესაბამისად, ამ ცვლილებით ხდება საკუთრებაში არსებული და სარგებლობაში არსებული ქონების გათანაბრება მათზე დარიცხული გადასახადის გადახდის ნაწილში, თუ რა თქმა უნდა ეს ქონება გამოიყენება საგანმანათლებლო საქმიანობაში. აქვე ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ მოცემული შეღავათი არამხოლოდ გააუმჯობესებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფინანსურ მდგომარეობას, არამედ მათ საშუალებას მისცემს აღნიშნული თანხა გამოიყენოს სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასა და იმ გამოწვევებზე ადეკვატური საპასუხო ღონისძიებების გატარებაში, რომელიც დღესდღეისობით წარმოიშვა ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული პანდემიის პირობებში. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მომზადების აუცილებლობა გამოწვეულია იმით, რომ დღეს მოქმედი რედაქციით, ქონების გადასახადისგან არ თავისუფლდება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სარგებლობაში არსებული ის უძრავი ქონება, რომელიც სახელმწიფო ორგანოს ან/და მუნიციპალიტეტის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის უსასყიდლოდაა გადაცემული; აგრეთვე, საგადასახადო შეღავათი დღეის მდგომარეობით არ ვრცელდება პირის მიერ იჯარით, უზუფრუქტით, ქირით ან სხვა ამგვარი ფორმით სხვა პირისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთზე (ან მის ნაწილზე) ან/და საწარმოს/ორგანიზაციის მიერ ამავე ფორმით გადაცემულ შენობა-ნაგებობებზე იმ შემთხვევაში, თუ გადაცემული უძრავი ქონება გამოიყენება საგანმანათლებლო საქმიანობაში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების როგორც საკუთრებაში, ისე სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ორგანოს ან/და მუნიციპალიტეტის მიერ უსასყიდლოდ გადაცემული უძრავი ქონება, რომელიც გამოიყენება საგანმანათლებლო საქმიანობაში, გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან. აგრეთვე, საგადასახადო შეღავათი გავრცელდება პირის მიერ იჯარით, უზუფრუქტით, ქირით ან სხვა ამგვარი ფორმით სხვა პირისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთზე (ან მის ნაწილზე) ან/და საწარმოს/ორგანიზაციის მიერ ამავე ფორმით გადაცემულ შენობა-ნაგებობებზე, იმ შემთხვევაში თუ გადაცემული უძრავი ქონება გამოიყენება საგანმანათლებლო საქმიანობაში. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიღებით ახალი რედაქციით ჩამოყალიბდება „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ5“ ქვეპუნქტი და მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების როგორც საკუთრებაში, ისე სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ორგანოს ან/და მუნიციპალიტეტის მიერ უსასყიდლოდ გადაცემული უძრავი ქონება, რომელიც გამოიყენება საგანმანათლებლო საქმიანობაში, გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან. აგრეთვე, საგადასახადო შეღავათი გავრცელდება პირის მიერ იჯარით, უზუფრუქტით, ქირით ან სხვა ამგვარი ფორმით სხვა პირისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთზე (ან მის ნაწილზე) ან/და საწარმოს/ორგანიზაციის მიერ ამავე ფორმით გადაცემულ შენობა-ნაგებობებზე, იმ შემთხვევაში, თუკი უძრავი ქონება გამოიყენება საგანმანათლებლო საქმიანობაში. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): წინამდებარე პუნქტი არ ვრცელდება განსახილველ კანონპროექტის მიმართ, რადგან იგი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ითვალისწინებს მოცემული ნორმების უკუძალით ამოქმედების საჭიროებას, რადგან „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 205-ე მუხლის თანახმად, ყოველ მომდევნო წელს ხორციელდება გასული საანგარიშო პერიოდის ქონების გადასახადის გადახდა, შესაბამისად, მიზანშეწონილია მიმდინარე წელს განხორციელებული ცვლილება გავრცელდეს 2020 წლის 01 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის საშემოსავლო ნაწილზე: გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვინაიდან ქონების გადასახადი წარმოადგენს ადგილობრივ გადასახადს, წარმოდგენილი კანონპროექტი გავლენას იქონებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კანონპროექტის ამოქმედების წელსა და შემდგომი სამი წლის განმავლობაში ჯამურად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი შემცირდება დაახლოებით 11.9 მლნ ლარით. ხოლო წლიური გავლენა იქნება 2.97 მლნ ლარი. დაშვება გაკეთებულია სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე სახელმწიფოს მიერ სარგებლობის უფლებით გადაცემულ უძრავი ქონებაზე 2020 წელს დარიცხული გადასახადის ოდენობის შესაბამისად. რაც თავის მხრივ ცალკეული უნივერსიტეტების ნაწილში შეადგენს: სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 640 797 ლარი, სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - 655 365 ლარი, სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - 252 615 ლარი, სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 55 650 ლარი, სსიპ – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი - 28 365 ლარი, სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - 332 761 ლარი, სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 203 856 ლარი, სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 18 702 ლარი, სსიპ – სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 13 676 ლარი, სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი - 10 659 ლარი, სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 353 673 ლარი, სსიპ – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი - 354 976 ლარი, სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია - 14 341 ლარი, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია - 32 700 ლარი, სსიპ - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 952 ლარი. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე რადგან ქონების გადამხდელი სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ქონების გადასახადს იხდიან საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული (გარდა საბიუჯეტო სახსრებისა) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლებიდან. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება. კერძოდ, წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც სარგებლობაში ექნებათ სახელმწიფო ორგანოს ან/და მუნიციპალიტეტის მიერ უსასყიდლოდ გადაცემული უძრავი ქონება, შეუმცირდებათ საგადასახადო ტვირთი, რაც დადებით გავლენას იქონიებს საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობის კუთხით. განსაკუთრებით კი, Covid-19-ით გამოწვეული პანდემიის პერიოდში, როდესაც უმაღლესი განათლების სისტემა დადგა განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს (ფულად შენატანს). კანონპროექტის მიხედვით ქონების გადასახადისგან თავისუფლდებიან საგანმანათლებლო დაწესებულებები, კერძოდ კი სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულები, რომელთა საკუთრებაში/სარგებლობაში არის სახელმწიფო ორგანოს ან/და მუნიციპალიტეტის მიერ უსასყიდლოდ გადაცემული უძრავი ქონება, რომელიც გამოიყენება საგანმანათლებლო საქმიანობაში. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: წარმოდგენილი კანონის პროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: შალვა პაპუაშვილი, გიორგი ამილახვარი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: შალვა პაპუაშვილი, გიორგი ამილახვარი, თამარ ტალიაშვილი, მარიამ ლაშხი.